ამჯერად მაცხოვრის რამდენიმე სწავლებას შევეხებით. გვესაუბრება მამა მაკარი აბესაძე:
ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება:
როგორც მათე მახარებელი მოგვითხრობს, უამრავი ხალხი მისდევდა მაცხოვარს და ყველა განკურნა, მაგრამ აუკრძალა მათ ამის გახმაურება, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი: "აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო ვიყავ, საყვარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა; დავდვა სული ჩემი მის ზედა და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არ ხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი; ლერწამი შემუსვრილი არა განტეხოს და პატრუქი მბრდღვინვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი" (მათე 12, 15-20).
მაცხოვარი აურაცხელ სასწაულს აღასრულებდა და ამის გამო უამრავი ადამიანი მისდევდა, დაჰყვებოდა მას. არა იმის გამო, რომ ადამიანებმა იესო ქრისტე მიიღეს, როგორც მესია, მხსნელი, არამედ სწორედ იმის გამო, რომ მისგან სასწაულებს ხედავდნენ, ხედავდნენ, რომ კურნებებს აღასრულებდა, უქადაგებდა და ასწავლიდა ადამიანებს. ყველაზე ადრე ქრისტეს მოწაფეებმა შეიცნეს, რომ მათი მოძღვარი იყო მესია, ის ვინც ადამიანებს გამოიხსნიდა. უმეტესობამ ეს მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ შეიცნო. ამის მიუხედავად, უამრავი დაჰყვებოდა მაცხოვარს, მაგრამ როგორც სახარება გვეუბნება, უფალი ეუბნებოდა მათ, არ განეცხადებინათ, არ ეთქვათ მის შესახებ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ისარელის ერის უმეტესობა მომზადებული მაცხოვრის მისაღებად, პირიქით, კიდევ უფრო დაბრკოლდებოდნენ და დასცილდებოდნენ უფალს. როგორც თავად უფალი ბრძანებს, ეს ყველაფერი იმის გამო ხდებოდა, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმტყეველისგან თქმული. უფალმა წინასწარმეტყველთა თქმულის გამო კი არ აღასრულა ეს ყველაფერი, მათი ნათქვამიდან გამომდინარე კი არ მოქმედებდა, არამედ სულიწმინდით განეცხადათ წინასწარმეტყველებს თუ რას მოიმოქმედებდა უფალი და მათაც უფლის ნებით იწინასწარეტყველეს. ძველ აღთქმაშიც არის მინიშნება იმის შესახებ, რომ ღმერთი არის ერთი, მაგრამ სამგვამოვანი, სამპიროვანი, სამ ჰოპოსტასში გამოხატული. უფალი წინასწარმეტყველებს განუცხადებდა ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს შესახებ და ისინი ადამიანებს განუცხადებდნენ. ესაია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებაშიც: "აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო ვიყავ, საყვარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა..." განცხადებულია ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო, საუბარი მამის ძისა და სულიწმიდის შესახებ, ასევე განცხადებულია ძე ღვთისას, მაცხოვრის განკაცების შესახებ, რომელმაც "სამართალი წარმართთა მიუთხრა", ანუ წარმართებიც კი მოაქცია ღვთისკენო. როდესაც მაცხოვრის მოციქულები გავიდოდნენ მთელ მსოფლიოში და იქადაგებდნენ ქრისტეს, გამომხსნელი მსხვერპლშეწირვის შესახებ, არა მარტო იუდეველები, უამრავი წარმართიც მოექცეოდა ქრისტეს სჯულზე. ძველ აღთქმაშიც ბევრი წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა, რომ წარმართებიც მივიდოდნენ უფალთან, წარმართებიც მიიღებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
"არა ჰხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი", - მაცხოვარი ხმამაღლა არ ქადაგებდა, უბანთა ზედაც კი არ ისმოდა მისი ხმა. მხოლოდ მათ უქადაგებდა, ვინც მასთან მიდიოდა, ვისაც მოსმენა არ უნდოდა, მასთან არ მიდიოდა, არ აიძულებდა, მისი ქადაგება მოესმინა და მიეღო. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ იღებდნენ მაცხოვრის ქადაგებას, მაგრამ მოსმენით ისმენდნენ. უფალი არასოდეს არავის აიძულებს, ჭეშმარიტი სარწმუნოება მიიღოს, ყოველთვის მიუთითებს ადამიანებს ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და თვითონ, თავისი თავისუფალი ნებით უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ღვთის მიმდევარი, თუკი ჩვენი თავისუფალი ნებით გადავწყვეტთ, რომ ღვთის მიმდევარნი ვიყოთ და აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, დავიმკვიდრებთ უფალთან, თუ არ ვაღიარებთ უფალს, მაშინ თვითონვე ვაყენებთ თავს ღვთის გარეშე, ე.ი. არსებობს ორი მდგომარეობა: ან უფალთან ვართ, ან ღვთის გარეშე. თუ ვაღიარებთ უფალს და აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, ვართ უფალთან, თუ არ ვაღიარებთ უფალს და არ აღვასრულებთ მის მცნებებს, არ ვართ უფალთან. სწორედ უფალთან არყოფნა არის უკვე სასჯელი. უფალი კი არ სჯის ადამიანებს, არამედ თავად ადამიანი ისჯის თავს იმით, რომ ღვთის გარეშე რჩება. როდესაც ადამიანი განეშორება უფალს, სტანჯავს ღვთის გარეშე დარჩენა.
"ლერწამი შემუსვრილი არა განტეხოს და პატრუქი მბრდღინვარე არა დაშრიტოს, ვიდრე გამოიღოს ძლევად სასჯელი" - ჩაქრობის პირას მისული პატრუქი, სანთელიც კი ვერ მოასწრებს ჩაქრობას და შემუსვრილი ლერწამიც ვერ მოასწრებს გადატეხვას, ისე სწრაფად გამოიღებს, სძლევს უფალი სასჯელსო. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ღვთის მცნებების აღმასრულებლები, არ ვიყოთ ღვთის მიმდევარნი, მაგრამ თუ ჩვენ უფალს ვაღიარებთ, მაშინვე აღმოვჩნდებით უფალთან, სანამ ადამიანის სული და ხორცი ერთად მყოფობს, ხოლო როდესაც სული და ხორცი ერთმანეთისგან განიყოფა, ადამიანს აღარ შეუძლია დაბრუნდეს უფალთან, უკვე ცხადად ხედავს, როგორ უარყო უფალი, როგორ დარჩა ღვთის გარეშე და იტანჯება, თავის თავს ყვედრის, მაგრამ უკვე ძალა აღარ შესწევს, რაიმე შეცვალოს და უფალთან დაბრუნდეს. ხოლო მიწიერი სიცოცხლის დროს, როგორი დაშორებულიც არ უნდა იყოს ადამიანი უფალს, თუ ის უფალს აღიარებს, მეყსეულად დაბრუნდება უფალთან, ისევე როგორც ჯვარცმული ავაზაკი, რომლის მხოლოდ სიკვდილის წინ წარმოთქმული სიტყვები, - უფალო, მომიხსენე, ოდეს სასუფეველსა შენსა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ უფალთან აღმოჩენილიყო. თუკი ჩვენი გული მიბრუნდება უფლისკენ, უფრო სწრაფად დავბრუნდებით უფალთან, ვიდრე ჩაქრობის პირას მისული სანთელი ჩაქრება და შემუსვრილი ლერწამი ბოლომდე გადატყდება, თუკი, რა თქმა უნდა, მანამ შევიცნობთ უფალს, ვიდრე ხორციელი სიკვდილი მოგვეწევა, მანამდე მივხვდებით, რომ უფალი არის მხსნელი, უფალთან უნდა დავბრუნდეთ და აღვასრულოთ ღვთის მცნებები.
ხის შეცნობა ნაყოფით, საზღაური:
ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც; ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა, არ არებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს და ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი; კეთილი კაცი თავისი კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს; თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს; ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლედები და შენივე სიტყვებით დაისჯები" (მთ, 1233-37; ლკ 6, 43-45;)
- ამ სიტყვებს უფალი წარმოთქვამს იუდეველთა მიმართ და იდეურად ეუბნება მათ, - ხედავთ, რომ უამრავ სასწაულს აღვასრულებ, სნეულებს განვკურნავ, ეშმაკებს განვაგდებ, ანუ ნაყოფი კეთილია, თუმცა თქვენ ფიქრობთ, რომ ეშმაკეული ვარ. არ შეიძლება ცუდმა ხემ კეთილი ნაყოფი გამოიღოს. თუ თქვენ ხის შეცნობა არ შეგიძლიათ, მცენარეს ვერ ცნობთ, კეთილი ნაყოფის გამომღებია, თუ ცუდის, თავად ნაყოფი გასინჯეთ. თუ ნაყოფი კარგია, მაშინ ხეც კეთილია. ასევე, თუ მე ეშმაკეული ვარ, მაშინ ჩემგან მომდინარე ნაყოფი არ იქნება კეთილი, თქვენი გონება არ არის ღვთისმეტყველების იმ დონეზე, რომ პირდაპირ, ამ ნაყოფის გარეშე იცნოთ ჩემში განკაცებული ღმერთი, მაგრამ ნაყოფის გემოს ხილვა ხომ ადვილია - თქვენ ხომ ხედავთ ჩემ მიერ აღსრულებულ საქმეებს, იმას, რაც თვალცხადია, მაშინ აქედან დაასკვენით, ამ ნაყოფებით გამოიცანით, რომ მე ვარ მესია, განკაცებული ღმერთი, ის ვისზეც წინასწარმეტყველები გეუბნებოდნენ, - მოვა, ვინც გამოიხსნის თქვენს სულებს დემონებისგან და სასუფეველში დაგაბრუნებთო.
- ვის მიმართ ამბობს, რის შესახებ გვაუწყებს უფალი, როდესაც ბრძანებს: "იქედნეს ნაშობნო, როგორ შეგიძილათ სიკეთე ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ?"
- ამ სიტვებს უფალი ბრძანებს არა კონკრეტულად რომელიმე პიროვნების მიმართ, არამედ ზოგადად საუბრობს იუდეველთა, სჯულისმეცნიერთა და ფარისეველთა სწავლების შესახებ და "თუკი ყურები ჰქონდათ სმენად", ამ სწავლებას უნდა განშორებოდნენ, ისევ როგორც ვთქვათ ნიკოდიმოსი განეშორა ფარისეველთა და სჯულისმეცნიერთა გამიწიერებულ სწავლებას. ნიკოდიმოსი იყო სჯულმეცნიერი, იყო ფარისეველი, მაგრამ განეშორა ამ სწავლებას, ის არ იყო "იქედნეს ნაშიერი". იქედნეს ნაშიერებში იგულისხმება არა კონკრეტულად ფარისეველნი და სჯულისმეცნიერნი, არამედ მათი სწავლება, ანუ ამ სწავლების მიმდევარნი, ხოლო ვინც ამ სწავლებას განეშორებოდა, თავისთავად აღარ იქნებოდა "იქედნეს ნაშიერი"... უფალი არასოდეს ამხილებდა ადამიანებს პირდაპირ, ასე იქცევა ამ შემთხვევაშიც, რათა მათ პირად შეურაცხყოფად არ მიიღონ მაცხოვრის ნათქვამი, არამედ დაფიქრდნენ და მისი ნათქვამიდან ისევ და ისევ კეთილი ნაყოფი გამოიღონ, ყველანაირად ცდილობს, ნაკლებად დააბრკოლოს ისინი, თუმცა, სამწუხაროდ, იუდეველთა სჯულისმეცნიერნი არც მაცხოვრის სწავლებას იღებდნენ და არც მის ფარულ მხილებას და მაინც ბრკოლდებოდნენ სულიერად.
ფარისეველნი და სჯულისმეცნიერნი ეშმაკეულს უწოდებდნენ მაცხოვარს, ათასგვარ ცილს სწამებდნენ, ამიტომაც ამბობს მათი მისამართით მაცხოვარი: "იქედნეს ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ სიკეთე ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? - ე.ი. როდესაც ამბობთ, რომ მე ეშმაკეული ვარ, ცილს მწამებთ, რაც შინაგანად ხართ, იმას ამბობთ. შეუძლებელია, კეთილმა კაცმა ეს ქნასო. ადამიანი გულში ნადებზე ნაკლებს ამბობს. თუ კაცი სიკეთეს იქმს და ლაპარაკობს, მაშინ გულში უდიდესი სიკეთე აქვს, თუ ბოროტებას იქმს, მისი გულიც ბოროტებითაა სავსე. გარეგნულად გამოხატული მცირედი საქმითაც კი შეიძლება შევიცნოთ გულში რა აქვს ადამიანს, თუკი ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია ამის შეცნობა, მით უფრო შეუძლია უფალს. უფალს ყველა ადამინის გულის დანახვა ხილულად შეუძლია, თითოეული ადამიანის გულის ზრახვები უწყის და ყველას თავისი გულის მიხედვით განსჯის. როდესაც ადამიანს გულში უფალი ჰყავს, არ შეუძლია, არ აღასრულოს ღვთის მცნებები და სიკეთე არ ქმნას, ხოლო თუ გულში ბოროტება აქვს, ასევე არ შეუძლია ეს გარეგნულადაც არ გამოავლონოს.
- ფარისველთა და სჯულისმეცნიერთა შეფარული მხილების შემდეგ უფალი უკვე პირდაპირ საუბრობს სიტყვის მნიშვნელობაზე. რა ძალა და მნიშვნელობა აქვს სიტყვას?
- მაცხოვარი გვასწავლის, რომ არა მარტო საქმეებია მთავარი, არამედ ისიც, რასაც ვამბობთ, რასაც ბაგეებით წარმოვთქვამთ, - თუ ჩვენ უფალს განვადიდებთ, უფლის დიდებას ყველგან ვიქადაგებთ, ყველა ადამიანს ვასწავლით ღვთის შესახებ, ამის მიხედვით გავმართლდებით, ხოლო თუ ჩვენ უფალს ვეწინააღმდეგებით სიტყვით, ღვთის წინაშე გავმტყუნდებით და ჩვენი სიტყვები სასჯელად გვექცევა. ყველა სიტყვა, რომლითაც უფალს არ განადიდებს ადამიანი, ღვთის დიდებისკენ არ არის მიმართული, ფუჭი და ამოა უფლის წინაშე. რამდენჯერაც ისეთ რამეს ვიტყვით და ვიქმთ, რაც ღვთის სადიდებელი არ არის, განვისჯებით იმის გამო, რომ ჩვენ ეს დრო უფალთან ყოფნას დავაკელით, ჩვენვე დავაკელით ჩვენს თავს უფალთან მყოფობა, სხვა მიმართულებით წავედით და ამის გამო განვისჯებით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი