ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა
"დაინთქა სიკვდილი ძლევითა!" (ფს. 25.8)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომ
ქრისტე აღდგა!
აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავება.
,,სად არიან დამბეჭდველნი საფლავისანი? სად არის დასი პილატესი და მხედარნი, რომელნიც სცვიდენ აკლდამასა?"
"სადა არის, სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? "
მოვედით, ერნო, ვადიდებდეთ სამებასა ყოვლადწმიდასა და ვმადლობდეთ აღდგომილსა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყვასა.
"ქება შენდა ქრისტე, ქება შენდა და დიდება მოსვლასა შენსა, დიდება ჯვარცმასა შენსა, დაფვლასა და აღდგომასა"
დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა, ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.
მიწვეულია ყველა, ვინც გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით ქრისტესთან შეერთებულს სურს, მასთან ერთად აღდგომა;
მათ კი, რომელთაც ჯერ არ გაუაზრებიათ მომხდარის სიღრმე და თავისი ამქვეყნიური მისია, მოკლედ
შევახსენებთ შემდეგს:
ბიბლია გვასწავლის, რომ დედამიწაც და მთელი სამყაროც უფლის დიდების გამოვლინებაა. ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ ჩვენი პირველმშობლები და ხილული ქვეყნის პატრონად და განმგებელად დადგინდნენ; მათი სრულქმნა დღე-ყოველ წარემართებოდა და სულიერ კიბეზე ზესვლა ხორციელდებოდა.
ამასთან, ადამსა და ევას მიეცათ კურთხევა, რომ გამრავლებულიყვნენ და მოეცვათ ქვეყანა. ამით დაეკისრათ პასუხისმგებლობა, შთამომავალნიც აღეზარდათ ღვთისადმი რწმენით და იმ სულისკვეთებით, რომ ზედმიწევნით აღესრულებინათ უფლისგან მიცემული აკრძალვა (არ ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი), რათა სრული ჰარმონია ყოფილიყო შემოქმედსა და ქმნილებას შორის.
ღმერთი სიყვარულია და სამყაროშიც ეს გრძნობა სუფევდა. ამიტომაც, დაცემამდელი ადამიანების მდგომარეობა იყო სიყვარულით, სიხარულით, ღვთისა და ერთმანეთისადმი მსახურებით აღსავსე სიცოცხლე.
მაგრამ ეს ნეტარებითი ცხოვრება დასრულდა. დასრულდა იგი მას შემდეგ, როცა ადამმა და ევამ აღარ შეასრულეს მიცემული მცნება, ერწმუნნენ შურით აღძრულ ბოროტ ძალას და მისი რჩევისამებრ მოიქცნენ.
ასეთმა ქმედებამ ისინი ღვთის მადლს განაშორა, გამოიწვია მათი ხორციელი და სულიერი სიკვდილი და ეს მდგომარეობა შთამომავლებსაც მემკვიდრეობით გადაეცათ.
დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფალება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი თანამგზავრად ექცათ.
ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.
ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა… ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;
გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი "ღირებულებების" შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.
ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.
შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ.
ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.
ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.
კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.
ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.
ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, - კანონმდებელთ.
მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.
ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.
რა სიხარულია ეს?
ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.
სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.
სიხარული გვაქვს იმისა, რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.
იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად; პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, - სიცოცხლე. "და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა" (I კორ.15,22)
მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.
ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, - ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად ღმერთმა მოგვცა.
`სოფელი ბოროტსა ზედა დგას~ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;
არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.
ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.
მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს…
გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, - საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.
აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!
და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.
როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?
უფლის სამეფო არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღვიდგინა.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღვთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა ზეციური სასუფევლისა.
უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს.
ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.
გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ" (მათე 6, 33)
მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: "მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფობა), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა."
ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.
თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული.
სიყვარულია,- რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?
- ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.
ამიტომაც ბრძანებს იგი: "მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" (მათე 25, 35-36).
სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფილობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.
მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.
უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ.
ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: "ძე კაცისაი ... მოვიდა ... მსახურებად და მიცემად სული თვისი" მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი: "მრწამს იგი, - ქრისტე, - ვითარცა მეუფე და ღმერთი").
ქრისტე, - მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!
სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს, უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური.
შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.
ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, - მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.
თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;
სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.
ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.
ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.
ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.
მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.
ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.
დღეს, როცა ეს ტაძრი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღვთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა: `შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ" (ქართლის ცხოვრება).
,,შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!
ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელენო, რუსნო, ებრაელებო, აზერბაიჯანელებო, სომეხნო, უდინნო, იეზიდნო, ასირიელნო, ქურთნო, ინგუშებო, ჩერქეზებო, ჩეჩნებო, ლეკნო ... ყოველნო მკვიდრნო საქართველოAსა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
ინებოს ღმერთმა, საქართველოც აღდგეს!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი