იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს
(მერვე ნაწილი)
მაცხოვრის დიდებით მობრძანება და მორწმუნეთა ხარების დრო
მიზეზი ხარებისა
"ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი. წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი. შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე" (ლუკ. 1:45-55).სიტყვები "აუსრულდება ყველაფერი" მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლის დედას, ელისაბედს ეკუთვნის და როგორც შეჰფერის იესო ქრისტეს წინამორბედს, რომელმაც მოგვიანებით ებრაელ მღვდელმთავრებს განუცხადა: "მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა", ის ამჯერადაც საკუთარი დედის ბაგით წინასწარმეტყველებს: "ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ". შემდეგ ქალწული მარიამის მიერ გამოთქმულ წინასწარმეტყველებაში უკვე უფალი ღაღადებს და ჩვენ ვხედავთ, რომ დროში, რომლის მიჯნაზეც იმყოფება მთლიანად ქვეყნიერება და ცალ-ცალკე ყოველი ადამიანი, მთავარი ფასეულება სიმდაბლე ხდება. ამიერიდან მადლს ეზიარება ღმრთისმოშიშთა ყველა მომდევნო თაობა. გამოვლინდება ქედმაღალთა, ძლიერთა და ანგარებიანთა უგუნურება, გაცუდდება მდიდართა იმედები და ზრახვები. კაცობრიობის ისტორიაში, ამ წინასწარმეტყველების მიხედვით, სიტყვა "ისრაელი" უკვე საბოლოო და ახალ შინაარსს იძენს. უფალი ყოველ ადამიანამდე მიდის და აბრაამი, ყოველგვარი ეროვნულობისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ყოველი ცალკეული მორწმუნის მამად მკვიდრდება, იხსნება წყალობა და სიკეთით აივსება სულით მშიერი, ანუ "ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი" (მათ. 5:3).
"ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანის განღმრთობა შესაძლებელი ყოფილიყო", - ასე განმარტავს ამ უდიდეს მოვლენას II საუკუნის მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ირინეოს ლიონელი. თუ დავაკვირდებით ხარების შედეგად განვითარებულ მოვლენებს, დავინახავთ, რომ მართლაც "უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო ხარების შემდეგ: "ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიმ. 3:16)".
ხარების გამოძახილი სამყაროში
რადგან სადავო არ არის, რომ მარიამის ხარება 25 მარტს (7 აპრილს) იყო, შესაბამისად, მარიამი ელისაბედს აპრილის პირველ რიცხვებში უნდა სწვეოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ვინაიდან სამყაროსთვის სწორედ ამ დღეს გაცხადდა საიდუმლო განგებულებისა, რომლსაც ხარების წუთიდან ელისაბედთან მოსვლამდე მხოლოდ მარიამი ფლობდა. და რადგან გაცხადდა საიდუმლო, მას ის ადამიანები უნდა ზიარებოდნენ, ვინც ამ საიდუმლოს შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ელოდა. ეს საიდუმლო ყველა ხალხისთვის ისეთი ხერხებით ანუ ენით უნდა ყოფილიყო მისაწვდომი, რომელსაც თავად ფლობდნენ. მაგალითად, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი წერს: "ვინაიდან მოგვები მისდევდნენ მეცნიერებას ვარსკვლავების შესახებ, ამიტომ უფალმა ისინი თავისთან მათთვის ნაცნობი ნიშნით მიიყვანა, მსგავსად მეთევზე პეტრესი, რომელიც უფალმა თევზების სიმრავლით გააოცა და მოაქცია". და კიდევ, გავიხსენოთ, რომ ასეთი შემთხვევები სულიწმინდის ნიჭითაც არაერთხელ მოხდა. დაწერილია: "ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ" (საქმ. 2:4).განგებულების საიდუმლოს განცხადება ქვეყანაზე უდიდესი ცვლილებების დასაწყისია. ღმერთი ყოვლადწმინდა მარიამში სწორედ განგებულებით "გამოჩნდა ხორცით" და როგორც ვხედავთ, მისი გამოჩენა პირველმა იოანე ნათლისმცემელმა დაადასტურა.
