ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომელიც აღმოცენდა პალესტინაში, ყოფილ იუდეველთა წიაღში, სიმბოლურ გამოსახულებათა დანერგვა ერთობ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ისინი უწინდელი სწავლების მიმდევრები იყვნენ, რაც კრძალავდა საგნობრივ გამოსახულებებს და ამით იცავდა ძველი აღთქმის ეკლესიას წარმართული კერპებისაგან.
თუმცა, როგორც ცნობილია, ღვთაებრივი გონი უკვე მაშინაც ასწავლიდა მათ სიმბოლურ იკონოგრაფიულ ენას. ასე მაგალითად, ღმერთმა აუკრძალა წმიდა ეზეკიელს მეტყველება და უბრძანა ალყაშემორტყმული იერუსალიმის აგურზე დახატვა - "ეს არის ისრაელის სახლის ნიშანი" (ეზეკ. 4,3).
დროთა განმავლობაში ქრისტიანთა რიგებს ემატებოდნენ სხვა ხალხები, რომელთა ტრადიცია არ კრძალავდა გამოსახულებათა გამოხატვას და რის გამოც იუდეველთა მრწამსი თანდათან სუსტდებოდა და ქრებოდა.
უკვე ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებში ჯვარცმული მაცხოვრის ეკლესია დევნას განიცდიდა. ამის გამო ქრისტიანებს მალულად უხდებოდათ ღვთისმსახურება.
ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის არარსებობა, რომელიც ეკლესიას გარედან დაიცავდა და მისმა ხანგრძლივმა მონობამ, გავლენა მოახდინა ღვთისმსახურების განვითარებასა და ეკლესიის სიმბოლიკაზეც.
სწორედ ამ ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, ეკლესიაში დღემდეა შენარჩუნებული სიწმინდეთა სიფრთხილით დაცვის სწავლება.
"ჩვენ ვასრულებთ საიდუმლოებას დაკეტილ კარს მიღმა და ვუკრძალავთ არგაბრძნობილთ მასზე დასწრებას", - წერს წმიდა იოანე ოქროპირი.
იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით (268 წ.), რომაელი ტაკიმასხარა და მიმი გენეციუსი ცირკში დასცინის ნათლისღების საიდუმლოებას. წმიდა მოწამე გენეციუსის ცხოვრებიდან ვიგებთ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა მასზე წარმოთქმულმა სიტყვებმა: სინანულში ჩავარდნილი, იგი მოინათლა და სხვა ქრისტიანებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა: "პირველ იქნა თავმოკვეთილი". ეს შემთხვევა არ არის ერთადერთი წარმართთაგან ქრისტიანების სიწმინდეების შებღალვისა, რომლებიც ბევრ ქრისტიანულ საიდუმლოებაში იყვნენ გარკვეულნი.
მთელი მსოფლიო ბოროტებაშია შთანთქმული, - ამბობს გულთამხილავი (1 იოანე 5,19), მას აკრძალული გარემო აკრავს და მასში ეკლესია იბრძვის ადამიანთა გადასარჩენად. სწორედ ამ გარემომ აიძულა ქრისტიანები, პირველსავე საუკუნეებში გამოეყენებინათ პირობით-სიმბოლური გამოხატვის საშუალებები, როგორებიცაა: ქარაგმა, მონოგრამა, სიმბოლური გამოსახულებანი და სხვა ნიშნები. ეკლესიის ეს ახალი ენა ეხმარება ახალმოქცეულთ ჯვრის საიდუმლოების შემეცნებაში, გაგებაში, მათი სულიერი განვითარებისა და ზრდის შესაბამისად.
თანმიმდევრობის აუცილებლობა სწორად უხსნის კათაკმევლებს დოგმატის შინაარსს და ამზადებს მათ ნათლისღებისთვის ნებაყოფლობით, მაცხოვრის სიტყვებზე დაყრდნობით (მათე 7,6; 1 კორინთ. 3,1).
ამ მიზნით განმანათლებელმა კირილე იერუსალიმელმა თავისი ქადაგებები ორ ნაწილად გაყო: 18 კათაკმეველთათვის არის განკუთვნილი, სადაც არ ითქმის არაფერი საიდუმლოთა შესახებ, 5 კი საიდუმლოთა მატარებელია, სადაც მრავალთათვის ყველა საიდუმლოა გახსნილი.
წინასიტყვაობაში იგი არწმუნებს კათაკმეველთ, არ გაუმხილონ მოსმენილი უცხოთ: "როდესაც საკუთარი გამოცდილებით შეიცნობ იმის მწვერვალს, რასაც ასწავლი, მაშინ მიხვდები, რომ კათაკმეველი უღირსია მისი მოსმენისა". განმანათლებელი წმიდა იოანე ოქროპირი წერდა: "მე ვისურვებდი საუბარს ამაზე გახსნილად, მაგრამ მათ გამო საუბარი ბუნდოვანია და დაფარული". ამავე საკითხზეა საუბარი ნეტარ თეოდორე კირსელთან: "საღვთო საიდუმლოებაზე ვსაუბრობთ მალულად, არაგაბრძნობილთა გამო, ხოლო მათი არყოფნის დროს ვასწავლით გახსნილად, მათთვის, ვინც ღირსი გახდა საიდუმლოთა ცნობისა".
ჯვრის ფორმის განვითარების ისტორიული გზა
რომის იმპერიის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში ჯვარი წარმოადგენდა სიკვდილით დასჯის იარაღს, დამნაშავეებს ჯვარზე გაკვრით სჯიდნენ. ამ ფორმის ჯვარი, რომელიც "ბერძნულ ასო "T"-ს წააგავს, მოსეს დროიდან მოდის. მას "ეგვიპტურ" ჯვარს ეძახიან. გრაფი ა.ს. უვაროვი წერდა, რომ "ბერძნული "T" ასო იმ ჯვრის ერთ-ერთი ფორმაა, რომელზე გაკვრითაც დამნაშავეებს სჯიდნენ (ქრისტიანული სიმბოლიკა).
ამავე თემას აგრძელებს ცნობილი განმანათლებელი დიმიტრი როსტოველი: "ბერძნული გამოსახულება ე.წ. "TAB", უფლის ანგელოზმა ნიშნად დაადო ღვთის ხალხს იერუსალიმში მოახლოებული სიკვდილისაგან გადასარჩენად. თუ ამ გამოსახულებას თავზე ქრისტეს ქარაგმას დავუმატებთ, მივიღებთ ქრისტეს ოთხმკლავიან ჯვარს; მაშასადამე, ეზეკიელი ამ გამოსახულებაში სწორედ ოთხმკლავიან ჯვარს ხედავდა.
იმავეს მოწმობს ტერტულიანე: ბერძნულ "TAB" და ლათინურ "T" - ასოთა ერთობლიობა იძლევა ჯვრის ნამდვილ ფორმას, რომელიც, წინასწარმეტყველის თქმით, მომავალში ჩვენს შუბლებზე აღიბეჭდება ჭეშმარიტ იერუსალიმში.
ქრისტიანულ მონოგრამაში "T" ასოს გამოსახულება განსხვავებულია სხვა ასოებისაგან, რადგან იგი მიჩნეულია არა მარტო სიმბოლოდ, არამედ თვით ჯვრის გამოსახულებადაც. ამგვარი მონოგრამის მაგალითია III საუკუნის სარკოფაგი. ეკლესიური გადმოცემის თანახმად, წმინდა ანტონი დიდი თავის სამოსელზე ატარებდა ე.წ. ჯვარს - ტაუ. ქალაქ ვერონის ეპისკოპოსმა, წმიდა ზენონმა 362 წელს აგებული ბაზილიკის სახურავზე T ასოს ფორმის ჯვარი აღმართა.




ეკლესიის ხომალდს გადარჩენის მსურველნი მშფოთვარე დროებითი ცხოვრებიდან მშვიდი ცხოვრების ნავსაყუდელთან მივყავართ, ამიტომ ჯვრის მარადიული ფორმა - "ღუზა" ქრისტიანთათვის იმედის სიმბოლოდ იქცა. ქრისტეს ჯვრის ნაყოფი - ცათა სასუფეველია; წარმართი ბერძნები და რომაელები, ქრისტიანებისაგან განსხვავებით, ამ ნიშნით მიწიერ "მყარ" ცხოვრებას აღნიშნავდნენ.



გრაფი ა.ს. უვაროვი კატაკომბების მონაპოვრების აღწერისას თვლის, რომ რომის მღვიმეებში ნაპოვნ თიხის სანთურზე ნათლად ჩანს კვერთხი - მწყემსმთავრის სიმბოლო. მის ქვედა ნაწილში კვერთხი კვეთს ქრისტეს სახელის პირველ ასოს "X", რითაც მთლიანობაში მაცხოვრის მონოგრამა იქმნება. თავდაპირველად ეპისკოპოსის კვერთხი ზუსტად მწყემსის არგანს ჰგავდა, რომლის თავი მოღუნული, ანუ თავდახრილი იყო (ნახ. 6). ბიზანტიის იმპერატორი ყველა ეპისკოპოსს ჯილდოდ სწორედ "მწყემსმთავრის კვერთხს" ჩუქნიდა.

პლატონმა წაიკითხა ეს ყოველივე და ვერ მიხვდა, რომ ეს იყო ვერტიკალური ჯვრის სახე. იგი მიხვდა მხოლოდ, რომ ასო "X"-ის კონფიგურაცია პირველი ღმერთის ყველაზე ახლოს მყოფი ძალაა სამყაროში (აპოლოგია 1.60).
ბერძნული ანბანის ასო "X"-ს უკვე მეორე საუკუნეში იყენებდნენ მონოგრამული სიმბოლოების გამოსახატავად და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ქრისტეს სახელს გულისხმობდა, არამედ იმიტომაც, რომ, როგორც ცნობილია, "უძველესი დროის მწერლები "X" ასოს ფორმის ჯვარს ანდრიასეულს ეძახდნენ, რადგან ამგვარ ჯვარზე აღესრულა მოციქული ანდრია პირველწოდებული", - წერდა არქიმანდრიტი გაბრიელი.
1700-იან წლებში მირონცხებულმა მეფემ პეტრე დიდმა ანდრიასეული ჯვარი სახელმწიფო გერბზე, თავის ბეჭედსა და საზღვაო-სამხედრო დროშაზეც გამოსახა, რითაც გამიჯნა მართლმადიდებლობა დასავლური მწვალებლობისაგან. საკუთრივ მისეული განმარტება გვაუწყებს, "წმინდა ანდრიას ჯვარი იმის გამო გამოვსახე, რომ რუსეთმა წმინდა ნათლობა მისგან მიიღოო".





მათე იუწყება: "გამომყევით მე და კაცთა მებადურებად გაქცევთ თქვენ" (მათე 4,19), ხოლო მოგვიანებით ზღვასთან მჯდომი ასწავლიდა ხალხს იგავებით: "მსგავს არს სასუფეველი ცათა სათრომელისა ბადესა, რომელიც სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბოს" (მათე 13,47). სათევზაო ხელსაწყოში აისახა ცის სასუფეველის სიმბოლო. ამგვარ ხელსაწყოებს მიეკუთვნება სამკაპიც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ყველა ფორმულა, ამავე მნიშვნელობის მატარებელი, ოდითგანვე გამოიხატებოდა საერთო სიმბოლოებით. ასე რომ, ქრისტეს სამკაპიანი მონოგრამა მიეკუთვნება ნათლისღების საიდუმლოს, როგორც, ასე ვთქვათ, მებადურის ქსელში ცის სასუფევლის დაჭერას. მაგალითად, "ევტროპის ძველ ქანდაკებაზე გამოკვეთილია წარწერა, რომელშიც ვკითხულობთ მისი მონათვლის შესახებ, იგი მთავრდება სამკაპიანი მონოგრამით".