იგავი "ფარისევლისა და მეზვერის" შესახებ
უფლის იგავი "ფარისეველი და მეზვერე" მოთხრობილია ლუკას სახარების მე-18 თავში. იგავი მოგვითხრობს: ტაძარში სალოცავად ორი კაცი შევიდა - ერთი ფარისეველი, მეორე მეზვერე.
ფარისეველი წარდგა ლოცვად: გმადლობ შენ, ღმერთო, რომ არა ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები არიან - მძარცველი, უსამართლო, მრუში, ან ამ მეზვერისნაირი. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს გავცემო. მეზვერე კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ მიეპყრო თვალი, მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: - ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას. როგორც ვხედავთ, იგავში ერთმანეთს უპირისპირდება ფარისეველი და მეზვერე - ორი ტიპის ადამიანი. ძველი აღთქმის დროს, როდესაც მოსეს სჯული მოქმედებდა, ფარისევლებად იწოდებოდნენ მოსეს სჯულის მცოდნე, სჯულის წიგნში ჩახედული ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით იცავდნენ წესებსა და კანონებს, რაც, უმთავრესად, გარეგნული ნიშნების მკაცრად დაცვასა და აღსრულებაში გამოიხატებოდა. ე.ი. ფარისეველთა საქმეს მოსეს რჯულის შესწავლა და დაცვა წარმოადგენდა. ფარისევლები იუდეველთა საზოგადოების უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლები იყვნენ და იმდროინდელ საზოგადოებაში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ.
რაც შეეხება მეზვერეს, რომლის ახალქართული შესატყვისია მებაჟე, იგი ძველი რომის იმპერიაში ხარკის, გადასახადების ამკრეფი იყო. მეზვერეები კეისრის სამსახურში მდგარი მოხელეები იყვნენ, თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს ძალიან ავიწროებდნენ ადამიანებს - ხშირად დაწესებულზე მეტ გადასახადს ახდევინებდნენ. ხალხს სძულდა მეზვერეები და ცდილობდნენ, მათგან თავი შორს დაეჭირათ; ამიტომ ისინი საზოგადოებისგან განკვეთილნი იყვნენ. მეზვერე იყო ყველაზე შემზარავი სახე ცოდვილისა: "მაშინ მეზვერე და ცოდვილი ერთი თქმა იყო", - ბრძანებს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
როგორც აღვნიშნეთ, იმდროინდელ საზოგადოებაში ფარისევლები უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ. "ფარისევლები სწავლულნი, მწიგნობარნი და ერისგან პატივცემული კაცნი იყვნენ, მაგრამ მათი ყოფაქცევა სრულიად საწინააღმდეგო იყო იმისა, რასაც უფალი იესო ქრისტე მოითხოვდა და ასწავლიდა", - ბრძანებს გაბრიელ ეპისკოპოსი. ამ განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ ფარისეველთა ქცევა, მათეული სჯულის წეს-კანონთა დაცვა-აღსრულება მიუღებელია ახალი აღთქმის, მის მცნებათა დამწესებლის უფალი იესო ქრისტესთვის, ამიტომაც ამხელს მკაცრად მაცხოვარი ფარისევლებს მათეს სახარების თანახმად და მათ თვალთმაქცებს უწოდებს: "ფარისეველნი ყოველ კეთილ საქმეს იქმენ საჩვენებლად კაცთა"; "თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ, რაც მთავარია სჯულში - სამართალი, წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ"; "თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით"; "გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი". ამდენად, ფარისეველთა ქცევა, მათეული სჯულის წეს-კანონთა დაცვა მხოლოდ გარეგნულადაა სარწმუნო და მისაღები. სწორედ უფლისმიერი შეფასებიდან მომდინარეობს ფარისეველთა ახალაღთქმისეული განსაზღვრება - "სჯულში მართალი", მათ მოჩვენებით მართლებსაც უწოდებენ. რაც შეეხება ფარისეველთა შინაგან ბუნებას, შინაგან განცდას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია უფლისათვის, როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი შენიშნავს, "ბოროტებით, შურითა და ანგარებით იყო აღვსებული. მაგრამ ყველაზე უარესი მათში ის იყო, რომ ფარისევლები თავიანთ ცოდვიანობას ვერ გრძნობდნენ და თავიანთი თავი მართლად, სათნოდ და წმინდად მიაჩნდათ".
ფარისევლისა და მეზვერის სახარებისეული დაპირისპირება განმარტებულია, როგორც დაპირისპირება სჯულის აღსრულებაში ვითომდა მართალთა და ცოდვილთა.
იგავის განმარტებისას კომენტატორები ყურადღებას ამახვილებენ ტაძარში სალოცავად შესული ფარისევლის დგომის მანერაზე: "ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან". როგორც დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი შენიშნავს: "ბერძნულ ორიგინალში "წარდგა" ნიშნავს გაძლიერებულ ფორმას ფარისევლობისა. ე.ი. უბრალოდ კი არ დადგა, თუნდაც საკურთხეველთან, ყველაზე წმინდა ადგილთან ახლოს, არამედ წარდგა, რათა ყველას დაენახა, რომ იგი ლოცულობდა". იგავის ამ ადგილიდან ისიც ჩანს, რომ ფარისეველი ცალკე დგას ტაძარში და ისე ლოცულობს, ძველქართულად "თავისგან" - ცალკეს, მარტოს ნიშნავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამგვარი დგომით ფარისეველი ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულობას, ცოდვილთაგან შორს ყოფნას. ამდენად, ადამიანმა შეიძლება დგომის მანერითაც გამოავლინოს ფარისევლობა.
ლოცვის დასაწყისი სიტყვები: "ღმერთო, გმადლობ შენ", რომლითაც ებრაელები ჩვეულებრივ იწყებდნენ ღვთის დიდებას, ერთი შეხედვით ფარისეველს ჭეშმარიტ მლოცველს ამსგავსებს, რადგან ეს სიტყვები აღიარებაა ღვთის შეწევნისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მადლის მიღება და სიკეთის ქმნა, მაგრამ ლოცვის მომდევნო ნაწილში, "რომ არა ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები... ან როგორიც ეს მეზვერეა", უკვე იკვეთება, რომ ფარისეველი არა ღმერთის, არამედ საკუთარი თავის მადიდებელი ადამიანია. კომენტატორთა განმარტებით, ლოცვის ამ ნაწილიდან, უპირველესად, ფარისევლის ამპარტავნება და მედიდურობა ჩანს - ე.ი. ფარისეველთა პირველი თვისება ამპარტავნებაა, რაც საკუთარი თავით კმაყოფილებას და უპირატესად მიჩნევას შობს. "არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი", - ამბობს ფარისეველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველა სხვა ცოდვილია, საკუთარი თავი კი უცოდველად მიაჩნია, რადგან ამპარტავანი თავს ყოველთვის მასზე დაბლა მდგომს, მასზე მეტად ცოდვილს ადარებს, რაც თვითკმაყოფილებას იწვევს მასში: "ლოცვისას კაცი ღმრთის წინაშე თავის უღირსებას უნდა აღიარებდეს. გულში კიდევაც რომ იცოდეს, რომ შეძლებისდაგვარად დაიცვა უფლის მცნებანი და რომელიმე დიდ ცოდვაში არ ჩავარდა, ამას ღმერთის მადლს უნდა მიაწერდეს, მას უნდა მადლობდეს და შემწეობას მომავლისთვისაც სთხოვდეს... უგუნურობაა, თავი დიდად მიგაჩნდეს იმის გამო, რომ ჩვენზე უარესებიც არსებობენ. თუ შენი სულიერი მდგომარეობის შეტყობა გსურს, თავი შენზე უარესს კი არა, უკეთესს უნდა შეადარო. თუ ძალიან ცუდ ადამიანს არ ჰგავხარ, არ ნიშნავს, რომ წმინდანთა მსგავსი ხარ. საკმარისი არ არის, არ სცოდავდე, მადლი უნდა ქნა და სათნოება შეიძინო", - ბრძანებს ეპისკოპოსი გაბრიელი ფარისევლის ლოცვის ამ ადგილის განმარტებისას.
გარდა ამპარტავნებისა და საკუთარი თავის უცოდველად მიჩნევისა, რაც ნათელია იქიდან, რომ ფარისეველი ლოცვის დროს არსად არ ახსენებს ცოდვებს, ლოცვის ამ ნაწილიდან ჩანს განკითხვა, დამცირება და შეურაცხყოფა მოყვასისა, სიძულვილი, ზიზღი ცოდვილთა მიმართ. ფარისეველთა ეს თვისებები - მოყვასის განკითხვა და სიძულვილი ცოდვილთა - ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, რომელიც ადამიანებისგან მოყვასის სიყვარულს მოითხოვს, რაოდენ ცოდვილიც არ უნდა იყოს იგი.
ლოცვის მეორე ნაწილში - "კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს გავცემ" - ფარისეველი უკვე დასაბუთებულად წარმოაჩენს თავის უპირატესობას მის მიერ გაკეთებული საქმეების ჩამოთვლით - კერძოდ, სჯულით დაწესებულზე მეტი მარხვის შენახვით და შესაწირის გაღებით, რამაც მასში თვითკმაყოფილება და ამპარტავნება გამოიწვია: მოსეს სჯულის თანახმად, მარხვა წელიწადში ერთხელ იყო დაწესებული, როდესაც მთელი ერის ცოდვებისთვის მსხვერპლი შეიწირებოდა, ფარისეველი კი თავს იმით იწონებს, რომ წელიწადში ერთხელ კი არა, კვირაში ორჯერ მარხულობს. რაც შეეხება მეათედის შეწირვას - დაწესებული იყო ნაყოფთაგან და პირუტყვთაგან მეათედის ტაძრისთვის შეწირვა, რაც ღვთისმსახურთა და ლევიტელთა შენახვას ხმარდებოდა. ფარისეველი კი მეათედს თავისი ყველა სახის შემოსავლიდან სწირავდა, ამიტომაც მიიჩნევდა თავს სხვებზე უპირატესად: "სწორედ ამან, რომ ფორმალურად მართალი იყო, მას შთაბეჭდილება შეუქმნა იმისა, რომ ყველაზე ამაღლებული და წმინდაა", - განმარტავს დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი კი ფარისევლის ლოცვის ამ ნაწილის განმარტებისას ამბობს: "ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არა სინანულიდან და ღმრთისმოყვარეობიდან მომდინარეობს, არამედ ამპარტავნებისაგან. თურმე შეიძლება, რომ მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაც არა მადლსა და ღმრთისმსახურებას მოასწავებდეს, არამედ ცოდვასა და ღმრთის წინააღმდეგობას. რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლშეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, სინანული, ტირილი საკუთარი ცოდვების გამო. ფარისევლის მარხვა კი ორგულობისა და ამპარტავნების ნაყოფია. მას მარხვა თავის მოწონებისთვის, პატივის მიღებისთვის დაუცავს. ე.ი. თუ ფარისეველი რაიმეს აკეთებს, მხოლოდ გარეგნულად და სხვათა დასანახად".
ფარისევლის სრულიად საპირისპიროდ იქცევა მეზვერე: "მეზვერე კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ მიეპყრო თვალი, მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას". კომენტატორთა განმარტებით, მეზვერის ლოცვის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, როგორი სიმდაბლითა და შემუსვრილი გულით ლოცულობს იგი. ჩანს, რომ მთელი არსებით აქვს გაცნობიერებული თავისი ცოდვილი მდგომარეობა, გულწრფელად წუხს და გლოვობს ცოდვების გამო. გარდა ამისა, მეზვერის ლოცვიდან იკვეთება, რომ მას არა აქვს საკუთარი თავის იმედი, არამედ მთლიანად მინდობილია ღმერთს და თავმდაბლად ითხოვს და ელოდება მისგან ცოდვათა მიტევებას და შენდობას. მეზვერის შინაგანი მიდრეკილებანი, სულიერი განცდები - ცოდვათა გამო სინანული, საკუთარი უღირსების შეგრძნება, თავის განკითხვა და თავმდაბლობა, იგავის კომენტატორთა განმარტებით, შემდეგ იგავურ მინიშნებებშიც გამოიხატება: ტაძარში შორს დგომაში, მკერდში მჯიღის ცემასა და თვალთა ზეცისკენ ვერაღპყრობაში.
ტაძარში შორს დგომაში საკურთხევლიდან, ყველაზე წმინდა ადგილიდან, შორს დგომა იგულისხმება: "ეს მეზვერე ტაძარში შორს იდგა საკუთარ ცოდვათა გამო", - განმარტავს ნეტარი ავგუსტინე, ანუ მეზვერის ამ ქმედებაში მოწიწება, რიდი, საკუთარი უღირსების შეგრძნება გამოიხატება, ამიტომაც დგას იგი საკურთხევლიდან შორს, შორს იმისაგან, რასაც ცოდვილის ფეხი არ უნდა მიჰკარებოდა. სწორედ მიწიერი ცოდვების გამო, რომელიც მას ღმერთს აშორებს, მეზვერე ვერ ბედავს ზეცისკენ ახედვას და ტაძარში თავდახრილი დგას. მკერდზე მჯიღის ცემაც იმას მიგვანიშნებს, რომ ცოდვილი მლოცველი გულით განიცდის საკუთარ ცოდვებს: "მჯიღის სწორედ გულში ცემა ვიზუალურად მიგვანიშნებს იმ ადგილს, სადაც ყველა ცოდვა იშვება. გულში წარმოიშობა ყველა ის სურვილი და გულისთქმა, რაც ცოდვას გამოზრდის და ცოდვათქმნადობისაკენ წარმართავს ადამიანს".
მართალია, მეზვერე, ცოდვების ღრმა შეგრძნების გამო, არ მიიჩნევს თავს ღვთის წყალობის ღირსად, მაგრამ მთელი არსებით მაინც უფალსაა მინდობილი და გულის სიღრმეში სწამს, რომ ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობას ცოდვათა სიმრავლე ვერ დაფარავს, ამიტომაც ევედრება: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას.
ფარისევლისა და მეზვერის იგავს თან ერთვის უფლისმიერი შეგონება: "თქვენ გეუბნებით: ეს (მეზვერე) უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი (ფარისეველი), ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება". აქედან ჩანს, რომ უფლის თვალში სწორედ ცოდვილი მეზვერე დარჩა გამართლებული. "რით გამართლდა მეზვერე? და რისთვის გამტყუნდა ფარისეველი? - იმით, რომ მეზვერემ თვითონ გაიმტყუნა თავი ღვთის წინაშე, ხოლო ფარისეველმა თვითონ გაიმართლა და აიმაღლა თავი. ყოველ ლოცვას სულიწმინდა ისმენს და იგი მიანიჭებს განმართლებას ნამდვილ მონანიეს, ვინც ცოდვას მოიძაგებს და განშორდება სამუდამოდ. მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილსა და გადიდგულებულს სულიწმინდა სჯის. ასე ხდება პირველი უკანასკნელი და უკანასკნელი - პირველი, მხოლოდ ასე დამდაბლდება თვითამაღლებული და ამაღლდება თვითდამდაბლებული", - ბრძანებს გაბრიელ ეპისკოპოსი.
როგორც ვხედავთ, მეზვერე უფლის თვალში ამაღლდა და გამართლდა თავისი თავმდაბლობის, თავის განკითხვის, ცოდვათა შეგრძნების და მათ გამო გულწრფელი სინანულის, ასევე საკუთარი თავის მთლიანად ღმერთზე მინდობისა და უფლის იმედის გამო. ფარისეველი კი ამპარტავნებამ, საკუთარი ცოდვების დაუნახაობამ, მოყვასის განკითხვამ, ცოდვილთა მიმართ სიძულვილმა და მოჩვენებითმა ღვთისმოსაობამ დაამდაბლა ღვთის წინაშე.
უფალი ამ იგავით უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ფარისევლობაზე, როგორც ზნეობრივად მიუღებელ კატეგორიაზე, სახიფათო მიდრეკილებაზე, რომლის საპირისპიროდაც მიგვახედებს მეზვერის გულშემუსვრილობისკენ, სინანულის გზის მართებული არჩევისაკენ, რასაც ცოდვისაგან თავის დახსნა და სულის გადარჩენა მოაქვს. ე.ი. უფალი "მეზვერისა და ფარისევლის" იგავით მიგვითითებს, რომ სწორედ მეზვერის მსგავსი თვისებები უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ მლოცველს და ჭეშმარიტად მონანულ ცოდვილს, რათა ღვთისგან გამართლება, მადლი და წყალობა მიიღოს, ფარისევლის მსგავსი თვისებების მქონე ადამიანი კი მისგან გამართლებას და წყალობას არ უნდა ელოდეს, თუკი მეზვერის მიერ არჩეულ სინანულის გზას არ დაადგება.