მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
რეფორმაციის სწავლება ცოდვის ტყვეობიდან მხოლოდ რწმენით გამოხსნის შესახებ (სოლა ფიდე)
პირველქმნილი ცოდვის შესახებ ავგუსტინესეული თვალსაზრისის ერთმნიშვნელოვნად გაზიარებამ რეფორმატორი ღვთისმეტყველები მეორე უკიდურესობაში ჩააგდო და მიიყვანა დასკვნამდე, რომ გადარჩენა მხოლოდ რწმენით - სოლა ფიდე არის შესაძლებელი. ცოდვის ტყვეობიდან კათოლიკურად "გარიგებით" გამოხსნა, რომლის დროსაც ადამიანმა ღვთაებრივი სამართალი თავისი კეთილი საქმეებით უნდა დააკმაყოფილოს, ლუთერის აზრით, უდიდესი მკრეხელობაა, რადგან ღვთის ნაცვლად თვით ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას და ამით იმ უდიდესი მსხვერპლის მნიშვნელობას აკნინებს, რომელიც უფალმა ადამიანისთვის გაიღო. კათოლიკური სოტეროლოგიის (სწავლება გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ) შინაგან სიყალბეს დასავლეთის ეკლესიის ბევრი გამოჩენილი ღვთისმეტყველი რეფორმატორებამდე ხედავდა. როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილ "აუგსბურგის აღსარებაშია" ნათქვამი: "ვინც ფიქრობს, რომ თავისი საქმეებით გამოხსნის მადლი მოიპოვა - არაფრად აგდებს იესო ქრისტეს დამსახურებებს და... ღვთისაკენ მიმავალ გზას მაცხოვრის მიღმა, ადამიანურ ძალებში დაეძებს". ამ კათოლიკურ სწავლებას რეფორმაცია მთელი თავისი ძალებით დაუპირისპირდა და გამამართლებელი მადლის მოპოვების ერთადერთ საშუალებად იესო ქრისტესადმი მიმართული რწმენა მიიჩნია. ლუთერმა ამჯერადაც მისთვის ჩვეული კატეგორიულობა გამოავლინა და რწმენა, როგორც ადამიანის უკიდურესად ღრმა სულიერი გრძნობების გამჟღავნების საშუალება, კათოლიკური საწესო სწავლების საპირისპირო ძალად გამოაცხადა.
ისტორიულად კათოლიციზმში ეს დაპირისპირება რეფორმაციის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ვითარდებოდა. მაგალითად, ჯერ კიდევ მსგავს მოსაზრებებს ბერნარ კლერვოსელი (1090-1153), ხოლო შემდეგ, XV საუკუნეში იოანე ვესელი გამოთქვამდნენ. ეს უკანასკნელი ქადაგებდა, რომ კეთილი საქმეებით ხსნა შეუძლებელია, რადგან მეტაფიზიკური თვალსაზრისით ადამიანის ბრალი იმ ღვაწლზე შეუდარებლად დიდია, რომელიც ადამიანმა თავისი კეთილქმედებით შეიძლება გაიღოს. სწორედ რეფორმაციის იდეოლოგების მსგავსად, მხოლოდ რწმენით ხსნის შეუძლებლობის შესახებ თავის "ტრაქტატში ან გზავნილებაში ადამიანის გამართლების შესახებ" XVI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი იერარქი კარდინალი კონტარინი წერდა: ეკლესიური კანონი არ შეიძლება აბსოლუტურ სრულყოფილებად ჩაითვალოს და ვერ ვიტყვით, რომ კანონების ზუსტი აღსრულებით შეგვიძლია ღმერთის წინაშე მართალნი აღმოვჩნდეთ.
მიუხედავად კათოლიკური სწავლების ასეთი საყოველთაო კრიტიკისა, სოლა ფიდეს საფუძვლებიც ადამიანის ღმერთის შესახებ არასწორ წარმოდგენებში და მცდარ შეხედულებებში იღებდა სათავეს, ანუ დასაყრდენს იმაში პოულობდა, რასაც შუა საუკუნეებში კათოლიკეები ღმერთის ადამიანისადმი დამოკიდებულებას უწოდებდნენ. ამ პერიოდის კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში ღმერთის გულმოწყალება და შემწყნარებლობა ღვთაებრივმა სამართლიანობამ ჩაანაცვლა. კათოლიკეების წარმოდგენაში მაცხოვრის ადგილი დიდმა ინკვიზიტორმა, ანუ ღმერთმა დაიკავა. მშვიდი, კაცთმოყვარე, მიმტევებელი ღვთაების ნაცვლად, ცოდვით დამძიმებული ადამიანის წინაშე ჯოჯოხეთური სატანჯველი დაიხატა. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ცოდვიდან გამოხსნისთვის საჭირო ქმედებების მამოძრავებელ საშუალებად შიში უნდა ქცეულიყო. ამავე დროს, სატანჯველის ცეცხლით დამძიმებული ადამიანის აზროვნებაში ხსნის იმედებიც მიინავლა. კეთილი საქმეების კეთება ადამიანს ვერ უქმნიდა გარანტიას, რომ სიკვდილთან ერთად ის ჯოჯოხეთში არ აღმოჩნდებოდა. როგორც "შმალკალდენის არტიკულებშია" ნათქვამი: "ჩადენილი ცოდვების საქმეებით დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან, რომ არაფერი ვთქვათ ყველა ცოდვის შესახებ, არავინ იცის, თუნდაც ერთი ცოდვის გამო რამდენი სიკეთე უნდა გააკეთოს ადამიანმა". საკუთარი ხსნის საკითხთან დაკავშირებულმა ასეთმა გაუგებრობამ ქრისტიანების თვითშეგნება რწმენისკენ მიმართა და შუა საუკუნეების კათოლიკურ, ჯოჯოხეთურ მარწუხებში მოქცეულმა ადამიანმა გადარჩენის გარანტირებული საშუალება სოლა ფიდეში დაინახა. თავად მარტინ ლუთერი აღიარებდა, რომ მისი პიროვნული პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა ცოდვებიდან საკუთარი პიროვნების გამოხსნის გარანტიის არარსებობა იყო: "მიუხედავად იმისა, რომ მე უცოდველი ბერი ვიყავი, ჩემი მდგომარეობა იმგვარად წარმომედგინა, – წერს იგი, – რომ მე, საკუთარი სინდისით დათრგუნული, უბედურ ცოდვილად ვიდექი ღვთის წინაშე და არანაირი რწმენა არ მქონდა, რომ ჩემი ღვაწლი ჩემს მდგომარეობას რამდენადმე შეამსუბუქებდა. ამიტომ მე კათოლიკური სამართლიანი ღმერთის მიმართ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი და მისი მისამართით მუდმივ დრტვინვასა და უკმაყოფილებას გამოვხატავდი... შემდეგ მივხვდი, რომ ღმერთის წინაშე გამართლების ყველაზე უკეთესი საშუალება უბიწოებაა. უბიწოზე გადმოდის ღვთაებრივი მადლი და ღვთაებრივ რწმენაში განმტკიცებულ ადამიანს ღმერთი თავისი გულმოწყალებით შეიწყნარებს. ამის შემდეგ, საკუთარი პიროვნება განახლებულად და კვლავდაბადებულად შევიგრძენი, თითქოს ჩემთვის რაღაც საოცარი კარი გაიღო და ანაზდად სამოთხეში აღმოვჩნდი". ამ მოწოდებით ლუთერმა ათასობით იმ კეთილგონიერი კათოლიკე ქრისტიანის გრძნობა გამოხატა, რომელიც შემდეგ კეთილსინდისიერ პროტესტანტად მოგვევლინა.
ცოდვის ტყვეობიდან მხოლოდ რწმენით გამოხსნის იმედი, უპირატესად, მოციქულ პავლეს ლუთერისთვის საყვარელი ეპისტოლეს მისებრმა განმარტებამ გაუჩინა. "აუგსბურგის აღსარებაში" ვკითხულობთ: "უშუალოდ ჩვენი ღვაწლით არ შეიძლება ღვთის წინაშე ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვები გვეპატიოს და ჩვენ მიერ განხორციელებული უსამართლობების გამართლებას მივაღწიოთ: ჩვენ ჩვენს ცოდვებში გამართლება და განწმენდილობა მხოლოდ ღვთის წყალობით შეგვიძლება მივიღოთ. გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვების გამო ეწამა და ჯვარს ეცვა. ქრისტეს ღვაწლით და წყალობით ჩვენ გავმართლდებით და საუკუნო სიცოცხლეს მოვიპოვებთ, რადგან, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, ქრისტე ჩვენთვის ეწამა და ქრისტეს გამო ქრისტეს რწმენაში ჩვენი ცოდვები ჩვენი რწმენითვე მიგვეტევება".
როგორც ვხედავთ, საქმე, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ადამიანისგან ღმერთის წინაშე გამართლებისათვის ასეთი გულმოდგინებით მოითხოვდა, საჭირო არ აღმოჩნდა. "ადამიანს სამართლიანობის აღსადგენად საჭირო სასჯელის შიში აქვს და აი, მას იესო ქრისტეს სიკვდილზე, როგორც ღმერთის სამართლის დასაკმაყოფილებლად გაღებულ უსასრულოდ დიდ ღვაწლზე, მიუთითებენ, ეს ისეთი ღვაწლია, რომელიც სამართალს... უფლებას აღარ აძლევს ადამიანისგან რაიმე სხვა ღვაწლი მოითხოვოს". ამ შემთხვევაში ადამიანის ძალისხმევა არათუ საჭიროებას, საშიშროებასაც კი წარმოადგენს, რადგან ძალისხმევამ შესაძლოა ღვთის მადლის გადმოსვლასაც კი შეუშალოს ხელი. იესო ქრისტემ კაცთა მოდგმის ცოდვის სანაცვლოდ ღვთის წინაშე ისეთი საზღაური მიიტანა, რომ ხსნა უკვე გარანტირებულია, ხოლო ამ საზღაურის გათავისებისათვის ადამიანს მხოლოდ რწმენა ესაჭიროება. თუ ადამიანმა დაიჯერა, რომ მსხვერპლი მისთვისაცაა გაღებული, ის უკვე ამ მსხვერპლის გამომხსნელი ძალის თანამფლობელია.
ვნახოთ, რას წარმოადგენს ეს გამომხსნელი რწმენა, რომელსაც შეუძლია ადამიანი "მაცხოვრის ღვაწლის ჭურჭლად გადააქციოს". საერთოდ რწმენა - არც ადამიანის პირადი დამსახურება და არც მისი შინაგანი სრულყოფილების ნაყოფია. რწმენა არ ეკუთვნის უშუალოდ ადამიანს, ის, როგორც განსაკუთრებული ნიჭი, ადამიანზე ღმერთისგან გადმოდის. ლუთერი წერდა: "რწმენა არ წარმოადგენს ადამიანის ნააზრევის იმ ნაწილს, რომელიც მისგან შეიძლება წარმოიშვას; რწმენა ადამიანის გულში მოქმედი ღვთაებრივი ძალაა". ლუთერის ცნობილი სიტყვებია: "ყველაფერი ღვთის განსაზღვრული და უცვალებელი ნებით ხდება. ჩვენში კეთილიცა და ბოროტიც ღმერთის ნებით აღიძვრება; ის ჩვენ დამსახურების გარეშე გვაცხონებს და უმიზეზოდ გვადანაშაულებს". ამ თვალსაზრისში არანაირ გადამეტებასთან არ გვაქვს საქმე, რადგან ლუთერანულად ადამიანს თავისი ნება არ გააჩნია, ნება მასში მოქმედი ღვთაებრივი მადლის შეუცნობლად მატარებელია, და, შეიძლება ითქვას, პროტესტანტების "სოლა ფიდე" კათოლიკურ "ოპუს ოპერატუმად" ("აღსრულებული მოქმედებს მიუხედავად პასიურობისა") გადაიქცა. იმისათვის, რომ უკვდავება მოიპოვოს, ადამიანს შეუძლია და ვალდებულიცაა, იესო ქრისტეს მხოლოდ გონით შეეხოს. გადარჩენისთვის საკმარისია მხოლოდ გჯეროდეს, რომ გადარჩები, რადგან გამამართლებელი რწმენა თავისთავად ღმერთისადმი მიმართვასაც გულისხმობს და ლუთერის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ხსნის შესახებ შენში აღძრული აზრიც კი შენი მონაპოვარია". როგორც არქიმანდრიტი ქრისანთე ბრძანებს: "პროტესტანტიზმმა პრინციპი "მწამს, ესე იგი გადავრჩი" თავის საჯილდაო ქვად აქცია".
რას ღებულობს ადამიანი მაცხოვრის მიერ ღვთის სამართლის გამო გაღებული მსხვერპლიდან? პროტესტანტული თვალსაზრისით, მაცხოვრის მიერ გაღებული სამართლის დამაკმაყოფილებელი მსხვერპლის საშუალებით ადამიანის გამართლება ხდება, მაგრამ გამართლებული ადამიანი ცოდვისგან კი არა, იმ სასჯელისაგან თავისუფლდება, რომელსაც ცოდვის გამო იმსახურებდა. ერთ-ერთ სიმბოლურ წიგნში წერია: "გამართლება ცოდვას ვერ სპობს, რადგან ცოდვა მასში ღრმად არის ჩაბუდებული, გამართლებით ცოდვა მხოლოდ იფარება". "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულიდან ცოდვა ამოძირკვული და განდევნილი არ არის, ღმერთი, ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის გამო, ადამიანს მაინც მართალ და წმინდა არსებად მიიჩნევს, ის ადამიანის ცოდვიანობაზე ყურადღებას აღარ ამახვილებს და უსჯულოების გამო არ სჯის მას".
ისეთი გამართლების არსი, როგორსაც პროტესტანტი რწმენის საშუალებით ეძებს, "ცოდვისაგან, წყევლისა და სიკვდილისაგან" განთავისუფლება კი არა, კათოლიკური სწავლების მსგავსად, სასჯელისაგან განთავისუფლებაა. ამ სასჯელს იმ შემთხვევაში შეიძლება გადაურჩეს ადამიანი, თუ მან გამართლებას მიაღწია, მაგრამ არა საკუთარი შინაგანი განწმენდილობის, არამედ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის გამო. "იმის მიუხედავად, ჩვენი ბუნებით მართლები ვართ თუ არა, ჩვენი გამართლება იესო ქრისტეს სიმართლით ხდება". ცოდვილი ადამიანის გამართლებულად გამოცხადებას "პრინუნციაციას" უწოდებენ და ამის შემდეგ ღმერთი ადამიანისგან ცოდვების სანაცვლოდ აღარაფერს ითხოვს. რწმენის შესაბამისად, ადამიანი ყოველგვარი ზნეობრივი ცოდვის შედეგებისგან თავისუფლდება.
მაგრამ რა უნდა აკეთონ ლუთერანებმა იმის შემდეგ, რაც მათ რწმენის ძალით ღმერთი შემოირიგეს და ყოველგვარი ცოდვის შედეგისაგან განთავისუფლდნენ? როგორც უკვე აღინიშნა, გარკვეულმა ზნეობრივმა მუხრუჭებმა რეფორმატორებს არ მისცა იმის საშუალება, კეთილი საქმეების კეთებაზე საბოლოოდ ეთქვათ უარი. სიმბოლურ, სამოძღვრო წიგნებში საუბარია ცოცხალ ანუ ქმედით რწმენაზე, "რომელიც უეჭველად ახალ მისწრაფებებსა და ახალ საქმეებს ბადებს". ამავე დროს, პროტესტანტული "აპოლოგია" აქვე უმატებს, რომ "ადამიანის გამართლებისათვის კეთილი საქმეები საჭირო არაა, რადგან თვითონ კეთილი საქმეები ნაყოფი და შედეგია ცოდვაში გამართლებისა".
ამრიგად, რეფორმაცია კეთილი საქმეების კეთებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ უარყოფს ამ საქმეების წვლილს ადამიანის გამართლების საქმეში.