ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც პერიოდულ ჟურნალში "ბედნიერი ოჯახი" დაიბეჭდა.
აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა. პატრიარქის წინასიტყვაობა საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.
"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ექცევით თქვენს მშობლებს და თქვენი მეუღლის მშობლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: - "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ-გეყოს შენ და დღეგრძელ-იყო ქვეყანასა ზედა", - ეს არის პირველი აუცილებელი პირობა ბედნიერების მოპოვებისა. შვილებზე ზრუნვა ორივეს მოვალეობაა. ორივე ვალდებულია, მათ თავისი დრო დაუთმონ. ბავშვებმა, პირველ რიგში, მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ, მაგრამ თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს. ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას. პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილს, რატომ არის ეს მიუღებელი. თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოიხატოს იმაშიც, რომ ბავშვები ცხოვრებისთვის მოამზადოთ, ამიტომაც ნუ მოგერიდებათ სახლში მათი დასაქმება, შეასწავლეთ ყველაფერი, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თვითონაც გამოადგებათ", - აღნიშნავს პატრიარქი.
ამასთან, უწმინდესმა მშობლებს მიმართა, შეძლებისდაგვარად ბავშვები ატარონ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტურალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
"შესაძლებლობებისამებრ ბავშვები ატარეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტურალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ატარეთ სპორტზე, ასწავლეთ ქართული სიმღერა-გალობა, ცეკვა, აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ იგი (ჩაუნერგეთ, რომ ის არის ნიჭიერი), რათა ბავშვმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთოს ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა შესძენს მას გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულიც იქნება მავნე ზეგავლენებისგან. ასწავლეთ მათ სხვისი დახმარება, განსაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა, ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება... და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან", - აღნიშნავს პატრიარქი.
მისივე თქმით, შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეთა შორის მუდმივი განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს და შეჯერებული პოზიციით უნდა იდგმებოდეს შემდგომი ნაბიჯები.
"შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის. ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც მუდმივად იდეალური ურთიერთობები. ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს (სასურველია, შემცოდესაც გულწრფელი და ღრმა სინანული ჰქონდეს). ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვარის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება. უფალი ბრძანებს: "ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ". მაშ, ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობითა და სიხარულით აღგავსოთ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია წინასიტყვაობაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი