წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა.
წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა. კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
წითელი კვერცხი - აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ხომ წიწილები და ბარტყები იჩეკება. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით გაწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა.