მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
როდესაც filioque-ს ღვთაებრიობის ადამიანურ ყოფასთან მიმსგავსების ცდუნებად განვიხილავთ, მოწმენი ვხდებით, როგორ ქრება წმინდა სამების წევრთა ადამიანურად გამოთქმული სახელები
, ანუ როგორ ქრება გამოთქმული გამოუთქმელში, რადგან სხვა არის მეტყველება და სხვა არის ცოდნა. ღვთის სიტყვას - წმინდა სამების მეორე წევრს მამა ღმერთთან მუდმივი მყოფობა აქვს, მისი განკაცების ჭეშმარიტი შინაარსი ჩვენთვის მიუწვდომელია, რადგან თუ მშობელს მამას ვუწოდებთ, ხოლო შობილს - შვილს, ჩვენთვის ეს მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით განიხილება. სამების მესამე პირის სახელი სულიწმინდაც სხვა არაფერია, თუ არა ღვთაებრიობის ადამიანურ გონამდე დაყვანილი ცნება. სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი თავისი ცნობიერებით რამენაირად მისწვდეს და შეეხოს ჭეშმარიტი ღმერთის ჰიპოსტასურ განუყოფლობას, წმინდა სამების პირველ, მეორე და მესამე წევრს წმინდა წერილი მამა ღმერთად, ძე ღმერთად და სულიწმინდად იხსენიებს. ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, "რაც შეესაბამება მამას - მიზეზს, წყაროს და მშობელს, მხოლოდ მამისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. რაც შეესაბამება მიზეზოვან, შობილ ძეს, სიტყვას, წინადამწყებლობით ძალას, ნებელობას და სიბრძნეს, ძისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. ხოლო რაც შეესაბამება მიზეზოვან, გამომავალ, გამაცხადებელ და სრულმოქმედ ძალას, წმინდა სულისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. მამა არის ძისა და წმინდა სულის წყარო და მიზეზი. იგი არის მამა მხოლო ძისა და გამომავლენელი წმინდა სულისა. ძე არის ძე, სიტყვა, სიბრძნე, ძალა, ხატი, გამოცისკრება, ხატოვნება მამისა, და მამისგან. სულიწმინდა კი არის არა ძე მამისა, არამედ სული მამისა, როგორც მამისგან გამომავალი, რადგან არანაირი აღძვრა არ არის სულის გარეშე, და არის იგი სული ძისა, არათუ როგორც მისგან, არამედ როგორც მის მიერ მამისგან გამომავალი, რადგან მამაა მხოლო მიზეზი". რაც შეეხება მათ შინაგან ცხოვრებას, წმინდა ადამიანური წარმოდგენებით ამ ურთიერთობის შესახებ მსჯელობა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი ჰიპოსტასი თანაბრად თანამარადიულია და ერთი მათგანი მიზეზი და წყაროა ორი დანარჩენის მყოფობისა. დანარჩენის შესახებ კი ნეტარი ავგუსტინე წერდა: "ამის გადმოცემა არათუ ადამიანის, ანგელოზის ენითაც შეუძლებელია". წმინდა სამების პირველ ორ პირს ისეთი სავსებით გამოკვეთილი პიროვნული ნიშნები გააჩნია, რომლებიც ადამიანურ ცნობიერებას საშუალებას აძლევს, ნათლად იქნეს ერთმანეთისგან გამორჩეული მათი პიროვნული მყოფობა. მამისა და ძის ურთიერთკავშირი ლოგიკურია და უშუალოა... ერთიც და მეორეც უერთმანეთოდ წარმოუდგენელია: როდესაც ვიყენებთ სიტყვა "მამას", ვგულისხმობთ, რომ საქმე გვაქვს მამის თავისებურებების მქონე პირთან, ანუ მასთან, ვისაც ჰყავს ძე. "მამასა" და "სულიწმინდას" შორის ისეთი ლოგიკური და უშუალო კავშირი, როგორიც "მამასა" და "ძეს" შორის არის, ცხადად არ იკვეთება. უფალს ჩვენთვის არ მოუცია და, შესაბამისად, ჩვენ არ გაგვაჩნია სამების მესამე პირის რაიმე სხვა ისეთი სახელი, რაც მას პირველ პირთან ისევე გასაგებად დააკავშირებდა, როგორც მამას ძესთან. მაგრამ საგულისხმოა, რომ გარკვეული თვალსაზრისით "მამა" სულიწმიდასთანაც ისევეა დაკავშირებული, როგორც მამა ძესთან". სწორედ ამ ლოგიკურ მსჯელობაში იმალება საცდური, რომლის გამოც ზოგიერთს მიაჩნია, რომ სწავლება წმინდა სამების შესახებ მამისგან ძეზე და შემდეგ "ძის მეშვეობით" სულიწმინდაში გადადის.
გარდა ამისა, ისტორიული თანმიმდევრობის შესაბამისად, რაციონალურად მოაზროვნე ღვთისმეტყველს წმინდა წერილში სამების შესახებ მოცემული სწავლება, რომელშიც ჯერ მამისა და არაპირდაპირ ძის, ხოლო შემდეგ სულიწმინდასთან დაკავშირებული ცოდნაა გაცხადებული, სამების წევრების არათანაბრობის საფუძვლად შეიძლება მოეჩვენოს, რამაც ასახვა სწორედ რომის კათოლიკური ეკლესიის filioque-ში პოვა.
ვლადიმერ ლოსკი წერს: წმინდა სამებაში სულიწმინდა "გამოუთქმელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღირსებით გამოირჩევა". სხვაგვარად ფიქრობს თომა აქვინელი, მას მიაჩნდა, რომ წმინდა სამების მესამე პირს თავისი სახელი არ აქვს, ხოლო "სულიწმინდად" ის წმინდა წერილის ტრადიციისამებრ იწოდება. სულიწმინდა მამისა და ძის პიროვნული თავისებურებებიცაა - როგორც ერთის, ისე მეორის ბუნება სულიერია და წმინდაა. ამრიგად, სულიწმიდისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ღირსება სამების ყოველი წევრის თავისებურებაა და როგორც ვლადიმერ ლოსკი წერდა: "სახელი "სულიწმინდა" შეიძლება როგორც პიროვნულ, ისე სამების წევრთა საერთო ბუნების მახასიათებლადაც მოვიხსენიოთ". გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ამავე ლოგიკით ვითარდებოდა ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაც, როდესაც ის სულიწმინდას "მამისა და ძის ურთიერთობად და იმ ღვთაებრიობად იხსენიებდა, რასაც მამისა და ძის სიყვარული ჰქვია". ასეთ შემთხვევაში ჩვენ სამების მესამე წევრის ისეთ ჰიპოსტასურ თავისებურებას ვხედავთ, რომლის მიხედვითაც იგი მამასა და ძეზე დამოკიდებული, ანუ წმინდა სამების წევრთა მომსახურე პირი ხდება, შესაბამისად, მცირდება მისი ღვთაებრივი პიროვნების ღირსება.
ასევე ჩვენი ადამიანური წარმოდგენისთვის ძნელად მისაწვდომია გამოთქმა: "რომელი მამისაგან გამოვალს", და ამიტომ ისიც რთულად არის გასაგები, თუ როგორ მკვიდრობს საკუთარ ჰიპოსტასში სულიწმინდა. სიტყვა "გამოვალს", თავისთავად, ენერგიის გამოსვლაზე მეტყველებს და ეს მხოლოდ სამების მესამე პირისთვის არ არის დამახასიათებელი. ამასთან, ეს სიტყვა, ერთი შეხედვით, არ ქმნის ერთარსობის ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც "ძე ღმრთისა მხოლოდშობილი... ერთარსი მამისა".
filioque, როგორც ცდუნება, უწინარესად იმაში ვლინდება, რომ მისი მეშვეობით მორწმუნის წარმოდგენაში სამების პირველმიზეზი - მამა ღმერთი განიყოფა. ადამიანის წარმოდგენაში ჩნდება ორი წყარო, სამების არსის ორი საწყისი, უფრო მეტიც, ყალიბდება გარკვეული შინაარსი ორარსობისა: მამისაგან იშვება ძე და მამისაგან და ძისაგან გამოვალს სულიწმინდა. ყველაფერ ამას შემოაქვს სრული გაუგებრობა, რადგან თუ მამის თანამიზეზი ძეა, როგორღა იქნება მამა "შემომქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა".
სულიწმინდის "ძისაგანაც გამოსვლის" შესახებ სწავლება წმინდა სამების ბუნების უსიურ - არსობრივ (სუბსტანციურ) საწყისს აძლიერებს, ანუ ადამიანის წარმოდგენაში "ასუსტებს წმინდა სამების წევრთა ჰიპოსტასურ ინდივიდუალობას და თავისთავად აძლიერებს სამების ერთიან ბუნებას". ამდენად, საჭიროა ერთმნიშვნელოვნად ითქვას, მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდის ჰიპოსტასური თავისებურებების შენარჩუნება მხოლოდ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაშია შესაძლებელი, რადგან სრულად ყოველი ჰიპოსტასის ინდივიდუალურ თავისებურებას ორი გამორჩეული და ტოლფასი დოგმატის საშუალებით მხოლოდ მართლმადიდებლობა გამოხატავს. მართლმადიდებლობა ქადაგებს მამისაგან ძის მხოლოდშობას და მხოლოდ მამისაგან ცხოველმყოფელი სულის გამოსვლას.
მართლმადიდებლობა ითვალისწინებს სამების მესამე პირის მამასა და ძესთან თანამყოფობის შემეცნებასთან დაკავშირებულ ადამიანურ სიძნელეებს, და ამავე დროს მრწამსში ნებისმიერი ცვლილების შეტანას სრულიად შეუძლებლად მიიჩნევს, რადგან სწორედ ასეთმა თვითნებობამ მიიყვანა მსოფლიო ეკლესია განხეთქილებამდე, რაც დღემდე დასავლეთის ეკლესიის მესვეურთა სინდისზე რჩება.