წმინდა იოანე ოქროპირი - ჭირთათმენისთვის
დიდი მოთმინება ვიქონიოთ, საყვარელნო, და ნურასოდეს დავსუსტდებით და მოვიწყენთ სათნო ღვაწლში, ვიცოდეთ, რომ ჩვენი მეუფე, უხვი და მოწყალე, ამ მცირე შრომისათვის დიდ ჯილდოს მოგვაგებს და არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში გვიმზადებს მარადიულ სიკეთეებს, არამედ აწინდელშიც, გვანუგეშებს რა, ჩვენი ბუნების უძლურებებში მრავალ ნიჭს გვაძლევს.
უფალი უფლებათა, ზრუნავს რა ჩვენს უძლურებებზე, მწუხარებათა დათმენასაც მუდამ როდი უშვებს ჩვენზე, რათა მათ ჩვენი უძლურებანი მეტისმეტად არ დაამძიმონ. პირიქით, თავადვე შეგვეწევა უმალ, განგვიმტკიცებს რა გულს და სულიერ მხნეობას გვმატებს.
არც კეთილდღეობაში გვტოვებს, რომ უზრუნველად მყოფნი თავად არ გადავიხაროთ ბოროტებისკენ, რამეთუ ადამიანური ბუნება, მეტისმეტად ტკბება რა ბედნიერებით, კეთილშობილებას ივიწყებს, საზღვრებში ვერ ჩერდება. ამიტომ იგი, როგორც მოყვარული მამა, ზოგჯერ შემწყნარებელია, ზოგჯერ - გვსჯის, რომ ცხონებისაკენ მიგვმართოს, ან როგორც მკურნალი, როდესაც სნეულს მკურნალობს, ყოველთვის როდი თანგავს მწირი საკვებით, ისევე, როგორც მუდამ არ აძლევს ნუგბარით ტკბობის უფლებას, რომ გემოთმოყვარეობამ ანთება არ გამოიწვიოს და ავადმყოფობა არ გაუღრმავდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მწირი საკვების მიღებამ ავადმყოფი მეტისმეტად არ დაასუსტოს, არამედ მკურნალობა მდგომარეობისა და ძალის გათვალისწინებით წარმართოს, გულმოდგინედ იყენებს რა მთელ თავის ხელოვნებას. სწორედ ასევე, კაცთმოყვარე უფალმა, უწყის რა, თუ რა არის სასარგებლო თითოეული ჩვენგანისათვის, ზოგჯერ კეთილდღეობით ტკბობის საშუალებას გვაძლევს, ზოგჯერ კი - განსაცდელებს მოუშვებს ხოლმე ჩვენზე, რადგან თუ სათნონი ვარდებიან განსაცდელებში, მაშინ ისინი განსაცდელთა მიერ უფრო ნათელნი ჩანან და ზეგარდამო დიდ მადლს იღებენ.
ხოლო თუ ჩვენისთანა ცოდვილები მადლიერებით დაითმენენ მოვლენილ განსაცდელებს, ცოდვათა მძიმე ტვირთისაგან თავისუფლდებიან და შენდობას იღებენ.
ამიტომ გევედრებით, ვიცით რა ჩვენს სულთა მკურნალის კეთილგანგებიანი სიბრძნე, ნუ გამოვცდით მის გზებს. რამდენადაც ჩვენს გონებას არ ძალუძს მისი წვდომა, მით უფრო კეთილმოკრძალება გამოვიჩინოთ მისი განგებულების მისამართით და მუდამ ვმადლობდეთ სწორედ იმის გამო, რომ ეგევითარი მეუფე გვყავს, რომლის განგებასაც ვერანაირი აზრი და ადამიანური გონება ვერ მისწვდება. ამასთან, მისგან განსხვავებით, თავადაც არ ვუწყით, თუ რა არის სასარგებლო ჩვენთვის და იმდენად არ ვზრუნავთ საკუთარ თავზე, როგორც ის იღწვის ჩვენი ცხონებისათვის და ყოველივეს იმგვარად იქმს და აღასრულებს, რომ ოდენ სათნოებისაკენ მივყავდეთ და ეშმაკის ხელიდან გამოგვიტაცებს.
ხოლო ოდეს ხედავს, რომ ბედნიერება ჩვენთვის სარგებლის მომტანი არ არის, მაშინ, როგორც საუკეთესო ექიმი, რომელმაც, შენიშნა რა, რომ მავანი ნაყროვანებისაგან სუქდება, თავშეკავების გზით ჯანმრთელობას უბრუნებს. მსგავსად ამისა, ჩვენი სულების ეს საოცარი მკურნალიც თუნდ მცირე განსაცდელთა მოვლენით გვაგრძნობინებს ზიანს, რომელიც წარმატების შემთხვევაში უნდა მიგვეღო, ხოლო ოდეს ხედავს, რომ ჯანი საკმაოდ გვიბრუნდება, მაშინ საკუთარი შემწეობით გამოვყავართ განსაცდელისაგან და უხვად გვიჩვენებს თავის განგებულებას.
მაშ, თუ სათნოდ მცხოვრები ვარდება განსაცდელში, დაე, სულით ნუ შეძრწუნდება და ნუგეშისმცემელი იმედით ისაზრდოოს, რომ განსაცდელთა გზით მისთვის გვირგვინი და ჯილდო განემზადებინა.
თუ ცოდვებში მყოფნი ვარდებიან მწუხარებებში, დაე, იმედს ნუ წარიკვეთენ, ეცოდინებათ რა, რომ განსაცდელებს ყოველთვის ძალუძთ მათი ცოდვათაგან განწმენდა, თუ ყოველივეს მადლიერებით მიიღებენ, რადგან მადლიერი მონის თვისებაა, არა მხოლოდ მაშინ ჰმადლობდეს თავის უფალს, როდესაც თავად ტკბება აუღელვებელი ცხოვრებით, არამედ არახელსაყრელ ვითარებაშიც იგივე სულგრძელება გამოიჩინოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი