არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
სასწაულის მაძიებელთათვის
ერთხელ, ფარისევლებმა და სჯულისმეცნიერებმა კაპერნაუმში მყოფი მაცხოვრიის გამოცდა განიზრახეს და უთხრეს, - მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგანო. მალე მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი შეგროვდა. მაცხოვარმა მიუგო იუდეველთა სჯულისმეცნიერებს: უკეთური და მემრუშე მოდგმა ეძიებს სასწაულს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა; ვინაიდან, როგორც იონამ დაჰყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაჰყოფს ძე კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს; ნინეველები აღდგებიან განკითხვის დღეს ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და აჰა, აქ იონაზე უმეტესია; სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვის დღეს ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია (მთ 12, 3842; ლკ 11, 29-32) - რატომ ახსენებს უფალი იონა წინასწარმეტყეველის სასწაულს იუდეველებს, როდესაც ისინი სასწაულს ითხოვენს მისგან? რაზე მიანიშნებს მაცხოვარი იუდეველთა სჯულისმეცნიერებს ამით?
- უფალი თავადვე განმარტავს, როგორც იონა იყო დაფლული სამი დღე და ღამე ვეშაპის მუცელში, ასევე იქნება ძე კაცისა სამი დღე და სამი ღამე მიწის გულში დაფლულიო. იონას სასწაული, იონა რომ ვეშაპმა ჩაყლაპა და შემდეგ ცოცხალი გადარჩა, რეალობაშიც მოხდა, მაგრამ ეს იყო ასევე წინასწარმეტყველება. არსებობს ორი სახის წინასწარმეტყველება - სიტყვიერი და ქმედითი. იონას სამი დღე-ღამე ვეშაპის მუცელში ყოფნა იყო სწორედ ქმედითი წინასწარმეტყველება მაცხოვრის სამი დღე-ღამე დაფვლისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მაცხოვარი ეუბნება იუდეველებს, მხოლოდ ეს სასწაული მიეცემა ამ მოდგმასო. რა თქმა უნდა, უფალმა უამრავი სასწაული აღასრულა - სნეულთა განკურნების, ეშმაკთა განსხმის, მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგინებისაც კი, მაგრამ უდიდესი სასწაული და სასწაულთა შორის უპირველესი იყო თავად მაცხოვრის მკვდრეთით აღდგინება, რამაც გამოიხსნა ადამიანთა სულები ჯოჯოხეთიდან და გაუხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ. მაცხოვარი იგავურად, მინიშნებით ეუბნება იუდეველებს, რომ თუ ახლა არ გჯერათ, მაშინ მაინც დაიჯერეთ, როდესაც მკვდრეთით აღვსდგები, მაშინ მაინც ირწმუნეთ, რომ მე ვარ კაცობრიობის მხსნელი, აღთქმული მესიაო. მართლაც, ვიცით, რომ თავად იუდევლებშიც უამრავმა ადამიანმა ირწუნა მაცხოვარი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მარტო პეტრე მოციქულის პირველი ქადაგებით, რომელიც მან სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს წარმოთქვა, 3000 იუდეველი მოექცა ქრისტეს სჯულზე.
ვიდრე იონა წინასწარმეტყველის სასწაულს შეახსენებს, მაცხოვარი იუდეველებს ეუბნება: უკეთური და უსჯულო მოდგმა ეძიებს სასწაულს, მაგრამ მათ სასწაული არ მიეცემათო - უფალი ამით გვასწავლის, რომ სასწაულის თხოვნა არის უკეთურების, უსჯულოების ერთ-ერთი ნიშანი. მორწმუნეს სასწაული არ სჭირდება, ჭეშმარიტად მორწმუნე სასწაულს არ ეძიებს, არ ითხოვს ღვთისგან. ვიცით, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში უამრავი სასწაული ხდებოდა, იმის გამო, რომ ამ დროს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ქრისტეს სარწმუნოება და ამ სასწაულებით შეიძლება მოქცეულიყვნენ. სწორედ ურწმუნოთათვის აღესრულება სასწაული, რათა მოექცეს, თორემ თუ ადამიანმა ქრისტიანობა იცის და ის სასწაულს ითხოვს, ურწმუნო კი არა უსჯულოა. ასეთ ადამიანს სასწაული აინტერესებს თავისი გარეგნული სახით და არა შინაგანი მნიშვნელობით. სასწაულმა ადამიანი რწმენაში უნდა განამტკიცოს და გააძლიეროს. როდესაც უფალმა პეტრეს სასწაულებრივად დააჭერინა უამრავი თევზი, პეტრე პირქვე დაემხო და უთხრა: - უფალო, გამშორდი, კაცი ცოდვილი ვარ მე. რა მოხდა პეტრეში? - მან იხილა რა ეს სასწაული, მაშინვე თავისი ცოდვილი მდგომარეობა, თავისი უღირსება გაახსენდა და სინანულში ჩავარდა, მაგრამ დღეს რომ ასეთი სასწაული აღასრულოს უფალმა, ადამიანები კიდევ უფრო გაამპარტავნდებიან. თავს ღვთის წინაშე ღირსეულად ჩათვლიან იმის გამო, რომ მათზე ასეთი სასწაული აღესულა. ეს არის სხვაობა ქრისტიანობის პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებსა და თანამედროვეთა შორის. თანაც, ვიცით, რომ არც ერთ მოციქულს, არც ერთ ღვთის მცნებების აღმასრულებელ ადამიანს სასწაული არ უთხოვია უფლისთვის, უფალი სწორედ ამას ამბობს, სასწაული არ უნდა ეძიოთ, არ უნდა ითხოვოთ, რომ სასწაული იხილოთ, რადგან უკეთური, უსჯულო მოდგმა ითხოვს სასწაულსო. იუდეველთა ის მოდგმა, ის თაობა, უპირველესად იუდეველთა სჯულისმეცნიერნი, უფლისგან სასწაულს იმის გამო ითხოვდნენ, რომ იმედი ჰქონდათ, მაცხოვარი სასწაულს ვერ აღასრულებდა და ამით დაკნინდებოდა, დამდაბლდებოდა ადამიანთა თვალში.
- შემდეგ მაცხოვარს იუდეველთა სჯულიმეცნიერებისთვის ნინეველთა და სამხრეთის დედოფლის მაგალითი მოჰყავს...
- მაცხოვარს იუდეველებისთვის მოჰყავს იონა წინასწარმეტყველის ნინეველებთან წარგზავნის მაგალითი. როდესაც იონა წინასწარმეტყველი ნინევიაში მივიდა, არაფერს ქადაგებდა, მხოლოდ ამბობდა - კიდევ სამი დღე და ნინევია დაიქცევაო. არ უთქვამს თუ შეინანებთ არ დაიქცევა, ან თუ არ შეინანებთ დაიქცევაო, მაგრამ ნინეველები ამის გამო უდიდეს სინანულში ჩავარდნენ. სამი დღე მარხულობდნენ, პირუტყვსაც არ აჭმევდნენ. რა თქმა უნდა, პირუტყვის მარხვა აქ არაფერს ნიშნავს, მაგრამ ნინეველებმა ყველაფერი დაივიწყეს, სინანულის გარდა, უკვე არავითარ მიწიერზე აღარ ფიქრობდნენ. უფალმა შეიწირა მათი სინანული და ნინევია გადარჩა. იონა იუდეველი იყო, ნინეველები - ასურელები. მათთან მივიდა უცხო ქვეყნიდან მისული კაცი და ეუბნება ქალაქს, რომ სამი დღე და ნინევია დაიქცევაო. მათ არც ის იცოდნენ, რომ იონა წინასწარმეტყველი იყო, არც ის, რა სასწაული აღასრულა მათზე უფალმა, მაგრამ სინანულში ჩავარდნენ. მაცხოვარს ასევე მოჰყავს სამხრეთის დედოფლის მაგალითი, რომელმაც გაიგო სოლომონის სიბრძნის შესახებ და იერუსალიმში ჩავიდა იმისათვის, რომ სოლომონი ენახა და თავისი ყურით მოესმინა ეს სიბრძნე - უფალი ისტორიულ ფაქტებს ახსენებს იუდევლებს, თუ როგორ იქცეოდნენ უცხოტომელები, რომლებთანაც ჭეშმარიტი სარწმუნოება არ იყო - რისთვის გამოიარა სამხრეთის დედოფალმა ამხელა გზა. როგორ ირწმუნეს ასურელებმა იონასი. თქვენთან კი იონა წინასწარმეტყველზე და სოლომონზე უდიდესია მოსული, რა სიბრძნეც სოლომონს ჰქონდა, იმაზე უდიდესი სიბრძნეა თქვენთან, ვინც იონას მისცა წინასწარმეტყველების ნიჭი და სასწაულის ძალა, ვინც სოლომონს მისცა ეს სიბრძნე, თავად განკაცნა, ის არის თქვენს წინაშე და მისი სიტყვების მოსმენა არ გინდათ, თავისთავად მხილებულნი იქნებით ნინეველებისა და სამხრეთის დედოფლის მიერო. ეს არ ნიშნავს, რომ ნინეველები ან სამხრეთის დედოფალი განსჯიდა მათ, არამედ თავიანთი საქმეები განსჯიდნენ, თუ სამხრეთის დედოფალი ქვეყნის დასალიერიდან ჩამოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, იუდეველები თავად უფალს არ უსმენდნენ. როდესაც ადამიანი გადის ამქვეყნიდან, თვალნათლივ ხედავს, სად რა დააშავა, სად როგორ მოუწოდებდა უფალი და არ გაჰყვა ღვთის სიტყვას და უკვე მხილებულნი იქნებიან სინდისის მიერ. სწორედ ამის შესახებ აუწყებს უფალი იუდეველებს, როდესაც ეუბნება ნინეველები და სამხრეთის დედოფალი, ანუ თქვენი საქმეები გამხელთო.
არაწმინდა სული და დაგვილი სახლი
როდესაც არაწმინდა სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს, განსასვენებლად, მაგრამ ვერ პოულობს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები Gემს სახლში, საიდანაც გამოვედიო; და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილს და დასუფთავებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება (მთ 12,43-45; ლკ 11, 24-26).- როდესაც ადამიანი არაწმინდა სულით არის შეპყრობილი, წართმეული აქვს თავისუფალი ნება. არ შეუძლია თავისი თავისუფალი ნებით მიმართოს უფალს და სთხოვოს შეწევნა. მის გამო ამის გაკეთება სხვა ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ როდესაც უფლის წყალობით არაწმინდა სულით შეპყრობილი განიკურნება, ამის შემდეგ თუ თვითონ არ დაიწყო ღვთის განდიდება და განწმენდილ გულსა და სულში არ შეუშვა უფალი, იმის მიუხედავად, რომ "სახლი დაგვილია" - ბოროტი განდევნილია მისგან, ცარიელდება სულიერად. ამის შემდეგ მეტი ძალით ეუფლება ბოროტი, რადგან ასეთ შემთხვევაში უკვე თავის თავისუფალი ნებით უშვებს ადამიანი ბოროტს თავის თავში. უფალი არ აიძულებს ადამიანს, ძალით შევიდეს და დამკვიდრდეს მის გულში. უფალი რომ ჩვენს გულში შემოვიდეს, ამისთვის აუცილებელია ჩვენი თავისუფალი ნება, ეს ჩვენი სურვილი უნდა იყოს. თუკი ბოროტი სული იგნორირებას უკეთებს ადამიანის თავისუფალ ნებას, ყველანაირად ცდილობს, რომ მას თავისუფალი ნება წაართვას, უფალი პირიქით, ყველანაირად ცდილობს ადამიანმა თავისუფალი ნება სწორად გამოიყენოს, თავისი თავისუფალი ნებით აღასრულოს ღვთის მცნებები და ადიდოს უფალი. როდესაც ადამიანი გულში არ იღებს უფალს, არ ცდილობს, უფალი ჰყავდეს გულში, სწორედ ასეთ შემთხვევაში რჩება ცარიელი "სახლი", ადამიანის სული და გული. ამ დროს პირველზე უარეს შედეგამდე მიდის, მეტი ძალით ეუფლება ბოროტი.
- როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, როდესაც მაცხოვარი სასწაულის მაძიებელ იუდეველებს იგავურად ესაუბრებოდა, ერთმა დედაკაცმა აღიმაღლა ხმა და მიმართა მაცხოვარს: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი", იესომ კი მიუგო: "ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღვთის სიტყვას და იცავენ მას". როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების არსი?
- სექტანტური მიმდინარეობები ვერ ჩასწვდნენ უფლის ნათქვამის არსს, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს მაცხოვრის დედაკაცისადმი ნათქვამი და ამ სიტყვებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არ არის ადამიანთა შორის უპირატესი, რადგან თავად უფალი ბრძანებს, უპირატესი ის კი არ არის, ვინც მე მშობა, ის, ვინც მოისმინა ჩემი სიტყვები, დაიმარხა გულში და აღასრულაო, მაგრამ სექტების წარმოშობამდე სახარების ამ ადგილის განმარტებისას წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ამ სიტყვების წარმოთქმით უფალმა კი არ დააკნინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, სწორედ ის გვითხრა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტად მოისმინა, დაიმარხა და აღასრულა ღვთის სიტყვები. ამიტომ შეიქმნა ღირსი, მხსნელის დედა გამხდარიყო. ადამიანთა შორის არავის ჰქონია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე მეტი სათნოება, მეტი ღვთისმსახურება და ნებისმიერი სიკეთე, რაც ადამიანმა შეიძლება ქმნას. სწორედ ამიტომ შეიქმნა იგი ღირსი იმისა, რომ მისგან შობილიყო განკაცებული ღმერთი. მაცხოვრის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არის ზეაღმატებული ადამიანთა შორის. არა მარტო კაცთა, არამედ თავად ანგელოზებზე, ბრწყინვალე ქერუბიმებზე ზეაღმატებულიც კი.