ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა ყოველთვის იდუმალი და უხილავია. ეს იდუმალება სიცარიელეს როდი გულისხმობს; ის გარკვეული განწყობილებებითა და შეგრძნებებითაა მოცული.
ერთი მხრივ, ღმერთი თავის სიყვარულსა და მზრუნველობას გამოხატავს ადამიანის მიმართ, მეორე მხრივ, ადამიანი ცდილობს გარკვეული პასუხი გასცეს ღმერთის გამოძახილს. თუმცა ეს პასუხი ზოგჯერ ან საერთოდ არ არსებობს, ან არ შეესაბამება ღმერთის ბუნებას, რადგან თავისი ადამიანურობა თავად ადამიანის ბუნებასაც ვერ გაუცნობიერებია. სწორედ ამ იდუმალ ურთიერთობაზე უნდა ვისაუბროთ და იმ ორ ძირითად პრობლემაზე, რომლებსაც ადამიანური ბუნების გაუთვითცნობიერებლობა და ამის შედეგად ღმერთთან არამართებული ურთიერთობის წარმართვა ჰქვია. ყოველივე ეს კი მოკლედ და მართებულადაა გადმოცემული წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებში: "მიწყალე მე, ღმერთო".
მართლაც, თუკი ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები არ შეიცნო, ვერასდროს დაიმკვიდრებს ადგილს რეალურ ცხოვრებაში. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: ჯერ ადამიანმა თავისი სულიერი მდგომარეობა უნდა დაინახოს და შემდეგ მოახერხებს უფალთან ჯანსაღი სულიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. დღეს კი რა ხდება?
სულიერი ცხოვრების წინსვლის ხარისხი ძირითადად ღვთის მცნებების ფარისევლურად შესრულებაზე გახდა დამოკიდებული - რაც უფრო ზუსტად და ზედმიწევნით იქნება შესრულებული ესა თუ ის საეკლესიო დადგენილება და ჩვეულება, მით მეტია "სულიერების" ხარისხი. ეს მხოლოდ მორწმუნე ადამიანთა მდგომარეობაა.
თანამედროვე საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი ივიწყებს ღმერთს, რათა ადამიანმა - უზენაესი, ადამიანის მიერ გარდაქმნილმა სამყარომ კი ცათა სასუფეველი ჩაანაცვლოს. ღმერთის დავიწყების წინაპირობა თავად ადამიანური ბუნების აღქმის დაკარგვასთან არის პირდაპირ კავშირში. "ყველა, ვისაც სულით ჭეშმარიტად შეუცვნია საკუთარი (ბუნების) უძლურება, ნაყოფიერ მიწაზე თესავს", - გვმოძღვრავს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი; საკუთარი ბუნების შემცნობი ყველაზე ბრძენია, - ამბობენ წმინდა მამები. მაშ, რის შემეცნება გვმართებს? ადამისეული ცოდვის მემკვიდრეობისა, რადგან ჩვენ ყველანი ამ ბუნების მემკვიდრენი ვართ.
მაშ ასე, ადამის ცოდვამ ღმერთისკენ შეუზღუდავი და დაუბრკოლებელი სწრაფვა შეაჩერა. მისი ბუნება კი, მიჩვეული ღმერთის სიკეთეს, პირველად აქცევს ზურგს მას და ამ სიკეთის მიღებას სხვა წყაროსგან მოისურვებს. მაგრამ შედეგი სავალალოა - ადამიანურმა ბუნებამ არაბუნებრივი მდგომარეობა შეიგრძნო. ღმერთს დაშორდა, სამოთხეს გამოეთხოვა, სულიერი საბურველი შემოეძარცვა და ყოველივე მიწიერის მიმართ მეტად მგრძნობიარე გახდა. იმ დროიდან ადამის ყველა მემკვიდრეში მიმდინარეობს ბრძოლა მიწიერსა და ზეციურს, ბუნებრივ და არაბუნებრივ მოთხოვნილებებს შორის.
მაგრამ რა ქნას ახლა ადამიანმა? რით დააღწიოს თავი თითქოსდა მისგან უნებურად მიღებულ მდგომარეობას? ძალზე ბევრ ადამიანს აწუხებდა ეს კითხვა ძველი აღთქმის პერიოდში. მათ შორის იყო წმინდა ფსალმუნთმგალობელი დავითიც. ვერც მან გაუძლო ადამიანში წარმოებულ ბრძოლას და უდიდესი ცოდვა ჩაიდინა ურიას ცოლთან. მაგრამ ცოდვით დაცემული დავითი გრძნობდა დანაშაულს და გამოსავალს ეძებდა. ისიც იცოდა, რომ ღმერთი იყო მხოლოდ მისი გადამრჩენელი და სწორედ ამიტომ ვედრებით მიმართავდა: "მიწყალე მე, ღმერთო".
ეს მხოლოდ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავის სნეულებას შეიმეცნებს და კურნებას ითხოვს. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მაშინ რელიგია არ ჰქონდათ. პირიქით, მთელი კაცობრიობა იყო უფლის ძიებაში. არ არსებობდა ერი და ტომი, რომელსაც თავისი რელიგია არ ჰქონდა. ყველანი გრძნობდნენ უზენაესზე დამოკიდებულებას, მაგრამ ყველამ როდი იცოდა ადამიანთა უძლურების მიზეზი. და რადგან მიზეზი არ იცოდნენ, არც ეძებდნენ გამოსავალს. მათთვის არაბუნებრივი ხომ ბუნებრივად იყო მიჩნეული. ადამიანური მისწრაფებები კი მიწიერი სურვილებით საზრდოობდა. ღმერთთან დამოკიდებულებაც მიწიერი სარგებლით შემოისაზღვრებოდა. მიწიერმა საზრუნავმა ხალხის ზნედაცემულობა გამოიწვია. ბოროტება გამრავლდა. სიცოცხლე აუტანელი, გაუსაძლისი გახდა. მხოლოდ მცირედნი - პრივილეგირებულნი "ტკბებოდნენ" მიწიერი სიკეთეებით.
რელიგიები არსებობდა, მაგრამ ვერც ერთი რელიგია ადამიანის ბუნების განახლებას ვერ ახდენდა, რადგან ისინი ადამიანთა მიერ იყო დაარსებული. ადამიანები მხოლოდ იმას თხოულობდნენ, რაიმე გარეგნულად შეცვლილიყო, მაგრამ შინაგან ცვლილებაზე მცირედნი ფიქრობდნენ. არადა ადამიანის ბედნიერება მისი ბუნების მოწესრიგებაში მდგომარეობს და არა გარე სამყაროსი.
რელიგიამ რომ შედეგი არ მოიტანა, ფილოსოფიამ სცადა აეხსნა და განემარტა ადამიანის მდგომარეობის მიზეზი და გარკვეულწილად მართებულ დასკვნამდეც მივიდა: ადამიანის შინაგან ბუნებას სჭირდება მოწესრიგება, თუმცა ეს თავად მისთვის შეუძლებელია. მაგრამ ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ეს შესაძლებელი გახდებოდა?!
და ამ დროს რას აკეთებდა ღმერთი? ღმერთი ხედავდა ადამიანის გასაჭირს, მაგრამ ადამიანი არ ითხოვდა დახმარებას. საჭირო იყო თავად ღმერთს ემოქმედა, რათა ადამიანს თავისი არაბუნებრივი მდგომარეობა შეეცნო, რისთვისაც მან ებრაელი ხალხი გამოარჩია და კაცობრიობას მხსნელის მოვლინებას დაჰპირდა ამ ერის წიაღიდან. სწორედ ებრაელმა ერმა იტვირთა ერთი ღმერთის ქადაგება. მათი ღმერთისადმი ერთგულება თუ უკუმიქცევა გახდა სხვა ერებისთვის ჭეშმარიტი ღმერთის ქადაგების მაგალითი. თუ მიჰყვებოდნენ მის ნებას, სასწაულებრივ გამარჯვებებს აღწევდნენ მტერთან ბრძოლაში, ხოლო თუ უგულებელყოფდნენ უზენაესის ნებას, ღვთის რისხვა ატყდებოდათ. ეს უკვე კარგად გაიგო მთელმა მაშინდელმა მსოფლიომ. ამგვარად, ებრაელი ხალხის საოცარმა ისტორიამ მეტ-ნაკლები რწმენით კაცობრიობას მხსნელის მოლოდინი მოუტანა.
მაშ ასე: ახდა აუხდენელი, აღსრულდა აღუსრულებელი. ვინ იფიქრებდა, რომ ღმერთი მისგან ქმნილ ბუნებას მიიღებდა და ამგვარად გამოისყიდდა კაცობრიობას?! ვინ იფიქრებდა, რომ უზენაესი, მონის ბუნებით შემკობილი, თავმდაბლობითა და შეურაცხყოფით აღსავსე ცხოვრებას გაივლიდა?! ვინ იფიქრებდა, რომ იგი ჯვარზე გაეკვრებოდა და შემდგომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა?! ვინ იფიქრებდა, რომ სულიწმიდა ცეცხლის სახით ადამიანებზე გადმოვიდოდა?! ვინ იფიქრებდა, რომ შესაძლებელი იყო ადამიანის ბუნების განახლება, თანაც ამგვარი გზით?! მაგრამ ეს ყოველივე აღსრულდა, ღმერთის უდიდესი სიყვარულით და განგებულებით. ადამი გამოხსნილია და მისეული ცოდვა წაშლილია. მართალია, ადამისეული ბუნება კვლავაც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, თუმცა ძალა მოგვეცა ბუნების გარდაქმნისა და განახლებისა. და ეს ძალაა სულიწმიდის მადლი.
აი, ეს არის მოკლედ გადმოცემული ადამიანური მდგომარეობა ადამიდან დღევანდელ დღემდე. მაგრამ, საინტერესოა, რამდენად იაზრებს თანამედროვე საზოგადოება ქრისტეს მნეობას?
ერთი მხრივ, დგას პრობლება იმისა, რომ ცნება "დაცემული ადამიანი" ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან თანამედროვე სამყარომ და ცივილიზაციამ იმდენი მოახერხა, ადამიანს თავისი ბუნების დავიწყება შეაძლებინა, დაუბნელა სულიერი თვალი. იგი მსხვერპლია მეცნიერული და ტექნიკური მიღწევებისა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: "დღეს განსაკუთრებით ფართოდ ვრცელდება მოძღვრება დაცემული კაცობრიობის სათნოებისა და მიღწევების შესახებ და მიზნად ისახავს, ყველა მიიზიდოს ამგვარი სათნოებებისკენ. ამავე დროს ეს მოძღვრება სასაცილოდ იგდებს უწმინდეს ქრისტიანულ სიკეთეს და კაცთა შორის მისდამი სიძულვილის გაღვიძებას ცდილობს".
თუ ადამიანმა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი არ შეიცნო, საკუთარი დაცემული ბუნება არ დაინახა, იგი ადვილად წარიტაცება თანამედროვე სამყაროს საცდურით და მონაწილე გახდება იმ პრობლემებისა, რომლებიც უკვე იქმნება დედამიწაზე ადამიანის ღმერთისაგან გაუცხოების გამო. დღეს ადამიანმა დედამიწას საფრთხე შეუქმნა, ხვალ უარესს უნდა ველოდეთ. იმის მაგივრად, რომ კაცობრიობა ამის მიზეზს საკუთარ თავში ეძებდეს, საფრთხის არიდებას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზით ფიქრობს. საკითხავი კი ის უნდა იყოს, ეკოლოგიური პრობლემების დარღვევამდე რამ მიიყვანა ადამიანი.
ადამიანმა საკუთარი საბრალო მდგომარეობა უნდა დაინახოს, რათა შემდგომ გამოსავლის ძიება დაიწყოს, როგორც ძველი აღთქმის პერიოდის ადამიანები ეძებდნენ. და როდესაც ამ პრობლემის აქტუალობას მიხვდება, მაშინ გაიხსენოს, რომ მხსნელი უკვე მოსულია. მის მიერ ხომ ყოველივე აღსრულებულია, ამიტომ ადამიანს უკვე შეუძლია მიმართოს მას სიტყვებით: "მიწყალე მე, ღმერთო". მაგრამ აქ მეორე პრობლემა ჩნდება.
ქრისტეს მიერ ჩვენთვის ნამოქმედარი და აღსრულებული ვერ შეგვიცნია. ვის სწყალობდა უფალი პირველ რიგში? ავაზაკს, მეზვერეს, მეძავს და ყველა იმას, ვინც მისგან რაიმე სახის კურნებას ითხოვდა. აკი მას ეკუთვნის სიტყვები: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლიო" (მათ. 9:13). მისი სურვილი კაცობრიობისთვის საღვთო სიკეთის მონიჭებაა, მაგრამ კაცობრიობა თავის სნეულებას უნდა ხედავდე - ეს არის ერთადერთი პირობა საღვთო წყალობისა. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათ. 9:12).
შესაბამისად, მასთან თანაცხოვრება ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებაა, ისეთში, როგორიც ადამს ჰქონდა. ცხოვრობდა სამოთხეში, სადაც სახილველიცა და საზრუნავიც ჰქონდა, მაგრამ ამ ყოველივეს მისთვის გონება არ დაუბნელებია, ვიდრე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვა. ჰოდა, ახლა ჩვენც, მიუხედავად მრავალი სახილველისა, საზრუნავისა და ზედ დამატებული უდიდესი საცდურისა, გამოხსნილნი ვართ. ღმერთი ერთი შეცდომით კი არ განგვიკითხავს, როგორც ადამს, არამედ სიცოცხლის ბოლომდე გვაძლევს შანსს. მაგრამ ვიღას ახსოვს შემოქმედთან ურთიერთობა? ადამიანი მუდმივად იმის ფიქრშია, თუ როგორ ნახოს მიწიერი სარგებელი, როგორ მოიპოვოს თანამდებობა, სოციალური მდგომარეობა, სიმდიდრე, ანდა როგორ მიიღოს სიამოვნება ცოდვილი ცხოვრების გზით.
შესაბამისად, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ წმინდა დავით მეფსალმუნის მსგავსად მუდმივად ღვთისგან წყალობას ითხოვდეს, საკუთარი თავისგან შექმნილ კერპს ემსახურება.
ღმერთმა დაგვანახოს საკუთარი უძლურება, ცოდვისკენ მიდრეკილება და ღმერთის დახმარებით, მხსნელისადმი რწმენით ყველას გადაგვალახვინოს დაცემული ბუნება. დაე, ჩვენს გულებში ჩაუქრობლად გაისმოდეს სიტყვები: "მიწყალე მე, ღმერთო!" ამინ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი