ეკლესიაში 13 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 14, 22-34)
22. და (მას ჟამსა შინა) მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღვანვად მისა წიაღ-კერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. 23. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თვისაგან, და შე-რაი-მწუხრდა, მარტო იყო მუნ.
24. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქვეყანით მრავალ უტევან და იგვემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.
25. და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღვასა მას ზედა.
26. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღვასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქვეს, ვითარმედ: საოცარ რაიმე არს. და შიშისაგან ღაღად-ყვეს.
27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!
28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.
29. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუისა.
30. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქვა: უფალო, მიხსენ მე!
31. და მეყსეულად განყო ხელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი?
32. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი.
33. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუხდეს და თაყვანის-სცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად, ძე ღმრთისაი ხარ შენ!
34. და განვიდეს და მივიდეს ქვეყანასა მას გენესარეთისასა.
- რა აზრს ჩაგვაგონებს სახარების ეს ეპიზოდი?
- პირველ ყოვლისა, იმას, რომ აუცილებელია ლოცვა. სახარებიდან ხშირად გვესმის სიტყვები, რომ უფალი იესო ქრისტე თავისი ზეციური მამის მიმართ ლოცულობდა (ლოცულობდა თავისი ადამიანური ბუნებით, რაღა თქმა უნდა, და არა თავისი ღმრთაებით), ლოცულობდა დღისითაც და ღამითაც, განსაკუთრებით - ღამით, რადგან დღისით ხალხს ღვთის სიტყვას უქადაგებდა და კეთილს-უყოფდა მათ მრავალგვარი სასწაულითა და საკვირველი კურნებით. და თუკი იგი, ჭეშმარიტი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი, ასე ხშირად ლოცულობდა, რამდენად უფრო გვჭირდება უფლის წინაშე ლოცვა ჩვენ, ცოდვილ და უძლურ ადამიანებს, განუწყვეტლივ ეშმაკისმიერ საცთურთა პირისპირ მყოფთ და ყოველგვარი ხიფათის მომლოდინეთ?!
- რატომ შეეშინდათ მოციქულებს?
- ამ ეპიზოდით სახარება გვასწავლის, არ ვიყოთ სულმოკლენი, არ შევშინდეთ, არ დავეცეთ სულით განსაცდელთა მოწევნის ჟამს. რატომ შეეშინდათ მოციქულებს ასე ძლიერ? მცირედმორწმუნეობის გამო, იმის გამო, რომ ღვთის მცირედი სასოება ჰქონდათ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ სრულყოფილნი რწმენაში, სულიწმინდის მადლს ჯერ კიდევ არ აღევსო და არ გარდაექმნა ისინი. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ისინი მხნეობით შეიჭურვებიან, ჯერჯერობით კი, მხნეობა და უშიშრობა რომ შთაუნერგოს, უფალი ეუბნება მათ: "გამხნევდით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ!" მართლაც, ვისი ან რისი უნდა ეშინოდეს მორწმუნეს, ღმერთის მსასოებელს? ჩვენ არ უნდა ვმერყეობდეთ რწმენაში და არ უნდა ვეცემოდეთ სულით ბოროტ სულთაგან მოწევნილ განსაცდელთა და ცთუნებათა ქარიშხლის დროს. მოციქულმა პეტრემ სთხოვა იესოს, ნება მომეცი, მეც წყლის ზედაპირზე სვლით მოვიდეო შენთან. იესომ ნება დართო. და აი, პეტრე ნავიდან გადავიდა და ისე გაიარა წყლის ზედაპირზე, როგორც ხმელეთზე; ვეება ტალღებიც ვერ აბრკოლებდა მას. იგი არ იძირებოდა, რადგან სწამდა უფლისა, რომელმაც წყალზე გავლა უბრძანა; მაგრამ, აი, ძლიერი ქარი ეკვეთა მას და პეტრესაც შეეშინდა, შიშის გამო კი რწმენა მოაკლდა და წყალში ჩაძირვა დაიწყო; მაშინ კი შეჰყვირა: "უფალო, მიხსენ მე!" უფალმაც მაშინვე გაუწოდა თავისი ყოვლადძლიერი ხელი და იხსნა პეტრე, მერე კი უსაყვედურა: "მცირედმორწმუნეო! რატომ შეორგულდი? რისთვის დაეჭვდი?" მაშასადამე, რომ არ დაეჭვებულიყო და არ შეშინებოდა, თავისუფლად შეძლებდა ტალღებზე გადავლას, მაგრამ მცირედმორწმუნეობამ მოაკლო მას მადლმოსილი ძალა. მოციქული პეტრე აქ ყველა ჩვენგანის სახეა. როცა უფალი ნავზე ავიდა, ქარიც ჩადგა და ზღვაც დამშვიდდა. ნავი ამ ცხოვრების ზღვაში მცურავ ჩვენს სულს გამოხატავს; როცა უფალი შემოსახლდება ჩვენში, საცდურთა ქარიშხალიც ჩადგება და ჩვენს არსებაში დიადი საღმრთო სიმშვიდე ისადგურებს.
ამგვარად, სახარების ის ეპიზოდი, გენესარეთის ტბაზე რომ აღსრულდა, არის სახე ჩვენი მოგზაურობისა ამქვეყნიური ცხოვრების ზღვაში ქრისტეს ეკლესიის ხომალდით. ახლაც, აბა, ქრისტეს აღმსარებელთაგან ვინ არ განიცდის ამა მშფოთვარე ცხოვრებაში განსაცდელსა და უბედურებას ამქვეყნიური ქარიშხლებისა და ტალღებისგან?! როცა ზღვაში მყოფი უფლის მოწაფეებს ხიფათი დაემუქრათ, თავად უფალი მივიდა მათთან შეწევნისათვის; ამგვარადვე მოდის იგი ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანთან და შეწევნის ხელს გვიწვდის ეკლესიის მწყემსთა მეშვეობით, რომლებსაც მან მიანიჭა ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა.
დაბოლოს, სახარება გვაფრთხილებს, რომ არ გვეშინოდეს მოჩვენებებისა, აჩრდილებისა. მათ წინაშე შიშისგან, როგორც სახარების ახლანდელი გარდამოცემიდან ვიცით, არც უფლის მოწაფენი იყვნენ თავისუფალნი. დღეს ბევრს ეშინია ღამით ოთახში მარტო დარჩენისა ანდა სიბნელეში გარეთ გასვლისა: ყოველ ბნელ კუნჭულში რაღაც საშინელება ელანდებათ, ხოლო იმ ადგილას გავლისას, სადაც მცირე ხნის წინ მიცვალებული ესვენა ანდა ღამით სასაფლაოს გვერდით ჩავლისას უზომო ძრწოლა იპყრობთ.
- საიდან მოდის ასეთი შიში, რა არის მისი მიზეზი?
- ეს შიში უმეტესად საღად განსჯის უუნარობისგან იღებს სათავეს და ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია. კვალად, ამის მიზეზია ურწმუნოება.
ზოგჯერ ამაო შიში არაწმინდა სინდისის მშფოთვარების შედეგია. მკვლელებს ხშირად ეჩვენებათ თავიანთი ბოროტმოქმედების მსხვერპლნი და არ იციან, როგორ დაემალონ მათ. აი, სწორედ აქ მართლდება მათზე საღმრთო წერილის სიტყვები: "ივლტოდა უკეთური, ხოლო არასადა ვინ მოსდევდა მას".
ამიტომაც, თუ გსურთ, ამაო შიში თავიდან აიცილოთ, თქვენი ძალისხმევა იმის წინააღმდეგ მიმართეთ, რაც არის მისი მიზეზი. ნებაზე ნუ მიუშვებთ თქვენს წარმოსახვას, ყოველივეს საღი თვალით შეხედეთ; თუ არადა ხეც კი ღამით საზარელ ურჩხულად მოგეჩვენებათ, ხოლო ეკლესიაზე დაფენილი მთვარის ნათელი თეთრ სუდარაში გახვეული მიცვალებული გეგონებათ!.. და, რაც მთავარია, ყოველგვარი შიშის წინააღმდეგ შეიარაღდით ღვთის რწმენით, მისი ყოვლადძლიერი საფარველის სასოებით. მორწმუნესა და ღვთის მსასოებელს არათუ წარმოსახვითი აჩრდილებისა, ნამდვილი ჩვენებებისაც არ ეშინია, რომლებიც ზოგჯერ მართლაც აქვს ადამიანს, მაგალითად, სიკვდილის წუთებში, როცა ამ ჩვენებებს ბოროტი სულები მოუვლენენ. ჭეშმარიტ მორწმუნეს მათ წინააღმდეგ ქმედითი საშუალება აქვს - ჯვრის ნიში.
მაშ, ჩვენ თვითონაც განვაგდოთ ჩვენგან ეს სულმოკლე გრძნობა და ვეცადოთ, ჩვენი შვილებიც ისე აღვზარდოთ, რომ არასდროს არავითარი მოჩვენებისა არ ეშინოდეთ, მაგრამ თუ მაინც შეგვიპყრობს შიში, ყოველთვის ვიმეოროთ გულში ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვები: "მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი!" - და მოციქულ პეტრესავით შეწევნა ვთხოვოთ მას: "უფალო, მიხსენ მე!"
ეკლესიაში 20 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 17,14-23)
14. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუხდა მას კაცი ერთი, მუხლნი დაიდგნა მის წინაშე.
15. და ეტყოდა: უფალო! შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა.
16. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.
17. მიუგო იესო და ჰრქუა მას: ჰოი ნათესავი ურწმუნოი და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა.
18. და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესო, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაი იგი მიერ ჟამითგან.
19. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი თვისაგან და ჰრქუეს: რაისათვის ჩუენ ვერ შეუძლეთ განხდად მისა?
20. ხოლო იესო რქუა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათვის. ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცუალი მდოგვისაი, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქით, და მიიცვალოს და არარაი შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ.
21. ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.
22. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესო, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ხელთა კაცთასა.
23. და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.
- რა შეიძლება ვისწავლოთ სახარებიდან?
- მისგან, უპირველეს ყოვლისა, ვსწავლობთ, რომ უბედურების ჟამს ცრემლიანი ლოცვით უნდა შევუვრდეთ უფალ ღმერთს. წმინდა მეფე დავითიც ხშირად ამბობს ფსალმუნებში, რომ უფალი იმდენად მის ლოცვა-ვედრებას არ შეისმენდა, რამდენადაც მის ცრემლებს მოხედავდა ხოლმე.
- როგორ უნდა გავიგოთ უფლის მრისხანება ხალხის ურწმუნოებაზე?
- ეს არის მართალი მრისხანების სახე, მაგრამ მრისხანება ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანს კეთილ საქმეთა აღსრულებაში. კეთილმსახური მრისხანება კი, პირიქით, არის გამოხატულება მოშურნეობისა და გულმოდგინებისა ჭეშმარიტებისა და კეთილმსახურებისთვის, სიმართლისა და სიწმინდისთვის.
- რას გვასწავლის უფალი სიტყვებით "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცვალი მდოგვისაი"?
- უფალი გვასწავლის, თუ რა დიდი ძალა აქვს ჭეშმარიტ რწმენას. საკმარისია, გვქონდეს ნამდვილი რწმენა და ღმერთი აღგვისრულებს ყოველივეს, რასაც შევთხოვთ, თუნდაც კაცობრივი თვალსაზრისით ეს სრულიად შეუძლებელი ჩანდეს - მას სურს კიდეც და ძალუძს კიდეც ეს. ამგვარად, ჭეშმარიტ რწმენას სასწაულების აღსრულება ძალუძს.
- რას გულისხმობს მაცხოვრის სიტყვები: "ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა"?
- ამ სიტყვებით უფალი გვაუწყებს, რომ ლოცვა და მარხვა ის ორი ქმედითი საშუალებაა, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეშმაკის თავდასხმა და მისი ხელმწიფება ჩვენზე. წმინდა მამათა თქმით, რომელთაც თავიანთი ცხოვრებით შეიმეცნეს გზა ჭეშმარიტებისა, ლოცვა და მარხვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ჩვენი სულები ამ ქვეყნიდან ზეცისკენ, ღმერთისკენ ფრენენ. როგორც ფრინველისთვის არის შეუძლებელი უფრთოდ აფრენა მიწიდან ზეცად, ასევე შეუძლებელია ჩვენი სულისთვის მარხვისა და ლოცვის გარეშე ამქვეყნიური, ხორციელი და ცოდვიანი ცხოვრებიდან სულიერ, ზეციურ, წმინდა ცხოვრებად მიქცევა. ერთი ფრთა ფრინველს ფრენისთვის არ ჰყოფნის; ასევე, მხოლოდ ლოცვაც მარხვის გარეშე, ანდა მხოლოდ მარხვა ლოცვის გარეშე, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქრისტიანმა ნამდვილად სახარებისეული სულით იცხოვროს და სასუფეველი დაიმკვიდროს.