ფარისევლობა სახარებაში
ფარისეველნი, გამოყოფილნი ანუ განშორებულნი (ებრაული სიტყვიდან "ფერუშიმ"), იუდეველთა ერთ-ერთი გავლენიანი სექტა იყო. ის ქრისტეს შობამდე დაახლოებით III საუკუნეში აღმოცენდა.
იუდეველთა ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მოსეს სჯულის შენარჩუნებას. სჯულის განწესებათა ზედმიწევნით აღსრულების სურვილი მას შემდეგ უნდა გამძაფრებულიყო ჭეშმარიტ ისრაელიანებში, რაც ბერძნულენოვანმა წარმონაქმნებმა იწყო გავრცელება. როცა ანტიოქე ეპიფანემ მორწმუნეთა აშკარა დევნა დაიწყო, სჯულის განწესებათა გულმოდგინე დამცველთაგან ჩამოყალიბდა ფარისეველთა სექტა. ამ განსაკუთრებული კლასის წევრები ზედმიწევნით ზუსტად აღასრულებდნენ სჯულის ყველა გარეგან დადგინებას და ხშირად თავიანთი წვრილმანი დანამატებითა და გამონაგონით ართულებდნენ მათ. ხალხს ისინი ზემოდან უყურებდნენ, როგორც ცოდვილთ, გაუნათლებელთ და ქვეყნიურ სიამეთ დამონებულთ. ისინი თავისი სექტის წევრების გარდა სხვა ებრაელებთან სუფრასაც არ მიუსხდებოდნენ. მაგრამ ეს გარეგანი ღვთისმოსაობა ხშირად უზნეობასა და გარყვნილ ცხოვრებას ფარავდა. მხოლოდ მათ შორის იყო ასეთი და ამდენი ამპარტავანი, შურიანი, პატივმოყვარე და ანგარებიანი. ფარისეველი არასდროს ტოვებდა დაუსჯელს თავის შეურაცხმყოფელ იუდეველს. მათი გარეგანი რელიგიური მოშურნეობა იმდენად საღმრთო სჯულისადმი ერთგულებისა და სიყვარულისგან არ მომდინარეობდა, რამდენადაც პირადი ინტერესებიდან. პირმოთნეობით იყვნენ აღვსილნი და მათი კეთილმოშიშება ხელსაყრელ გარემოებებზე იყო დამოკიდებული. გარდა წმინდა წერილის საღმრთო წიგნებისა, რომელთაც ფარისევლები ყველას უკლებლივ აღიარებდნენ, იღებდნენ ბევრ სხვა გადმოცემასაც; ისინი, უმეტესწილად, წვრილმანი წესებისა და რიტუალებისგან შედგებოდა, მაგრამ ისეთსავე მაღალ, საღმრთო მნიშვნელობას ანიჭებდნენ, როგორსაც წმინდა წერილსა და სჯულის დადგინებას. ფარისევლები ურყევ დოგმატად აღიარებდნენ სწავლებას გარდაუვალი წინათდანიშნულების შესახებ, თუმცა არ უარყოფდნენ ნების თავისუფლებას, ანუ ცდილობდნენ, ერთურთთან შეეთავსებინათ თავიანთი არსით ორი სრულიად შეუთავსებელი რამ. ფარისევლებს სწამდათ სულის უკვდავება, აღიარებდნენ ჯოჯოხეთის არსებობას, სადაც ბოროტი ისჯებოდა ცოდვებისთვის, ასევე აღიარებდნენ სათნოებებისთვის დაჯილდოებულ მართალთა მოსვენების ადგილის არსებობასაც საიქიოში. მათი წარმოდგენა სამოთხისა მცირედ თუ განირჩეოდა მაჰმადიანთა შეხედულებაზე.
თალმუდში მკაფიოდაა აღწერილი ფარისეველთა შვიდი სახეობა, რომელთაგან ექვსი დახასიათებულია, როგორც ამპარტავანი და პირმოთნე. იყვნენ ფარისეველნი, სახელწოდებით "სექემიტები". ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო ემორჩილებოდნენ სჯულს; "მოხტუნავე" ფარისევლები ("ციქფები") ვითომდა იმ ზომამდე თავმდაბალნი იყვნენ, რომ სიარულისას ფეხსაც არ სწევდნენ მაღლა და ამის გამო ხშირად წაიფორხილებდნენ ხოლმე; "სისხლმდინარენი" ("კინაიები") - მეტი მოკრძალების გამო თვალდახუჭულნი დადიოდნენ, რათა ქალი არ დაენახათ და ამის გამო ათასნაირ წინაღობას ეჩეხებოდნენ; ასევე მოკრძალებული "მედორკნი" კირით იქოლავდნენ თვალებს; იყვნენ ფარისეველნი, რომელთა მრწამსი იყო სიტყვები: "მარქვი მე სხვა მცნება და მე აღვასრულებ მას" - ესევითართაგან ბევრი გვხვდება სახარებაში; იყვნენ "მფრთხალი" ფარისევლები, რომელთა საქციელი მხოლოდ შიშით იყო განპირობებული. ფარისეველთა მეშვიდე სახეობას შეადგენდნენ "სიყვარულისმიერნი", რომელნიც უფალ ღმერთს მხოლოდ იმის გამო ემორჩილებოდნენ, რომ მთელი გულით უყვარდათ იგი.
ფარისეველთ ხალხი დიდ პატივს სცემდა, ამიტომაც თანამოძმეებმა და გამვლელებმა თვალახელილი შობიდან ბრმა მათ მიუყვანეს - ეტყობა, სურდათ, თავიანთი წინამძღოლების აზრი გაეგოთ ამ საკვირველებაზე. ჩანს, საქმის გამოძიება სამსჯავროზე მიმდინარეობდა. ეს ალბათ სინედრიონი კი არ იყო, რომელიც ყოველთვის არ იკრიბებოდა, არამედ სინაგოგა, რომელსაც, გარდა უმთავრესი დანიშნულებისა - რელიგიური კრებულისა, სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებათა და დადგენილებათა დარღვევის შემთხვევაში სამსჯავრო უფლებაც ეკისრებოდა.
"იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხვანი იტყოდეს: ვითარ ხელეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაი იყო მათ შორის".
ფარისეველთაგან ბევრი იქამდე მიდიოდა, რომ დაუშვებლად მიაჩნდა ბრმისთვის თვალზე მალამოს წასმა, თუმცა ეს სასარგებლოდ ითვლებოდა. ასეთივე სჯულის მოძღვარნი იყვნენ აქაც. სხვები კი, პირიქით, სამართლიანად ასკვნიდნენ: იესო რომ ცოდვილი ყოფილიყო, ასეთი სასწაულის აღსასრულებლად ღმერთი არ შეეწეოდა. მაგრამ მან სასწაული აღასრულა. მაშასადამე, ცხადია, რომ იგი ღვთის რჩეულია და ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება ცოდვილი იყოსო. ამრიგად, ფარისეველთა შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ იესოს და აღარებდნენ მასში საღმრთო ძალის მოქმედებას. მაგრამ თვით მონაწილეობა ამ სამსჯავროში, წმინდა იოანე ოქროპირის შენიშვნით, ამხელს მათ, როგორც მშიშარა ადამიანებს. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ საბოლოოდ მათი შეხედულება უკუგდებულ იქნა.
"ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო: შენ რასა იტყვი მისთვის, რამეთუ აღგიხდინა თვალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინასწარმეტყველი არს.
მართალია, ფარისევლები ეკითხებიან თვალხილულს: "შენ რას ფიქრობ იესოს შესახებო?" - მაგრამ მისი აზრი სულაც არ აინტერესებთ, მხოლოდ იესოს წინააღმდეგ მისი იარაღად გამოყენება უნდათ. შეკითხვის მიზანი იყო ის, რომ თვალახელილი თავად მიმხვდარიყო, როგორი პასუხით აამებდა ფარისევლებს, დამორჩილებოდა მათ ჩაგონებას და თავისი განკურნება ჯადოქრობისთვის მიეწერა და არა - საღმრთო ძალისთვის. ამით იგიც აუმხედრდებოდა კეთილისმყოფელს და ემოწმებოდა ფარისევლებს. მაგრამ ზეგარდმო გამხნევებული თვალახელილი არ შეშინდა და გაბედულად განაცხადა, რომ ეს საკვირველი საქმეცა და მისი მოქმედიც - ღმრთისგანაა.
სჯულით ფარისეველი იყო ქრისტიანთა მდევნელი სავლე, შემდგომში დიდი მოციქული, მოციქულთა თავი - პავლე.