საკურთხეველს ტაძრის შუა ნაწილისაგან გამოჰყოფს ხის ან ქვის კედელი, რომელზეც გამოსახულია ხატები და მას კანკელი (ბერძ. "იკონოსტასი") ეწოდება.
კანკელი სამკარიანია. შუა, ყველაზე დიდი კარი განთავსებულია კანკელის ზუსტად შუა ნაწილში და იწოდება აღსავლის კარად, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამოთხის კარს. ამას გარდა, მას აქვს დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში. იგი იმიტომ იწოდება სამეუფოდ, რომ მასში უხილავად გაბრძანდება მეუფე დიდებისა - უფალი იესო ქრისტე (იხ. ფსალმ. 23,7-10) და ასევე აქედან ხდება წმინდა ძღვენის - ქრისტეს სისხლისა და ხორცის გამობრძანება. სამეუფო კარზე გამოსახულია ხატები - ოთხი მახარებლისა და მოციქულისა: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი და ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა - როგორც სიმბოლო, რომ სამოთხის კარი ადამიანთათვის კვლავ განიხვნა. სამეუფეო კარის მარჯვნივ ათავსებენ მაცხოვრის, ხოლო მარცხნივ - ღვთისმშობლის ხატებს.
სამეუფო კარის გარდა, მაცხოვრის ხატის გასწვრივ სამხრეთის, ხოლო ღვთისმშობლის ხატის გასწვრის - ჩრდილოეთის კარებია, რომელსაც ასევე უწოდებენ დიაკვნის კარებს.
როგორც წესი, ეს კარები უფრო მცირე ზომისაა. ჩრდილოეთის კარს შევყავართ საკურთხევლის ნაწილში - სამკვეთლოში, ხოლო სამხრეთისას - ტაძრის სადიაკვნეში. დიაკვნის კარზე, უმრავლეს შემთხვევაში, გამოსახულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ხატები, სიმბოლურად გამომხატველი ღვთისმსახურთა ანგელოზებრივი მსახურებისა.
მაცხოვრის ხატის მარჯვნივ, როგორც წესი, ტაძრის ხატია, რომელიც ტაძრის სახელობის დღესასწაულს ან წმინდანს გამოხატავს.
კანკელის თავზე აღმართულია ჯვარი ან ჯვარცმა და ჯვრის ქვემოთ, უმეტეს შემთხვევაში ხატიც, წმინდა საიდუმლო სერობის გამოსახულებით. ღვთისმსახურების შესრულების დროს გახსნილი სამეუფო კარი გამოხატავს სამოთხის კარის გახსნას. მასში შესვლა მღვდელმსახურთა გარდა, ყველასთვის აკრძალულია. სამეუფო კარი იხსნება მხოლოდ ღვთისმსახურების შესრულების - ტიპიკონის მიხედვით დადგენილ დროს.
სამეუფო კარის შიდა მხარეს, საკურთხეველში, ჰკიდია ფარდა, რომელსაც კრეტსაბმელი ეწოდება. იგი ღვთისმსახურების შესრულების დროს, გარკვეულ პერიოდში იხსნება ან იხურება, სამეუფო კართან ერთად ან მის გარეშე. კრეტსაბმელი საერთოდ არ იხსნება სინანულის ან სამგლოვიარო ღვთისმსახურების აღსრულებისას. კრეტსაბმელის თითოეულ გახსნა-დახურვას აქვს განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა: ლიტურგიის შესრულების დროს, დახურული კრეტსაბმელის მიღმა, საკურთხეველში მღვდელმსახურთა ზიარება განასახიერებს საიდუმლო სერობას, დახურული კრეტსაბმელი ასევე გამოხატავს საფლავის ქვას და საფლავის მცველებს. დახურულ კრეტსაბმელს ამ შემთხვევაში კიდევ ერთი სიმბოლური დანიშნულება აქვს - იგი გვახსენებს, რომ ახალი აღთქმის ისტორიის ეს უდიდესი მოვლენა ხალხისგან დაფარულად მოხდა.
როგორც ცნობილია, უფლის ჯვარცმის დროს ძველი აღთქმისეული ტაძრის კრეტსაბმელი, რომელიც წმინდათა წმინდა ნაწილს წმინდისაგან ჰყოფდა, ჩაიხა... ამ კრეტსაბმელის მიღმა არსებული სამყარო, წმინდათა წმინდა (ანუ სასუფეველი) დაგმანული იყო ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის". მასში მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა, ისიც წელიწადში ერთხელ და მსხვერპლის აღვლენა საკუთარი და ერის ცოდვების გამოსასყიდად. ჯვარცმის დროს კრეტსაბმელის ჩახევა მოასწავებდა კაცობრიობისთვის დაკარგული სამოთხის კარის გაღებას და დაცემულ ადამიანთა მოდგმის ყოვლადმოწყალე ღმერთთან შერიგებას"...
- როგორი (რა ფერის, რა ქსოვილის) უნდა იყოს კრეტსაბმელი და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მის ფერადოვნებას?
- ბიბლიის მიხედვით, კრეტსაბმელი ასეთი უნდა იყოს: "და ჰქმნე კრეტსაბმელი იაკინთისაგან და ძოწეულისა მეწამულისა ზეზისაგან რთულისა, ქმნულად ქსოვილად ჰქმნე იგი ქერუბინად".
შატბერდის კრებულში ამ ფერთა სიმბოლური მნიშვნელობა არის განმარტებული: როგორც ირკვევა, იაკინთის ფერი არის უფლის მიერ მსხვერპლად გაღებული სისხლის ფერი, ხოლო ცეცხლის "ნაკვერცხლის" ფერი - ფერი მეორედ მოსვლისა, ფერი "განმანათლებელ მართალთა" და "დამწველ ცოდვილთა".
ბრწყინვალე შვიდეულში, მაშინაც კი, როცა ღვთისმსახურება არ აღევლინება, აღსავლის კარი გაღებულია და კრეტსაბმელიც გახსნილია, რაც სიმბოლურად სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ უფალი აღსდგა, წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და ღმერთსა და კაცობრიობას შორის, პირველდაცემით დაკარგული მშვიდობა და კავშირი განახლდა. უფლის ჯვარცმის შედეგად კრეტსაბმელი შუაზე გაიყო და სამოთხის დახშული ბჭე გაიხსნა კაცთათვის. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ სამეუფეო კარზე აღმართულ ჯვარს, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ თითოეული ჩვენგანისთვის სამოთხის კარი საკუთარი ცხოვრებისეული ჯვრის ღირსეული ტარებით გაიხსნება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი