წითელი კვერცხი, პასქა და არტოსი
წითელი კვერცხი, პასქა და არტოსი
რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს და რას მიანიშნებს კვერცხის წითელი ფერი?
საერთოდ, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული. სააღდგომო კვერცხი კი არის სიმბოლო უფლის აღდგომისა, ასევე მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა და მომავალ ცხოვრებაში ჩვენი აღდგომა-განახლებისა: როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან იბადება სიცოცხლე, რომელიც სავსებით დამალული იყო, ასევე საფლავში მყოფი ქრისტეც აღსდგა სიკვდილისა და ხრწნილების საუფლოდან. ამიტომაც ითვლება სააღდგომო კვერცხი უფლის აღდგომის სიმბოლოდ. რაც შეეხება სააღდგომო კვერცხის მეორე სიმბოლურ მნიშვნელობას, მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ასეა განმარტებული: "ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ავღორძინდებით".

აღდგომით გაიღო მანამდე დახშული სასუფევლის კარი და განახლებულ კაცობრიობას დაკარგულ სამოთხეში - სასუფეველში დაბრუნების საშუალება მიეცა. ადამიანთა მარადიული სიკვდილის, ეშმაკისა და ცოდვის მონობისგან გამოხსნა და განახლებული ცხოვრება კი მოპოვებულია უფალ იესო ქრისტეს უწმინდესი სისხლით. სწორედ ამას მიანიშნებს და შეგვახსენებს სააღდგომო კვერცხის წითელი ფერი. რადგან უფალმა და მხსნელმა ჩვენმა ჩვენი ხსნისთვის სისხლი პარასკევს დაღვარა, სააღდგომო კვერცხი ვნების პარასკევს უნდა შეიღებოს.

სააღდგომო კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გადმოცემაც: ზეცად ამაღლებამდე უფალმა იესო ქრისტემ მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნა, რათა ყველასთვის ეხარებინათ უფლის მკვდრეთით აღდგომა. საქადაგებლად წავიდა მარიამ მაგდალინელიც. მან რამდენიმე ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ბოლოს იტალიაში ჩავიდა, იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგა, კვერცხი გაუწოდა და მიმართა: "ქრისტე აღსდგა!" ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდებაო, უთქვამს იმპერატორს. მოულოდნელად კვერცხმა მართლაც იწყო გაწითლება, ბოლოს კი სულ გაწითლდა.

უძველესი ჩვეულების თანახმად, აღმოსავლეთსა და იუდეაში უმაღლეს პირთან პირველად წარდგომისას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის მქონე საჩუქარი უნდა მიერთმიათ, ამიტომაც არ გაჰკვირვებია იმპერატორ ტიბერიუსს მარიამ მაგდალინელის ძღვენი. ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს მორწმუნენი ერთმანეთს წითელი კვერცხის ურთიერთმიწოდებითაც ულოცავენ. კვერცხის ურთიერთგაცვლის წესიც მარიამ მაგდალინელისა და რომის იმპერატორის შეხვედრას უკავშირდება: მარიამმა იმპერატორს მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, მის ჯვარცმასა და აღდგომაზე, რამაც ტიბერიუსზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანთა ქომაგად დარჩა, ქრისტეს მიმდევართა შეურაცხყოფას არავის ანებებდა. როდესაც იმდროინდელმა ქრისტიანებმა შეიტყვეს, თუ რაოდენ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსზე კვერცხის ბოძებითა და სიტყვებით - "ქრისტე აღსდგა!", მისი მიბაძვა დაიწყეს - აღდგომის დღესასწაულზე ურთიერთს წითლად შეღებილ კვერცხს გადასცემდნენ სიტყვებით - "ქრისტე აღსდგა!" ეს ჩვეულება თანდათანობით მართლმორწმუნე ქრისტიანთათვის საყოველთაო წესად იქცა.

კვერცხის შეღებვასთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე მიღებულია პასქის დაცხობაც, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს. კაცობრიობის გამოხსნა - პასექი ხომ გოლგოთაზე მოხდა. ამდენად, აღდგომის დღესასწაულისთვის საგანგებოდ გამომცხვარი აფუებული ტკბილი პურის სახელწოდება პასქაც აღდგომის დღესასწაულის სახელწოდებიდან - პასექიდან (გამოხსნიდან) მომდინარეობს: უფლის მკვდრეთით აღდგომამ ადამიანებს უკვდავება მოუტანა. ამის შემდგომ განიღო სასუფევლის კარი, რომელიც მაცხოვრის აღდგომამდე დახურული იყო; მისმა ჯვარცმულმა სიკვდილმა და შემდეგ მკვდრეთით აღდგომამ აღასრულა ჩვენი გამოსყიდვა, გამოხსნა. სწორედ ამიტომ ეწოდება აღდგომის დღესასწაულს პასექი ანუ გამოხსნა.

რატომ იკურთხება სააღდგომოდ არტოსი?
აღდგომის დღესასწაულისათვის საგანგებოდ აცხობენ პასქის ფორმის საფუვრიან პურს - არტოსს, ჯვრის და ეკლის გვირგვინის ან აღმდგარი მაცხოვრის გამოსახულებით, რომელიც სააღდგომო მსახურებისას იკურთხება - "სადიდებლად და მოსაგონებლად უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა". აღდგომის სადღესასწაულო მსახურების შემდეგ არტოსს (არტოსი ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს) დააბრძანებენ ღია აღსავლის კარის წინ, მისთვის საგანგებოდ მომზადებულ მაგიდაზე. ასე რჩება მთელი ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში. არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება. კვირაცხოვლობის, თომას კვირის შაბათს - ლოცვის დასრულების შემდეგ იკითხება არტოსის განტეხვის ლოცვა. შემდეგ მას ანაწევრებენ და მორწმუნეებს ურიგებენ, რაც უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. არტოსი უნდა მივიღოთ განსაკუთრებულ შემთხვევაში - სნეულების ან სხვა მძიმე განსაცდელის ჟამს, როგორც სულიერი წამალი.

არტოსი სათავეს მოციქულთა ხანიდან იღებს: ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულები ნუგეშს მაცხოვრის მოგონებასა და გახსენებაში პოულობდნენ, იხსენებდნენ მის სიტყვებს: "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა", ერთად შეკრებისას ღრმა რწმენით განიცდიდნენ უფლის უხილავად მათთან თანამყოფობას, მაგრამ არ შეეძლოთ ხორციელი თვალით მისი ხილვა, ამიტომ ტრაპეზობისას პირველ ადგილს ყოველთვის უთმობდნენ იქ უხილავად მყოფ მაცხოვარს. იმ ადგილის პირდაპირ კი მაგიდაზე პურის ნაჭერს დებდნენ, რათა ხილული თვალითაც შეეგრძნოთ უფლის მათთან მყოფობა. ტრაპეზის დასრულების შემდეგ, უფლისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად, პურის ამ ნაჭერს მაღლა სწევდნენ და ამბობდნენ: "ქრისტე აღსდგა". შემდგომში, როდესაც უფლის მოციქულები ქვეყნის სხვადასხვა მხარეს წავიდნენ სახარების საქადაგებლად, ამ წესს იქაც აღასრულებდნენ.

მოციქულთა მიერ დადგენილი პურის კურთხევის წესი მომდევნო საუკუნეებში წმინდა მამებმა აღდგომის დღესასწაულისათვის გამოიყენეს, რათა ეკლესიაში სამუდამოდ შემონახულიყო მოციქულთა წეს-ჩვეულება. როგორც მოციქულებს მოაგონებდა უფლისათვის განკუთვნილ ადგილზე დადებული პურის ნატეხი აღმდგარ მაცხოვარს, ასევე მოაგონებს მორწმუნეთ აღდგომის დღესასწაულზე მათ თვალწინ მყოფი არტოსი, რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი უხილავად ჩვენთან იმყოფება.

რატომ იხსენიება აღდგომის მომდევნო კვირა სხვადასხვა სახელით: კვირაცხოვლობად, აღდგომის განახლებად და თომას კვირად?
იოანეს სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომის დღეს, საღამო ხანს, იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოწაფეებს, თუმცა მათ შორის არ იმყოფებოდა თომა მოციქული. როდესაც იგი მოციქულებთან დაბრუნდა, ახარეს, რომ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. "თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ, ნალურსმნევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში - საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!" - განაცხადა თომამ.

მკვდრეთით აღდგომიდან მერვე დღეს იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა მოციქულებს. ამჯერად მათ გვერდით თომაც იყო. მაცხოვარმა უჩვენა მას ჭრილობები და ნაჭრილობევ ადგილებში თითები ჩააყოფინა. "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი", - წარმოთქვა თომამ. რადგანაც მან სწორედ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან მერვე დღეს ირწმუნა უფლის მკვდრეთით აღდგომა, ამიტომაც იხსენიება აღდგომის მომდევნო კვირა თომას კვირად.

აღდგომის მომდევნო კვირას ასევე ეწოდება კვირაცხოვლობა. "სიტყვა "ცხოველი" ძველქართულად ნიშნავს ცოცხალს - კვირაცხოვლობა არის დღესასწაული სიცოცხლისა, კვირა ცხოვრებისა, კვირა სიცოცხლისა. ჩვენ ვიცით, რომ აღდგომამდე შაბათი იყო დასვენების დღე, რომელსაც ღმერთს უძღვნიდნენ. აღდგომამ კი ერთშაბათი ანუ შვიდეულის პირველი დღე გადააქცია კვირად ანუ წმინდა დღედ. კვირა დღის დაკანონება სწორედ აღდგომით მოხდა, რადგან უფალი სწორედ კვირა დილით აღსდგა. ამიტომ ყოველი კვირა აღდგომის მაუწყებელია", - ბრძანებს მეუფე სტეფანე ერთ-ერთ ქადაგებაში კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით. რადგან უფალმა კვირა დღეს მოგვმადლა მკვდრეთით აღდგომა, ამიტომაც ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში, ვესწრებით წირვა-ლოცვას და სხვა ღვთისთვის სათნომყოფელ საქმეებსაც აღვასრულებთ.

აღდგომის მომდევნო კვირას კი აღდგომის განახლებას იმის გამო ვუწოდებთ, რომ სწორედ მკვდრეთით აღდგომიდან მერვე დღეს გამოეცხადა მაცხოვარი კვლავ თავის მოციქულებს და განაახლა აღდგომის სიხარული.

როგორ შეჰფერის ბრწყინვალე შვიდეულის დღეების გატარება მორწმუნე ქრისტიანს?
ბრწყინვალე აღდგომის სიხარული მთელი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ნათელი კვირა ანუ ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. ბრწყინვალე შვიდეულის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა სავსე. განსაკუთრებული ელფერი აქვს ყველა საეკლესიო წესსაც: წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება. მორწმუნენი კი ყოველდღიურად იკრიბებიან ტაძარში: "უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღიდან კვირაცხოვლობამდე - მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში მორწმუნენი ყველა ტაძარში უნდა გალობდნენ, იხარებდნენ და ზეიმობდნენ ქრისტეში; კითხულობდნენ საღვთო წერილს და წმინდა საიდუმლოებებით ტკბებოდნენ. ამრიგად, ქრისტესთან ერთად ჩვენც აღვდგებით და ავმაღლდებით", - ასეთი დადგენილება გამოიტანეს მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდა მამებმა ბრწყინვალე შვიდეულის დღეების ღვთივსათნოდ გატარებასთან დაკავშირებით.

ბრწყინვალე კვირაში მორწმუნე ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს საოჯახო და სამეურნეო საქმეების შესრულებისაგან. შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი, გადაუდებელი საქმეების მოგვარება. სანაცვლოდ ბრწყინვალე შვიდეულის დღეები უნდა გავამშვენოთ ღვთივსათნო საქმეების მომეტებულად კეთებით.

მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში იხსნება სამეუფო კარი - იგი ღვთისმსახურთა ზიარების დროსაც კი არ იხურება. ღია სამეუფო კარი მიგვანიშნებს, რომ უფლის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ განიღო მანამდე დახშული სასუფევლის კარი და ადამიანებს ზეციურ სასუფეველში დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცათ.

ბრწყინვალე შვიდეულში განსხვავებული წესით სრულდება მიცვალებულთა წესის აგება, ცვლილებებია ჩვენს ყოველდღიურ - დილის და საღამოს ლოცვებშიც. ყველაფერი უფლის აღდგომის სიხარულითაა გაჯერებული.

ბრწყინვალე კვირის ორშაბათს გავდივართ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე, მაგრამ არა იმისთვის, რომ მათთან განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმისათვის, რომ მათ სულებს ქრისტეს აღდგომა ვახაროთ. მან ხომ თავისი ჯვარცმული სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით "დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!"
ბეჭდვაელფოსტა
10.04. 2015
cira amiramashvili
mogilocavt agdgomis brckinvale dgesascauls ufali gfaravdetkvelas amin
სხვა სიახლეები
17.04.2015
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პირველი ერთი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან, პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნულად - პური).
16.04.2009
საკურთხეველი ზეცას, აღმოსავლეთის მხარეს დანერგულ სამოთხეს განასახიერებს
ისევე როგორც ძველი აღთქმის ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალი აღთქმის ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. ძველ აღთქმაში იკრძალებოდა წმიდა წმიდათაში შესვლა.
16.04.2009
უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა. ევქარისტიის საიდუმლო წირვაზე სრულდება. ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ვყიდულობთ სეფისკვერს
20.04.2007
სანთელი და კანდელი
იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული.
06.04.2007
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი
ღმერთმა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოსე წინასწარმეტყველის პირით დარიგება მისცა ადამიანებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ღვთისმსახურების ტაძარი.
06.04.2007
კრეტსაბმელს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ასევე მნიშვნელოვანია მისი ფერი და მასზე გამოხატული კომპოზიციები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
"გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე "ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა"
საიტის პარტნიორები