სანთელი და კანდელი
იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული.
ამით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისი გულიცა და სულიც უფლის ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული. ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ, უფალთან "კომერციული ურთიერთობა" დაამყარონ. მაგალითად, "ღმერთო, ესა და ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებო". უფალს ჩვენგან არც დიდი სანთელი უნდა და არც პატარა, - შემოქმედს ჩვენი მოყვარული გულის ხილვა სურს. სანთელი კი არის ნიშანი იმისა, რომ შეგვწევს ძალა, სულიერისთვის მატერიალური გავიღოთ.მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს
სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ვიხდით რა მის საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), ჩვენი შრომის ნაწილს ნებაყოფლობით ვწირავთ უფალს და მის საყდარს. ხატის წინ დანთებული სანთელი ღვთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.
ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღვთის მორჩილებისთვის მზადყოფნის სიმბოლოა, სანთლის სისუფთავე კი მისი შემწირველის სისუფთავისა და წაუბილწაობის გამომხატველია.
სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღვთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ თავისი შემოქმედისთვის მირთმეულ ძღვენს ნიშნავს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია; მისგან სანთლებს უკვე III საუკუნიდან ამზადებდნენ.
ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ღვთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ახალ ქმნილებად ქცევის სიმბოლოა. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლეც ანთებულ სანთელს უნდა წააგავდეს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.
სანთელი სიმხურვალისგან დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზოგიერთისა კი ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც მის მფლობელს ჭეშმარიტი სიმდიდრე ელის.
მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს. არც ერთი მისი ფიქრი, სიტყვა და საქმე არ უნდა იყოს დაფარული უფლისგან და მას ერთადერთს ეძღვნებოდეს.
დაბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებული ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა.
სასანთლეს, შანდალს სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ერთსანთლიანი იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს აღნიშნავს, ვის სახელზეც ანთია, ორიანი მაცხოვრის ორბუნებიანობაზე მიანიშნებს, სამიანი წმინდა სამების სიმბოლოა, შანდალი კი, რომელზეც სანთლები წრიულადაა განლაგებული - მარადისობისა.
კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს
ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია კანდელი - ჭურჭელი ზეთის დასანთებად. კანდელის ნათელი სიმბოლოა ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, აქაც, დედამიწაზე, მათ ხატებს მუდამ ნივთიერი ნათელი - ზეციური ნათლის ნიშანი უნდა ეფინებოდეს. წმინდანები ზეცაში მარადიულ ნათელში განისვენებენ, ამიტომ მათი წმინდა გამოსახულებანიც უნდა განათდეს. ძველი აღთქმა მკაცრად მოითხოვდა, რომ ღვთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი "გამოცხადებაში" უფლის საყდრის წინაშე ანთებულ შვიდ ცეცხლოვან სასანთლეს ხედავს, შვიდ სასანთლეს შორის ჭვრეტს იგი იესო ქრისტესაც. ხატის წინაშე კანდელი იმიტომაც ინთება, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8,12). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს.
ამასთანავე, კანდელი შეგვახსენებს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ვანთებთ, რამეთუ წმინდანები "ძედ ნათლისად" (იოან. 12,36) იწოდებიან.
მას იმისთვისაც ვანთებთ, რათა მცირედი მსხვერპლი შევწიროთ უფალს, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის; მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისდამი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ იმას, რისი ბოძებაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია.
კანდელის ნათელი ბოროტ ძალებსაც აფრთხობს, ლოცვისას თავს რომ გვესხმიან, ყურადღებას გვიფანტავენ და ჩვენს ფიქრებს შემოქმედს აშორებენ. რადგანაც ბოროტ ძალებს წყვდიადი უყვართ, სინათლის დანახვაზე თრთიან, განსაკუთრებით კი იმ სინათლისა, ღმერთს და მის წმინდანებს რომ ემსახურება.
გარდა ამისა, ანთებული კანდელი თავგანწირვისკენ ლტოლვას აღგვიძრავს - როგორც იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე, ასევე იწვოდნენ ყველა სატანჯველისას სიყვარულის ალით ანთებული და შემოქმედის მორჩილი ჩვენი სულებიც.
დაბოლოს, კანდელს იმ მიზნითაც ვანთებთ, რათა შეგვახსენოს, რომ როგორც მისი ანთებაა შეუძლებელი ჩვენს დაუხმარებლად, რაც უნდა სათნოებით აღსავსე იყოს სული, მისი - ჩვენი შინაგანი კანდელის - ანთებაც წარმოუდგენელია თვინიერ ღვთიური წყალობის წმინდა ცეცხლისა - ჩვენი სათნოებანია ის საწვავი, რომელსაც უფალი თავისი ცეცხლით აღანთებს.