სამყაროსა და უშუალოდ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა მოხდა - დაიწყო ღმერთის განსხეულება და განკაცება. ვინც ღმერთისგანაა და სულით ღმერთთანაა, იმისთვის დრო არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, მის თვალს ხრწნილების საბურველი ვერ ფარავს, ამიტომ შეძლო მუცლად მყოფმა ნათლისმცემელმა მიუწვდომლის - უფლისა და მის განკაცებასთან დაკავშირებული იმ ცვლილებების დანახვა, რაც შემდგომში ადამიანისგან დაბადებული ღმერთის ძის საქმეს უნდა მოჰყოლოდა. ის, რაც ელისაბედისა და მარიამის ბაგით ნათლისმცემელმა და მაცხოვარმა იწინასწარმეტყველეს, ეხება არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ დედამიწის ყველა მცხოვრებს: იმას, ვინც ქრისტეშობამდე იყო, რადგან მეორედ მოსვლა ყოველი ადამიანისთვის აშკარა იქნება - ვინც მაცხოვრის თანადროულად ცხოვრობდა, ვინც შემდგომში დაიბადა და დაიბადება. მეორე მხრივ იესო ქრისტეს შობის შემდეგ კაცობრიობის ისტორია ორ - იესო ქრისტეს განკაცებამდე და განკაცების შემდგომ - წელთაღრიცხვებად დაიყო.
ხარებისა და ქრისტეშობის თარიღი
წმინდა წერილი ხარების ზუსტ თარიღს არ გვაუწყებს. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ხარების თარიღად როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში ძველთაგანვე 25 მარტი (7.04) იყო მიჩნეული. ეს რიცხვი, ერთი მხრივ, ზუსტად 9 თვით უსწრებს შობას, ანუ 25 დეკემბერს, მეორე მხრივ, წარმოადგენს როგორც ალექსანდრიული, ისე ბიზანტიური ქრონოლოგიური სისტემების საფუძველს. უძველეს წყაროებად, რომლებშიც ხარების თარიღია მინიშნებული, ჯერჯერობით II-III საუკუნეების ცნობილი ღვთისმეტყველის ტერტულიანესა და რომაელი მღვდელმოწამის იპოლიტეს ნაშრომები მიიჩნევა. ამასთან, წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტე გარკვეული ბიბლიური გამოთვლების (დაბ. 2:3; გამოცხ. 20:4-6; ფსალმ. 89:5; 2 პეტ. 3:8) საფუძველზე ასკვნიდა, რომ იესო ქრისტე იშვა 25 დეკემბერს, ანუ სამყაროს შექმნიდან 5500 წლის შემდეგ. ხოლო ნაწარმოებში, რომლის ავტორადაც წმინდა ათანასე დიდია მიჩნეული, ნათქვამია, რადგან ღმერთმა პირველი ადამიანი სწორედ ამ დღეს შექმნა, იესო ქრისტეს მარიამ ქალწულში ჩასახვის თარიღიც მარტის ოცდამეხუთე დღეა (7.04). ამრიგად, მრავალი საუკუნეა, ადამიანები ხარებას 25 მარტს (7.04) აღნიშნავენ, ქრისტეშობას კი 25 დეკემბერს (7.01) ზეიმობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს სინამდვილეში ბევრი ცდილობს, ეს თარიღები ეჭვქვეშ დააყენოს ან საერთოდ უარყოს. მაგალითად, დომენიკელი სასულიერო პირი და მეცნიერი, ბატონი მერფი ო"კონორი ამტკიცებს, რომ მან არ იცის, როდის დაიბადა იესო ქრისტე, მაგრამ ზუსტად იცის, რომ იგი 25 დეკემბერს არ დაბადებულა. თუმცა არ გვიმხელს, რა გზით მივიდა ამ დასკვნამდე (ეს და სხვა თანამედროვე მეცნიერული მიღწევებით განმტკიცებული ქრონოლოგიური ფაქტები შეგიძლიათ ნახოთ სამეცნიერო-პოპულარულ ფილმში: "სამი მოგვის საიდუმლო").
საერთოდ, საზოგადოებაში რატომღაც მიღებულია, რომ 25 დეკემბერი იესო ქრისტეს დაბადების დღედ მზის ზამთრის ნაბუნიობის გამო დამკვიდრდა. თეოლოგიის პროფესორი დეიდრე გუდი მიიჩნევს, რომ ქრისტეშობა დაამთხვიეს რომაული სატურნალიის დღესასწაულის დამთავრებას. ამ ადამიანების მიერ გაწეული დიდი შრომის პატივისცემის მიუხედავად, სამართლიანობა მოითხოვს შევახსენოთ მათ, რომ იესო ქრისტე ღმერთია და არა ხალხის მიერ გაღმერთებული ადამიანი. ვისაც ესმის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია, ისიც უნდა ესმოდეს, რომ იგი მაშინ დაიბადა, როდესაც საჭიროდ მიიჩნია. ადამიანებმა კი, ჩვენი სულიერების შესაბამისად, მაშინ შევძელით მაცხოვრის დაბადების თარიღის ამოცნობა, როდესაც ჩვენი დრო დადგა, ანუ როცა ამ თარიღის დანახვა შევძელით. ხოლო მიკვლეული თარიღი, 25 დეკემბერი, მზის ზამთრის ნაბუნიობას დაემთხვეოდა თუ არა, ამას ადამიანები ვერ გადაწყვეტდნენ. ჩვენ გვწამს, თავისი დაბადების თვე და რიცხვი თავად უფალმა დაადგინა და მისი გამჟღავნების დროც მანვე განსაზღვრა.
სწორედ ამ პრინციპით ქრისტეშობის წელი დღემდე არ არის საბოლოოდ დაზუსტებული. მიუხედავად იმისა, თითქოს ამ თარიღის დადგენა უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, ეკლესიის ისტორიაში ეს საკითხი ფაქტობრივად ყოველთვის ღიად იყო დარჩენილი. დაზუსტებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დაბადებასთან არის დაკავშირებული და ქრისტიანული წელთაღრიცხვა ამჟამად მთელ მსოფლიოშია მიღებული. ამით, ნებით თუ უნებლიეთ, აღიარებულია, რომ წელთაღრიცხვის უფრო მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი კაცობრიობას ჯერჯერობით არ გასჩენია. ეს სავარაუდო მიჯნა კი 525 წელს რომაელი არქივარიუსის დიონისე ექსიგუსის მიერ იქნა გამოთვლილი. როგორც ცნობილია, გამოთვლებში დაშვებული შეცდომის გამო დიონისეს კოლეგები თავიდანვე ამტკიცებდნენ, რომ მას რამდენიმე წელი გამორჩა, მაგრამ კამათი კვლავაც უშედეგოდ მიმდინარეობს. სპეციალისტები ვერ თანხმდებიან, ზუსტად რამდენ წელზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ერთი რამ კი ყველასთვის უდავოა: იესო ქრისტე ჰეროდე დიდის მეფობის დროს დაიბადა. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ ჰეროდე მეფე ძვ. წ. აღ-ით ოთხი წლის დასაწყისში, მარტში ან აპრილში გარდაიცვალა. ამიტომ შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომი დევიდ ჰიუსი ფიქრობს, რომ სწორედ ძვ. წ. აღ-ით 4-8 წლებში უნდა ვეძებოთ რაღაც ასტრონომიული მოვლენა, რომელიც ბიბლიურ მინიშნებებს შეესაბამება.
წარმართთა მოქცევის პირველი მინიშნებები მათეს სახარებაში
ჩვილი იესოს თაყვანისცემისთვის წარმართი მოგვების ბეთლემში მოსვლასთან დაკავშირებული მოვლენები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ძველი აღთქმის ტრადიციების შესაბამისად, ჯადოქრებისა და ვარსკვლავთმრიცხველებისადმი ქრისტიანობა თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი, რადგან თავისი ტრადიციული მისტიკური შინაარსით ქრისტიანულ თავისუფალ ბუნებას არც ერთი და არც მეორე არ შეესაბამება და მათი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი რაღაც კოსმოსური მოვლენებისა და ადამიანური ამპარტავნებით გაჯერებული მისტიკური ძალების მორჩილი ხდება. ბიბლიურ ლიტერატურაში სიტყვა "მოგვი" დადებით კონტექსტში მხოლოდ მათე მახარებელს აქვს მოხსენიებული. მის სახარებაში ეს ტერმინი შეეხება კეთილშობილ წარმართ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ბეთლემში ჩვილი იესოს თაყვანსაცემად ჩავიდნენ. არ არის დაზუსტებული, როდის მოხდა და ზუსტად რომელი ქვეყნიდან იყვნენ მოსული ეს ადამიანები, მაგრამ ერთი ნათელია: სპარსეთიდან თუ ბაბილონიდან ჩამოსულ მოგვებს ღმერთთან შეხვედრის მოლოდინი ჰქონდათ. ბეთლემში ჩასვლამდე მათ უნდა სცოდნოდათ მიწიერ მეფეთა მეფის, ანუ ღმერთის დაბადების შესახებ, ეს ცოდნა რწმენად უნდა ჰქონოდათ ქცეული, ეხილათ ნიშნები, დაეჯერებინათ, მომზადებულიყვნენ და თაყვანისცემის მიზნით ძნელი და შორეული გზა გამოევლოთ. წმინდა მამათა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბეთლემში ისინი ჩვილი იესოს ცხოვრების მეორე წელს უნდა გამოჩენილიყვნენ. ეს მოვლენა იკონოგრაფიაში უმთავრესად სწორედ ამგვარი ინტერპრეტაციით არის ასახული.
მოგვთა რაოდენობა. მათეს სახარებაში არ ჩანს, რამდენი მოგვი ჩავიდა იერუსალიმში. რომის კატაკომბებში გვხვდება ორი მოგვის ფიგურა, სხვაგან ოთხი ფიგურაცაა გამოხატული. რიცხვ სამს პირველად ორიგენესთან ვხვდებით, ის გარკვეულ პარალელს ისაკთან დაკავშირებულ ისტორიაში ხედავს. როგორც ცნობილია, ისაკს თაყვანსაცემად გერარიდან სამი წარმართი დიდებული ეწვია: "აბიმელექი, მისი მოყვარე ახუზათი და ფიქოლი" (დაბ. 26:26). არის მოსაზრებაც, რომ ეს რაოდენობა სამი სახის ძღვენს უკავშირდება. ესენია: ოქრო, გუნდრუკი და მური. ასეა თუ ისე, ბიბლიურ აზროვნებაში სამი მოგვის რაოდენობა დამკვიდრდა.
მოგვთა წარმომავლობა ან სადაურობა. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს" (2:1).
ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე თითქმის ხუთი საუკუნით ადრე ჰეროდოტე წერდა, რომ საბერძნეთში მოგვებად აღმოსავლური რელიგიური ერთობის წევრებს მიიჩნევდნენ. უძველესი დროიდან მოგვები კასპიის ზღვის სანაპიროებზე, ახლანდელ ირანში მცხოვრები სასულიერო პირები იყვნენ. მოგვიანებით მათ სპარსეთის უდიდესი იმპერიის წარმართი სასულიერო პირების ელიტარული ადგილი დაიკავეს, ეს კი, მათე მახარებლის ცნობით, ისრაელის აღმოსავლეთია. ადრექრისტიანული ხელოვნების ძეგლებიც მოგვებს აღმოსავლეთიდან მოსულ ქურუმებად წარმოგვიდგენენ.
ასტრონომ მაიკლ მოლნერს მიაჩნია, რომ იმ დროს მოგვთა უმრავლესობა ბაბილონში სახლობდა და იქ გავლენიან ძალას წარმოადგენდა. მათ სიზმრების ახსნა შეეძლოთ, ისინი კურნავდნენ, ატარებდნენ და ხელმძღვანელობდნენ რიტუალებს, წინასწარმეტყველებდნენ, იყვნენ მეფის მთავარი მრჩევლები. თაყვანს სცემდნენ მათ და მათი შიში ჰქონდათ. მათი ძალაუფლების საფუძველს გასაიდუმლოებული ფილოსოფია და სახილველად ეფექტური რელიგიური რიტუალები წარმოადგენდა.
მიიჩნევა, რომ მოგვები უძველესი სპარსული ზოროასტრიზმის წარმომადგენლები იყვნენ. ამ რელიგიის დამფუძნებელი ზოროასტრი ანუ ზარათუშტრა იყო. არაბულ ქრისტიანულ წყაროებში მინიშნებულია, რომ იესო ქრისტეს დაბადება და მოგვთა მოგზაურობა ბეთლემში ზარათუშტრამ იწინასწარმეტყველა. ზოროასტრიზმის უზენაესი ღვთაება აჰურა მაზდაა, ხოლო საღვთო წიგნს ავესტა ეწოდება. ამ რელიგიის ნარჩენები, ძირითადად ინდოეთსა და ირანში, დღესაც არსებობს, მიმდევართა ცალკეული ჯგუფები საქართველოშიცაა შემორჩენილი.
იუდაიზმი და ზოროასტრიზმი
ძველი აღთქმის წიგნები გვაუწყებენ, რომ მრავალი ებრაელი სამშობლოდან ტყვედ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბაბილონში წაიყვანეს. თავისუფლების მოპოვების შემდეგ ბევრი მათგანი იერუსალიმსა და ბაბილონს შორის სავაჭრო საქმიანობას იწყებდა. ვაჭრობასთან ერთად აღმოსავლურ ქალაქებს შორის იდეების გაცვლა მიმდინარეობდა. დიდი პატივით სარგებლობდნენ ისინი, ვინც ახალ, საინტერესო იდეას წამოაყენებდა და ამ იდეას კარგად გადმოცემას შეძლებდა. ამრიგად, სპარსულ გარემოცვაში ებრაელები ასობოთ წლების მანძილზე ცხოვრობდნენ, ისინი სპარსელებთან იესო ქრისტეს სალაპარაკო არამეულ ენაზე ურთიერთობდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იყო დიალოგი, რომლის დროსაც სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები ბევრ საერთოს პოულობდნენ, ერთმანეთს ახალი სულიერი გამოცდილებითა და მიღებული ცოდნით ასაზრდოებდნენ. "ქრისტესშობამდე იუდეაში მესიის დაბადების შესახებ ხმები გავრცელდა, მაგრამ არავინ იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მხსნელი", - წერდა ებრაელი ისტორიკოსი ფლავიუს ჯოზეფუსი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმიდან ოთხი ათეული წლის შემდეგ დაიბადა. თეოლოგი პროფესორი დეირდრე გუდი აღნიშნავს: იუდეაში რამდენიმე მიმართულება იყო გავრცელებული: ერთნი საუბრობდნენ მეფე-მესიაზე, მეორენი - მღვდელ-მესიაზე, სხვანი კი მესია-მქადაგებელზე. სხვადასხვა მიმართულების იუდაიზმი მესიასაც სხვადასხვაგვარს ელოდა. ამდენად, ძნელი სათქმელია, როგორ წარმოედგინათ ებრაელებს მესია.
ამ თვალსაზრისით ზოროასტრიზმი უფრო მყარ პოზიციაზე იდგა და იცოდა, ვის ელოდა. შეფილდის უნივერსიტეტის ასტრონომს პროფესორ დევიდ ჰიუსს მიაჩნია, რომ ზოროასტრიზმი ისეთივე ძველი რელიგიაა, როგორიც იუდაიზმი. იუდაიზმის მსგავსად, ზოროასტრიზმიც ერთ ღმერთს, ნათელს - აჰურა მაზდას აღიარებს, რომელსაც იუდაიზმისგან განსხვავებით მტერი, ანჰარა მაინიუ - სიბნელისა და ბოროტების სული უპირისპირდება. მეორე მხრივ, ისევე, როგორც ქრისტიანობაში, ზოროასტრიზმშიც ნათელი სიკეთეს განასახიერებს, ხოლო ბნელი - ბოროტებას. მაგრამ ზოროასტრიზმის ნათელი ქრისტიანობისგან განსხვავებული ნათელია, ის დუალისტური რწმენის ერთი მხარეა. მიიჩნევა, რომ აჰურა მაზდას სული, ანუ ნათელი ცეცხლშია. ამიტომ მის რიტუალებში მთავარი ადგილი ცეცხლს უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რელიგიას შინაარსობრივად იუდაიზმსა და ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს, მათ ფასეულობებში გარეგნული მსგავსება მაინც მოჩანს. ზოროასტრიზმის მიმდევრები, ბრძანებს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ელმუთ ჰინტზი, ისევე როგორც იუდეველები, მხსნელს, მესიას ელოდნენ, რომელსაც ბოროტება უნდა დაემარცხებინა და სამყარო გადაერჩინა. ამრიგად, მოგვთა მაგალითი გვიჩვენებს, რომ მესიის მოსვლის დროს წარმართებიც გრძნობდნენ და ქვეყნიერების ნაწილს ცოცხალი ღმერთის მოლოდინი ჰქონდა.
***
თავის დროზე ახალი აღთქმის ინგლისურ ენაზე მთარგმნელებმა მოგვებთან დაკავშირებით სახარების ტექსტი მნიშვნელოვანი ცვლილებებით "გაამდიდრეს" და ამით გარკვეული გაუგებრობები წარმოშვეს. მთარგმნელებმა მოგვებს მეფეები უწოდეს, - ბრძანებს ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორი ელმუთ ჰინტზი. ჩვენი მხრივ დავუმატებთ: როგორც ჩანს, მაშინდელი გადასახედიდან, მათ ვერ გააცნობიერეს წარმართი კერპთმსახურების მიერ მაცხოვრის ცნობისა და აღიარების ნამდვილი შინაარსი. მათთვის და მათი მკითხველებისთვის სავალალოდ, ინგლისელმა მთარგმნელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ უფალი ყველა სახის წარმართული რწმენის გასაუქმებლად მოვიდა და მოგვთა თაყვანისცემა ამ პროცესის აღიარება და დასაწყისი უნდა ყოფილიყო. მათ ყურადღება გარეგნულ მხარეზე, კერძოდ იმაზე გაამახვილეს, რომ სიტყვა "მაგოი" ანუ მოგვი ჯადოქარს ნიშნავს და იფიქრეს, რომ ინგლისურენოვან მკითხველზე იგი ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ამიტომ წმინდა წერილი "შეალამაზეს" და თარგმანში მოგვების ნაცვლად "მეფეები" ჩაწერეს. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ამით, ერთი მხრივ, სახარება ამ უხერხულობისგან გაათავისუფლეს, ხოლო, მეორე მხრივ, თაყვანისმცემლად "მეფეების" წარმოდგენით მაცხოვარი უფრო მეტად "განადიდეს". წმინდა წერილი თვითონ მიგვითითებს, თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა იმ მომენტმა, როდესაც იუდაურ დღესასწაულზე დასავლეთიდან მოსულმა წარმართმა ელინებმა (სავარაუდოდ, ქურუმებმა, რადგან სხვები იუდაიზმში ქრისტიანულ სიახლეებს ვერ შეამჩნევდნენ) იესო ქრისტესთან შეხვედრა ითხოვეს. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს" (იოან. 12:20-24). თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოხდა დიდ სამშაბათს, ამის შემდეგ იყო იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა და პირდაპირი გზა გოლგოთისკენ, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ისიც, რომ ჩვილ იესოს თაყვანი აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა სცეს. საქმე ის არის, რომ ჰეროდე მეფის მიერ დევნის გამო სამხრეთით ეგვიპტეში თვითონ იესო იყო გადახვეწილი და ბოლოს დასავლეთიდან მოსულმა ელინებმა მოახლოებული ბოლო ჟამი გააცნობიერეს და საფიქრალია, რომ შეხვედრის დროს მათ თაყვანი სცეს და აღიარეს უფალი. ამ შემთხვევაში კი აშკარად მოჩანს პარალელი კათაკმეველთა ლიტურგიის დასაწყისთან, სადაც კრეტსაბმელის გახსნის შემდეგ დიაკონი ჩამოთვლილ მხარეთა თანმიმდევრობის საპირისპიროდ მოძრაობს, ტრაპეზის გარშემო ჯვრის სახით აკმევს და აღდგომის ტროპარს ამბობს:
"საფლავად ხორცითა" - უკმევს ტრაპეზის დასავლეთ მხარეს;
"ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი" - უკმევს სამხრეთ მხარეს;
"სამოთხეს ავაზაკის თანა" - აკმევს აღმოსავლეთ მხარეს;
"საყდარსა განუშორებელ იყავ, ქრისტე, მამისა თანა და წმიდისა სულისა", - აკმევს ჩრდილოეთ მხარეს და ასრულებს:
"ყოველნივე აღავსენ, გარეშემოუწერელო".