დღევანდელი შეკრება ყოვლადწმიდა ქალწულის პატივად მიწვევს ძმანო, რათა წარმოვსთქვა შესხმაჲ მისი, სასარგებლო, ვფიქრობ, საეკლესიო კრებულში მოსულთათვისაც.
იგი წარმოადგენს ქებას დედათა, დიდებას მათი სქესისა, რა დიდებასაც ანიჭებს მათ ის, ვინც დედაა და იმავ დროს ქალწული. სანუკველი და განსაცვიფრებელი შეკრებაა! იხარებდ, ბუნებავ, პატივი მიეგების დედას; განსცხრებოდე, მოდგმაო კაცთაო, რამეთუ ქალწული იდიდება. "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი" (რომაელთა 5.20). აქ ჩვენ წმიდა ღმრთისმშობელმა და მარადქალწულმა მარიამმა შეგვყარა, ქალწულობის უწმინდესმა საგანძურმა, გონიერმა სამოთხემ მეორისა ადამისა, - ადგილმა, სადაც აღესრულა ბუნებათა შეერთება, სადაც განმტკიცდა განზრახვა მაცხოვნებელი შერიგებისა.
ვის უხილავს, ვის სმენია, რომ საშოს ეტვირთოს გარეშემოუწერელი ღმერთი, რომელსაც ცანიცა ვერ იტევენ, რომელსაც ვერ შემოსაზღვრავს საშო ქალწულისა!?
დედისაგან შობილი არაა ოდენ ღმერთი და მარტოოდენ კაცი: ეს შობილმა ჰყვნა დედაკაცი, უძველესი კარი ცოდვისა, კარად ცხოვრებისა; სადაც გველმა დასთხია თვისი შხამი, ნახა რა ურჩება, სწორედ იქ აღმართა სიტყვამ (ლოგოსმა) თავისთვის განსულიერებული ტაძარი, სადაც შევი-და მორჩილებით; სადაც პირველი ცოდვილი კაენი გაჩნდა, იქ იშვა უთესლოდ ადამიანური მოდგმის გამომხსნელი ქრისტე. კაცთმოყვარემ სათაკილოდ არ მიიჩნია დედაკაცისაგან შობი-ლიყო, რამეთუ მისმა ამ საქმემ სიცოცხლე მიანიჭა. არაწმინდებას არ დაქვემდებარებია, ჩასახლდა რა საშოში, რომელიც თვითონვე უცხო გახადა ყოვლისაგან ზიანისა. თუკი ეს დედაკაცი ქალწულად არ დარჩებოდა, მაშინ მისგან შობილი ლიტონი კაცი იქნებოდა და შობაც აღარ იქნებოდა საკვირველი; და რამდენადაც შობის შემდგომადაც ქალწულად დარჩა, მაშ ვინღაა მისგან შობილი თუ არა ღმერთი? აუხსნელია საიდუმლოება, რამეთუ მიუწვდომელად იშვა იგი, დაუბრკოლებლად განვლო კარნი, როდესაც ისინი დახშულ იყვნენ. აღიარა რა თომამ მასში (ქრისტეში) ორი ბუნების შეერთება, წამოიძახა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იოანე 20.28).
პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტე "ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე" (1 კორ. 1.23): მათ ვერ შეიცნეს საიდუმლოების ძალი, რამეთუ ადამიანური გონებისათვის მიუწვდომელია: "რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცვა" (1 კორ. 2.8). უკუეთუ სიტყვა საშოში არ დამკვიდრებულიყო ხორცნიცა ვერ დაჯდებოდა მასთან (ერთად) ღვთიურ საყდარზე. თუ ღმერთისთვის შეურაცხღმყოფელი იქნებოდა საშოში შესვლა, რომელიც თვითონვე შექმნა, მაშინ ანგელოსნიც უნდა გაწბილებულიყვნენ კაცთდამი მსახურებით.
ის, ვინც თავისი ბუნებით არ ექვემდებარება ტანჯვას, ჩვენდამი გულმოწყალებით თავი თვისი სატანჯველს დაუმორჩილა. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე ღვთიური ბუნებისადმი თანდათანობითი აღმასვლით კი არ შეიქმნა ღმერთი, არამედ იყო რა ღმერთი, თავისი სახიერებით გახდა კაცი. ჩვენ არ ვამბობთ "ადამიანი შეიქმნა ღმერთი", არამედ აღვიარებთ რომ ღმერთმა ხორცნი შეისხნა და განკაცნა. მხევალი თვისი თავის დედად ამოირჩია იმან, ვისაც თავისი არსებით არა ჰყავს დედა, და მას, ვინც საღმრთო განგებულებით დედამიწაზე მოგვევლინა კაცის სახით, არა ჰყავს აქ მამა. როგორაა, რომ ერთი და იგივე უმამოცაა და უდედოც, მოციქულის სიტყვისაებრ (ებრ. 7.3)? თუ ის მხოლოდ ადამიანია, შეუძლებელია იყოს უდედო: და მართლაც მას ჰყავს დედა. თუკი ის მხოლოდ ღმერთია, არაა იგი უმამო: სინამდვილეშიც, მას ჰყავს მამა. უდედოა, როგორც შემოქმედი ღმერთი და უმამო, როგორც ადამიანი.
ამაში მთავარანგელოსის სახელმაც დაგვარწმუნოს, რომელიც მარიამს ახარებდა: მისი სახელი გაბრიელია. რას ნიშნავს ეს? - იგი ნიშნავს: ღმერთი და კაცი. იმდენად, რამ-დენადაც იგი იმაზე ახარებდა, ვინც ღმერთია და კაცი, მისი სახელიც წინასწარმეტყველურად მიუთითებდა ამ სასწაულზე, რათა სარწმუნოებით მიეღოთ საქმე ღვთის სახლის მნეობისა (ღვთის განგებიანი ზრუვნა ჩვენი ცხოვნებისათვის).
ლიტონ კაცს კაცთა ხსნა არ შეეძლო, რამეთუ თვითოეული ადამიანი თვითონ საჭიროებდა მხსნელს: "ყოველთავე შესცოდეს, - ამბობს წმინდა პავლე, - და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა" (რომაელთა 3.23). რამდენადაც ცოდვამ ცოდვილი ეშმას დაუმორჩილა, ეშმამ კი - სიკვდილს, ამდენად ჩვენი მდგომარეობა უკიდურესად სავალალო შეიქმნა: არანაირი საშუალება არ იყო სიკვდილისაგან თავდახსნისა. წარმოგზავნილ იყვნენ მკურნალნი, ანუ წინასწარ-მეტყველნი, მაგრამ მათ შეეძლოთ უფრო მკაფიოდ მიეთითებინათ უძლურებაზე. რას იქმოდნენ ისინი? როდესაც ხედავდნენ რომ ავადმყოფობა აღემატებოდა ადამიანურ ხელოვნებას (კურნებისა), ზეციდან მოუხმობდნენ მკურნალს; ერთი ამბობდა: "უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ" (ფს. 143.5); სხვა ამბობდა: განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნე (იერ.17.14); "აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა" (ფს. 79.2); სულ სხვა ამბობს: "ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი?" (III მეფეთა 8.27) "მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩვენ ფრიად"; სხვები იტყოდნენ: "გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე, და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის" (მიქა 7.2). "ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ, უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69.1); "თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება" (ამბაკუმი 2.3); "შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონაჲ შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ" (ფს. 118.176); "ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს" (ფს. 49.3). ამიტომაც ის, ვინც ბუნებით მეფეა, არ მოიძაგებს ადამიანურ ბუნებას, რომელიც ეშმას მძვინვარე ძალაუფლებას დაემორჩილებინა, მარადმყოფი მოვიდა და თავისი სისხლით გამოგვისყიდა; კაცთა მოდგმას სიკვდილისაგან გამოსახსნელად მისცა თავისი ხორცნი, რომელიც ქალწულისაგან შეისხნა, გაანთავისუფლა ქუეყანა ფიცისაგან სჯულისა, მოკლა რა სიკვდილითა თვისითა სიკვდილი. "ქრისტემან ჩუენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან შჯულისა", - აღმოიძახებს წმინდა პავლე (გალ. 3.13).
მაშ, იცოდე, რომ მხსნელი ჩვენი არაა ლიტონი კაცი, რამეთუ მთელი კაცთა მოდგმა დამონებულია ცოდვას, მაგრამ ის ასევე არაა მხოლოდ ღმერთი, ზიარება რომ არ ჰქონდეს ადამიანურ ბუნებასთან. მას ჰქონდა სხეული, რადგან თუ მე არ შემიმოსავდა, არც მაცხოვნებდა. მაგრამ დაემკვიდრა რა ქალწულის საშოში, შემიმოსა მე მსჯავრდებული, და მასში - იმ საშოში აღასრულა შეცვალება განსაცვიფრებელი: მოგვცა სული (წმიდა) და მოიღო სხეული, ერთმან და იგივემან (მყოფმან) ქალწულთან და (შობილმან) ქალწულისაგან. მაშ, ვინაა იგი, რომელიც ჩვენ გამოგვიჩნდა? დავით წინასწარმეტყველი მიგვითითებს ამ სიტყვებში: "კურთხეულ არს მომავალი, სახელითა უფლისაითა" (ფს. 117.26) უფრო ცხადად გვითხარ წინასწარმეტყველო ვინაა იგი? უფალი ღმერთი მხედრობათა, ამბობს წინასწარმეტყველი: "ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ" (ფს. 117.27.). "სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა" (იოანე 1.14): შეერთდა ორი ბუნება და შეერთება დარჩა შეურევნელად.
იგი მოვიდა რათა გვაცხოვნოს, მაგრამ უნდა ევნოსვე. როგორ შეიძლებოდა ერთიცა და მეორეც ერთად? ლიტონ ადამიანს არ შეეძლო ხსნა; ღმერთი კი ერთი თავისი ბუნებით შეუძლებელია ვნებულიყო. რაგვარად აღესრულა ერთიცა და მეორეც? იმგვარად, რომ იგი, ემმანუილი, იყო რა ღმერთი, შეიქმნა კაციც. და მან, რაც იყო, გვიხსნა, - ის კი რადაც შეიქმნა, ევნო. ამიტომაც, ეკლესია, როდესაც დაინახავს, რომ იუდეველთა საკრებულომ მას (ქრისტეს) ეკლის გვირგვინი დაადგა, მოსთქვამს რა ამ საკრებულოს სიშმაგეზე, იტყვის: გამოვედით, ასულნო სიონისანო, და იხილეთ გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა (ქება 3.11). მან ეკლის გვირგვინი ატარა და განხეთქა მსჯავრი ეკლისაგან ტანჯვისა. იგი, ერთი და იგივე იყო (თანადროულად) წიაღსა შინა მამისასა და საშოსა შინა დედისასა; ერთი და იგივე - ხელთა ზედა დედისათა და ფრთეთა ზედა ქართასა (ფს. 103.3); იგია, ვისაც თაყვანსა სცემდნენ ანგელოსნი და იმავ დროს მეზვერეთა თანა სერობდა. სერაბინნი ვერ იკადრებდნენ მისა მიმართ თვალთა აღხილვას, და იმავ დროულად პილატე დაჰკითხვიდა. იგია - ერთი და იგივე, რომელსაცა მონამან ყვრიმალსა სცა და რომლის წინაშეც განჰკრთებოდიან ყოველნი დაბადებულნი. მიემსჭვალებოდა ჯვარსა ზედა და დასჯდებოდა საყდართა ზედა დიდებისათა, - საფლავსა დაიდებოდა და გარდაათხნა ცანი, ვითარცა კარავნი (ფს. 103.2), - მკვდართა თანა შეირაცხა და წარმოსტყვევნა ჯოჯოხეთი; აქ, დედამიწაზე ცილსა სწამებდნენ, ვითარცა სიცრუვის-მოქმედსა, - იქ, ცათა შინა, დიდებასა მისცემდნენ, ვითარცა ყოვლადწმიდასა. ეჰა, მიუწვდომელი იდუმალება! მივხედავ სასწაულთა და აღვიარებ, ვითარმედ ღმერთ არს; ვუჭვრეტ ვნებათა მისთა და არა დავჰფარავ, ვითარმედ კაც არს. ემმანუილმან განახვნა კარნი ბუნებისანი, ვითარცა კაცმან, და დაჰმარხნა უვნებელად კლიტენი ქალწულებისანი, ვითარცა ღმერთმან: გამოვალს საშოდან, ესრეთვე, ვითარცა შევალს სასმენელიდან; იგივეობრივად იშობის და მუცლად-იღების: გარეშე ვნებათა შევალს, თვინიერ ხრწნილებისა გამოვალს, როგორადაც იტყვის წინასწარმეტყველი ეზეკიელი: "დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისაკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; ვერავინ ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება". (ეზეკ. 44.1,2). ეჰა მკაფიო მითითება წმიდა ქალწულსა და ღმრთისმშობელ მარიამზე.
დე, შეწყდეს ყოველგვარი წინააღმდეგობა და წმ. წერილმა განანათლოს ჩვენი გულისხმა, რათა დავემკვიდროთ ზეცათა შინა უკუნისამდე, ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
წყარო: http://www.orthodoxy.ge
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი