სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
ჩვენში, -დასავლეთ საქართველოში,- გავრცელებულია ერთი უცხოური მცენარე, სახელად მიმოზა. სწორედ თვალის დამატყვევებელია ამ ხის სანახაობა ზაფხულის მზიან დღეს.
ფართო მანძილზე ამაყად გადატყორცნილ ტოტებზე ხშირი, ყანასავით ატეხილი გრძელი ყლორტები, რომლებიც ბატის ფრთასავით ყუნწებამდი ორივ მხრივ მოჭედილებია საამოდ მოხასხასე უთვალავი წვინიკი ფოთლებით, ხავერდის უშველებელი კარვის სახეს აძლევენ ხეს და მის ჩეროში მდგომი კაცი ვერ გამძღარა ფოთოლთა საოცნებო რხევის ცქერითა, მათი თრთოლა-ქანაობისა და შეუჩერებლად ნავარდობის სურათით იმ დროსაც კი, როდესაც ჰაერში სრული სიწყნარეა გამეფებული და არსაიდან სიო არ იძვრის. მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ ესევე ხე მზის ჩასვლის შემდეგ, ან უმზეო დღეს. გეგონებათ მისი ტოტები გახურებულ თონეში ამოუვლიათო: ფოთლები საცოდავად შეხრუკულ-შესორსოლებულებია, ღეროებს აღარ ეტყობათ სინედლე და სიმჩვილე, მთელ მცენარეს დაჰკრავს გაცივებული უხალისო ნაცრის ფერი, ერთი სიტყვით, სრულებით სხვადასხვა სანახაობას წარმოადგენს ხსენებული მცენარე იმისდა მიხედვით, მზიანი დარია თუ ღრუბლიანი. პირველ შემთხვევაში მიმოზა ლაღადაა გაშლილ-გაფოთქილი და მშვენივრად ღაღანებს, მეორეში კი სასტიკი სნეულებით შეპყრობილსავით მობუზულ-მოწყენილი სდგას.
ესეთი სხვა და სხვაობა მიმოზის მდგომარეობისა მზის გავლენის გამო, მაგონებს ხოლმე, ძვირფასნო მსმენელნო, ადამიანთა სულის ცვალებას.
ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამაყვავებელი ძალა ღმერთია. თუ კაცის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, თუ კაცის გონება გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, თუ კაცი მოქმედობს იმ რწმენით, რომ იგი ქმნილეება ღვთისა და ამის გამო ცდილობს, რომ ყოველი მისი მოქმედება გამოვიდეს ღვთის საამო, ერთი სიტყვით, თუ კაცი ცდილობს ღმერთთან კავშირისა და განუწყვეტელი დამოკიდებულების განწყობას, იგიც, როგორც მიმოზა მზიან დღეში, სავსეა სიცოცხლის უნარით, გაშლილი, აყვავებული და ხალისიანია მისი სიცოცხლე, იგი გულდამშვიდებით და სრული შეგნებით ეგებება ცხოვრების ყველა მოვლენას, ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი სისასტიკე და ულმობელობა მტრისა ვერ უცვლის მას რწმენას, ვერ აღებინებს მას ხელს საღმრთო მიმართულებაზე, ვერ ამთბობინებს სულმოკლე და უმნიშვნელო ვადითაც ერთხელ ბეჯითად შეთვისებულ აზრებს. ეს უცილობელი სინამდვილეა, მრავალ მხრივ და მრავალ გზის დამტკიცებულ-გასუქებულიწმინდანების უთვალავი მაგალითებით. ამავე სინამდვილეს გვიყენებს დღეს გონების თვალ წინ დღევანდელი ჩვენი შეკრებილების მიზეზის ევსტათი მცხეთელის ცხოვრებაც.
სპარსი ჩამომავლობით და შვილი მოგვისა ე. ი. ცეცხლის თაყვანის-მცემელთა მღვდლისა, ევსტათი თვითონაც მამის ხელობას სწავლობდა და სურდა მოგვად გახდომა, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, მას ჩქარა ეჭვი აღეძრა ცეცხლის თაყვანისმცემლობის საბუთიანობაზე. ბუნებით დაკვირვებული ევსტათი ფიქრობდა, რომ კაცი უნდა თაყვანისცემდეს და ემსახურებოდეს ისეთ არსებას, რომლის თვისებას შეადგენენ პიროვნება, სიბრძნე, თავისუფლება, ყოვლად ძლიერება და ყოვლის მპყრობელობა, ცეცხლი კი, როგორც უსულო ნივთი, თითონ დამოკიდებულიკაცის ნებაზე მოკლებულიაპიროვნებასაც, შეგნებასაც და ყოველ შესაძლებლობასაც, მაშასადამე, არავითარი გონიერი საბუთი არ გვაქვს, რომ იგი (ცეცხლი) ღმერთად დავსახოთო. ევსტათი დაეთხოვა ცეცხლმსახურებას და ფიქრობდა ჭეშმარიტების აღმოჩენას წარმართობის სხვა ფორმებსი. იგი შეუდგა ფორმების შესწავლა-გამოძიებას, მაგრამ სულ ამაოდ და ფუჭად დაშვრა: ვერსად წარმართობაში ვერა აღმოაჩინა რა კაცის გულის დამატკბობელი და გონების დამაკმაყოფილებელი, პირიქით, მისმა მკვეთრმა გონებამ მთლად გააშიშვლა, გამოამზევა და ფარდა ახადა წარმართობის უაზრობას, უნიადაგობას და სიყალბეს. ვინ იცის, რა გზას დაადგებოდა ევსტათე, რომ მოსეს სჯულისა და ქრისტეანობისთვის არ მიეგნო მას ბოლოს. ევსტათი გაეცნო ძველსა და ახალ აღთქმას და ალღო აიღო, რომ მოსეს სჯულისა და ქრისტეს მოძღვრების ღმერთი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ქვეყნის გაჩენა და რომელიც განაგებს სამყაროს, რომლისაგანაც ანთებულია კაცში სიცოცხლე და გრძნობა-გონებაო. მაგრამ ერთი რამ მაინც ვერ შეეგნო მას და ვერ წარმოედგინა ცხადად: ორივე მოძღვრება ეცნო სრულ და შეუცდომელ ჭეშმარიტებად, თუ მარტო ერთი; მოსე დაეყენებინა ქრისტეზე მაღლა, თუ ქრისტესთვის მიეცა უპირატესობა; ქრისტეს მინდობოდა სრულებით, თუ მოსეს; და შეაძლოა, რომ მხარი-მხარ, პარალელურად არსებობდეს ორი თანაბრად სრული და ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი მოძღვრება?
ამ სიძნელის დასაძლევად ღმერთმა მოუვლინა ჭეშმარიტების მაძიებელ ევსტათის მცხეთის საკათალიკოზო ტაძრის იმდროინდელი არქიდიაკონი და ჩქარა უხვი სიბრძნე-მეცნიერების გამო კათალიკოზის ხარისხზე ამაღლებული სამოელი. სამოელმა დალაგებით და დაწვრილებით აცოდინა ევსტათის, რომ მოსეს სჯული იყო მხოლოდ "მზარდულ ქრისტეს მიმართ" (გაალატ. 3,24), ესე იგი ძველ აღთქმას მიზნად ჰქონდა მხოლოდ კაცობრიობის აღზრდა, მომზადება ქრისტეს მოძღვრებისათვის: " სჯულს მხოლოდ აჩრდილი აქვინდა მერმეთა მათ კეთილთა" (ებრ. 10,1) და ეხლა ქრისტეს განხორციელების შემდეგ, ეს აჩრდილი გაუქმდა, გათავდა კაცობრიობის მზადება და აღზრდა, მოსეს სჯულს დაეკარგა მნისვნელობა, მისი ალაგი სავსებით დაიკავა ქრისტეს მოძღვრებამ და მარტოდ-მარტო ქრისტეანობაა სრული და შეუცდომელი სარწმუნოებრივი მოძღვრება, მარტოდ-მარტო ქრისტეანობა ანიჭებს კაცს სრულს ბედნიერებას.
არაფერი არ უთქვამს ევსტათის ამის საწიააღმდეგო, მაგრამ აქაც მაინც თავისი წინდახედულობა და სიფრთხილე გამოიჩინა. ევსტათი ფიქრობდა: მაღალი, საღმრთო და კეთილი სარწმუნოებრივი მოძღვრება უსათუოდ თავის თავის აღმსარებლებსაც ამაღლებს და აფაქიზებს სულითა და ზნეობითა. ამიტომ, თუ ქრიტეანობა ჭეშმარიტი მოძღვრებაა, ქრისტეანების ცხოვრებაც უნდა საღმრთო და სათნოებიანი იყოს. გამოსალკვლევად იმისა, თუ რამდენად მართალი იყო სამოელის განმარტება, ევსტათი დაუკვირდა ქართველების ცხოვრებას, მათს მეზობლობასა და ერთმანეთში განწობილებას. საკუთარი თვალით ნანახმა და საკუთარი ყურით გაგონილმა დარწმუნა ევსტათი ქრისტეან ქართველობის მოსაწონ ცხოვრებაში და ამან გადამწყვეტი გავლენა იქონია მის გონებაზე, ამ დღიდან მთელი თავისი სულიერი არსებით ევსტათი შეუერთდა ქრისტეს, მიიღო ნათლისღება სამოელ;ისაგან და ისეთ მიხედულობით დაწაფა სახარების უკვდავების წყარო, როგორც მწყურვალე ირემი მთის ანკარა ნაკადულს.
სპარსელები კალასავით იყვნენ მოფენილნი საქართველოში. მათ ძალიან ეწყინათ ევსტათის ქრისტეანობა. ყოველნაირად შეეცადნენ ევსტათის დაბრუნებას ცეცხლის თაყვანისმცემლობაზე, მაგრამ რომ ვერაფერი გააწყეს-რა და ყველა-ფერში სიტყვა-წაგებულნი დარჩნენ ევსტათის წინაშე, დააბეზღეს იგი თავიანთი უგულო, ფანატიკოსობით დაბრმავებულ უფროსებთან. უკანასკნელები ბევრს ეცადნენ, როგორც მოფერება-დაყვავებით, ისე დაშინება-მუქარით უარი ეთქმევინებინათ ევსტათესათვის ქრისტეანობაზე, მაგრამ ვერაფერს გახდნენ; ევსტათი შეუდრეკელი კლდესავით მტკიცედ იდგა ქრიტეანობაზე. მტარვალებს დაეკარგათ ყოველი იმედი ევსტათის მოქცევისა, მათ ცხადად დაინახეს და იგრზნეს თავიანთი ზნეობრივი სისუსტე და არარაობა, ამიტომ მათ შური იძიეს წმინდანზე და თავი მოკვეთეს მას.
ეს მოხდა 589 წლის ივლისის 29 რიცხვს. ევსტათის წმინდა გვამი ასაფლავია მცხეთის საკათალიკოზო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ, ესე იგი მისი მეორე სამშობლო შეიქმნა მცხეთა და ამის გამო ეწოდება მას სახელად მცხეთელი.
რა ბედნიერები ვიქნებოდით, ძვირფასნო მსმენელნო, ყველა ჩვენგანო წმიდა ევსტათესავით გულსმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით არავითარი ცოდნა არ აქქვს სახარებისა და არც დაეძებს, რომ ოდესმე მაინც გაეცნოს მას; ბევრს, თუ ყური მოუკრავს სადმე ქრისტეს ორი-სამი იგავისათვის, ეკლესიაშიც აღარ სურს მოსვლა, -იმაზე მეტს მაინც ვერ გავიგონებ, რაც უკვე ვიციო!
არ გვეხალისება სარწმუნოებრივი ცოდნის შეძენა და ამიტომაც აღარც გული გვერჩის სარწმუნოების ღირსეულად დაცვისათვის უარის მყოფელთა წინაშე. დღეს სრულებით აღარსადა სჩანს ჩვენებურ საერო წოდებაში წმინდა ევსტათისებრივი თავდადებულობა სარწმუნოებისათვის. რამდენად გულგაცივებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტეანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისათვის ებრძნებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონელი შედენეთ თქვენს ეკლესიაში, აღარ გაბედოთ ქრისტეს ხსენებაო", რომ ქალსა და კაცს სიტყვის სეუბრუნებლად აესრულებინა ასეთი უმზგავსობა! არ ვუფრთხილდებოდით საუნჯესავით სარწმუნოებას, არ ვვარჯიშობთ, რომ გავიღრმავოთ და გავიფართოვოთ სარწმუნოებრივი გრძნობა, ამიტომ აღარც არიან ჩვენში ისეთი გმირები სულისა და ხასიათის სიმტკიცისა, როგორიც იყო წმინდა ევსტათი, აღარ გვყვანან ისეთი მოძღვრები, როგორიც იყო ევსტათის მომქცევი სამოელ კათალიკოზი, აღარ გაისმის ჩვენს ეკლესიაში ის გალობა, რომლის შესახებაც მოწმობს წმიდა ევსტათი "ვითარცა ხმა ანგელოზისა მსმენიაო", გაქრა ის ლმობიერი და გონიერი კითხვა საღმრთო წერილისა, რომელზედაც წმიდა ევსტათი ამბობს: "სუნნელ არს და საამოვო", აღარ გვაფრთოვანებს სრულებით სარწმუნოებრივი გრძნობა და ამის გამო მოისპო და აღიგავა ჩვენი ცხოვრებიდან სიკეთისა და სინათლის კვალი, თეძოებ-დამტვრეული პირუტყვებივითღა ვღონღილობთ საცოდავობით, თორემ ისეთ ისეთ სიცოცხლეს ხომ სიცოცხლე არ ჰქვიან, ამ სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობით, რომელსაც დღეს ჩვენ ვეწევით!
მამებო, ძმებო და ჩემო სულირო შვილებო! ჩვენი სულიერი და ხორციელი არსებობის სიმაღლე თუ სიმდაბლე, სიკეთე თუ სიდუხჭირე, ნათელმოსილება თუ სიბნელე, ნაძრახობა თუ ქებულობა დამოკიდებულია ჩვენს მორწმუნოებაზე. თუ ქალი და კაცი გამსჭვალული ვიქნებით ცხოვრებაში ქრისტეს სიყვარულით და მისი და მისი მოძღვრების შეგნებით, თუ მთელი ჩვენი საზოგადოება გაღვივებული იქნება სახარების შინაარსით, ჩვენი მოქალაქეობაც, ჩვენი ცხოვრებაც გაშუქებული იქნება ერთი-მეორის სიყვარულით, ურთიერთისადმი ლმობიერებით, მაღალი ზნეობით, შეგნება-განათლებით, შრომაგამსჯელობით; ჩვენს ცხოვრებასი გახშირდებიან წმინდა ევსტატის მსგავსი სულიერი გმირები, მტკიცე აზრის კაცები და ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი უსამართლობა, ვერავითარი დევნა და შევიწროება ვერაფერს გვავნებს ვერც სულიერად ვერც ხორციელად.
შევსთხოვოთ, ყველამ გულსმოდგინედ შევსთხოვოთ, ძვირფასო მსმენელებო, ჩვენი ეკლესიის სახელოვან მოწამე წმიდა ევსტათის, რომ აგვინთოს გულში დიდსა და პატარას ის საღმრთო ცეცხლი ქრისტეს შეუდრეკელი სიყვარულისა, რომელმაც მოუპოვა მას კაცთა და ღვთის წინაშე უკვდავება და გვწამდეს, რომ ალი ქრისტეს სიყვარულისა ისე გამოგვაცოცხლებს და აგვავსებს ყოველი სიკეთით, როგორც გაზაფხულის თბილი მზის სხივები აღვიძებენ ზამთრის ძილიდან ხეებს და მდიდრად მოსავენ მათ ფოთლებით! ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი