ღმერთი სამება სრულყოფილი ერთობაა სიყვარულში
"დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", - ეს სიტყვები მუდმივად მეორდება ეკლესიაში.
"კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა", - ღაღადებს მღვდელმსახური საღვთო ლიტურგიის დაწყებისას. "წმინდა ეკლესიაში ჩვენ ვცხოვრობთ ყოვლადწმინდა სამების საუფლოში, ყოვლადწმინდა სამებაშია ჩვენი ცხოვრება, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ჩვენი უმაღლესი სიხარული, სიცოცხლის სისავსის შეგრძნება და შეგნება ყოვლადწმინდა სამების ქებაში გამოიხატება; და თუკი ყოველთვის არ ვხარობთ ამ ქების აღვლენისას, ეს იმიტომ, რომ შორს ვართ სრულყოფილი ცხოვრების სისავსისგან და არასაკმარისად გვესმის, რომ მისი წყარო ყოვლადწმინდა სამებაა", - ბრძანებს ეპისკოპოსი ალექსანდრე (სემიონოვ-ტიან-შანსკი).
რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ყოვლადწმინდა სამების დოგმატს და რატომ უნდა გვწამდეს ეს ღრმა საიდუმლო უპირობოდ, რა დამოკიდებულება არსებობს ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის და სარწმუნოების სიმბოლოში, ანუ "მრწამსში", როგორ აისახება განსხვავება ამ პირებს შორის... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ლაზარეს აღდგინების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.
- უპირველეს ყოვლისა, შევეხოთ იმას, თუ როდის შემუშავდა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ეს უმთავრესი დოგმატი. ვისაუბროთ იმაზეც, თუ რამდენად არის ეს დოგმატი რაციონალურად აუხსნელი და ადამიანური მსჯელობისთვის მიუწვდომელი...
- სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე (325 წ.) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.). სრულყოფილმა ღმერთმა გამოგვიცხადა თავისი არსის ერთიანობისა და სამგვაროვნების შესახებ. ამასთან, ადამიანს თავისი განსჯისა და მსჯელობის შედეგად შეუძლია მივიდეს ღმერთის ამა თუ იმ თვისების აღიარებამდე (მაგალითად, უხილავობა, უცვლელობა და ა.შ.), ანუ იქამდე, რომ ღმერთი ერთია. თუმცა ადამიანის მხრიდან იმის შეცნობა, რომ ერთი ღმერთი სამპიროვანია და რას წარმოადგენენ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი, ყოვლად წარმოუდგენელია. ამიტომ წმინდა წერილში სამების არსის განმარტება კი არ გვაქვს, არამედ მხოლოდ მითითებაა სამპიროვან ღმერთში მამის, ძისა და სულიწმინდის არსებობის შესახებ. ხოლო განმარტების არარსებობა ადვილად აიხსნება ორი მიზეზით: პირველი, რომ ბუნებაში არ არსებობს წმინდა სამების ამსახველი ზუსტი ანალოგი და მეორე - ადამიანის ენას არ შეუძლია მისი მნიშვნელობის გადმოცემა. განა ვინმე ჩასწვდება იმგვარ საიდუმლოს, სადაც ერთ ღმერთში სამი პირი იყოს, სამივე ღმერთი იყოს, ამავდროულად, სამი ღმერთი კი არ იყოს, არამედ ერთი?!
წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "სამებაზე მსჯელობისას ჩვენთვის საკმარისია ვაღიაროთ ის სახელები, რომლებიც საღმრთო წერილიდან ვიცით და ამასთანავე, ყოველთვის უნდა ვერიდოთ სიახლეთა შემოღებას, რამეთუ ჩვენი ხსნა-ცხონება სახელების გამოგონებაში კი არ მდგომარეობს, არამედ ღმერთის სწორ, მართალ აღიარებაში, რაც რწმენით გაგვითავისებია". დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სიტყვებით: "წმინდა სამებას ადამიანური ლოგიკა ვერ იტევს. ამიტომ შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ წმინდა სამება ადამიანური გონებით შექმნილი მოძღვრებებიდან გამომდინარეობს.
წმინდა სამების დოგმატი წმინდა წერილში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადმოცემულია როგორც ფაქტი, რომლის თვითმხილველნი იყვნენ მოციქულები. "გონიერი" ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, ქრისტიანებს "დახმარებოდნენ" ანდა განმარტებას ითხოვდნენ მათგან.
"თქვენ ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებას, ერთი ღმერთის სამ ძალას ან სამ ერთნაირ ღმერთს ქადაგებთ?" - კითხულობდნენ ისინი.
"ეს ერესია, მწვალებლობაა", - პასუხობდნენ ქრისტიანები.
ერეტიკოსებს ყოველთვის უკვირდათ, რა "გაუგებრობას და სისულელეს" ქადაგებენო ქრისტიანები, მაგრამ რომ არა წმინდა სამების დოგმატი, არ იარსებებდა ყველაზე ამაღლებული და სხვაგან არარსებული საღვთისმეტყველო ფორმულა - ღმერთი სიყვარულია.
შეუძლებელია, ესოდენ ამოუცნობი, ყველაფრისგან განსხვავებული, ყველაფერზე აღმატებული, ყველაზე ამაღლებული მოძღვრება უსწავლელ მეთევზეებს შეექმნათ. ამიტომ წმინდა სამების დოგმატის არამიწიერი წარმომავლობა აშკარაა. იგი ქრისტიანობის ჭეშმარიტების დამამტკიცებელი ერთ-ერთი ობიექტური არგუმენტია და ამის უარყოფა შეუძლებელია". ასე რომ, სამება თავისი არსით საიდუმლოებრივი შინაარსის მქონე ცნებაა. მამა პავლე ფლორენსკის სიტყვებით რომ ვთქვათ: სამების დოგმატი "ადამიანური აზროვნების ჯვარია". იმისათვის, რომ მისაწვდომი გახდეს დოგმატის არსი, ადამიანმა უარი უნდა თქვას თავის ცოდვილ დასკვნებსა და რწმენაზე, რომ შეუძლია შეიცნოს და ახსნას სამების საიდუმლო, ანუ ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ყველა თავისი რაციონალური მიგნებისგან. "ღვთის ჭეშმარიტი შეცნობა, ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოში ბოლომდე შეღწევა ჩვენ არ შეგვიძლია. თუ კაცის გული დროებით მაინც აღინთება წმინდა სიყვარულით, სრულად მაინც ვერ დაიტევს ღვთაებრივი სიყვარულის მარადის გაუნელებლად მოგიზგიზე ალს. ღმერთი გულით შეიცნობა იმიტომ, რომ გულით შეიცნობა სიყვარული. მაგრამ თუკი გულს არ ძალუძს ბოლომდე დაიტიოს და შეიცნოს ღვთაებრივი სიყვარული, მით უფრო ვერ შეძლებს ამას გონება; იგი ერკვევა მხოლოდ იმაში, რაშიც უკვე დარწმუნდა გული, და თუკი მაინც რაიმე ვიცით ღმერთის შესახებ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ განგვეცხადება ხოლმე. ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ საღმრთო განცხადებიდან, რაც არის ღვთაებრივი სიყვარულის გამოსხივება, მისი სინათლე", - ბრძანებს ეპისკოპოსი ალექსანდრე.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა სამების სწორად აღიარებას?
- წმინდა სამების სწორად აღიარების მნიშვნელობას თავად ეკლესიის ისტორია მოგვითხრობს. თუ გადავხედავთ წარსულს, ნათელი გახდება, რომ ყველაზე დაძაბული ბრძოლები სწორედ სამების დოგმატისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გაჩაღდა. საბოლოო ჯამში, მართლმადიდებლობამ კი დაიცვა თავისი სიმართლე, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ისინი, ვინც რაიმე ცვლილება შეიტანა წმინდა სამების დოგმატში, დღეს მართლმადიდებლობის გარეთ დგანან და მოკლებული არიან იმ საღვთო მადლს, რომელიც ასე უხვად გადმოედინება ჩვენს ეკლესიაზე.
- როგორც ვიცით, ერთ ღმერთს მრავალნი სცემენ თაყვანს, კერძოდ, იუდეველნი და მაჰმადიანები, მაგრამ ყოვლადწმინდა სამება ღმერთს - მხოლოდ ქრისტიანები...
- და ესაა სწორედ ქრისტიანთა დიდი უპირატესობა. ქრისტიანობას ყველა მონოთეისტურ რელიგიას (იუდაიზმი და ისლამი) შორის გამორჩეული ადგილი აქვს მიკუთვნებული. ის საიდუმლო, რომ ღმერთი თუმცა ერთია, მაგრამ სამპიროვანი, განგვიცხადა იესო ქრისტემ. მან განგვიცხადა ისიც, რომ "ღმერთი სიყვარული არს" (1 იოანე 4,8). ერთი დიდი საიდუმლო მეორესთან მიახლებაში გვეხმარება: ღმერთი სიყვარულია იმიტომ, რომ იგი სამპიროვანია; და ღმერთი სამპიროვანია იმიტომ, რომ იგი სიყვარულია.
არასრულყოფილი ადამიანური სიყვარულიც კი აკავშირებს ადამიანებს თითქოსდა ერთ არსებად, მაგალითად, მეუღლეებს, ოჯახს, მეგობრებს. ადამიანების მიმართ ეს უფრო სიტყვებია, ვიდრე სინამდვილე. მაგრამ ღვთაებრივი სიყვარული უზომოა და ამიტომაც ყოვლადწმინდა სამების პირნი, მათი ურთიერთსიყვარულის ყოვლისშემძლეობის ძალით, მართლაც, ერთი ღმერთია, ერთი არსისა და ერთი სიცოცხლის მქონე.
- რით გამოიხატება წმინდა სამების სრულყოფილი ერთობა?
- ღმერთი სამება სრულყოფილი ერთობაა სიყვარულში. ადამიანები, რომელთაც ერთპიროვანი ღმერთი სწამთ, წარმოიდგენენ მას როგორც მკაცრსა და დესპოტურს. ღმერთი რომ ეული ყოფილიყო, საიდან ჩაისახებოდა მასში სიყვარული? სიყვარული იქაა, სადაც არის ის, ვისაც უნდა უყვარდეს და ვინც უნდა უყვარდეთ. და სიყვარულიც მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო სრულყოფილნი არიან ისინი, ვისაც უყვარს და ვინც უყვართ. ყოვლადწმინდა სამებაში კი, როგორც ის, ვისაც უყვარს, ასევე ის, ვინც უყვართ, თავად სრულყოფილებაა, რადგანაც ყოვლადწმინდა სამების ყოველი პირი - ღმერთია. მამაც ღმერთია, ძეც ღმერთია და სულიწმინდაც ღმერთია. ყოვლადწმინდა სამებას შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე სრულყოფილი ერთობა სიყვარულში, ანუ სიყვარულის კავშირი, იმიტომ, რომ სრულყოფილნი არიან მოყვარულნი და სრულყოფილია მათი სიყვარულიც.
- რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ყოვლადწმინდა სამების დოგმატს, მის აღიარებასა და განდიდებას?
- ჩვენ ვადიდებთ ყოვლადწმინდა სამებას: მამას, ძესა და სულიწმინდას იმიტომ, რომ ადამიანის შექმნისა და სიცოცხლის მიზანია ღვთის მსგავსება სიყვარულში ანუ განღმრთობა. ღვთაებრივი მადლი გზას გვიხსნის ადამიანთა ერთობისაკენ და მათ შორის სიყვარულის ზრდისაკენ, ყოვლადწმინდა სამების პირთა მსგავსად. ყოვლადწმინდა სამების დოგმატი - დოგმატი სიყვარულის მარად განხორციელებადსა და განხორციელებულ ზეიმზე - მტკიცე საფუძველს გვაძლევს გვჯეროდეს, რომ ჩვენ, ქრისტიანები, დედამიწის ზურგზე ყველას ერთიანობისკენ სწრაფვით უტოპიურ ოცნებას კი არ მივდევთ, არამედ ვესწრაფვით იმას, რაც საუკუნითგან არსებობს და რაც თვით ჭეშმარიტი ცხოვრების პრინციპია. რახან ვიცით, რომ ღმერთი თვითონაა უმაღლესი ერთობა სიყვარულში, განა შეიძლება გვეშინოდეს იმისა, ვისაც სძულს, ვინც თიშავს, ვისაც სურს, მოკლას ან განაშოროს? ასეთია ღვთის სამების შესახებ დოგმატის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენთვის.
"ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა - სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა".
- ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღვთის სამი პირი - ერთარსია. უკვე ვისაუბრეთ, რომ ღვთის არსება, ანუ მისი პიროვნების შინაარსი, ადამიანური გონებისთვის შეუცნობადია. მაინც როგორ და რა სახით განგვეცხადება ის ჩვენ?
- ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის არსებას მიეკუთვნება: ჭეშმარიტება, სიყვარული, სილამაზე, სიწმინდე. ამგვარად, ღმერთი თავის შინაარსს, ანუ თავის არსს, თავის ღვთაებრივ თვისებებში ანუ ენერგიებში განგვიცხადებს. ჩვენი ღმერთი, სამპიროვანი ერთი, განყენებული ცნება როდია. წმინდა წერილი გვამცნობს წმინდა სამების პირთა - მამის, ძისა და წმინდა სულის ურთიერთსიყვარულზე. აგრეთვე იმასაც, რომ ღვთაებრივი სიყვარული ყოველ ქმნილებაზეც ვრცელდება. ეს ღვთაებრივი მოღვაწეობა და აქედან გამომდინარე დიდება ღვთისა შექმნილ სამყაროში წმინდა სამების სამივე პირისთვის საერთო ღვთაებრივი ცხოვრების განცხადებას წარმოადგენს.
- ახლა კი ვისაუბროთ თავისთავადობის, ანუ იმის შესახებ, თუ რა განმასხვავებელი თვისებები აქვთ წმინდა სამების პირებს.
- სამების პირები ყველაფრით მსგავსნი არიან, გარდა მყოფობის გვარისა (ანუ წარმომავლობისა - არაეკლესიური ტერმინით). კერძოდ: მამა უშობელია, ე.ი. უმიზეზოა, რადგან არავისგან არ არის. ძე შობილია მამისაგან, ე.ი. მიზეზობრივია; სულიწმინდა გამომავალია მამისაგან, ე.ი. მიზეზობრივია. მამა ღმერთის უშობელობა მის მარადიულობაზე მეტყველებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჰიპოსტასები სხვა ყველაფრით მსგავსნი არიან, გარდა მყოფობის გვარისა, ე.ი. ძე ღმერთიც და სულიწმინდა ღმერთიც მარადიულია. მაშინ, რით აიხსნება ძის შობილობა ან სულიწმინდის გამომავლობა, რაც დროში მომხდარ მოვლენას მოგვაგონებს? საკმაოდ მარტივად, გამომდინარე იქიდან, რომ სამპიროვანი ღმერთია დროის შემქმნელი, ისევე როგორც ყოველივესი, ამიტომ დროის მიღმაც არსებობდა იგი. ამავე დროს, თუ მამა ღმერთის მარადიულობა და უცვლელობა ეჭვს არ იწვევს, ასევე უნდა იყოს ძე ღმერთიც, რადგან თუ ძე ღმერთი დროში იშვა, ე. ი. ყოფილა დრო, როდესაც მამა ღმერთი არ იყო მამა ღმერთი, რაც აბსურდია. იგივე ითქმის სულიწმინდაზეც. ამიტომაც, როდესაც ძის შობადობა და სულიწმინდის გამოსვლადობა გვესმის, ეს დროში კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, არამედ უდროობაში. დროში მოქმედება ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და არა ღვთაებრივისა და ზებუნებრივისთვის.
ამ თვისებათა არსზე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვპასუხობს: "ისმენ შობაზე და ნუ ეცდები გაიგო, რანაირად, ისმენ მამისაგან სულის გამომავლობაზე და ნუ გაირჯები მიხვდე, როგორ".
ამრიგად, სამების დოგმატის შესახებ ცოდნა მთლიანად ღვთის გამოცხადებაზეა დაფუძნებული. როგორც უკვე ვთქვით, ღვთაებრივ ბუნებას ვერ ჩასწვდება ადამიანის გონება, არამედ იგი უნდა მივიღოთ როგორც ჭეშმარიტება. ვინაიდან, თუკი მხოლოდ გონებით ვეცდებით მის ჭეშმარიტებაში გარკვევას, სიმართლემდე ვერასოდეს მივალთ.
- რას ნიშნავს სამების პირთა თანასწორობა?
- სამების პირთაგან ყველა თანასწორია. მამას, ძეს და სულიწმინდას ერთი ნება, ერთი უფლება და ერთი პატივი აქვთ. არ არსებობს მათ შორის პირველი, მეორე ან მესამე. რაც მამას ნებავს, იგივე ნებავს ძესაც და სულიწმინდასაც. სადაც მამაა, იქაა ძეც და სულიწმინდაც, სადაც ძეა, იქაა მამაც და სულიწმინდაც, დაბოლოს, სადაც სულიწმინდაა, იქაა მამაც და ძეც. ასე რომ, ის უთანხმოება, რომელიც სამების დოგმატს ეხებოდა, ძირითადად, სამების პირთა თანასწორობის საკითხს მოიცავდა. კერძოდ, ზოგი მიმდინარეობა მამა ღმერთთან მიმართებით ძე ღმერთს აკნინებდა, ზოგი - სულიწმინდას, ზოგი კი ორივე პირს ერთად. ანუ, ძირითადად, ხდებოდა მამა ღმერთის უპირატესობაზე აქცენტის გაკეთება, რის გამოც, ბუნებრივია, ირღვევა სამების პირთა თანასწორობაზე სწავლება, რაც მსოფლიო კრებების მიერ არის დამოწმებული და რაშიც ეჭვის შეტანა ან მით უმეტეს ცვლილებებისა, ყოვლად დაუშვებელია. რადგან, ღმერთი ერთია, მის შესახებ ჭეშმარიტებაც ერთია. ცრუ სწავლება კი ცრუ ღმერთამდე მიგვიყვანს. მართლმადიდებლური ჭეშმარიტება კი განაგრძობს სამების შესახებ საუბარს: მამაშია ძე და სულიწმინდა, ძეშია მამა და სულიწმინდა, ხოლო სულიწმინდაშია მამა და ძე. ისინი ერთ არსებას ქმნიან ერთმანეთში ყოფნისას. თუმცა ამით ერთმანეთში როდი ირევიან, არამედ თითოეული პირი თავისთავადობას ინარჩუნებს ანუ, როგორც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვასწავლის: შეურევნელად შეერთებულნი და განუყოფლად განყოფილნი.
- რა არის არიოზის ერესი, ანუ მწვალებლობა და რა გამოიწვია მან?
- ეკლესიის ისტორიაში, უკვე თითქმის პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, იყო უამრავი მცდელობა წმინდა სამების არასწორად აღიარებისა. რის წინააღმდეგაც იბრძოდა მართლმადიდებელი ეკლესია და ამ ბრძოლაში დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა სამების დოგმატი. ეს დოგმატური სწავლება სწორედ იმ მიმართულებით განევრცო, რა მიმართულებებითაც მიმდინარეობდა მისი დამახინჯება.
რაც შეეხება არიოზის სწავლებას, არიოზი იყო მღვდელი, რომელიც ცხოვრობდა მე-4 საუკუნეში და ასწავლიდა, რომ ძე ღვთისა მამასავით დაუსაბამო კი არ არის, არამედ განსაკუთრებული უმაღლესი ქმნილებაა. ის ფიქრობდა, რომ თუკი ძე ღვთისა მამისაგან იშვა, მაშასადამე, იყო დრო, როცა ის არ იყო. მას არ შეეძლო წარმოედგინა, რომ თუკი მამა საუკუნითგან დაუსაბამოა, მაშინ ძესაც დასაბამად საუკუნითგან ჰყავს მამა. მამა იმიტომაც არის მარადიული, რომ მას მუდამ ჰყავს ძე. არიოზის სწავლებამ ხანგრძლივი საეკლესიო არეულობა გამოიწვია. წმინდა ათანასე დიდმა გვაჩვენა, - ძე ღმერთი რომ შექმნილი ყოფილიყო, მაშინ იგი თავისი განკაცებით ჩვენს ხსნას ვერ შეძლებდა. თუ ღმერთი ვერ იქცა კაცად, ვერც კაცი შეძლებდა განღმრთობას, ვერ შეძლებდა ცხონებასა და ღმერთთან შეერთებას.
- ზოგჯერ წმინდა სამების საიდუმლოს ნათლად და თვალსაჩინოდ წარმოსადგენად ეკლესიის მამები მატერიალური ცხოვრებიდან ნასესხებ სახეებს მიმართავენ.
- მაგალითად, არსებობს ასეთი ანალოგია: ცეცხლი, მისგან წარმოშობილი სინათლე და გამომავალი სითბო. ეკლესიის მამები და ღვთისმეტყველნი სარგებლობდნენ აგრეთვე ისეთი სულიერ-სხეულებრივი სახეებითაც, როგორიცაა სუნთქვის შემწეობით სიტყვით გამოხატული და ბგერით გადმოცემული აზრი. ასევე ხე, რომლის ფესვები, ტოტები და ნაყოფი ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი. თუკი ოდნავ მსგავსებებს გამოვძებნი, ხელიდან მისხლტება გაცილებით უფრო აღმატებული და შესადარებლად არჩეულთან ერთად მტოვებს მიწაზე".
მართალია, ამ მაგალითებით წმინდა სამების საიდუმლოს ვერ ჩავწვდით, მაგრამ ალბათ შეიძლება დარწმუნება იმაში, რომ თუკი ღვთის მიერ შექმნილი ქმნილება შეიძლება იყოს ერთი და ამავე დროს სამსახოვანი, მით უმეტეს თავად ღვთის ბუნებისთვის, რატომ არის ეს წარმოუდგენელი ან შეუძლებელი?
- სამების დოგმატის ღვთაებრივი განცხადების რა მაგალითები არსებობს წმინდა წერილში?
- წმინდა სამების შესახებ ბიბლიაში მრავალგან არის საუბარი. ძველი აღთქმა: "და თქვა ღმერთმან: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად" (დაბ. 1,24). აქ მრავლობითი რიცხვი იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.
წმინდა სამების წინასახეებს ვხვდებით ბიბლიაში სხვა ადგილასაც. კერძოდ, ძველი აღთქმა, დაბადება, თავი 1: "ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამრესსა, ჯდა რაი იგი კართა თანა კარვისა თვისისათა შუადღე".
"და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაი, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თვისისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა".
ასევე სამი ყრმის - აზარიას, ანანიასა და მისაილის შემთხვევა გავიხსენოთ თუნდაც, რომლებიც ცეცხლის ალში იყვნენ გახვეულნი და არ იწვოდნენ, რადგან ანგელოზი განაგრილებდა მათ. რაც შეეხება ახალ აღთქმას, აქ ზუსტად არის გადმოცემული სამების ჭეშმარიტება. აი, ერთ-ერთი მათგანი: "ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით" (მათ. 28,19).
- დაბოლოს, წმინდა სერაფიმე საროველი წერდა: "რომ გქონდეს შეხედულება წმინდა სამებაზე, უნდა სთხოვო ამის შესახებ ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს. მათი შუამდგომლობით შეიძლება ადამიანმა წმინდა სამებისგან მიიღოს ლოცვა-კურთხევა, ხოლო ჩვენ რომ პირდაპირ ვუჭვრიტოთ მას, არ შეიძლება". წმინდა სამების არსთან მიახლოებაში რამდენად ეხმარება ადამიანს ცხოვრების წესი?
- წმინდა სამების მრწამსში აღმოცენებული სულიერი ცხოვრების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამების საიდუმლოს შეცნობა მხოლოდ ნაწილობრივაა შესაძლებელი და ეს მიზანი მხოლოდ ასკეტური შეუპოვრობით მიიღწევა. ვლადიმერ ლოსკი ბრძანებს: "პოფატური (ტერმინს მოგვიანებით განვმარტავთ) აღმასვლა გოლგოთაზე ამაღლებაა, ამიტომ წმინდა სამების საიდუმლომდე ამაღლება ვერც ერთი სახის სპეკულატური ჭვრეტით ვერ მიიღწევა". წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა თავის პირველ სიტყვაში არიანელების წინააღმდეგ ქრისტიანული რწმენა განსაზღვრა როგორც "უცვლელი, სრულყოფილი და ნეტარი სამების რწმენა". ვლადიმერ ლოსკი წერდა, რომ სწავლება სამების შესახებ "არა მხოლოდ საფუძველია, არამედ უმაღლესი მიზანია ღვთისმეტყველებისა, რადგან... წმინდა სამების არსის შეცნობა ღვთაებრივ ანუ თვით სამების ცხოვრებაში შეღწევას ნიშნავს"...