განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!" - და რომელნიც ღირს იქმნენ, თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსთვის, იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, რომელსაც უნდა გარდაექმნა მთელი კაცობრიობა. "სიტყვა განკაცნა, რათა ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ", - სთქვა წმიდა ათანასე დიდმა.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქმნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები: როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის, რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა დღეს ხორციელდება!" მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმისთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს, თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.
***
იესო ქრისტე ბეთლემში იშვა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთუწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.***
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ისევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანასა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა! ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!" (ლუკა 2:14). მინდა მოგაგონოთ ამ ნათლით მოსილ დღეს, რომ ოქროს სასახლეებსა და ბროლით ანაგებ კოშკებს მადლი და სითბო არასოდეს მოუფენია ჩვენი მიწისთვის, ბეთლემის მადლი და საოცრება კი იხილეს ჩვენმა წინაპრებმა თავისი თვალით და იმავ მადლს ვხედავთ დღეს ჩვენი გონებით... ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მოუტანა კაცობრიობას ის სასოება და სიხარული გულისა და ნათელი გონებისა, რომელიც ყოვლადმოწყალე მაღალი ღვთისაგან მზადდებოდა ადამიანისთვის მთელი წინამდებარე ათასწლეულების მანძილზე. ის უნდა მოსულიყო... ის მოდიოდა... ღვთის განგება ამზადებდა მის ჩვენთან მოსვლას... და იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა......რომ შევიცნოთ და შევისისხლხორცოთ ეს უდიდესი საიდუმლო, ამისათვის სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევსძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდენად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა...
სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს. ჩვენი შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, რომ შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი და მიიღოს იგი... მაშასადამე, სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს. ამ ორი ნათელის შერწყმით ამაღლდება სულიერად ადამიანი და ამ გზით იგი ღვთისაგან ბოძებული მაღალი გონებით იხილავს ღმერთს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5:8).
***
ბეთლემი... რა საოცრად ახლობელი და ძვირფასია ეს სიტყვა ყოველი ქრისტიანისთვის. იდუმალი ღამის სიჩუმეში სწორედ აქედან მოეფინა მსოფლიოს ანგელოზთა გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა! ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!"***
სასიხარულო და საცხოვნებელ დღეს, როდესაც ჩვენ ვახსენებთ ქვეყნად მოსვლას ღვთისა მამისაგან უწინარეს საუკუნეთა შობილ მაცხოვარს, რომელსაც მოციქული იოანე ღვთისმეტყველი უწოდებს სიტყვას, გულითადად მოგილოცავთ ამ მშვიდობისა და სიყვარულის ზეიმს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვხმობ: გიხაროდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა". იგი არა ჰგავს ყოველივე იმას, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია. ის თითქმის მარტოა და უცხოა ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ მახლობელი და ძვირფასია. საწყლებთან მას სურს, იყოს ღარიბი, მდიდართან იგი მოუწოდებს მოწყალებისაკენ, დევნილებთან იგი დევნილია, განსაცდელში მყოფთან განსაცდელის მტვირთველია, მომაკვდავთან იგი ჯვარცმულია. მან იტვირთა თავის მხრებზე ადამიანი მთელი მისი სისუსტით, რადგან მხოლოდ ის ერთია შეუძლებლის შემძლებელი და სწორედ ამაშია მისი დიდი მისია, როგორც მხსნელისა. მაცხოვარს უყვარს ღარიბნი არა მათი სიღარიბისა გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ, გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯე. სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში. იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერებისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით. ასეთებზე მაცხოვარი ბრძანებს: "შვილებო, რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაი სასუფეველსა ღვთისასა! უადვილეს არს აქლემი ხვრელსა ნემსისასა განსვლად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღვთისასა" (მარკოზი 10:24-25). დროა, ადამიანმა სულიერი თვალი აახილოს და განსაზღვროს, რომელია მთავარი და რომელი - მეორეხარისხოვანი, დროა, ადამიანმა გადასინჯოს სულიერი და მატერიალური ფასეულობანი.
***
ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი და შენს წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას.მოამზადა
შალვა კეკელიამ
შალვა კეკელიამ