მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
რეფორმაციის სწავლება პირველქმნილი ცოდვის შესახებ
გერმანული რეფორმაციის პერიოდში კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველებთან დავის პროცესში
პროტესტანტიზმს და ლუთერანულ-პროტესტანტულ მიმართულებას ზოგადი საფუძვლები მარტინ ლუთერმა, ფილიპ მელანქტონმა და მათმა თანამოაზრეებმა შეუქმნეს. ამიტომ, პროტესტანტიზმის საერთო სარწმუნოებრივი მოძღვრების შესწავლის დროს, როგორც კლასიკური პროტესტანტიზმის ისტორიული წყარო, ჩვენს ყურადღებას, უწინარეს ყოვლისა, ლუთერანობა იქცევს. რეფორმაციის პრინციპებიც სწორედ ლუთერანობის ფუძემდებლებმა შექმნეს და მომდევნო წლებში წამყვანმა რეფორმაციულმა შტოებმა ეს პრინციპები საკუთარი სწავლების საფუძვლებად აქციეს.ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნეობრივი მოძღვრება
რეფორმაციის სწავლება პირველქმნილი ცოდვის შესახებ
პირველქმნილი ცოდვის შინაარსის თავისებურად განმარტებამ რეფორმაციის მამები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. ლუთერმა გაილაშქრა კათოლიკური ეკლესიის სწავლების იმ დებულების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც სული, რომელიც დასაბამიდან ღვთის ხატად შეიქმნა, შემოქმედისაკენ მიილტვის, მაგრამ ადამიანს ასევე გააჩნია ფიზიკური საწყისი და ის, თავისი ქვენა გრძნობებით, ღვთისაკენ სწრაფვას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. პირველ ადამიანებში ასეთი თანდაყოლილი ორობითობის დაძლევა ღვთის დახმარებით ხდებოდა. კათოლიკეები ფიქრობდნენ, რომ სამოთხეში ადამიანი სრულყოფილი იყო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი და ცდუნებისაგან მის ბუნებრივ მდგომარეობას თავისი ზებუნებრივი "პირველქმნილი უბიწოების მადლის" ზეგავლენით ღმერთი იცავდა. კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა ადამიანი თავისი დამხმარე "უბიწოების მადლის" გარეშე დატოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანმა თავისი პირველქმნილი ბუნება დაუზიანებლად შეინარჩუნა და რადგან ადამიანის ბუნება დაუზიანებელი დარჩა, მისთვის კეთილი საქმეების კეთება ღვთის მიერ ბოძებული "უბიწოების მადლის" გარეშეც არის შესაძლებელი და, მათი აზრით, ცოდვის ტყვეობიდან თავის გამოხსნისათვის ეს საკმარისი საშუალებაა. რეფორმაციის მამა ლუთერი კი ამტკიცებდა, რომ თუ ადამიანს უღმერთოდ კეთილი საქმეების კეთებისა და თვითგადარჩენის უნარი აქვს, მაშინ იესო ქრისტეს ღვაწლი კნინდება და თავის მნიშვნელობას კარგავს. ამიტომ, ლუთერმა მიიჩნია, რომ ამ "უნიადაგო კეთილქმედების" საპირისპიროდ, საჭირო იყო ისეთი არგუმენტაციის მოძიება, რომლითაც პირველქმნილი ცოდვის დამანგრეველი ზემოქმედების უეჭველობა დასაბუთდებოდა და ადამიანი დარწმუნდებოდა, რომ მას დამოუკიდებლად, ანუ უღმერთოდ სიკეთის კეთება და საკუთარი თავის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა არ შეუძლია და ადამიანის გადარჩენა მხოლოდ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
შემდეგ ლუთერმა დაასკვნა, რომ პირველი ადამიანების უხრწნელი ბუნება არა მხოლოდ უცოდველობით, არამედ უმაღლესი სულიერი შესაძლებლობებითაც გამოირჩეოდა და მისი შეგრძნებები და ყოფიერება ღვთაებრივ სრულყოფილებასთან სრულ თანხვედრაში იყო. ადამიანის "სრულფასოვანი უბიწოება" ჰარმონიას არა მხოლოდ ადამიანის პიროვნულ ბუნებაში, არამედ ღმერთთან ურთიერთობაშიც ქმნიდა. როგორც ნათქვამია "აუგსბურგის აღსარების აპოლოგიაში": "ადამიანის ბუნებრივი ძალების ერთობლიობა, რომელსაც მოკლედ "ღვთის ხატი" შეიძლება ვუწოდოთ, თავისთავად საკუთარი ბუნებრივი და მიღწევადი მიზნისკენ – ღმერთისკენ იყო მიმართული", ანუ ადამიანს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა მისწვდომოდა ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთის შესახებ და ამავე დროს, ღმერთთან მუდმივ ერთობაში ყოფილიყო. "რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ, არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაც თქმულა: "რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას? ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა" (ებრ. 2:5-8). ამ სიტყვებიდან გამომდინარე, პროტესტანტული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით ადამიანს ზებუნებრივი არაფერი ესაჭიროებოდა. ამრიგად, კათოლიკეებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანი თავის პირველქმნილ მაღალ მდგომარეობას ღვთისაგან მუდმივად მოწოდებული "უბიწოების მადლით" ინარჩუნებდა, რეფორმაციის მამები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანისათვის სრული უბიწოება და შინაგანად ჰარმონიული მდგომარეობა თანდაყოლილი და ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო.
მაგრამ რაც უფრო მომხიბვლელია პროტესტანტული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით დანახული პირველქმნილი ადამიანი სამოთხეში, მით უფრო ღრმავდება და დამთრგუნველი ხდება მისი დაცემისა და სამოთხიდან განდევნის სიმძიმე. ამ შემთხვევაში დაცემა აღარ არის მხოლოდ ღვთივბოძებული სისრულის დაკარგვა, ადამიანი მხოლოდ კი არ დანაკლულდა ან დამდაბლდა, არამედ იგი ცოდვის მიერ ძლეული, დამხობილი იქნა და პრაქტიკულად მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ადამიანმა დაკარგა თავისი უბიწოება, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გაჩნდა ბოროტებისკენ ლტოლვის სურვილი და ერთი სიტყვით, "ღვთის ხატი", ბოროტების მორჩილების გამო, ღმერთის მტრად გადაიქცა და ის მუდმივად ამ მტრობაშია მხილებული და გმობილი. "თანხმობის ფორმულა" ქადაგებს: "უნდა გვჯეროდეს, რომ ადამმა თავისი პირველქმნილი ბუნებითი უბიწოება, ანუ ღვთის ხატება დაცემის გამო დაკარგა... დაკარგული ღვთის ხატების ნაცვლად, მას ბუნების მთელ სიღრმემდე... უმძიმესი ხრწნადობა დაეუფლა..." ადამიანის სული ღვთის წინაშე უსულო ნეშტად გადაიქცა და დაცემული არსება, იმავე "თანხმობის ფორმულის" მიხედვით, ლოტის ცოლის მსგავსად, მარილის სვეტს დაემსგავსა. თავნება ადამიანმა "ზნეობრივი თვალსაზრისით კერპის სახე შეიძინა", რომელსაც არათუ არ ძალუძს სიკეთის ქმნა, სიკეთის ქმნის სურვილიც კი არ გააჩნია.
თუ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას მიაჩნია, რომ ადამიანის ბუნება პირველქმნილი ცოდვით სრულად არ დაზიანებულა და მას ღვთის მადლით ყოველთვის შეუძლია გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი, რეფორმაცია ერთმნიშვნელოვნად ქადაგებს, რომ ადამიანის ბუნება მთლიანად დაზიანდა და ის ცოდვის მორჩილებაშია. ამ საკითხთან დაკავშირებით ლუთერს ნათლად გამოკვეთილი ფიგურალური პოზიცია ჰქონდა, ის წერდა: "ადამიანის ნება ცხენს ემსგავსება. თუ ღმერთი ამხედრდა მასზე, ის იქით გარბის, საითაც ღმერთი მოისურვებს; თუ ეშმაკმა მოიხელთა, იქით გაქუსლავს, საითაც ეშმაკი მიმართავს". წარმოდგენამ, რომ ადამიანს არ ძალუძს კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანი გააკეთოს, შემდგომში კალვინს იმის საფუძველი მისცა, რომ შეექმნა ახალი სწავლება ბედისწერის შესახებ.
მას შემდეგ, რაც ადამიანმა შეიტყო, რომ თურმე მას სიკეთისაკენ მისწრაფება არ გააჩნია, ზნეობრივმა შედეგმაც არ დააყოვნა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი რეფორმატორი თავის ქადაგებაში ქრისტიანებს იუდეველთა მცნებების აღსრულებაზე უარის თქმას და სხვა ამგვარ "სიახლეებს" უნერგავდა. ამის გამო მელანქტონმა ლუთერის კატეგორიული ტონის მნიშვნელოვნად შერბილება და ახალი სწავლების შემდგომი განვითარება სცადა. ასე მაგალითად, "თანხმობის ფორმულა" წმინდა წერილის საფუძველზე, ადამიანის ბუნებას, რომელშიც ცოდვა ცხოვრობს, უკვე თავად ადამიანის ბუნებაში არსებული ცოდვისაგან განასხვავებს და ამით ასაბუთებს, რომ დაცემული ბუნება არ გახდა ცოდვის იდენტური. ცოდვა ეშმაკისგანაა, ხოლო ბუნება - ღმერთისგან; ცოდვა მხოლოდ ხარისხი შეიძლება იყოს, ის თავად ბუნება ვერ გახდება, რადგან ბუნებამ დაცემის შემდეგ ცოდვისგან განმასხვავებელი მენტალიტეტი შეინარჩუნა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანს ცოდვით დაცემის მიუხედავად სიკეთის კეთების, თუნდაც შეზღუდული, მაგრამ გარკვეული შესაძლებლობა მაინც გააჩნია. ამ უნარს მელანქტონმა "ხორცის სიწრფელე" უწოდა. ეს სიწრფელე, ცხადია, ღვთაებრივი და სულიერი სიწმინდისაგან, რომელიც ადამიანის ძალისხმევას არ ექვემდებარება, განსხვავდება. როგორც ამას "აუგსბურგის აღსარება" ქადაგებს: "ადამიანს, თავისი ნებით, სულიწმინდის გარეშე, არ ძალუძს ღმერთის სამართლის ან სულიერი სიწმინდის შესაბამისად" იმოქმედოს. უნდა ითქვას, რომ ღმერთთან თანხვედრილი სულიერი სამართალი სოტეროლოგიის სფეროა და მისი შესწავლის საგანი სწორედ ადამიანის ცოდვიდან გამოხსნა და გადარჩენაა. ადამიანში სიწმინდე თავის საწყისს და მოქმედი ძალის დასაბამს უშუალოდ ღვთაებრივი მადლით იღებს. იმავე "აუგსბურგის აღსარების" სიტყვებით რომ ვთქვათ: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადამიანში თავისუფალ ნებას და იმ ძალებით მოქმედების უნარს ვაღიარებთ, რომლებსაც კანონის გარე საქმეების აღსრულება ძალუძს, ამ შესაძლებლობებს ისეთ სულიერ საქმეებს ვერ მივაწერთ, როგორებიც არის, მაგალითად: ღვთის ჭეშმარიტი შიში და რწმენა... ეს მოსეს პირველი ქვის ფირფიტის კანონებია და ადამიანის გულს სულიწმინდის გარეშე მათი აღსრულება არ შეუძლია".
ერთი სიტყვით, რეფორმაციამ ადამიანს მხოლოდ არჩევის შეზღუდული უნარი დაუტოვა და ამ ფარგლებშიც თავისუფალ მოქმედებაზე ზღვარი დაუწესა. ადამიანს შეუძლია იმოქმედოს პასიურად და ისიც, მხოლოდ მასში არსებული ღვთაებრივი მადლის შესაბამისად. სიკეთისკენ აქტიური სწრაფვის სანაცვლოდ, მას შეუძლია მხოლოდ მასში არსებულ მადლმოსილ სიკეთის ძალას არ გაუწიოს წინააღმდეგობა. რეფორმატორების მიერ ადამიანის ბუნების თავისებურებების დაქვეითების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს თავისი ბუნებითი თავისუფლებით შეუძლია შეეწინააღმდეგოს ან დაემორჩილოს უფალს, მაგრამ ისინი ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს ღმერთთან სინერგიულ თანამოქმედებაში ყოფნის უნარი გააჩნია.
პირველქმნილი ცოდვის შესახებ ლუთერანულ თეორიაში, ძნელი არ არის, ნეტარი ავგუსტინესა და პელაგიოსის დავის საგნის კვლავ გააქტიურება დავინახოთ. ნეტარი ავგუსტინეს სწავლებაში ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანმა დაკარგა თავისუფალი ნება და თავისი გადარჩენის საქმეში მთლიანად ღვთის მადლის მოქმედებაზე გახდა დამოკიდებული. ლუთერმა ამ სწავლებიდან ყველაზე დიდი უკიდურესობები შეარჩია. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ლუთერის შეხედულებები ავგუსტინელთა ორდენის გენერალური ვიკარიუსის იოანე შტაუპიცას პირდაპირი ზეგავლენით ჩამოყალიბდა. ლუთერი სწორედ ამ პიროვნების წყალობით გაეცნო და გახდა ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედების ერთგული თაყვანისმცემელი.