მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
ანგლიკანობა
პროტესტანტიზმის მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება
- ანგლიკანობა ბრიტანეთის კუნძულებზე ჩამოყალიბდა და შემდეგ ბრიტანეთის იმპერიის ყოფილ წევრ სახელმწიფოებში გავრცელდა. ამჟამად ანგლიკანური ეკლესიები ერთიანდებიან ეგრეთ წოდებულ ანგლიკანელთა ერთობაში. ამ გაერთიანების დიდ უმრავლესობას ინგლისის, უელსის, შოტლანდიის საეპისკოპოსო ეკლესიების, ამერიკის შეერთებული შტატების პროტესტანტული საეპისკოპოსო ეკლესიების, ინდოეთის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ეკლესიები წარმოადგენენ. სულ მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონი ანგლიკანური აღმსარებლობის მიმდევარი ცხოვრობს. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იკრიბებიან მათი უმაღლესი იერარქები და საეკლესიო ცხოვრების ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს ეგრეთ წოდებულ ლამბერტის კონფერენციებზე განიხილავენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ანგლიკანობის ცნობილი მოღვაწეები იდგნენ მიძრაობა "რწმენა და ეკლესიური მოწყობის" სათავეში, ამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მუშაობაში ანგლიკანური ეკლესიები ამჟამადაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ.ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
ანგლიკანობა
ინგლისში რეფორმაციული მოძრაობის დაწყებას ძირითადად ჰენრი VIII-ის პიროვნებას უკავშირებენ, მაგრამ ინგლისური რეფორმაციის სულისჩამდგმელი და იდეოლოგი მაინც მისი თანამედროვე თომას კრანმერ კენტერბერიელი იყო, ხოლო წარმატებული მოძრაობის უმთავრეს ძალას რომის კათოლიკური ეკლესიის ის ნაკლოვანებები წარმოადგენდა, რაც ზოგადად ევროპული რეფორმაციის მიზეზი გახდა.
XVI საუკუნის მეორე ნახევრში რეფორმაციის მესამე ძირითადი მიმართულების - ანგლიკანობის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარე ისტორიული მოვლენების თავისებურებების გამო როგორც გერმანიაში, ისე შვეიცარიაში მიმდინარე პროცესებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. თუ ევროპაში რეფორმაციამ "ქვედა" ფენებში დაიდო სათავე, ინგლისში ის "ზემოდან" იწყებს მოქმედებას და სწორედ ეს თავისებურება გახდა ანგლიკანური ეკლესიის შედარებით კონსერვატორული და იერარქიული მოწყობის საფუძველი. გარდა ამისა, ინგლისში რეფორმაცია ევროპულზე უფრო გვიან ამოქმედდა და ამიტომ მას რომისა და ევროპული რეფორმაციის მიმართ შედარებით კომპრომისული და შერბილებული დამოკიდებულება ჰქონდა. მეორე მხრივ, თვით კათოლიკური სწავლება და ეკლესიური ცხოვრება უკიდურესი პროტესტანტიზმისგან, კერძოდ, უკვე მოქმედი კალვინისტური ტრადიციებისგან სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა და ანგლიკანური ეკლესიის ჩამოყალიბების პროცესს ამ ფაქტორმაც გარკვეული კვალი დაამჩნია.
სხვა პროტესტანტული აღმსარებლობებისგან განსხვავებით ანგლიკანურ ეკლესიას შედარებით მცირე რაოდენობის სიმბოლური წიგნები აქვს. ამ წიგნებში ხშირად მიზანმიმართულ ღვთისმეტყველურ ორაზროვნებასა და ბუნდოვანებასაც შეიძლება წავაწყდეთ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ისინი მნიშვნელოვანი რელიგიური დაპირისპირების პროცესშია შედგენილი და ამ წიგნებში საერთო ანგლიკანურ სწავლებაში არსებული წინააღმდეგობებია ასახული. ფაქტობრივად, ეს წიგნები გამორჩეული პრინციპების დამკვიდრებისთვის კი არა, კომპრომისის მოძიების მიზნით არის შექმნილი.
უწინარეს ყოვლისა, მათში მოთავსებულია "ანგლიკანური ეკლესიის 39 წევრი", ანუ 39 წევრისაგან შემდგარი ანგლიკანური მრწამსი, რომელიც "აუგსბურგული აღმსარებლობისა" და კალვინისტური სწავლების ზოგიერთი დებულების საფუძველზე კრეიმერის მიერ შეიქმნა. 1571 წელს ეს დოკუმენტი ინგლისის პარლამენტისა და საეკლესიო იერარქიის მიერ საბოლოოდ იქნა დამტკიცებული. ანგლიკანური ეკლესიების მოქმედებისა და აღმსარებლობის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეგრეთ წოდებულ "საერთო ლოცვების წიგნს", რომელშიც ანგლიკანურ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მასალაა თავმოყრილი. მთელი რიგი რედაქციების გამოცემის შემდეგ 1661 წელს ამ წიგნის საბოლოო ვარიანტიც დამტკიცდა და დღემდე ეს წიგნი რჩება ანგლიკანური ეკლესიების თანამეგობრობის სიმბოლოდ. მესამე სიმბოლური წიგნია "ანგლიკანური კატეხიზმო", რომელსაც საბოლოო სახე 1604 წელს მიეცა.
ამასთან, სარწმუნოებრივ სამოძღვრო სახელმძღვანელოებად სამი მრწამსი მიიჩნევა. ესენია: ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო, რომელსაც ფილიოქუე აქვს დამატებული, ათანასესა და მოციქულთა რწმენის სიმბოლოები, ასევე მსოფლიო კრებების ცალკეული გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ ანგლიკანური ეკლესია გარკვეულ პატივისცემას ავლენს, ნაწილობრივად აღიარებს და იყენებს წმინდა გადმოცემას, იგი მაინც, როგორც ყველა სხვა პროტესტანტული აღმსარებლობა, უარს აცხადებს გადმოცემის სამოძღვრო მნიშვნელობაზე და მიიჩნევს, რომ წმინდა გადმოცემას არ შეიძლება წმინდა წერილის მსგავსი სარწმუნოებრივი აღმსარებლობითი მნიშვნელობა ენიჭებოდეს. ანგლიკანური აღმსარებლობის მეექვსე წევრის მიხედვით მიჩნეულია, რომ: "ყველაფერი, რაც საჭიროა გამოხსნისათვის, წმინდა წერილშია მოცემული".
რეფორმაციის კვალი ნათლად ეტყობა პირველქმნილი ცოდვის შესახებ სწავლებას. ანგლიკანური მრწამსის მეცხრე და მეათე წევრები პრაქტიკულად იმეორებენ ლუთერანულ შეხედულებას პირველქმნილი ცოდვის შესახებ: "ყოველი ადამიანის ბუნების გათვალვა და წახდენა ადამისაგან მომდინარეობს... და სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანი საერთოდ ბოროტებისკენაა მიდრეკილი", ამდენად, "თავისთავად მას არ ძალუძს ისეთი კეთილი საქმეების კეთება, რომლებიც ღმერთისათვის მოსაწონი იქნება".
გამოხსნის შესახებ სწავლებაში ანგლიკანობა რეფორმაციის საერთო წარმოდგენებს ეყრდნობა და მიიჩნევა, რომ ადამიანზე ღვთის განკერძოებული მადლი პიროვნების ნების მიუხედავად მოქმედებს, ანუ ადამიანის გამოხსნა მისი ღმერთთან თანაქმედების გარეშე ხდება. როგორც ანგლიკანური აღმსარებლობის მეთერთმეტე წევრი განმარტავს: "ღვთის წინაშე ჩვენი გამართლება მხოლოდ იესო ქრისტეს დამსახურებების გამო ხდება და ამ პროცესში მხოლოდ ჩვენი რწმენა მოქმედებს, ჩვენი კეთილი საქმეები კი არაფერ შუაშია".
ანგლიკანურმა აღმსარებლობამ შეინარჩუნა რეფორმატების სწავლება ბედისწერის შესახებ, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ შერბილებული და კომპრომისული ვარიანტია. ამ ვარიანტში ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადამიანის ბედისწერაზე უფრო დიდი მნიშვნელობა ღმერთის წინასწარხედვას ენიჭება.
სახარებისეულ საიდუმლოდ ანგლიკანები მხოლოდ ნათლისღებას და ევქარისტიას აღიარებენ, ყველა დანარჩენს მხოლოდ შიდა ეკლესიურად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ისინი სრულფასოვან საიდუმლოებებად ჩაითვალოს, თუმცა მღვდლობის საიდუმლოს მაინც გამორჩეულ პატივს მიაგებენ. ანგლიკანობაში სხვა პროტესტანტებთან შედარებით კარგადაა დაცული საიდუმლოს, როგორც ადამიანში ღვთაებრივი მადლის მოქმედების, მნიშვნელობა. ანგლიკანური აღმსარებლობის ოცდამეხუთე წევრი პირდაპირ აცხადებს, რომ "საიდუმლოებები, რომლებიც ქრისტემ აღიარა, უბრალო... ქრისტიანული სიმბოლოები... არაა, ისინი ღვთაებრივი მადლისა და ჩვენი კურთხევის ნამდვილი ნიშნებია, ამ ნიშნების საშუალებით უფალი ჩვენში მოქმედებს... და უფლის რწმენას გადამღებისა და გვიძლიერებს..."
ლუთერანების მსგავსად, ანგლიკანური ევქარისტია შინაგანად წინააღმდეგობრივია. აღმსარებლობის ოცდამერვე წევრის მიხედვით: "წმინდა წერილით... შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ გარდასახვის შედეგად (პურისა და ღვინის გარდაქმნის მაცხოვრის საიდუმლოში) ღვთაებრივ ევქარისტიაში ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულს ვღებულობთ... ამიტომ, მათი აზრით, ევქარისტია რწმენაა... პურსა და ღვინოში კი მათი ბუნებრივი არსია შენარჩუნებული". თუმცა წმინდა ძღვნის გარდასახვის უარყოფა არ ნიშნავს საიდუმლოს მიმდინარეობის პროცესში სრულ უცვალებლობას. ანგლიკანების აზრით, არ იცვლება პურისა და ღვინის ბუნება, მაგრამ მათ მიმართ უხილველად იცვლება მაცხოვრის ზეციური სისხლისა და ხორცის დამოკიდებულება. ეს ცვლილება კანონიერად ხელდასხმული სასულიერო პირის მიერ წმინდა ძღვნის კურთხევის დროს მიმდინარეობს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ, მათი აზრით, ეს მხოლოდ სულიერი პროცესია. ამ დროს ქრისტეს სისხლი და ხორცი პურსა და ღვინოს გამოუთქმელად უერთდება, რის შემდეგაც საიდუმლოში მონაწილეობისთვის განმზადებული ქრისტიანი წმინდა ძღვენს ეზიარება. ამრიგად, მაცხოვრის ხორცად და სისხლად პური და ღვინო იმ თვალსაზრისით გარდაიქმნება, რომ ძღვენი ქრისტეს სისხლისა და ხორცის ღირსებას ღებულობს და ეს სულიერი თანა-ყოფა და მყოფობა "ანგლიკანური კატეხიზმოს" მიხედვით რეალურია: "ქრისტეს სისხლი და ხორცი ჭეშმარიტია და მორწმუნე საიდუმლოს აღსრულების პროცესში სწორედ მას ეზიარება". საერთოდ, ასეთი ბუნდოვანება ანგლიკანური ღვთისმეტყველებისათვის დამახასიათებელია და ამიტომ ანგლიკანობისათვის ამ საკითხზე საკმაოდ მრავალმხრივი შეხედულებების არსებობაც დასაშვებად მიიჩნევა.
ანგლიკანური ეკლესია მთელი რეფორმაციის მსგავსად უარყობს ევქარისტიულ საიდუმლოში მსხვერპლშეწირულობის მნიშვნელობას. ანგლიკანური აღმსარებლობის ოცდამეთერთმეტე წევრი განმარტავს: "მაცხოვრის მიერ ერთხელ გაღებული მსხვერპლი ის მსხვერპლია... რომელმაც კაცობრიობა ყველა ცოდვისგან... ანუ, როგორც პირველქმნილი, ისე ნებისმიერი სხვა ცოდვებისგან გამოიხსნა და ამიტომ ახალი ცოდვების გამო არანაირი მსხვერპლის საჭიროება აღარ არსებობს. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ მოსაზრებები ლიტურგიის პროცესში მსხვერპლშეწირვის შესახებ... საშიშ ტყუილს წარმოადგენს".
როგორც უკვე აღინიშნა, ანგლიკანურ ეკლესიაში საიდუმლოს ელემენტებს ინარჩუნებს მღვდლობა. იერარქიაში თავისი მნიშვნელობა და ღირსება აქვს შენარჩუნებული საეპისკოპოსო, სამღვდელო და სადიაკვნო წოდებებს, ეს არის კათოლიკური ეკლესიიდან შემორჩენილი, მთელ პროტესტანტულ სპექტრში ანგლიკანობის გამორჩეული თავისებურება. ამასთან, ანგლიკანურმა ეკლესიებმა არა მხოლოდ იერარქიული სისტემა, არამედ, სამოციქულო მემკვიდრეობითობის იდეაც შეინარჩუნეს, რაც ნებისმიერი სხვა პროტესტანტული აღმსარებლობისათვის სავსებით მიუღებელია.
სამოციქულო მემკვიდრეობითობის საკითხში ინგლისისა და ამერიკის ანგლიკანური ეკლესიები მჭიდროდ არის დაკავშირებული მართლმადიდებლურ და უპირველეს ყოვლისა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ორი ბოლო საუკუნის მანძილზე ეს კავშირები იმდენად გამოცოცხლდა, რომ გარკვეულ მომენტში მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანგლიკანური ეკლესიის შემოყვანის საკითხიც კი დადგა. ამ დისკუსიებში მონაწილეობას ყველაზე ცნობილი რუსი ღვთისმეტყველები ღებულობდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, ობიექტური მიზეზების გამო ასეთი გაერთიანების განხორცელება შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ანგლიკანებსა და მართლმადიდებლებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა დღემდე გრძელდება. რევოლუციის შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლები დასავლეთის მოსახლეობის იმ უმცირესობაში იყვნენ, ვინც კომუნისტური დევნის პერიოდში მართლმადიდებლურ ეკლესიას თანმიმდევრულად უჭერდა მხარს. სავალალოა, მაგრამ ანგლიკანური ეკლესიის ბოლო დროის გადაწყვეტილებებმა ქალთა მღვდლობის შესახებ მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის ურთიერთობა მეტად დააზარალა.
საკითხი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს მართლმადიდებლური, კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმეტყველებს უნდა გადაეწყვიტათ, შეეხებოდა ანგლიკანური ეკლესიის იერარქიის მოციქულებრივ მემკვიდრეობითობას, მაგრამ აქ წამოიჭრა მთელი რიგი ისტორიული პრობლემები და გაჩნდა ურთულესი საკითხები, რომლებიც ეკლესიისა და საეკლესიო საიდუმლოებების სწავლებასთან იყო დაკავშირებული.
საკითხის კვლევას 1559 წლის 17 დეკემბრამდე, ანუ იმ მომენტამდე მივყავართ, როდესაც კენტერბერიელი არქიეპისკოპოსის მათე პარკერის ხელდასხმა მოხდა. საქმე ის არის, რომ მთელი თანამედროვე ანგლიკანური იერარქია სწორედ ამ მღვდელმთავრისგან იღებს სათავეს. ის ოთხი ინგლისელი ეპისკოპოსის მიერ იყო ხელდასხმული, რომელთაგან ორს რომის კათოლიკური ეკლესიისგან ჰქონდა მიღებული მემკვიდრეობითობა, ხოლო დანარჩენი ორი ახალი, ანგლიკანური წესით არქიეპისკოპოს კრანმერის მიერ იყო ხელდასხმული. ხელდასხმა, თავის დროზე, ამ უკანასკნელსაც რომის კათოლიკური ეკლესიისგან ჰქონდა მიღებული, მაგრამ პაპის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო ის უკვე კანკვეთილი იყო ეკლესიიდან.
რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ანგლიკანობას განაჩენი 1896 წელს ლევ XIII-ის ბულათი გამოუტანა. დოკუმენტის მიხედვით, ანგლიკანური ეკლესიის მიერ რეფორმირებული წესით განხორციელებული ყველა ხელდასხმა ბათილად იქნა მიჩნეული. მიზეზად ის იქნა დასახელებული, რომ რეფორმირებულ წესში დარღვეულია ის დადგენილი ფორმა, რომელიც საეკლესიო მსახურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ამ საკითხთან მიმართებით მართლმადიდებლური ეკლესია იმ პრინციპიდან გამოდიოდა, რომ საკითხის ფორმალურ მხარეზე უფრო მნიშვნელოვანი აღმსარებლობითობაა. ვასილი ბოლოტოვი წერდა: "არ უნდა დაგვავიწყდეს და საჭიროა ვაღიაროთ" ის სინამდვილე, რომელიც ინგლისურ იერარქიასთან არის დაკავშირებული, "აუცილებელია დავრწმუნდეთ მის მართებულებაში და მართლმადიდებლობაში", ანუ ამ შემთხვევაში მღვდელმსახურებაში, ჭეშმარიტი მოციქულებრივი შთამომავლობითობის განმსაზღვრელი, საბოლოო ჯამში, მრწამსის შინაარსი უნდა ყოფილიყო. ეკლესიურ ცხოვრებაში მადლისა და აღმსარებლობის ურთიერთმიმართების მართმადიდებლური თვალსაზრისია გამოთქმული ამ საკითხის ერთ-ერთი მკვლევრის პროფესორ სოკოლოვის სიტყვებში: "თავის ოფიციალურ აღმსარებლობაში ანგლიკანური ეკლესია მღვდლობას საიდუმლოდ არ აღიარებს და არ ასწავლის ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებაში მწყალებლური მსხვერპლის შესახებ... ამიტომ ანგლიკანური ეკლესიის იერარქიასთან დაკავშირებულ საკითხში მთავარი ის არის, სწორად განვსაზღვროთ, ნამდვილი ხელდასხმის შემთხვევაში რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ასეთმა შეცდომებმა".
საერთო მართმადიდებლური დასკვნის მიხედვით უნდა ითქვას, იმისათვის, რათა ამ ეკლესიასთან დაკავშირებული იერარქიული საკითხები საბოლოოდ გადაწყდეს, აუცილებელი ხდება ანგლიკანური ეკლესიის მრწამსში ჭეშმარიტი მართლმადიდებლური შინაარსი გამოიკვეთოს...
სავალალოდ, უკანასკნელ ათწლეულებში ანგლიკანური ეკლესიის სწავლებასა და პრაქტიკაში მომხდარმა ცვლილებებმა ის უფრო მეტად დააშორა ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ამერიკის შეერთებული შტატების საეპისკოპოსო ეკლესიაში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს ქალთა მღვდლობის პრაქტიკა, 1994 წლიდან ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ინგლისის ეკლესიამ.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ანგლიკანური ეკლესიის მამები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ როგორც კათოლიკური, ისე პროტესტანტული უკიდურესობებისთვის, მათი ეკლესია შინაგანად მაინც არამყარი აღმოჩნდა. ანგლიკანური ეკლესიის სწავლებაში არსებულმა გაუგებრობებმა საპირისპირო მიმართულებების შექმნის შესაძლებლობა წარმოქმნა. მაგალითად, ამჟამად ინგლისის ეკლესიაში მოქმედებს ორი ძირითადი მიმართულება: "მაღალი ეკლესია", რომელმაც საეკლესიო ტრადიციების ელემენტები შეინარჩუნა, და "ფართო ეკლესია", რომელშიც პროტესტანტული შეხედულებებია დამკვიდრებული.