"სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს",
- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი ბრძანებს, რომ ,,სიახლის" სახელით წინ წამოწეული ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს.
"ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა.
სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.
თანამედროვეობამ ,,სიახლის" სახელით წინ წამოსწია ,,მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე...ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე.
სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა.
ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.
შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ ,,ფასეულობების" მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს.
შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში.
მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა", - ბრძანებს ილია მეორე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი მრევლს ლოცვის სწავლისკენ მოუწოდებს.
"ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულისნადების მის წინაშე განფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვებაა; თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე, არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.
მაშ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება,ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: ,,არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის" (მთ.9,13), ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ" (მთ.11,28), ,,რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მთ. 11,30).
ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს", - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
იხილეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი