27 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 18, 23-35)
23. (და თქვა უფალმან იგავი ესე:) ამისათვის ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვისა განგებაი მონათა თვისთა თანა.24. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაი.
25. და ვითარ არარაი აქუნდა მას, რაიმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდვაი ცოლისა მისისაი და შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას და გარდახდად იგი.
26. და დავარდა უკუე მონაი იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ.
27. შეეწყალა უფალსა მისსა მონაი იგი და განუტევა იგი, და თანანადებიცა იგი მიუტევა მას.
28. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაი იგი, პოვა ერთი მისი თანამონაი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიცა-იგი თანა-გაც.
29. შეუვრდა მას მოყვასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ.
30. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.
31. ხოლო იხილეს რაი თანა-მონათა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაიცა იქმნა.
32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.
33. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაითამცა შეიწყალე შენ თანა-მონაი იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?
34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი.
35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქვენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქვენითა ცთომანი მათნი.
- რას გვასწავლის ეს იგავი?
- პირველ ყოვლისა, იმას, რომ ოდესმე მოგვიწევს ანგარიშის ჩაბარება ღმერთისათვის ჩვენს საქმეთა გამო, სიტყვათა, აზრთა და სურვილთა გამოც კი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რა მივუგოთ უკვდავ მსაჯულს, რომელიც განკითხვის საშინელ დღეს ყველაფერს მოგვკითხავს.
მდიდარი ხარ? - იმაზე იფიქრე, როგორ გამოიყენე შენი სიმდიდრე - გულისთქმათა დაკმაყოფილებისათვის თუ კაცთმოყვარეობის საქმეებზე, ფუფუნებისა და შვება-სიამისათვის თუ ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ. თუკი ქვეყნიურ, ღმრთივსაძაგელ საქმეებზე გაგიფლანგავს, განისჯები ამ სოფლისგან. იფიქრე, როგორ განმრავლდა შენი სიმდიდრე - პატიოსანი შრომით, მართალი გზით თუ ღარიბ-გლახაკთათვის ლუკმის წართმევით, ქვრივ-ობოლთა მიმძლავრებით.
ღარიბი ხარ? - შენც მოგეთხოვება პასუხი: როგორ იტანდი სიღარიბესა და უბედურებას - უდრტვინველად თუ გაბოროტებით, უფლისადმი მადლობის მიძღვნით და კეთილი საზღაურის იმედით თუ სასოწარკვეთილი.
მსაჯული ხარ? - შენც მოგთხოვს უფალი პასუხს: დადგება იგი "შესაკრებელსა ღმერთთასა" და განიკითხავს მათ (ფსალმ. 81,1), მოჰკითხავს: თუ შეინარჩუნა თითოეულმა მათგანმა სიმართლე, სამართლიანად თუ განსჯიდა ქვრივ-ობოლსა და უპოვარს, თუ განამართლებდა მდაბალსა და ღარიბ-გლახაკს.
ღმერთის საკურთხევლის მსახური ხარ? - შენგანაც მოითხოვს ანგარიშს შენს საქმეთა გამო და განგსჯის: თუ იყავი შენ ნამდვილად მარილი ქვეყნისა ანუ თუ განაბრძნობდი სიტყვიერ ცხოვართ ცხოვნებისათვის, თუ განაშორებდი მათ ცოდვის განხრწნილებისაგან.
იგივე იგავი გვასწავლის, რომ ღმერთი არის ჩვენი მსესხებელი, ხოლო ჩვენ ყველანი მისი მოვალეები ვართ. რა მოგვცა სესხად ზეციურმა მამამ? რა ბევრი რამ! უფრო მეტი, ვიდრე ათასობით ტალანტია! სიცოცხლე და არსებობა მოგვმადლა, სხეული და სული მოგვანიჭა, გონიერება და გრძნობები გვიბოძა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს მზარდი ვალებიც ღმერთის წინაშე, რომლებიც მტკივნეულად გვამძიმებს და გვამცირებს - ღმერთისგან სესხად მიღებულ ყველა ნიჭს ბოროტად ვიყენებთ და არც ჩვენს დიდ მსესხებელს - უფალ ღმერთს და არც ჩვენს თანამოძმეებს, თანამონებს არ მივაგებთ მისი დავალებით იმას, რისი მიგებაც შეგვიძლია. განა ყოველთვის მართლიად მივაგებთ ღმერთს დიდებას, მადლობას, ლოცვა-ვედრებას, ანდა მოყვასს - სიყვარულს, უბედურებაში მყოფს - თანაგრძნობას, ღარიბ-გლახაკს - შეძლებისდაგვარ დახმარებას?
- შესაძლებელია თუ არა ადამიანისთვის, თუნდაც უდიდესი ცოდვილისთვის, უფალთან შერიგება?
- შესაძლებელია. უმოწყალო მოვალის იგავიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ მხოლოდ ცოდვათა გამო სინანულის გზით შეგვიძლია უფლისაგან შენდობა მივიღოთ (მუხლი 26). ყოველი ცოდვა, პირველ ყოვლისა, იმით არის საშინელი, რომ შეურაცხყოფს უფალი ღმერთის დიდებულებასა და სიწმინდეს, მის უსაზღვრო სიყვარულსა და სიმართლეს; არღვევს საღმრთო სჯულს, რომელზეც დამყარებულია ზნეობრივი სამყაროს მთელი წესრიგი, აღაშფოთებს და აღამღვრევს ღმერთის მეუფების სიმშვიდესა და მოსვენებას.
- როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული ცოდვების გამო?
- უბედური მოვალე ვალის გადახდას ჰპირდება მეფეს: "სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ". მაგრამ ცხადია, ესოდენი ვალის გადახდა მისთვის შეუძლებელია. ამ დაპირებით მას სურს გამოხატოს მზადყოფნა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა არ გაზარდოს ვალი და შეძლებისამებრ უწინდელიც დაფაროს. ეს აუცილებელი პირობაა თითოეული მონანული ცოდვილისთვის, რომელიც განმართლებას და შეწყალებას ეძიებს ღვთის წინაშე. თუკი არაფერი ძალგვიძს ღვთის მართლმსაჯულების დასაკმაყოფილებლად, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ სიმდაბლით და ღმერთის ნებისადმი მორჩილებით ავიტანოთ მრავალგვარი წუხარება და უბედურებები, ვითარცა სამართლიანი სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის! ამისთვის გვაქვს მცნებად დადებული, რომ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და მივდიოთ უფალ იესო ქრისტეს.
დაბოლოს, იგავში მოხსენიებული უმოწყალო მოვალის მაგალითი, მისი საშინელი ხვედრი გვასწვლის, ყოველთვის მოწყალენი და თანამლმობნი ვიყოთ მოყვასთა მიმართ (მუხ. 32-34). ქრისტემ ჩვენი ცოდვები ღმერთის წინაშე ათი ათასი ტალანტით აღნიშნა, ხოლო მოყვასის ცოდვათა პატიება - ასი დრაჰკანით. ჰოდა, აპატიე მოყვასს ეს ასი დრაჰკანი, მცირედი ვალი და ღმერთი შენ ათი ათას ტალანტს მოგიტევებს, და არა მხოლოდ მიუტევე, არამედ კეთილიც უყავი მას. ხოლო თუკი ვინმე მოყვასისადმი მტრობით ცხოვრობს, მაშინ არ მიუტევებს უფალი ცოდვებს. როცა სხვათა შეცოდებებს იხსენებ, ამით საკუთარ თავს აყენებ ზიანს და არა სხვას.
3 სექტემბერს საკითხავი სახარება (მათე 19,16-26)
16. (მას ჟამსა შინა) აჰა მო-ვინმე-უხდა მას (იესუს) და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი?17. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხოვრებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი.
18. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო.
19. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი.
20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაიღა მაკლს მე?
21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
22. და ვითარცა ესმა სიტყვაი ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.
23. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: ამენ გეტყვი თქვენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
24. და მერმე გეტყვი თქვენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.
25. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკვირდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ხელეწიფების ცხოვნებად?
26. მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.
- ზოგადად რას გვასწავლის ეს სახარება?
- პირველ ყოვლისა, იმას, რომ გამუდმებით უნდა ვზრუნავდეთ ჩვენს ცხოვნებაზე, მსგავსად მდიდარი ჭაბუკისა, რომელმაც უფალს ჰკითხა - რა არის საჭირო საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლადო. ჩვენ ცოტას ვზრუნავთ ამ უმთავრეს საკითხზე.
