"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1

თავი 3. ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტები წმინდა იუსტინე მარტვილი

წმინდა იუსტინე მარტვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იუსტინე ფილოსოფოსი , იყო ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტი, ანუ ქრისტიანობის დამცველი. მოციქულთა მოწაფეებისგან განსხვავებით, რომელთა მოღვაწეობაც ძირითადად ეკლესიის წევრებისადმი იყო მიმართული, აპოლოგეტების ნაშრომები მათი თანამედროვე წარმართი მკითხველისათვის იქმნებოდა, შესაბამისად, თხზულებების შინაარსის უკეთ ჭვრეტისათვის მოცემული ისტორიული ეპოქის გარემოებებში გარკვევაა საჭირო.

მეორე საუკუნეში ქრისტიანობა რომის იმპერიაში "უკანონო რელიგიად" იქნა გამოცხადებული. ის არ შედიოდა აღიარებული კულტების სიაში და თავად სახელწოდება "ქრისტიანი" უკვე დევნის საბაბად იყო ქცეული. სინამდვილეში მდგომარეობა არც ისე მძიმე იყო: ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, ახალი დაპყრობითი ომების შედეგად, იმპერიის ტერიტორიების გაფართოებასთან ერთად, ლათინურ წარმართობაში სხვა რელიგიების მიმართ შემწყნარებლური ტენდეცია ვითარდებოდა, ეს პროცესი ქრისტიანობისადმი დამოკიდებულებაზეც ახდენდა ზეგავლენას. ქრისტიანებს უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართულად არავინ არც დაეძებდა და არც დევნიდა. რომის ჩინოვნიკთა უმრავლესობა მათი ყოფის თავისებურებებზე ძირითადად თვალს ხუჭავდა.

მეორე მხრივ, ქრისტიანს ადვილად შეეძლო რომაული კანონიერების ჩარჩოებში მოქცევა. ამისათვის საკმარისი იყო თავად ყოფილიყო რომის საზოგადოებაში მოქმედი სინკრეტიზმისადმი (რელიგიათა შორის თანაარსებობა, შემგუებლობა, ცალკეული რელიგიური ელემენტების გაერთიანება) ლოიალური, ანუ ქრისტე რომის პანთეონის ერთ-ერთ ღმერთად ეღიარებინა და მონაწილეობა მიეღო რომის იმპერატორის გაღმერთებასა და ქრისტესთან ერთად სხვა ღმერთების თაყვანისცემაში. ის ფაქტი, რომ ქრისტიანები არც იმპერატორს აღმერთებდნენ და არც რომის ღმერთებს აღიარებდნენ, ქრისტიანების ათეისტებად გამოცხადების მიზეზი ხდებოდა.

რომაელებმა საკუთარი გამოცდილებიდან იცოდნენ, რომ ებრაელების დაყოლიება შეუძლებელი იყო. ამიტომ ლეგალურად იმპერიაში რომის ღმერთების თაყვანისცემისგან მხოლოდ ებრაელები იყვნენ გათავისუფლებულნი. სანამ ქრისტიანები იუდაიზმს ოფიციალურად არ გაემიჯნენ, ისინი ერთ-ერთი ებრაული სექტის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ და ამ პერიოდში ქრისტიანობა საერთოდ არ იდევნებოდა. პრობლემები მაშინ გაჩნდა, როდესაც ეკლესიასა და სინაგოგას შორის კონფლიქტმა დაიწყო გამწვავება, ბოლოს ეს პროცესი იუდეველებისა და ქრისტიანების ურთიერთგამიჯვნით დასრულდა.

აი, ამ გარემოებებში ჩაისახა ადრექრისტიანული აპოლოგეტიკა. აპოლოგეტების მიზანი უწინარეს ყოვლისა წარმართი საზოგადოებისათვის ქრისტიანული რწმენის ნამდვილი კულტურული თავისებურებების წარდგენა იყო და ეს ადვილად შესასრულებელ ამოცანას არ წარმოადგენდა. ქრისტიანებს ერთდროულად "რამდენიმე ფრონტზე" უხდებოდათ ბრძოლა. მათ ბრალს სდებდნენ ბარბაროსობაში, რადგან წარმართები თვლიდნენ, რომ ქრისტიანები ყველასათვის უცხო, უვარგის, წინააღმდეგობებით აღსავსე ე. წ. ბიბლიას ღვთივშთაგონებულ წიგნად მიიჩნევდნენ. ამიტომ აპოლოგეტებს ძველი აღთქმის ისტორიის მარადიულობა უნდა დაესაბუთებინათ და რადგან ქრისტიანული თვალსაზრისი ბიბლიის ერთადერთ ჭეშმარიტ გაგებად უნდა წარმოედგინათ, ისინი იუდაიზმსაც უნდა გამიჯვნოდნენ. ამასთან საჭირო იყო ბერძნულ ფილოსოფიასა და ქრისტიანულ აზროვნებას შორის სწორი პარალელების მიკვლევა და წარმართული ფილოსოფიის მხოლოდ ქრისტიანობის წინა ეტაპად წარმოდგენა, ხოლო ქრისტიანობის იმ ჭეშმარიტების განმარტებად წარმოსახვა, რასაც წარმართებმა მხოლოდ წინათგრძნობის დონეზე მიაკვლიეს. ასევე აუცილებელი იყო დასაბუთება, რომ ქრისტიანობა არც ათეიზმი და არც კანიბალიზმი არ იყო. საქმე ისაა, რომ ევქარისტიული შეკრებები, რომლებზედაც უცხო პირები არ დაიშვებოდნენ, წარმართებისათვის საიდუმლოებით იყო მოცული და უამრავი ჭორის გავრცელებისა და ცილისწამების საშუალებას იძლეოდა. აპოლოგეტები აღწერდნენ ევქარისტიას, განმარტავდნენ მის შინაარსს და ცდილობდნენ აეხსნათ წარმართული ღმერთების თაყვანისცემაზე უარის თქმის მიზეზები. ისინი აანალიზებდნენ, გასაგებად განმარტავდნენ ქრისტიანულ მორალს და ასაბუთებდნენ, რომ ქრისტიანები კარგი მოქალაქეები, სათნო და მაღალი ზნეობის ადამიანები იყვნენ. ამრიგად, ქრისტიანული აპოლოგეტიკა ფილოსოფიურ, სოციალურ, ეთიკურ, ანტიიუდაისტურ და სხვა მრავალ დონეზე მიმდინარეობდა.

წმინდა იუსტინე მარტვილის შესახებ ჩვენ ვიცით ევსები კესარიელის "ეკლესიის ისტორიიდან". გარდა ამისა, ჩვენამდე მისი წამების ოფიციალურმა პროტოკოლმაც მოაღწია. იუსტინე დაიბადა პალესტინაში (ფლავიანოპოლისში, როგორც რომაელები უწოდებდნენ ქალაქ სიქემას) რომაელი ჩინოვნიკის ოჯახში. დასაწყისში მან კლასიკური წარმართული განათლება მიიღო, ანუ შეისწავლა ბერძნული ფილოსოფია, მათ შორის გამორჩეულად - პლატონი. ქრისტიანობას წმინდა იუსტინე ინტელექტუალური გზით დაუკავშირდა. ევსები კესარიელს იუსტინეს გაქრისტიანების პროცესი რომანტიკულ ფერებში აქვს დახატული: ერთხელ, როდესაც იუსტინე სანაპიროზე დასეირნობდა, მას შეხვდა მოხუცი, რომელმაც იგი დაარწმუნა, რომ ნამდვილი ფილოსოფოსები ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები იყვნენ. ასევე იუსტინეზე დიდი ზეგავლენა მოახდინა იმან, თუ როგორი გულოვნებითა და შემმართებულობით ეგებებოდნენ სიკვდილს ქრისტიანი მოწამეები. იუსტინე უკვე ქრისტიანი იყო, როდესაც ის ეფესოში დამსახურებული "პალიუმით" (ასე იწოდებოდა შესამოსელი, რომელსაც ფილოსოფოსები ატარებდნენ) შეიმოსა. ფილოსოფოსის "წოდება" მას პედაგოგიური მოღვაწეობის უფლებას აძლევდა, ამიტომ იუსტინე რომში გაემგზავრა და იქ სკოლის შექმნას შეუდგა. საბოლოოდ წმინდა იუსტინე იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-167) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მარტვილურად აღესრულა. მას და მის ექვს მოწაფეს მეორე საუკუნის 60-იან წლებში თავები მოჰკვეთეს.

ჩვენთვის წმინდა იუსტინე იმითაც არის საინტერესო, რომ ის ბერძნულ-რომაული საზოგადოებიდან ერთ-ერთი პირველი ინტელექტუალია, რომელმაც სამოღვაწეო სფეროდ ქრისტიანული ღვთისმეტყველება აირჩია. ევსების ჩამოთვლილი აქვს წმინდა იუსტინეს მიერ დაწერილი რამდენიმე წიგნი, რომელთა შორის ზოგიერთი მას შეცდომით მიეწერება. ასე მაგალითად, წიგნი "მარკიონის წინააღმდეგ", რომელიც თავისი შინაარსით გნოსტიკოსობას უპირისპირდება - ჩვენთვის ცნობილია, როგორც წმინდა ირინეოსის მიერ შექმნილი ნაწარმოები. ევსების მიერ ჩამოთვლილი იუსტინეს წიგნებიდან ჩვენამდე მხოლოდ სამმა მოაღწია, ესენია: ორი "აპოლოგია" და "საუბარი ტრიფონ იუდეველთან".

პირველი "აპოლოგიით" წმინდა იუსტინიანემ იმპერატორ ანტონინე პიუსს, ხოლო მეორით რომის სენატს მიმართა. ამ წიგნების ძირითადი თემა "მხოლოდ სახელწოდება "ქრისტიანის" გამო ქრისტიანების უსამართლო დევნაა. თხზულებაში წმინდა იუსტინიანე ცდილობს რომის მმართველებს ქრისტიანების მიმართ ობიექტური შეხედულება ჩამოუყალიბოს, რათა მათ მეტი გულმოწყალება გამოიჩინონ. პირველ "აპოლოგიაში" ასევე და დაწვრილებითაა განხილული ქრისტიანული დოგმები, აღწერილია ღვთისმსახურება.

"საუბარი ტრიფონ იუდეველთან" იუდაიზმთან დაპირისპირებული ყველაზე ადრეული ქრისტიანული აპოლოგიაა, საუბედუროდ ამ ნაწარმოების სრულ ვარიანტს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამ ნაწარმოებში გადმოცემულია ებრაელ ტრიფონთან ორდღიანი დისკუსია (ვარაუდობენ, რომ ტრიფონი სინამდვილეში შეიძლება იმ დროისათვის კარგად ცნობილი რაბინი ტარფინი ყოფილიყო) დასაწყისში აღწერილია ინტელექტუალური გზა, რომელიც იუსტინემ მოქცევამდე გამოიარა. შემდგომი თავები ძველი აღთქმის ქრისტიანულ გაგებას ეძღვნება. განმარტებულია, რომ მოსეს კანონმდებლობა ებრაელებს დროებითი გამოყენებისათვის მიეცათ, ხოლო ძველი აღთქმის ჭეშმარიტი შინაარსი მხოლოდ ქრისტიანულ მოძღვრებაშია გახსნილი. ადამიანები, რომლებმაც იესო ქრისტე ირწმუნეს და მას გაჰყვნენ, ახალი ისრაელი და ჭეშმარიტად ღვთის რჩეული ხალხია.

"ტრიფონთან საუბარში" ასევე ვეცნობით წმინდა იუსტინეს მეტად საგულისხმო სწავლებას ღმერთის შესახებ. იუსტინე ღმერთზე საუბრის დროს ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას იყენებს. უწინარეს ყოვლისა ის ღმერთის აბსოლუტურ ტრანსცენდენტურობაზე - მის დაუსაბამობაზე, დაფარულობაზე, მისი გამოსახვის შეუძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. წმინდა იუსტინე მიიჩნევს, რომ ღმერთი ყოველგვარი სახელისათვის მიუწვდომელია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ რამენაირად უნდა მოვიხსენიოთ იგი, წმინდა იუსტინეს აზრით, ამ საქმისათვის ყველაზე უფრო გამოსადეგ სახელს ბიბლიური "მამა" წარმოადგენს. ამგვარად, წმინდა იუსტინეს შემოქმედებაში ტიპური ნიკეამდელი ღვთისმეტყველებაა წარმოდგენილი, სადაც ღმერთი მხოლოდ როგორც მამა ღმერთი განიხილება.

ამ გამოუსახავ, გამოუთქმელ ღმერთს გააჩნია სიტყვა (ლოგოსი), რომელიც არის მამასა და სამყაროს შორის შუამდგომელი. სამყაროს შექმნამდე ლოგოსი, როგორც "გამოუთქმელი სიტყვა", მამაში იყო დაუნჯებული. ღვთის სამებობის ასახსნელად წმინდა იუსტინე გვთავაზობს სამყაროს შექმნის შემდეგ ერთმანეთისგან განვანსხვავოთ "სიტყვა გამოხატული", "სიტყვა განთესილი" და "სიტყვა განხორციელებული". სამყარო ღმერთმა "გამოხატული სიტყვის" საშუალებით შექმნა. "სიტყვა განთესილში" იგულისხმება, რომ შესაქმის განხორციელების პროცესში ღმერთმა ყველგან და ყველაფერში საკუთარი პიროვნული მყოფობა "განთესა". როგორც ვხედავთ, აქ აშკარაა ფილოსოფოსის მცდელობა, სამების პირთა ურთიერთმიმართება ბერძნებისათვის გასაგებ კონცეფციაში გამოხატოს. დაბოლოს, "სიტყვა განხორციელებული", ანუ განკაცებული იესო ქრისტე, ქმნილ სამყაროში ღმერთის მაქსიმალურ თვითგამოხატვას წარმოადგენს.

აზრი, რომ ღმერთი სამყაროს თავისი სიტყვის საშუალებით ქმნის და შესაბამისად სამების მეორე პირი ღმერთზეა (მამაზე) დამოკიდებული, ადვილად შეიძლება განიმარტოს როგორც სუბორდინატიზმი (ერესი, რომლის მიხედვითაც სამების წევრები ურთიერთდაქვემდებარებაში იმყოფებიან). მეორე მხრივ, თუ იუსტინე გულისხმობდა, რომ ქმნილ სამყაროში მამა ძის მიერ იქნა გაცხადებული, ეს სავსებით მართლმადიდებლური თვალსაზრისია, რადგან დაწერილია: "ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა" (იოან. 1:18), ანდა: "ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი, და შენ ვითარ მეტყვი მე: მიჩუენე ჩუენ მამაი შენი?" (იოან. 14:9). სავსებით ნათელია, რომ წმინდა იუსტინეს არ შეეძლო მომდევნო თაობებში გაჩენილი ყველა საღვთისმეტყველო პრობლემა გაეთვალისწინებინა და ის ბერძნებისათვის წმინდა სამების შინაარსის განმარტებას სრულიად გულწრფელად ცდილობდა. მისი ბერძნებთან დიალოგის მცდელობა და თავად მისი საუბრის ტონი იმაზე მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს ფართო მსოფლმხედველობის, მიუკერძოებელ და ინტელექტუალურად ღია ურთიერთობისათვის სრულიად მომზადებულ ადამიანთან.

ისევე, როგორც წმინდა ირინეოს ლიონელის, წმინდა იუსტინეს შემოქმედებაშიც ჩვენ ქალწული მარიამის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ადრეულ თაყვანისცემას ვხედავთ. ქალწულ მარიამს წმინდა იუსტინე და მომდევნო თაობის მრავალი ღვთისმეტყველი ახალ ევას უწოდებს. ამასთან იუსტინეს ტექსტოლოგიური საკითხებიც აინტერესებდა. კერძოდ ის განიხილავდა და ერთმანეთს ადარებდა ესაია წინასწარმეტყველის ებრაულ ვარიანტს ბერძნულ თარგმანთან: "...აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს..." (ეს. 7:14). იუსტინეს მოწინააღმდეგე ტრიფონი ბერძნულ თარგმანს არ აღიარებდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ებრაული სიტყვა "ალმა" უბრალოდ "ახალგაზრდა ქალს" გულისხმობდა. იუსტინე მიუთითებდა მაგალითს, სადაც ამ სიტყვაში უდავოდ "ქალწული" იყო ნაგულისხმევი და იცავდა სამოცდათორმეტ (სეპტუაგინტა) მამათა მიერ შესრულებული თარგმანის ვარიანტს, რომელიც გამოყენებულია იესო ქრისტეს დაბადებასთან დაკავშირებულ წმინდა სახარების ისტორიაში და სადაც სიტყვა "ალმა" თარგმნილია როგორც "ქალწული".

ჩვენს უდიდეს ინტერესს ქრისტიანული საიდუმლოებებისა და ღვთისმსახურების აღწერა იწვევს. აქ ნათლობის შინაარსი შემდეგნაირად არის გადმოცემული:

შემდეგ ისინი იქ მიგვყავს, სადაც წყალია, და სადაც ისინი ახლად - მეორედ იმგვარივე შობით იშვებიან, როგორითაც ჩვენ თვითონ კვლავდავიბადეთ, ანუ წყლით განიბანებიან სახელითა ყოველთა მამისათა და მეუფისა ღვთისა, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესი და სულისა წმინდისა... და რადგან ჩვენ პირველი დაბადების ცოდნაში უვიცნი... უხეირო ზნეობისა და უგვანი ცხოვრების წესით აღზრდილნი ვართ, იმისათვის, რათა არ დავრჩეთ უბირობისა და უმეცრების შვილებად, ძველი ცოდვებისაგან ვთავისუფლდებით და შემეცნების თავისუფალი შვილები ვხდებით, აღდგენისთვის განმზადებულნი, ყოველთა მამისა და ყოვლისმპყრობელის შვილის სახელს წყალში ვღებულობთ... განბანა კი განათლებაა, რადგანაც ყოველივე ზემოთ თქმულში განსწავლული - გონით განათლებულია.
(პირველი აპოლოგია, 61)

ნათლისღებას იუსტინე კვლავდაბადებად, აღიარებული და მიღებული რწმენის ერთგულებად და ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრების დაპირებად მიიჩნევს. ეჭვს არ იწვევს, რომ ამ შემთხვევაში წმინდა იუსტინე მოზრდილების მონათვლას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ყურადღება იმ დაჟინებას მივაქციოთ, რომლითაც მარტვილი ნათლისღებას მეორედ დაბადებად და ახალ ცხოვრებაში შესვლად მოიხსენიებს და სიტყვას არ ამბობს პირველქმნილი ცოდვისგან განთავისუფლების დასავლური ინტერპრეტაციის შესახებ, ანუ იმაზე, რაც დასავლეთის ეკლესიამ ნათლისღების საიდუმლოს ძირითად აზრად გადააქცია. აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამების სწავლებით, წინაპრების პირველქმნილი ცოდვა შთამომავლობაში დანაშაულის გრძნობას არ უნდა იწვევდეს, სხვა დამოკიდებულებას ვხედავთ დასავლეთის ეკლესიაში, სადაც ყოველი ადამიანი ადამის "დანაშაულის" თანამონაწილეა და განწმენდა მხოლოდ ნათლობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ჩვილი ბავშვების ნათლობის აღმოსავლური პრაქტიკა არ გულისხმობს, რომ ისინი ცოდვილები და "დამნაშავენი" არიან, მაგრამ ითვალისწინებს, რომ ადამიანი ცოდვით დაზიანებულ სამყაროში იბადება, და "ასეთ" სივრცეში დაბადებულისათვის განახლებული ცხოვრების სიკეთის ძალის მინიჭება აუცილებელია.

ამავე ტექსტში ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ საუბრის დროს აშკარად შეიგრძნობა სუბორდინატიზმის ტენდენცია. "გამოუთქმელი" ღმერთი სავსებით სხვაგვარია, ისეთია, რომ მისი შესაფერისი სახელის გამოთქმაც კი შეუძლებელია (ძველი ებრაული ტრადიციის შესაბამისად), იესო ქრისტე ჯვარს ეცვა პილატეს დროს და სულიწმინდა, რომელიც იესოს შესახებ ცოდნას მოციქულთა საშუალებით გადასცემდა კაცობრიობას, ამიტომ იგი ქრისტესთან მიმართებით იერარქიულად დაქვემდებარებულად აღიქმება:

...არავის შეუძლია გამოუთქმელი ღმერთის სახელის წარმოთქმა; თუ ვინმე გაბედავს და ღმერთის არსის გამოთქმას ან ახსნას დააპირებს, ის საშინელ უმეცრებას ჩაიდენს... ხოლო, როგორც იესო ქრისტეს სახელის... ისე სულიწმიდის სახელის წარმოთქმისას... განათელებული განიბანება.
(იქვე, 61)

აპოლოგეტური მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა იუსტინე ყურადღებას ქრისტიანების კარგ და კანონმორჩილ მოქალაქეობაზეც ამახვილებს:

მას შემდეგ, რაც კათაკმეველი მისივე პირადი თანხმობით წესის შესაბამისად განიბანება, ნათელღებულებისთვის და ყველა სხვისთვის, საერთო ლოცვის პროცესში გულითადი ლოცვის წარმოსათქმელად ის ეგრეთ წოდებულ ძმებთან მიგვყავს, რათა ჭეშმარიტებას ზიარებული ყოველი ჩვენგანი, როგორც კეთილისმქმნელი და ნეტარებათა აღმსრულებელი მოქალაქენი, უშუალოდ გავხდეთ კეთილი საქმის თანამონაწილენი და ყოველი ჩვენგანი საუკუნო ხსნას ეზიაროს.
(იქვე, 65)

შემდეგ წმინდა იუსტინე აღწერს ზიარების პროცესს და ეს არის დღემდე მოღწეულთა შორის ყველაზე უფრო ადრეული აღწერილობა ევქარისტიისა და ამიტომ ჩვენ მას მთლიანად წარმოგიდგენთ:

ლოცვის დასრულების შემდეგ ამბორით მოვიკითხავთ ერთმანეთს. შემდგომ ძმებს წინამძღვართან, ანუ მოძღვართან მიაქვთ პური, სასმისი წყლითა და ღვინით: მოძღვარი მიიღებს მათ და მამის დიდების ლოცვას ძისა და სულიწმინდის სახელით აღავლენს, დაწვრილებით გამოხატავს მადლიერებას იმის გამო, რომ უფალმა ასეთი სიკეთის ღირსი გაგვხადა. შემდეგ, როდესაც მოძღვარი მადლიერების ლოცვას დაასრულებს, იქ მყოფი ერი გალობს და ერთად აღავლენს ამინს. ამინი ებრაული დამამტკიცებელი, დასკვნითი სიტყვაა, რომელიც ლოცვის, საგალობლის, ქადაგების, აღთქმის დადების ბოლოს წარმოითქმება. მოძღვრისა და ერის მიერ წარმოთქმული მადლიერების შემდეგ მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქმნილი პურით, წყალითა და ღვინით იმ პირთა ზიარება აღესრულება, რომლებიც ტაძარში იმყოფებიან, შემდეგ კი დიაკვნებს წმინდა ძღვენი იმ მორწმუნეებთან მიაქვთ, ვინც რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა...

ამ საჭმელს ჩვენ ევქარისტიას (მოწყალებას და სამადლობელს) ვუწოდებთ. ევქარისტიის საიდუმლოში მონაწილეობა, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ჭეშმარიტების რწმენა აქვს, წმინდა განბანით აღდგომისათვის ცოდვებისგან განიწმინდა და იმ ცხოვრების წესით ცხოვრობს, რაც მაცხოვარმა აღგვითქვა, ყველას ეკრძალება. ევქარისტიის პროცესში მიღებული პური და სასმელი ჩვეულებრივი საკვები არ არის: როგორც ღვთის სიტყვით, ხორცით და სისხლით განკაცებული მაცხოვარი იესო ქრისტე ჩვენი გამოხსნისათვის მოგვევლინა, სწორედ ისევე - როგორც გვასწავლეს - პური და ღვინო, რომელზედაც სამადლობლის ლოცვა აღესრულება, ქრისტეს სხეულად - მის ხორცად და სისხლად, ჩვენი სისხლის და ხორცის საზრდოდ გადაიქცევა. მოციქულებმა მათ მიერ დაწერილ გადმოცემებში, რომლებსაც ევანგელეს ვუწოდებთ, გვაუწყეს, რომ მათ ასეთი აღთქმა მიეცათ: "მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მათ. 26:26-28). იმ ჟამიდან მოყოლებული ჩვენ ვიხსენებთ და ერთად ვიმეორებთ ამ დიდ მოვლენას... ჩვენ ვიკრიბებით ეგრეთ წოდებულ მზის (კვირა) დღეს და მოცალეობის შესაბამისად, სოფლებიდან და ქალაქებიდან თავმოყრილები მოციქულთა ან წინასწარმეტყველთა წიგნებს ვკითხულობთ. როდესაც კითხვა დასრულდება, წინამძღოლი ქადაგებას და მაცხოვრის მიერ ევქარისტიის წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებულ ბრწყინვალე მოვლენების განსახიერებას იწყებს. შემდეგ ყველა წამოვდგებით და ერთად აღვავლენთ ლოცვას. ლოცვის დასრულების შემდეგ, პურიც, ღვინოც, და წყალიც შემოაქვთ; და წინამძღოლი იმდენ ლოცვასა და მადლიერებას აღავლენს, რამდენიც ხელეწიფება. დამსწრენი თანხმობას "ამინით" გამოხატავენ. შემდეგ მათ მადლმოსილ წმინდა ძღვენს ურიგებენ და აზიარებენ, ხოლო დანარჩენებს ეს სიწმინდე დიაკვნების დახმარებით დაეგზავნებათ... შეკრება მზის დღეს იმის გამო ხდება, რომ ეს არის პირველი დღე, რომლის დროსაც უფალმა სიბნელე და უსიცოცხლო ნივთიერება გარდაქმნა და სამყაროდ აქცია, ხოლო ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე მკვდრეთით სწორედ ამ დღეს აღდგა.
(იქვე, 65-67)

ამ საკმაოდ დაწვრილებით აღწერილობაში ჩვენი ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს უნდა მივაპყროთ. როგორც წესი, ეკლესია იკრიბება "ერთ ადგილზე" - უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს გამოთქმა ეკლესიური შეკრების გამომხატველი ტექნიკური ტერმინი უნდა ყოფილიყო. თავშეყრას უძღვებოდა წინამძღოლი, ანუ "მეოხი" (წმინდა ეგნატეს მიერ გამოყენებული ტერმინი "ეპისკოპოსი" ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა), რომელიც თანმიმდევრულად აღასრულებდა "მამისადმი სამადლობელს" და მისგან მოწყალების მიღების, ანუ მსხვერპლის გაღების პროცესს (ევქარისტიას). წმინდა იუსტინე დიდ მნიშვნელობას ებრაულ მტკიცედ დამადასტურებელ სიტყვას "ამინს" ანიჭებს. ამ სიტყვით ყოველი იქ დამსწრე წინამძღოლის სიტყვებისა და ქმედებების მიმართ საკუთარ თანხმობას გამოხატავდა.

მოტანილი მასალა იმაზეც მეტყველებს, რომ "მზის დღეს" (წარმართულად კვირას) ევქარისტიული შეკრებები რეგულარულად იმართებოდა. მონაწილეები თავყრილობას იმ ნათლისცემის გახსენებად და გამეორებად აღიქვამდნენ, რაც პასექის დღეს აღესრულება და რასაც გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ პროცესში ძველი ცხოვრება სიკვდილით ახალ ცხოვრებაში გადადის, ანუ ორი მოვლენა ერთიანდება. "მზის დღე" როგორც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის, ისე შესაქმის პირველ დღედ ითვლებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა მამათა სწავლებაში მკვიდრდება ახალი ფორმა, რომელსაც ტიპოლოგიური პარალელიზმი შეიძლება ვუწოდოთ: სამყაროს შექმნა და მისი განახლება (გამოხსნა) ერთსა და იმავე დღეს მოხდა და რადგან იესო ქრისტეს აღდგომა სამყაროს და დროის დასასრულის დასაწყისი იყო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს დასასრულიც სწორედ კვირა დღეს მოხდება.

***
როგორც აღინიშნა, წმინდა იუსტინე ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტი მამაა, რომლის ნაშრომების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩვენამდე გარკვეული სისრულით მოაღწია. მეორე საუკუნეში კიდევ ოცამდე სხვა აპოლოგეტია ცნობილი, მაგრამ მათ მიერ შექმნილ ლიტერატურას ჩვენამდე თითქმის არც კი მოუღწევია, ამიტომ ისინი ჩვენთვის მხოლოდ სხვა ავტორების ნაშრომებიდან არიან ცნობილი. ეს ავტორები ძირითადად იმავე იდეებს იცავდნენ და ერთი მხრივ, ქრისტიანობის იუდაიზმისაგან გამიჯვნას ცდილობდნენ, ხოლო მეორე მხრივ, უსამართლოდ დევნილ ახალგაზრდა ქრისტიანულ ეკლესიას წარმართი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელთა წინაშე მეოხებას უწევდნენ.

მეორე საუკუნის ჩვენამდე მოღწეული აპოლოგიებიდან ცნობილია, მაგალითად, ათენაგორა ათენელის, თეოფილე ანტიოქიელის და ტატიანე სირიელის თხზულებები.

ათენაგორა ჩვენთვის უწინარეს ყოვლისა ცნობილია "აპოლოგიის" (სხვაგვარად "შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო") წერილის ავტორობით, რომელიც დაახლოებით 177 წელს დაიწერა და მარკუს ანტონიუსს, ლუციუს ავრელიუს კომოდუსსა და სხვა წარმართ მოაზროვნეებს მიეძღვნა. "აპოლოგიის" მინაწერებზე ათენაგორა საკუთარ პიროვნებას "ათენელ ქრისტიან ფილოსოფოსად" მოიხსენიებს. მისი ცხოვრების შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი. როგორც ქრისტიანობის დამცველმა, მან რამდენიმე ისეთი დებულება ჩამოაყალიბა, რომელიც ზოგადად ქრისტიანული აპოლოგიისათვის არის მნიშვნელოვანი. თავის თხზულებაში ათენაგორა უარყოფს ბრალდებას ქრისტიანების უღმერთობის შესახებ და ასაბუთებს, რომ ქრისტიანებს სწამთ ერთი, უმაღლესი შემოქმედი ღმერთი-სამება. შემდეგ ის უარყობს უგუნურ ჭორებს ქრისტიანთა კანიბალობის შესახებ, რომ თითქოს ისინი საიდუმლო შეკრებებზე ადამიანის ხორცს ჭამენ. ათენაგორა ქრისტიანული საიდუმლოებების შესახებ დაწვრილებით არ საუბრობს, მაგრამ რამდენადაც ეს ქრისტიანების დაცვას ესაჭიროება, ქრისტიანული ცხოვრების შინაარსს აღწერს და ხაზს ამ ადამიანების ზნეობრივ სრულყოფილებასა და დისციპლინას უსვამს. სათნოებათა შორის ათენაგორა დიდ მნიშვნელობას ქორწინებას ანიჭებს. ასაბუთებს, რომ ქრისტიანისთვის ქორწინება ღვთივდადგენილი საიდუმლოა. ის იშველიებს პავლე მოციქულის წერილებს და მეორედ ქორწინებას "რესპექტაბელურ მრუშობად" მიიჩნევს. რაც შეეხება ღვთისმეტყველებას, ამ თვალსაზრისით ათენაგორას თხზულებები გამორჩეულ ინტერესს არ იწვევს.

ევსები კესარიელის რწმუნებით, წმინდა თეოფილე ანტიოქიის მეექვსე ეპისკოპოსი იყო. ის იზრდებოდა როგორც წარმართი და მისი მოქცევა, სავარაუდოდ, მეორე საუკუნის შუა წლებში უნდა მომხდარიყო. ჩვენამდე მოღწეული მისი ერთადერთი თხზულება "სამი წიგნი ავტოლიკესადმი" წმინდა თეოფილეს ბრწყინვალე განსწავლულობისა და დიდი ღვთისმეტყველური ნიჭის შესანიშნავი მტკიცებულებაა.

ლოგოსის (სიტყვის) შესახებ სწავლებაში წმინდა თეოფილე იმავე ტერმინოლოგიას იყენებს, რასაც იუსტინე ფილოსოფოსი. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ სუბორდინაციული მინიშნებები მასში გაცილებით ნაკლებია. თეოფილეს სწავლების მიხედვით ადამიანის მიერ გამოთქმული სიტყვით ღმერთის პიროვნული ბუნება შეუძლებელია გამოიხატოს, მაგრამ უფალმა საკუთარი თავი ძეში, ანუ სიტყვაში გამოავლინა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში სიტყვა "სამება" წმინდა თეოფილემ პირველმა გამოიყენა.

წმინდა თეოფილეს თხზულებებში ვხვდებით საინტერესო მსჯელობას სულის უკვდავობის შესახებ, თუმცა ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ მოცემული საკითხი აქ უმაღლეს საღვთისმეტყველო დონეზეა განხილული. თეოფილე ცდილობდა პლატონიკოსებთან საერთო სასაუბრო ენა გამოენახა. მას მიაჩნდა, რომ სული (სამშვინველი) ადამიანის სხეულში ისევეა დატყვევებული, როგორც ციხეში. სიკვდილის შემდეგ უკვდავი სული ტყვეობას თავს აღწევს და თავისუფლებას ეზიარება. ჩვენს სინამდვილეში სწორედ ასეთი პლატონისტური შეხედულებებია გავრცელებული: სხეული მოკვდავია, ხოლო სული - უკვდავი. ბიბლიურ სწავლებაში კი ხორცსა და სულს შორის რაიმე აშკარად გამორჩეულ ზღვარს საერთოდ ვერ ვხვდებით. ქრისტიანულ სწავლებაში სხეული რაიმე გამორჩეული "მოკვდაობით" არ ხასიათდება და ამიტომ ქრისტიანობა ძირითად წინააღმდეგობას მატერიასა და სულს შორის კი არა, შემოქმედსა და ქმნილს შორის ხედავს. სწორედ ეს ინტუიციაა ასახული წმინდა თეოფილეს შემოქმედებაში:

ის (ადამიანი) თავისი ბუნებით არც მოკვდავად და არც უკვდავადაა შექმნილი. თუ ღმერთი ადამიანს უკვდავად შექმნიდა, მაშინ ის თავისთავად ღმერთი უნდა ყოფილიყო: თუ პირიქით, მოკვდავად შექმნიდა, მაშინ მის სიკვდილში თავად ღმერთი იქნებოდა დამნაშავე. ამრიგად, უფალმა ადამიანს... როგორც მოკვდავობის, ისე უკვდავობის შესაძლებლობა მიანიჭა, რადგან თუ ის უფლის მცნებებს აღასრულებს, ანუ უფლის უკვდავებისკენ მიმმართველი რჩევების გათვალისწინებით იცხოვრებს, განიღმრთობა და ღვთაებრივ უკვდავებას ეზიარება; თუ უგულებელყოფს ღვთის სიტყვას და სიკვდილისაკენ მიმართავს თავის ცხოვრებას, თავისი უგუნური ქმედების მსხვერპლი თავად გახდება, რადგან ღმერთმა ადამიანი თავისუფალ და თვითნებურ არსებად შექმნა.
("ავტოლიკესადმი", 11,27)

წმინდა თეოფილე ამტკიცებს, რომ ბუნებით უკვდავი მხოლოდ ღმერთია, ხოლო სიკვდილს აირჩევს თუ მარადიულ უხრწნელ ცხოვრებას, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. როგორც ვხედავთ, პლატონიკოსთა სწავლებისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც, ადამიანი უკვე საწყისშივე თავის მატერიალურ ბუნებასთან ასოცირდება, ადამიანის, ანუ ღვთის თავისუფალი ქმნილების, ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების მსაზღვრელი სწორედ ეს თავისუფალი არჩევანია.

წარმართებთან დიალოგის საერთო თემის ან ნიადაგის მაძიებლების გარდა არსებობდნენ ისეთი აპოლოგეტებიც, რომლებიც ბერძნულ ფილოსოფიას ქრისტიანობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. მაგალითად, ასეთ შეხედულებებს იზიარებდა ტატიანე სირიელი, რომლის შესახებაც ცნობილია, რომ მან ქრისტიანობა თავისი მასწავლებლის იუსტინე ფილოსოფოსის ზეგავლენით რომში მიიღო. 172 წელს ტატიანე აღმოსავლეთში, სირიაში გაემგზავრა, სადაც გნოსტიკური მწვალებლობის ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ბერძნული ფილოსოფიის თავგამოდებულ მოწინააღმდეგედ გადაიქცა. როგორც ჩანს, ტატიანეს უკიდურესობებისაკენ მიდრეკილი ხასიათი ჰქონდა, ამიტომ ის მკაცრმა ასკეზამ გაიტაცა. მან ეგრეთ წოდებული ენკრატიტების სექტა შექმნა. ენკრატიტები უარს აცხადებდნენ ქორწინებაზე, ღვინოზე და ხორცის პროდუქტებს საკვებად არ ღებულობდნენ. უკიდურესი ენკრატიტები - აკვარიები ევქარისტიის პროცესში მხოლოდ პურსა და წყალს იყენებდნენ, მაგრამ ტატიანესთან მათი კავშირის შესახებ არაფერია ცნობილი.

ტატიანეს ნაშრომებიდან ინტერესს იწვევს ქრისტიანული აპოლოგიური თხზულება: "სიტყვა ელინთა წინააღმდეგ", სადაც მკაცრად არის გაკრიტიკებული ბერძნული ფილოსოფია. ყველაფერი ბერძნული ბოროტისეულია და ის, რაც ბერძნულ ფილოსოფიაში ფასეულია, სხვა ხალხებისგანაა აღებული, ანუ ბერძნების მიერ არ არის შექმნილი; ასე მაგალითად, პლატონმა თავისი სიბრძნე მოსეს სწავლებიდან აიღო, - აცხადებდა ტატიანე.

ასევე ტატიანე ცნობილია თავისი "დიატესარონით", რაც ოთხივე სახარების ერთგვარ "სიმფონიას" წარმოადგენს. ამ კრებულიდან ამოღებულია იესო ქრისტეს წარმომავლობის, მათ შორის დავითის შთამომავლობითობის ამსახველი ყველა ტექსტი. ნიშანდობლივია, რომ არა მხოლოდ ტატიანეს მიმდევრები, არამედ მეხუთე საუკუნემდე, მანამდე, სანამ თეოდორიტე კვირელმა "სიმფონია" კანონიკური ტექსტებით არ შეცვალა, მთელი ანტიოქიის ეკლესია ტატიანეს მიერ შედგენილი სახარებით სარგებლობდა.

ტატიანეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ეკლესია ამ ტიპის სექტანტურობისკენ მიდრეკილ და მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველ ადამიანებს არასოდეს თანაუგრძნობდა. კათოლიკე ეკლესია მთლიანობაში ყოველთვის მთელ კაცობრიობაზე და ყოველ ადამიანზე ზრუნავდა. ის მუდამ ჭეშმარიტებას და ყველაფერ კარგს იმ საზომით განსაზღვრავდა, რამდენადაც ეს მისაღები იყო მართლმადიდებლური სწავლებისათვის.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat