იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
განკითხვის დღეს ოქრო და ვერცხლი მდიდრებსა და ძლიერებს ვერ გადაარჩენს
ბოლო ჟამის ხორციელი დასაწყისი და შესაწირი საუნჯეები
დასაწყისში ღმერთმა ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი" (დაბ. 1:26-27). წმინდა გრიგოლ ნოსელი გვასწავლის, რომ საბოლოოდ ღმერთმა ადამიანი სახედ და ხატად თვისად შექმნა, მაგრამ "მსგავსადო", უფალს არ უთქვამს. უფალმა მისი მსგავსების მიღწევისთვის ადამიანს მხოლოდ თანდაყოლილი ხმობა და მიდრეკილება მისცა, ამ მიზნის მისაღწევად კი საჭირო ძალა და ღვთის ერთგულება დაუდგინა. გარდა ამისა, ადამიანს ყოველდღიურად უნდა ეშრომა, რათა აღესრულებინა უფლის მიერ ბოძებული საქმეები: "მთავრობდეს თევზთა ზღვისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა". წმინდა სამების მსჯელობაში ისიც გამოსჭვივის, თუ რა შესაძლებლობებს უნდა ფლობდეს ადამიანი, უფლის მიერ მინიჭებული ფუნქციები რომ გაითავისოს და საუკეთესოდ განახორციელოს.
ვლადიმერ ლოსკის აზრით, საკუთარ თავში ღვთის ხატის შეცნობა პოტენციურად ყოველ ადამიანს შეუძლია. გრიგოლ ნოსელი კი ბრძანებს, რომ ადამიანი თავისი სულის სწორად ჭვრეტისას საკუთარ პიროვნებაში ყველა იმ თვისებას იპოვის, რაც მასში ღვთის ხატებად არის ჩანერგილი. ის გვასწავლის, რომ რაც ქრისტიანული ცხოვრების შედეგად საბოლოოდ უნდა გამოისახოს და გამოვლინდეს: ჰიპოსტასთა სამგვაროვნება, ბუნების ერთიანობა, თანადროულობა, უდანაშაულობა, გამოუსახაობა, განუჭვრეტელობა, უშობელობა, შობადობა, გამომავლობა, შემოქმედება, აზროვნება, სამართლიანობა, მიუკვლევლობა, უსხეულობა, უნივთობა, მოუსპობლობა, უკვდავება, მარადიულობა, დიდებულება, - ყოველ ჩვენგანს, ჩანასახის სახით, საკუთარი სულის საფუძველშივე შეუძლია მიაკვლიოს. თავდაპირველად ადამიანს ამგვარი თვისებების სრულყოფილება რეალურად არ გააჩნია; ეს ყველაფერი კათაკმევლის ბუნებაში მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მისი თვისებების ბიბლიური ილუსტრირებაა, და ეს ასეც უნდა იყოს: "...რადგანაც, თუ ყოველივე პირველსახეს ადამიანი სიზუსტით გაიმეორებდა, ჩვენ უკვე ხატის გამოსახვასთან კი არა, ხატთან გვექნებოდა საქმე", - განმარტავს წმინდა გრიგოლ ნოსელი.
მიუხედავად ადამის მიერ ღვთის სიტყვის უარყოფისა და ცოდვით დაცემისა, მთელი წმინდა წერილი ადამიანის გამორჩეული თვისებების მნიშვნელობის, გამოყენებისა და მათი განვითარებისთვის ღმერთის ქმედებისა და ადამიანთან მისი შეხვედრების შესახებ მოგვითხრობს.
მწყემსების საუნჯე. როდესაც ქრისტეს შობასთან დაკავშირებულ ცნობებს ვაკვირდებით, ვხედავთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.
დაწერილია: "იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკ. 2:8-11).
ამრიგად, ახალდაბადებული მაცხოვრის შესახებ ყველაზე ადრე მწყემსებმა შეიტყვეს და განკაცებულ უფალს პირველებმა მათ სცეს თაყვანი. შეხვეული და ბაგაში მწოლიარე ყრმის ნახვამდე კიდევ ერთი საოცარი სახილველი მიმადლა უფალმა მწყემსებს: "ანაზდად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა" (ლუკ. 2:13-15).
მწყემსებს, ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ უბრალო ადამიანებს, უფალთან საუნჯის სახით მხოლოდ ღვთის სიყვარული შეეძლოთ მიეტანათ. და კიდევ, დაწერილია: ბაგაში მწოლიარე ყრმის ხილვისთანავე მწყემსებმა "გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა მათ... ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა" (ლუკ. 2:16-19). სხვაგან წმინდა წერილში მხოლოდ მოზარდი იესოს მიერ ღმერთის ტაძარში წარმოთქმული სიტყვების ("მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?" (ლუკ. 2:51)) შესახებ ვკითხულობთ: "დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას" (ლუკ. 2:51). ამიტომ, ვფიქრობთ, საფუძველმოკლებული არ იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ სიტყვა, რომელიც მწყემსებმა ღვთისმშობელს გაანდეს, ასეთივე შინაარსისა უნდა ყოფილიყო.
ღმერთთან მისვლის ორი გზა. ამქვეყნიური სიბრძნით აღვსილი მოგვები უფალთან მწყემსებზე გაცილებით გვიან მივიდნენ. მოგვთა თაყვანისცემის შესახებ ვკითხულობთ: "იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური" (მათ. 2:11). სანამ იუდეაში მოვიდოდნენ, მოგვებმა შორი გზა გამოიარეს. უდიდესი სიბრძნისა და ცოდნის მიუხედავად, იერუსალიმში მოსულებმაც კი ვერ შეძლეს დამოუკიდებლად ამოეცნოთ, სად იმყოფებოდა უფალი. ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის გამო, რათა საკუთარი წარმართული უსუსურობა არ დავიწყებოდათ, მოგვებს ჰეროდე მეფის მიერ შეკრებილი მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიწოდებული ცოდნის გამოყენება დასჭირდათ. ეს ფაქტი გვიჩვენებს, - წერს ერთი მართლმადიდებელი ავტორი, - რომ როგორც წმინდა გულს, ისე კეთილსინდისიერებასა და ცოდნას შეუძლია ადამიანი უფალთან მიიყვანოს, მაგრამ პირველი გზა - გულის სიწმინდე უფრო პირდაპირი, მოკლე და საიმედოა. ამიტომ მოზარდი იესოს შესახებ მხოლოდ მწყემსების სიტყვებზეა ნათქვამი: მარიამი "გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას" (ლუკ. 2:51).
და კიდევ, მწყემსები უფალთან ანგელოზებმა მიიყვანეს, ხოლო ბრძენი მოგვები, მიქას წინასწარმეტყველების ("შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან. ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს" (მიქ. 5:1-2)), შესაბამისად, ღმერთამდე ცოდვით აღვსილი ჰეროდე მეფის, იუდეველი სწავლულებისა და უტყვი ვარსკვლავის დახმარებით მივიდნენ. ერთი ლეგენდის მიხედვით, ეს ვარსკვლავი თავისი დანიშნულების შესრულების შემდეგ ბეთლემის ერთ-ერთ ჭაში ჩაესვენა, იქ იმყოფება და გულით წმინდა ადამიანებს მისი ხილვა დღესაც შეუძლიათ. ამასთან, მოგვების მიერ განვლილი გზა ძნელი და მომქანცველი იყო, ხოლო მწყემსები ანგელოზთა გალობას მიჰყვებოდნენ.
საიდან მოვიდნენ მოგვები. ძნელი სათქმელია, რეალურად სად მოიპოვეს მოგვებმა საუნჯე, მაგრამ წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ სამი ძღვენი, რომელიც მათეს სახარებაშია ნახსენები, ოქრო, გუნდრუკი და მური იყო (მათ. 2:11).
მოგვები აღმოსავლეთიდან უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ შესაძლოა საბადან - სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან გუნდრუკი და მური აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში და სამხრეთ არაბეთში მოიპოვებოდა, ჩამოთვლილი ფასეულებები იმ დროს სწორედ იქიდან გამოჰქონდათ. საგულისხმოა, რომ ცხრა საუკუნით ადრე საბადან იერუსალიმამდე ეს გრძელი გზა სამხრეთის დედოფალმა განვლო: "მისწვდა საბას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი" (3 მეფ. 10:1). იგივე შეიძლებოდა გვეფიქრა მოგვების შესახებაც. მით უმეტეს, რომ ესაია წინასწარმეტყველიც სწორედ საბას იხსენიებს: "ყველანი შებადან (საბადან) მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ" (ეს. 60:6).
მოგვთა საუნჯე. VI საუკუნის ერთერთი წყარო "გამოქვაბულის საუნჯეთა წიგნი" ასეთ ცნობას გვაწვდის: იესო ქრისტეს დაბადებამდე სპარსეთის ცაზე უცხო ფორმის ვარსკვლავი გაჩნდა. ვარსკვლავში განირჩეოდა ქალწულის გამოსახულება, რომლის წიაღშიც გვირგვინოსანი ჩვილი მოჩანდა. ამ საოცრების მხილველი მოგვები ნუდის მთაზე ერთ-ერთ გამოქვაბულში იმ საუნჯისათვის ავიდნენ, რომელიც თავის დროზე ადამმა და ევამ დატოვეს. ადამმა თურმე თავის შვილს, სეთს უანდერძა, რომ საუნჯის მოპოვება მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, რაც ცაზე არაჩვეულებრივი ვარსკვლავი გაბრწყინდებოდა. ეს ანდერძი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ასე მოაღწია მან ქრისტეშობის დრომდე. სხვა ლეგენდის მიხედვით, რომ შესრულებულიყო ადამის ანდერძი და უდიდესი მნიშვნელობის ნიშანი ადამის შთამომავლობას არ გამორჩენოდა, სპეციალურად შერჩეული 12 ბრძენი ყოველწლიურად, შესაბამის დროს, მაღალ მთაზე ადიოდა, სამი დღის მანძილზე ლოცულობდა და მნათობებს აკვირდებოდა.
ოქრო ძველ აღთქმაში მეფობის ნიშანი იყო. ის ყველაზე ძვირფას, მისტიკური ძალის მატარებელ მეტალად ითვლებოდა. როგორც რომაელი ფილოსოფოსი და მწერალი ლუციუს ანეუს სენეკა წერს: არავის შეეძლო მეფეს ძღვნის გარეშე მიახლებოდა. ამდენად, ოქრო იესო ქრისტეს, როგორც მეფეთა მეფეს, მიართვეს.
საერთოდ, ოქრო ძირითადად სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოდ იყო ცნობილი. ოქრო ადასტურებდა აბრაამის წარმატებულობასა და ძალას: "ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით" (დაბ. 13:2); ოქრო იყო იოსების მეფური უპირატესობების გამოხატულება: "წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსლით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე" (დაბ. 41:42); სამეფო გვირგვინი ოქროსგან მზადდებოდა: "აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა" (2 მეფ. 12:30); საინტერესოა, რომ სოლომონის სახელმწიფოს სიდიადე იმით გამოირჩეოდა, რომ მან "ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში" (2 ნეშტ. 1:15); ხოლო რაც შეეხება ოქროსა და ვერცხლის ერთმანეთთან შედარებას, ისრაელის მეფის იეჰოახაზის შესახებ ვკითხულობთ: "გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში (წაიყვანა მეფემ ეგვიპტეში) და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო" (2 ნეშტთ. 36:3).
ამავე დროს ძველი აღთქმის წიგნები გვაუწყებენ, რომ ოქრო ყველა სახის ფასეულებას ვერ ფარავს. იობის წიგნში ნათქვამია: "სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი? მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება. უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო. არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად" (იობ. 28:12-15); კაცთაგან არ იმსახურებს ოქრო დიდ პატივს, რადგან: "ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, - ამბობს ცაბაოთ უფალი" (ანგ. 2:8).
არცთუ იშვიათი მოვლენა იყო ისრაელში ოქროს ცუდად გამოყენებაც. უფალი აფრთხილებს მოსეს: "ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა" (გამ. 20:23-24). ისრაელი მრავალჯერ მოიქცა ამ მოწოდების საპირისპიროდ (გამ. 32:2-4; მსაჯ. 8:24; ფსალმ. 113:12; საქმ. 17:29). ხალხი კერპებს ან სუფთა ოქროსგან აკეთებდა, ან სხვა მასალით ამზადებდა და შემდეგ ოქროთი მოსავდა: "ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული" (40:19), - წერს ესაია წინასწარმეტყველი.
ბიბლია გვასწავლის, რომ ოქრო საშიშია - ყალბ და მომაკვდინებელ იმედს აღუძრავს ადამიანს. იობის წიგნში ვკითხულობთ: "თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს? ზურგს მოსწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი! რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი. თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!" (იობ. 31:21-24).
ძველი აღთქმის ტექსტები იმაზეც მეტყველებენ, რომ განკითხვის დღეს ოქრო და ვერცხლი მდიდრებს და ძლიერებს ვერ გადაარჩენს, რადგან: "ჯვალოს შემოისარტყლავენ და შიში მოიცავს მათ; ყოველი სახე შერცხვენილი იქნება და ყოველი თავი გაქაჩლდება. თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს", რადგან საკუთარი უსამართლობის საფასურს მიიღებენ (ეზეკ. 7:18-19).
ოქრო ახალ აღთქმაში სხვა შინაარსს იძენს: მომავლის ზეცა იქნება წმინდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქრო (გამოცხ. 21:18), "თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თითოეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი ბაჯაღლო ოქრო, მჭვირვალე მინის მსგავსი" (გამოცხ. 21:21).
ასევე ხედავს ღვთის სასუფეველს პავლე მოციქული და მოგვიწოდებს, დავანებოთ თავი მიწიერი სიმდიდრის ძიებას და ჩვენი სულიერი საქმეები ბაჯაღლო ოქროთი და არა აალებადი მეტალით, ხით, თივითა და ნამჯით ვაკეთოთ, "ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს" (1 კორ. 3:12-13).
პეტრე მოციქული რწმენას გაცილებით უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნევს, ვიდრე ოქროს, რადგან ოქრო საბოლოო ჯამში მაინც ილევა და ისპობა: "თქვენი რწმენის გამოცდა გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე გამოცდა ოქროსი" (1 პეტრ. 1:7), - ბრძანებს იგი. ანდა: "რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან, არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით" (1 პეტ. 1:18-19).
"ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი დამოწმებად იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი; უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე" (იაკ. 5:3), - გვასწავლის წმინდა იაკობ მოციქული.
იესო ქრისტეს ცხოვრების ჟამს ოქრო ებრაელებისთვის ისეთ ფასეულებად იყო ქცეული, რომ მაცხოვრის თანამედროვე მღვდელმთავრებს ჰეროდე მეფის მიერ აშენებულ ტაძარზე უფრო მნიშვნელოვნად ტაძრის გუმბათი მიაჩნდათ, რომელიც ოქროთი იყო დაფარული. უფალი ბრძანებს: "ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცებს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცებს ტაძრის ოქროს, მოვალეა. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც განწმენდს ოქროს?" (მათ. 23:16-17).
გუნდრუკი ღვთაებრიობის ნიშანია. გუნდრუკს იშვიათი მცენარე გამოყოფს და ოქროზე ნაკლებ ფასეულებას არ წარმოადგენდა. ითვლებოდა, რომ ეს საკმეველი ადამიანს ღმერთთან აახლოებს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მიიჩნევს, რომ გუნდრუკის მირთმევა იესო ქრისტეს მღვდელმთავრად აღიარებას მოწმობს.
რას ნიშნავს მღვდელმთავარი იესო ქრისტე, ამას დაწვრილებით გვამცნობს წმინდა მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში ებრაელთა, ანუ იმ ხალხის მიმართ, ვის აზროვნებაშიც მღვდლობის შინაარსი უწინარესად უნდა შეცვლილიყო. წმინდა მოციქული ბრძანებს: "არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივდიოთ ჩვენს აღსარებას. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისთვის" (ებრ. 4:13-16).
მური სიკვდილის დამარცხების სიმბოლოა. არსებობს მოსაზრება, რომ ალებასტრის ჭურჭლიდან ნელსაცხებელი ნარდი, რომელიც მაცხოვარს ერთმა ქალმა სცხო, ისრაელში ნეპალიდან შემოჰქონდათ. მური მრავალჯერ უფრო მეტ ფასეულებას წარმოადგენდა, ვიდრე ოქრო. მას ღებულობდნენ უიშვიათესი ხისგან და იყენებდნენ დაკრძალვის წინ, ბალზამირებისას და შემდეგ, სხეულის ხრწნის პროცესის შესაჩერებლად (2 ნეშტ. 16:14). მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მენელსაცხებლე ქალებმა სასწრაფოდ მოამზადეს მური, რათა მოესწროთ და შაბათი წესისამებრ უქმად გაეტარებინათ, ხოლო კვირა დილას მაცხოვრის საფლავზე მისულიყვნენ (ლუკ. 23:56).
საერთოდ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად სიტყვა "ცხებულის" შინაარსს. სამუელის მიერ ღმერთის ნებით დავითის ზეთის ცხების შემდეგ დავითი "მეფე ცხებულად" იწოდება. სიტყვა "ცხებული" კი ებრაულად - მესიას, ხოლო ბერძნულად ქრისტეს ნიშნავს.
ნიშანდობლივია ერთი ეპიზოდი, რომელშიც ჩანს, რომ ნელსაცხებელი გულრწფელი სიყვარულისა და რწმენის სიმბოლოა. უწინ მეძავად ყოფილმა დედაკაცმა მაცხოვარს, ყველას დასანახად "ფერხთით (ჭურჭელი - რ. ჩ.) დაუდგა, ტიროდა, ცრემლით ულტობდა, თმებით უმშრალებდა და უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა". ამით იგი დიდ რწმენას, სინანულსა და სიყვარულს გამოხატავდა. მოგვიანებით უფალი ამ შემთხვევას მასპინძლის საქციელს შეადარებს და მას ასე ეტყვის: "ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი; მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? სიმონმა მიუგო: ჩემი აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. მიუბრუნდა ქალს და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. შენ ზეთიც არ მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული" (ლუკ. 7:37-47).
როდესაც იესო ქრისტე აცხადებს: "სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად" (ლუკ. 4:18), საკუთარი პიროვნების მიმართ იყენებს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "სული უფლისა ღვთისა ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად" (ეს. 61:1). ამრიგად, ადრეული ეკლესია იესო ქრისტეს "ცხებულს" უწოდებს (საქმ. 4:27), მაგრამ არა ზეთით, არამედ "სულითა წმიდითა და ძალით" ცხებულს (საქმ. 10:38).
მეტად საინტერესოა ნელსაცხებლის შინაარსი, რომელსაც აღდგომის შემდეგ უფალი სულიერად "ბრმა" ლაოდიკიელებს სთავაზობს, რადგან იმ დროისთვის ეს ქალაქი თვალის საცხებლებით იყო განთქმული. უფალი ბრძანებს: "გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" (გამოცხ. 3:18). ახალ აღთქმაში ზეთის ცხების სიმბოლური შინაარსი აშკარად გვიჩვენებს, რომ ეს არაა უბრალო ცხება და რიტუალში სულიწმინდის ქმედება აშკარად იგრძნობა (საქმ. 10:38).
საუნჯე, რომელიც სამყაროს შეცვლის სიმბოლოა. სახარებაში წარმოდგენილი მოგვების ამბავი არ შეიძლებოდაა შემთხვევითი ყოფილიყო. გარდა ჩამოთვლილი სიმბოლური მნიშვნელობებისა, ძღვენს სხვა დატვირთვაც უნდა ჰქონოდა. არის ვერსია, რომ ოქრო, გუნდრუკი და მური მიუთითებენ მომავალში რწმენის, გონიერებისა და კეთილი საქმეების პრიორიტეტზე; ეფიმია ზიგაბენი წერდა, რომ ეს არის კეთილი სამეფო საქმეების, ლოცვისა და ვნებების მოკვდინების სიმბოლოები; რომის პაპი გრიგოლ I დიდი (VI ს-ის დასასრული) მიიჩნევდა, რომ მათში სიბრძნე, ლოცვა და ვნებების მოკვდინებაა ნაგულისხმევი.
ქრისტოლოგიური თვალსაზრისით, მოგვთა თაყვანისცემა მაგიისა და სიბრძნის ხერხებით ღვთის ძიების პროცესის დასრულების მიმანიშნებელია. მოგვებმა ბეთლემში მისვლით ყველა წარმართს მოუწოდეს, აღიარონ უფალი და ამ თვალსაზრისით ისინი "წარმართთა შორის პირველები არიან". მათ პირველებმა ამოიცნეს, როდის და სად დაიბადა უფალი, იხილეს და აღიარეს იგი. სამი ძღვნის კლასიკური, ქრისტოლოგიური სიმბოლური შინაარსი კი გვიჩვენებს, რომ ოქრო, გუნდრუკი და მური მეფობის, მღვდელმთავრობის და ადამიანის უკვდავების ახლებურად დანახვის სიმბოლოებია.
მოგვებმა კაცობრიობის ახალშობილ მხსნელს, ოქრო, გუნდრუკი და მური, თავისი მრავალმხრივი შინაარსით, უბრალო საჩუქრად კი არ მიართვეს, არამედ ბოლო ჟამის დადგომის წინ განკაცებულ უფალს ეს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი სიმბოლოები ახალი აღთქმის შინაარსით კურთხევისთვის მიუტანეს...
უფალმა აკურთხა ეს სიმბოლოები და დადგა ბოლო ჟამი.
ამ დროს იერუსალიმის მეფე ჰეროდე დიდი იყო. ეს იყო მეფე, რომელსაც თავისი სამი ვაჟი და საკუთარი ძმა სიკვდილით ჰყავდა დასჯილი; მეფე, რომლისაც ეშინოდათ და რომელიც ეჯავრებოდათ. ჰეროდე მოგვებს ელოდა. მას სურდა მათგან ახალი მეფის ადგილსამყოფელი შეეტყო და მოეკლა ჩვილი იესო. სამყაროს მეფის თაყვანისცემის მომდევნო დღეს მოგვები, პირობისამებრ, იერუსალიმში, ჰეროდესთან აპირებდნენ დაბრუნებას. ანგელოზმა მოგვებს ჰეროდეს მზაკვრული მიზნების შესახებ აუწყა და უბრძანა, მეფის სასახლეში აღარ მისულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეფის წინაშე პირის გატეხა მოგვებს დიდ საშიშროებას უქადდა, მათ ჰეროდეს ხელში ჩავარდნის არ შეშინებიათ და სხვა გზით წავიდნენ, დატოვეს იერუსალიმის მიდამოები და იუდეა.
გამძვინვარებულმა ჰეროდე მეფემ საკუთარი ხალხის მიმართ ფარაონის მსგავსი სისასტიკე გამოიჩინა. ასეთი მეფე და მისი მონაგარი კი, როგორც ხალხისგან, ისე უფლისგან განწირულია...