რას ნიშნავს ჩვენი ამგვარი უზრუნველობა საუკუნო ცხოვრებასთან დაკავშირებით? იმას, რომ ჩვენ, მცირე ყრმების მსგავსად სათამაშოების ყურებით გატაცებულნი, ყველაფერს ვივიწყებთ, თვით საკუთარ თავსაც კი - არაფერი გვახსოვს გარდა ჩვენი გრძნობიერების დაკმაყოფილებისა, ჩვენი ჟინისა და ვნებების თნებისა. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ კნინი საქმეებით გართულებს ყველაზე მნიშვნელოვანი უყურადღებოდ გვრჩება.
სახარება გვასწავლის, რომ საღმრთო მცნებების აღსრულებაა გზა საუკუნო ცხოვნების მოსაპოვებლად. არაფერია სიკვდილზე უფრო ნამდვილი: ყველანი მოვკვდებით და მტვრად ვიქცევით. საუკუნო ცხოვრება სიკვდილის შემდეგ უეჭველი სინამდვილეა, ისევე, როგორც საუკუნო სიკვდილი - ანუ საუკუნო ტანჯვა. აწინდელი ხანმოკლე ცხოვრება იმისთვის გვებოძა, რომ ჯეროვნად მოვემზადოთ მომავალი ცხოვრებისათვის, რომელსაც დასასრული არ ექნება უკუნითი უკუნისამდე. სწორედ ამ, ჩვენი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს განუცხადებს კიდეც უფალი მდიდარ ჭაბუკს და მასთან ერთად ჩვენ ყველას. თუკი გსურს, საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრო, მცნებები აღასრულეო. რომელი მცნებები? - კითხულობს მდიდარი ჭაბუკი. უფალი კი პასუხობს: არა კაც ჰკლა, არა იმრუშო... მათ აღსრულებაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის საუკუნო ცხოვრება. "რომელმან ქმნეს იგი (სჯული) კაცმან, ცხონდეს მას შინა" (რომ. 10,5), - გვეუბნება საღმრთო წერილი. ამდენად, აუცილებელია, ღრმად ჩავუკვირდეთ მცნებათა აზრსა და მნიშვნელობას, რათა ცხადად დავინახოთ მათი აღსრულების აუცილებლობა და სარგებლობა, ცხოვრებისადმი მათი მისადაგების მთელი სიფართოვე.
მდიდარი ჭაბუკის სახარებისეული ამბავი იმასაც გვასწავლის, თუ რა დამღუპველია ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარული. ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა ამ ჭაბუკს უმაღლესი სრულყოფილების მისაღწევად, მაგრამ იგი დამწუხრდა და არ ისურვა მისი გადადგმა. ყურადღებით ინიშნეთ, თუ როგორ ამძიმებს ადამიანის სულს ქვეყნიურ სიკეთეებზე მიჯაჭვულობა, როგორ უბნელებს იგი გონებას, როგორ უქრობს უკვე გაღვივებულ სურვილს ზეციური სიკეთეების მოპოვებისა, როგორ განაშორებს საღმრთო მადლისაგან, როგორ უმსხვრევს იმედს საუკუნო ცხოვრების მოპოვებისა.
თუკი არ ძალგიძს სიმდიდრის შენარჩუნებასთან ერთად სულიც შეინარჩუნო სიკეთესა და კეთილმოშიშებაში, ხომ აჯობებს, ქვეყნიური სიმდიდრე დაღუპო, ვიდრე მან დაგღუპოს შენ? თუკი არ ძალგიძს, სიმდიდრის დამღუპველ მარწუხებს ერთბაშად დააღწიო თავი, ნელ-ნელა, თანდათანობით მაინც ეცადე, გამოიხსნა მისგან სული და აიძულო თავი, მათ საწინააღმდეგოდ იქცეოდე.
დაბოლოს, დღეს წაკითხული სახარება იმასაც გვასწავლის, რომ ადამიანთა ცხოვნების საქმე, შეუძლებელი თავად ადამიანთათვის, შესაძლებელია ღმერთისათვის.
მადლობა ღმერთს და დიდება მას, რომ ესოდენი სიბრძნითა და სიყვარულით განაგებს და აღაშენებს ცოდვილი კაცობრიობის ცხოვრებას საცხოვნებლად! და თქვენც, ქრისტიანნო, უწყით რა ყოველივე ეს და გრძნობთ რა მაცხოვნებელი საღმრთო მადლის ზემოქმედებას, ნუ ჩააქრობთ სულიწმინდისმიერ ნათელს თქვენში, არამედ თანაეღვაწეთ მას კეთილი ცხოვრებით და მაშინ თქვენ ყოველნი ნამდვილად მიაღწევთ ცათა სასუფევლის უნათლეს და უნეტარეს სავანეებს.