ზოგადი განმარტებით "ტაძრად იწოდება განსაკუთრებული, ღვთისათვის შეწირული შენობა, რომელშიც იკრიბებიან მორწმუნენი სალოცავად და საიდუმლოს აღსასრულებლად. ტაძარი იწოდება აგრეთვე ეკლესიად, იმიტომ, რომ მასში იკრიბება ქრისტიანეთა საზოგადოება" (არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი).
ტაძარი რომ უფლის სახლია, თვით მაცხოვარი მოწმობს სახარებაში. როცა 12 წლის იესო სამი დღის ძებნის შემდეგ იერუსალიმის ტაძარში იპოვეს, ასე მიმართა დედას: "რასა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფა?" (ლუკა 2,49). ხოლო როცა მოვაჭრეები შოლტით განდევნა ტაძრიდან, ბრძანა: "სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა" (მარკ. 11,17). ამ სიტყვებით უფალი პირდაპირ გვამცნობს, რომ ტაძარი მისი სახლია, ე.ი. სახლი ღვთისა, და ამავე დროს, სახლი სალოცავი. "ის, რომ ღმერთი - უსაზღვრო და ყველგან მყოფი - ტაძარს თავის სახლს უწოდებს, მეტყველებს ამ შენობის განსაკუთრებულ სიწმინდესა და მნიშვნელობაზე. და მაინც, რა ხდება ტაძარში ისეთი, რაც სხვაგან არ შეიძლება მოხდეს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ლოცვა ყველგანაა შესაძლებელი და ადამიანი, უპირველესად, თავის გულში მიმართავს უფალს? რატომ აქვს ლოცვას ტაძარში განსაკუთრებული მნიშვნელობა?
ყველა ადამიანში არის ხატება ღვთისა, მაგრამ არის ადამის ცოდვით დაცემის შედეგად შეძენილი მიდრეკილება ცოდვისადმი. ადამიანის სული მიილტვის სიწმინდისკენ, მაგრამ ვერ თავისუფლდება ცოდვითი მიდრეკილებებისაგან, არ შეუძლია საკუთარი ძალებით განიწმინდოს გონება და გული. ამიტომ უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა თავისი სისხლით გამოესყიდა იგი და თითოეული ადამიანისთვის, ვინც მის სისხლსა და ხორცს რწმენით ეზიარებოდა, მიეცა გზა ხსნისა. ზიარების საიდუმლო წირვა-ლოცვის დროს სრულდება ტაძარში. ამრიგად, ტაძარი არის ღვთით დადგენილი ადგილი კერძო და საზოგადო ეკლესიური მსახურებისა, სადაც მაცხოვნებელი მადლის მომნიჭებელი საიდუმლოებები სრულდება. ისაა "იარაღი მღვდელმსახურებისა, ისევე როგორც მღვდელი" (სვიმონ თესალონიკელი).
***
სიმბოლური აზრით, ტაძარი სახეა ეკლესიისა. ტაძრის კურთხევის ლოცვებში წერია: "რომელნი ვდღესასწაულობთ განახლებასა პატიოსნისა ტაძრისა შენისასა... სასწაულად წმიდისა ეკლესიისა შენისა".თვითონ მაცხოვარი საკუთარ სხეულს უწოდებს ტაძარს: "დაჰხსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. ჰრქუეს მას ურიათა: ორმოცდა-ექუსსა წელსა აღეშენა ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? ხოლო იტყოდა ტაძრისათვის გუამისა თვისასა" (იოანე 2, 19-21). ეკლესიასაც ასევე ქრისტეს საიდუმლო სხეულს უწოდებს პავლე მოციქული. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ის წერს, რომ ეკლესია "არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (1, 23). და კვლავ, ქრისტე "არს თავი გუამისა მის ეკლესიისა" (კოლას. 1,18), ხოლო მორწმუნენი ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი" (ეფეს. 5,30). მისივე თქმით, ეკლესია არის სახლი ღვთისა, სადაც იესო ქრისტე სუფევს, როგორ ძე: ხოლო ქრისტე, ვითარცა ძე, სახლსა ზედა მისსა, რომლისა სახლ ვართ ჩუენ" (ებრ. 3,6). ტაძარი სახეა ეკლესიისა.
როდესაც მაქსიმე აღმსარებელი ეკლესიის მისტიკურ მნიშვნელობას განმარტავს თავის თხზულებაში "მესაიდუმლოება", უპირველესად აღნიშნავს, რომ ეკლესია სახეა ღვთისა. "წმიდა ეკლესია, როგორც უკვე ითქვა, ნამდვილად არის სახე ღვთისა, რადგანაც იგი, ღვთის მსგავსად, ახორციელებს ერთობას მორწმუნეთა შორის. მაშინაც კი, როცა ისინი განსხვავდებიან თავისი განსაკუთრებული თვისებით, ადგილსამყოფლით, ცხოვრების წესით, მაინც რწმენის გამო ერთობას იძენენ ეკლესიაში. არსთა ამ ერთობას, რომლებიც ბუნებრივად, შეურევნელად არსებობენ, ახორციელებს თვით ღმერთი, რომელიც, როგორც ნაჩვენები იყო, ათანაბრებს და იგივეობამდე მიჰყავს მათი განხვავებები აღმოყვანით და შეერთებით თავის თავთან - მიზეზთან, საწყისთან და დასასრულთან".
ეკლესია, ტაძარი ამავე დროს სახეა ხილული და უხილავი ქვეყნისა.
იკვის ტაძარი
ღმერთმა შექმნა "გონებით საწვდომი სამყარო სავსე გონიერი და უხორცო ძალებით და ეს (ჩვენი) ქვეყანა გრძნობადი და ხორციელი, რომელიც დიდებულადაა ნაქსოვი მრავალ სახეობათა და ბუნებათა მიერ" (მაქსიმე აღმსარებელი, "მესაიდუმლოება"). ეკლესია აერთიანებს ორივეს, ოღონდ ამ ქვეყანაში იგულისხმება სოფელი განწმენდილი ხრწნილებისაგან, იმგვარი სოფელი, რომელშიც ყოველივე "კეთილ არს". და არქიტექტურულადაც, ტაძარი თუმცა ერთიანი შენობაა, როგორც ერთიანია ქვეყნიერება, მაგრამ დანიშნულების მიხედვით იყოფა ნაწილებად. საკურთხევლად, რომელიც უხილავ ზეცას გამოხატავს, უმაღლესი ძალებისადმია მიძღვნილი და სადაც მღედელმსახურება აღესრულება, და შუა ტაძრად, რომელიც ქვეყანას გამოხატავს და სადაც ერისკაცნი დაიშვებიან.
ტაძარი. ისტორიული თვალსაზრისით, პირველად მსხვერპლს ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი საგანგებოდ აშენებულ ნაგებობებში სწირავდნენ (აბელი და კაენი, ნოე, აბრაამი).
როგორც "გამოსლვათა" წიგნი გვამცნობს, პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი ("კარავი საწამებელისა") სამი ნაწილისგან შედგებოდა: წმიდათა წმიდა ("წმიდა წმიდათა"), წმიდათა და ეზო. წმიდათა წმიდაში, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი, იდგა აღთქმის კიდობანი. აღთქმის კიდობნის სახურავზე ქერუბინთა ორი ოქროს ქანდაკება იყო. კიდობანში იდო ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით, ტაკუკი და მანანა, რომლითაც უფალი უდაბნოში ასაზრდოებდა ებრაელებს; და აარონის კვერთხი, რომელიც უფლის ნებით განედლდა აარონის სამღვდელო ღირსების დასამოწმებლად. წმიდათა წმიდაში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და სამსხვერპლო სისხლს აპკურებდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის ხსნა ერთხელ - იესო ქრისტეს მოსვლით აღესრულებოდა. მეორე ნაწილშიც მარტო მღვდლებს შეეძლოთ შესვლა. აქ იყო ამაღლებული სამსხვერპლო საკმევლისთვის, ტაბლა - 12 პურით და შვიდტოტა შანდალი. მესამე ნაწილში, ეზოში, ხალხი ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა.
ტაძრებს წარმართებიც აშენებდნენ, ოღონდ მათთვის ტაძარი იმ ღვთაების ადგილსამყოფელი იყო, რომელსაც ის ეძღვნებოდა. ამის ნიშნად ტაძარში ღვთაების ქანდაკება იდგა. მოსეს შემდეგ სოლომონ მეფემ ააგო დიდებული ტაძარი იერუსალიმში სკინიის მსგავსად. ის ნაბუქოდონოსორის შემოჭრისას დაიქცა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა კვლავ ააშენეს ტაძარი იერუსალიმში (ეს ტაძარი ქრისტეშობიდან 70-ე წელს რომაელებმა დაანგრიეს).
"საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, რომ პირველი ქრისტიანები იერუსალიმის ტაძარში დადიოდნენ, ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად კი ცალკე იკრიბებოდნენ ჩვეულებრივ სახლებში.
ქრისტიანთა დევნის დროს რომის იმპერიაში მორწმუნეები სასაფლაოებზე და კატაკომბებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან რომის კანონით ეს ადგილები ხელშეუხებელი იყო. კატაკომბების დერეფნის კედლებში იყო მეტნაკლებად დიდი ოთახები. მოწამეთა საფლავები მდებარეობდა ნახევრად წრიული კამარების ქვეშ. ფილა, რომელიც საფლავს ეხურა, შეიძლებოდა ტრაპეზად გამოყენებულიყო. ხანდახან ტრაპეზს საგანგებოდ აწყობდნენ განსაკუთრებული ნიშის წინ, სადაც იდგმებოდა დასაჯდომელი ეპისკოპოსისთვის და ადგილები მღვდელმსახურთათვის. სწორედ კატაკომბებში ჩაისახა პირველი ქრისტიანული ხელოვნება. აქ ყველაფერი, რაც წმინდა იყო ქრისტიანისთვის, სიმბოლოებით გამოისახებოდა (მაგ., ღუზა იყო სიმბოლო იმედისა, მტრედი - სულიწმიდისა, კრავი - იესო ქრისტესი, ვაზი - ევქარისტიის საიდუმლოსი და სხვ.).
ცნობილია, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ტაძრებსაც აშენებდნენ. 303 წ. მარტო რომში 40-ზე მეტი ეკლესია აიგო.
IV საუკუნის დასაწყისში, იმპერატორ კონსტანტინეს დროს, ქრისტიანობა ნებადართული გახდა და მან სამოქალაქო უფლებები მოიპოვა. IV საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი, ევსევი კესარიელი, გატაცებით მოგვითხრობს: "ნათელმა და უღრუბლო დღემ გაანათა ღვთიური ნათლის სხივებით ქრისტეს ეკლესიები მთელ ქვეყანაზე... ტაძრები ბევრად უკეთეს სახეს იძენენ, ვიდრე ძველნი, დანგრეულნი. ქალაქებში დაიწყო ზეიმი ტაძრების განახლებისა და კურთხევისა (იქმნება ერთიანი ღვთისმსახურება, ყალიბდება ტაძრის სახე. თავისი შინაარსით ქრისტიანული ტაძარი მემკვიდრეა ძველი აღთქმის ტაძრისა. ისიც სამ ნაწილად იყოფა. საკურთხეველი, შუა ტაძარი და კარიბჭე. მაგრამ თუ ძველში ხალხი მხოლოდ ეზოში დაიშვებოდა, ახლა ის შუა ტაძარში ლოცულობს, რადგან უფალმა თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანი და გაუღო კარი სასუფეველისა. გრძელდება მსხვერპლშეწირვაც, მაგრამ ახალი "მსხვერპლი და ძღვენი" არის თვითონ მაცხოვარი, თავისი ნებით შეწირული ჩვენთვის და თვითონვე აღმასრულებელი ღვთისმსახურებისა, რადგან იგია "მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფს. 109,4). საკურთხევლის წინასახე ძველი აღთქმის ტაძარში იყო წმიდათა წმიდა. საკურთხევლისაგან განსხვავებით (რომელიც აღმოსავლეთითაა), წმიდათა წმიდა დასავლეთით მდებარეობდა, რაც სიმბოლურად ადამიანის მიერ სამოთხის დაკარგვას და ღმერთთან დაშორებას ნიშნავს. საოცარი სულიერი მემკვიდრეობა აკავშირებს ძველი და ახალი ტაძრების წმინდა ნივთებსაც (ტაკუკი - ღვთისმშობლის ხატი, შვიდტოტა შანდალი და სხვ.). როგორც პავლე მოციქული ამბობს, "აჩრდილი აქუნდა ჰსჯულსა მერმეთა მათ კეთილთა" (ებრ. 10,1), ე.ი. სჯული ძველი აღთქმისა მხოლოდ აჩრდილი იყო იმისა, რასაც თავისი განკაცების შემდეგ ნათელი მოჰფინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც "არცა სისხლითა კაცთა და ზუარაკთაითა, არამედ თვისითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას, და საუკუნოი გამოჰხსნა ჰპოვა" (ებრ. 9,12).