შეუცნობლის ძიება
ძალიან მიხარია თქვენი აქ მობრძანება. ყველას საკუთარი პრობლემები გაქვთ, მაგრამ მაინც აქ ხართ, რისი ერთადერთი მიზეზი შეუცნობელისაკენ სწრაფვის სურვილია.მიხარია შეუცნობლის მაძიებლების დანახვა. თავადაც ასე დავიწყე. ეროვნული მოძრაობის პერიოდში (1989წ.) ერთი ერისკაცი, რომელიც დღეს ეპისკოპოსია, მართლმადიდებლობის, მისი ჭეშმარიტების შესახებ საუბრობდა. "შემთხვევით" მოვხვდი მის ლექციაზე და ჩემი გაქრისტიანებაც იმ დღიდან დაიწყო. საერო ცხოვრება დავუტევე და სასულიეროს შევუდექი. თუმცა ეს უკვე ჩემი ნება აღარ იყო, უდიდეს სურვილს ვეღარ შევეწინააღმდეგე, რისთვისაც მადლობელი ვარ ღვთისა. რადგან, თუ თქვენს შორის არის ადამიანი, ვისაც ათეისტური ცხოვრების გამოცდილება აქვს და დღეს მეტნაკლებად უფლის ერთგულებას ცდილობს, დამეთანხმება, რომ ურწმუნოებისას სამყაროს შავ-თეთრად ხედავდა, მისთვის აზრი არაფერს ჰქონდა, ვერ გაეგო, რისთვის არსებობდა. ახლა კი ყველაფერი გაფერადდა, ცხოვრების აზრი, არსი და მიზანი გამოჩნდა.
თუ დარწმუნდნენ ღმერთის არსებობაში, რატომ არ იცვლებიან?
ამ ციკლს ქრისტიანობის საფუძვლები დავარქვით. ქრისტიანობა ცხოვრების წესია, მხოლოდ ინტელექტუალურად შეუძლებელია მის სიღრმეებში ჩაწვდომა.
რამდენიმე ხნის წინ ციხეში დიდი ხნის პატიმარს შევხვდი. ბოლომდე არ არის დარწმუნებული ღვთის არსებობასა და სულის უკვდავებაში, თუმცა სურს, რომ ასე იყოს. ამის გამო არ ლოცულობს. სამაგიეროდ, ერთი რამ ვერ გაუგია, მის საკანში უამრავი ადამიანი ლოცულობს, და თუ მათ სწამთ ღვთის არსებობა, რატომ არ იცვლებიან.
მართალია ეს პატიმარი. უფალი ბრძანებს, ვინც მეორედ არ იშვება, ვერ შევა სასუფეველშიო (იოან. 3:3). სამწუხაროდ, ჩვენ, "სტაჟიან მორწმუნეებს", ეს ხშირად გვავიწყდება და ვფიქრობთ, რაკი დიდი ხანია ეკლესიაში დავდივართ, ვლოცულობთ, აღსარებებს ვამბობთ და ვეზიარებით, საკმარისია, რომ ქრისტიანის სახელი გვერქვას. საკუთარ თავს კი არ ვეკითხებით - გამოვიცვალე? სხვა ადამიანი ვარ?
პირველი შეხვედრა რწმენასა და ურწმუნოებას დავუთმოთ, აუდიტორიაში ღმერთის არსებობას ან არარსებობას ვერასდროს დავასაბუთებთ, მაგრამ ეს შეხვედრები დაგვეხმარება, დავიწყოთ უფლის ძიება, ან უფრო მტკიცედ დავდგეთ, სადაც ვდგავართ.
მღვდლის დანიშნულებაა არა საკუთარი ერუდიციის გამომჟღავნება, არამედ შეუცნობლის მაძიებლებისთვის იმის ხარება, რასაც 2000 წელია ეკლესია ყველას ახარებს - ღმერთი არსებობს და ჩვენ უკვდავნი ვართ!
მარადიულობა არჩევანის წინაშე გვაყენებს - ძველებურად ვიცხოვროთ, თუ სულიერი ცხოვრება დავიწყოთ, ანუ ისეთები გავხდეთ, როგორსაც ქრისტიანობა გვთავაზობს. ქრისტიანობა კი შეუვალ, მტკიცე და ერთგულ რწმენას გულისხმობს, რისთვისაც სიკვდილიც კი შეგვეძლება. თორემ გულგრილი სარწმუნოება, უხარისხო ქრისტიანობა და "ისე რა" ქრისტიანობაც ურწმუნოებად შეგვერაცხება. თუ ქრისტიანი არ არის გულმხურვალე, სულით მხნე, სიხარულითა და ბედნიერებით სავსე, მაშინ ის ურწმუნოა, თუნდაც ღმერთის არსებობისა სჯეროდეს.
XIX საუკუნის ერთი მოაზროვნე ურწმუნოთა ორ კატეგორიას გამოყოფს: ბრმებს (ვისაც ღვთის არსებობა არ სჯერა) და ღორებს (ვისაც ღვთის არსებობის სჯერა, მაგრამ ურწმუნოსავით ცხოვრობს) (!), მძიმე ნათქვამია, მაგრამ მსგავს შედარებებს უფალიც აკეთებს. მაგალითად: "ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა" (მთ. 7:6), გასაგებია, რომ ის მართლა ძაღლებსა და ღორებს არ გულისხმობს. პეტრე მოციქული ამბობს: ჯობდა არ შეგეცნოთ ჭეშმარიტება, ვიდრე შეიმეცნეთ რა, კვლავ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდით. ამ შემთხვევაში ემსგავსებით ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს უბრუნდება და ნაბან ღორს, რომელიც კვლავ წუმპეში გაგორდებაო (2 პეტრე 2:21,22). უფრო რაფინირებულია ფსალმუნის სიტყვები: "თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი" (ფსალ. 13,1). ორიგინალური ებრაული ტექსტის მიხედვით ამ უგუნურებაში უზნეობიდან გამომდინარე სისულელე იგულისხმება. წმინდა წერილი, თავად მაცხოვარი, მოციქულები, დიდი მოაზროვნენი ადასტურებენ, რომ ურწმუნოება უზნეობის ყველაზე დიდი და საშინელი ფორმაა. სანამ ადამიანი საკუთარ თავს აბინძურებს, მხოლოდ თვითონ ზიანდება, მაგრამ საკუთარი შეხედულების სხვისთვის თავსმოხვევა გლობალურ კატასტროფებს იწვეს. ამის მაგალითებია ჩვენთან მძვინვარე ათეიზმის სამოცდაათწლიანი პერიოდი, ან რომის იმპერიაში პირველი სამი საუკუნე.
მეცნიერული არგუმენტების შესახებ
ჩვენი სურვილის მიუხედავად, ათეიზმს ვაწყდებით ჩვენს მეგობრებში, ოჯახებში, საკუთარ სულშიც კი იმ ეჭვებითა და კითხვებით, გონებაში რომ მოგვდის. ხშირად ითხოვენ ჩვენგან ღვთის არსებობის დასაბუთებას, სურთ, იგი თეორემასავით გამოვიყვანოთ და დავამტკიცოთ. მაგრამ ყველა შემთხვევაში მათემატიკური, ლოგიკური დასაბუთება შეუძლებელია. ზოგი რამ მეცნიერებაშიც ემპირიულად, ცდისეულად მტკიცდება. ასეთებია ისტორიული, ფილოსოფიური, სხვადასხვა მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული მოვლენები.ერთ-ერთ ძველ იუმორისტულ ჟურნალში ხუმრობდნენ, ლოგიკურად და მეცნიერულად შესაძლებელია ჟირაფის არარსებობაც კი დაამტკიცო, ფორმულებით დაიანგარიშო, რომ ასეთ გრძელკისრიან ცხოველს თავის დახრისას ქალასშიდა წნევა საშინლად მოემატება, ხოლო, თავს თუ ასწევს, გული გაუსკდება და ა.შ. მაგრამ ჟირაფი ხომ არსებობს. ეს ემპირიულად მარტივად მტკიცდება, ადამიანს ვაჩვენებთ ჟირაფს და საქმე დამთავრდება.
ლოგიკურ მტკიცებულებებში შესაძლოა ბევრი ხარვეზი არსებობდეს. ალბათ, გინახავთ, გრძელი გაანგარიშებით როგორ მტკიცდება, ორჯერ ორი რომ ხუთს უდრის. მათემატიკაში ზერელედ ჩახედული ადამიანი ანგარიშის დასაწყისშივე დაშვებულ მცირე ნიუანსურ შეცდომას ვერ ამჩნევს. ასევეა მეცნიერებაში. როდესაც მათემატიკური გზით რაიმეს დამტკიცებას ცდილობენ, თავიდანვე რაღაცას აქსიომად იღებენ, შემდეგ კი გაიძულებენ, მათი დასკვნები მსოფლმხედველობად გაიხადო. თუ თეორიული მტკიცებულება ცდით არ დასტურდება, რა აზრი აქვს მას? და როდესაც ცხოვრების საზრისსა და მიზანზე ვსაუბრობთ, რომელი მათემატიკა გამოგვადგება?
თავის დროზე ათეისტებმა სულში ბარიერი აიშენეს და ვეღარაფერს ხდებიან. ზოგი მათგანი უშუალოდ სიკვდილის წინ მოექცევა ხოლმე, როგორც ჩანს, უფალი ამ ადამიანებს საკუთარ თავთან ბრძოლის ღვაწლს არ უკარგავს, მათზე მადლი მოქმედებს და სული უნათდებათ.
რომელ მეცნიერებას შეუძლია ღმერთის არარსებობის დამტკიცება, მით უმეტეს დღეს. თეოლოგიას უფრო მტკიცე სამეცნიერო ნიშნები გააჩნია, ვიდრე ზოგიერთ სხვა დარგს, გნებავთ ფილოსოფიას, რომელიც მხოლოდ მენტალურს ეხება, რელიგია კი მენტალურთან ერთად გულისმიერი მოვლენაცაა. ამის გარდა, ქრისტიანობაში ორიათასწლოვანი ემპირიული გამოცდილება არსებობს.
დღეს მეცნიერება იმდენად შორს გაიჭრა, განსაკუთრებით მიკროსამყაროს შესწავლაში, რომ ადვილია, კაცი ღვთის არსებობის აღიარებამდე სწორედ მეცნიერების გზით მივიდეს. მეცნიერთა თქმით, ცოტა ხანში შესაძლოა ფორმულებით, მათემატიკურად დამტკიცდეს, რომ ნივთიერი სამყაროს გარდა მიღმიერი სამყაროც არსებობს.
ადრე ეგონათ, ატომი მაგარი იყო და მისით სამყარო ისე იყო აშენებული, როგორც კედელი - აგურებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი მაგარი აგური არ არსებობს, შეიქმნა ატომის მოდელი ბირთვითა და ელექტრონით. შემდეგში ნახეს, რომ ატომიც იშლება, ელექტრონიც იშლება... მეცნიერებამ უკვე დიდი ხანია თქვა, სამყარო შედედებული ველიაო. მართლაც განსაცვიფრებელი და აუხსნელი სიახლეების მომსწრენი ვართ. მაგალითად, დღეს უკვე საუბრობენ ვაკუუმის ენერგიაზე. რაც დრო გადის, მეცნიერება მეტ სიღრმეში ჩადის და რაც მეტი შეუცნობელია, ღვთის არსებობის მეცნიერული დასაბუთების მეტი პერსპექტივა ჩნდება. ვინც ამბობს, მატერია შევიმეცნე, მეცნიერებას გავეცანი და ღმერთი ვერ ვნახეო, იმ კაცს ჰგავს, ოკეანიდან კათხით წყალს რომ ამოიღებს, გახედავს და იტყვის, - აკი ოკეანეში ვეშაპები ცხოვრობენო?
რაც უნდა სრულად მოიცვა მატერია ინტელექტით, მის მიკროსამყაროს ვერასოდეს ამოწურავ. ამბობენ, ღმერთი არ არის და იმიტომაც ვერ ვხედავო. ეს არა მხოლოდ ათეისტების, თითოეული ჩვენგანის პრობლემაა. რამდენჯერ გვქონია ღვთისგან მიტოვებულობის განცდა იმიტომ, რომ მას ვერ ვხედავთ, ის შეუცნობელია.
როგორ დავინახოთ ღმერთი, ან რას ნიშნავს მისი დანახვა?
განა ჩვენი აღქმა რეალობის ადეკვატურია? ვხედავთ და შევიგრძნობთ "კედლის" სიმაგრეს, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებაზე დაყრდნობით ვიცით, რომ "მაგარი აგური" არ არსებობს. დანახვაში მხოლოდ ხორციელი თვალით დანახვა არ იგულისხმება. მაგალითად, წყალში გახსნილ შაქარს თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ ენით შევიგრძნობთ. ამიტომ უსუსურია არგუმენტი - რასაც ვერ ვხედავთ, არ არსებობსო.
არც ჩვენი მხედველობის აღქმაა ზუსტი. მეცნიერება განვითარებული რომ არ იყოს, გვეგონებოდა, მზე და მთვარე ერთი ზომისაა, არადა მათ შორის უზარმაზარი სხვაობაა.
თუმცა, ღმერთზე ვერ ვიტყვით, რომ არ ჩანს და მას ვერავინ ხედავს. ჯერ ერთი, მრავალ ადამიანს უხილავს ღმერთი. გრიგოლ ხანძთელი ხედავდა ღმერთს, ვითარცა სინათლეს. მეტაფორულად, დადებითი ღვთისმეტყველების ტერმინოლოგიით, ღმერთი სინათლეც არის. რა არის უფრო მშვენიერი და მოწესრიგებული ფორმა მატერიისა, თუ არა სინათლე? ამიტომ დიდი წმინდანების მიერ ღმერთი ხშირად სინათლედ იხილვება. მაგრამ არა მზის ან ელექტრონულ, არამედ ხელთუქმნელ, არამატერიალურ სინათლედ.
გარდა ამისა, ღმერთი ცდილობს, გულით დაგვენახოს. ყველას, ვინც რელიგიურად ცხოვრობს და ღვთის ერთგულია, გულით უხილავს ღმერთი. ვისაც გულით ღმერთი არ უხილავს, ვეღარ გააგრძელებს რელიგიურ ცხოვრებას. შესაძლოა ცოტა ხანს ფანატიზმით, თვითჰიპნოზით შეძლოს, მაგრამ ბოლოს მაინც შეეშვება. როგორ მივხვდეთ, ამ მდგომარეობას? ადვილად - ვინც სულიერად სწორად ცხოვრობს, წლების შემდეგ მაცხოვარს ემსგავსება.
მტრები გამწარებულნი ებრძოდნენ ქრისტიანობას, მაგრამ თავად ქრისტეს ვერასოდეს ეხებოდნენ, რაც ჩემთვის უდიდესი სასწაულია. ადამიანმა რომ იგივე გააკეთოს, რასაც ქრისტე აკეთებდა, მას ან გიჟად მონათლავენ, ან ამპარტავნად. ვერავინ შექმნა სრულყოფილი ზნეობრივი ადამიანის სახე. სერვანტესი ეცადა - დონ კიხოტი გამოუვიდა, დოსტოევსკის - იდიოტი. ზნეობრივად სრულყოფილი, ძლიერი, ყოვლისშემძლე ადამიანი ამავდროულად იყოს უსუსური კრავი, სრული სიმდაბლე და თან საკუთარ თავზე საუბრობდეს, განსაცვიფრებელია. მაცხოვრის მთავარი სიტყვებია: "მე", "ჩემთვის" და "ჩემთან".
მარადისობაში სამართლიანობის ნორმები არ არის საჭირო
მისი სახით კაცობრიობამ ღმერთი ვიხილეთ. მერე რა, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და მაცხოვარს უშუალოდ არ ვხედავთ, ეკლესია ამბობს, რომ ჩვენ ისევე შეგვიძლია მისი დანახვა, როგორც მოციქულებს. ზოგს ღმერთის არსებობა იმიტომ ეეჭვება, რომ ამ სამყაროში უსამართლობა და ტანჯვა არსებობს. კი მაგრამ, განა ქრისტიანები ჯვარცმულ სიმართლეს, ჯვარცმულ სიყვარულს, ჯვარცმულ სიკეთეს არ ვატარებთ გულზე? ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ სამყაროში უსამართლობა ბატონობს. წმინდა წერილში პირდაპირ წერია, რომ თავადი ამა სოფლისა სატანაა, და ჩვენ გვასწავლიან, რომ ამ სამყაროში უსამართლობა არსებობს? ჩვენ ეს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, უფალი ამბობს, მე თუ მდევნიან, თქვენც დაგიწყებენ დევნასო (იხ. იოან. 15:20). სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახით ვიდევნებით. თუ ვინმე გაიფიქრებს, - მე რომ არ მდევნიან, განა ქრისტიანი არ ვარო? ვუპასუხებ, რომ ჯერ არ არის ქრისტიანი, ჯერ ინკუბატორშია, რომ გამოიჩეკება, კიდევ თბილად იქნება, მაგრამ გარეთ რომ გამოვა, მერე დაინახავს, საქმე ასე მარტივად არ არის. ამ სოფელს სძულს ქრისტე და ჩვენც იმ საზომით, იმ ხარისხით შეგვიძულებს, რა ხარისხითაც მას ვუერთგულებთ.
აბა, ქრისტიანობა ტანჯვაა? არა, ქრისტიანობა სიხარულია. ეს უსამართლობა, გაუტანლობა? მარადისობა რომ არ არსებობდეს, გასაგები იქნებოდა მათი ლოგიკა, ვინც ამქვეყნიურ ბოროტებაზე საუბრით ღვთის არსებობას ებრძვის. აქ არსებული სამართლიანობისა და უსამართლობის პრინციპები მარადისობაში აღარ მოქმედებს, ისევე, როგორც ნიუტონის მექანიკის კანონი გლობალურად მაკროკოსმოსში და, მით უმეტეს, მიკროკოსმოსში არ ვრცელდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ მარადისობაში არ ვიმყოფებით? ადამიანს ერთი ცხოვრება აქვს და იგი მარადიულ ცხოვრებად იწოდება, ის აქ იწყება და მარადისობაში გრძელდება.
სამართლიანობისა და უსამართლობის მიმართ ადამიანებს იურიდიული დამოკიდებულება აქვთ, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომით ვერ მიხვდები, რაც მარადისობაში ხდება. მარადისობაში ღმერთთან მხოლოდ სიკეთეა. ეს წარმართულმა სამყარომ არ იცოდა. ხშირად ისინი ქრისტიანობას იმიტომაც ებრძოდნენ, რომ შეუძლებელად მიაჩნდათ სამყაროში ერთი საწყისის არსებობა. მათი თვალთახედვით სამყაროში ორი საწყისი - სიკეთე და ბოროტება თანამყოფობს. ალბათ გინახავთ ცნობილი ჩინური მონეტა (წრეში ჩახატულია თეთრი "ინ"-ი და შავი "იან"-ი), რომელიც სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის, შავისა და თეთრის, ცხელისა და ცივის.. მარადისობაში ორი საწყისის არსებობაა.
ქრისტიანობა გვასწავლის, რომ სამყაროს საწყისი მხოლოდ სიკეთეა. ხოლო იურიდიული და სამართლებრივი ნორმები იქ მუშაობს, სადაც სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობაა, ანუ ამ სოფელში. მარადისობაში, სადაც დრო არ არის, სადაც მარადიული ყოფაა, სადაც მარადიული პერსპექტივაა, მარადიული სიკეთეა, სამართალი არ მუშაობს. ჩვენ კი გვინდა, ის სამყარო აქაური ნორმებით განვსაჯოთ და ამით დავამტკიცოთ ღმერთის არარსებობა. ეს აბსურდია, ლოგიკური შეუსაბამობაა.
აკრძალული ილეთი ათეისტის წინააღმდეგ
ათეისტები ხანდახან ითხოვენ, - დამიმტკიცე, მაჩვენე, რომ ღმერთი არისო. ერთი უნდა გვახსოვდეს, ათეისტი ჩვენშიც ზის, მაგრამ ხან ჩვენ ვართ და ხან ეშმაკია, ოღონდ ისე, რომ საკუთარი თავი გვეგონოს. ამ მოთხოვნაზე, ღვთის არსებობა დაამტკიცეო, ერთი ამბავი მახსენდება: ერთხელ, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციას ვკითხულობდი. ორი საათი ვისაუბრე ქრისტიანობის სილამაზესა და მშვენიერებაზე. ეს მართლაც საოცრებაა. ნუ შეგაშინებთ, რომ მღვდლებს შავი შესამოსლები გვაცვია, რაც, სხვათა შორის, შედარებით ახალი ტრადიციაა, ძველი ტრადიციით, სასულიერო პირები შავით ნაკლებად, უფრო მწვანით, სისხლისფერით, ნაცრისფერით, ლურჯით, ჩალისფერით და სხვა ღია, ცოცხალი ფერებით იმოსებოდნენ. ამ ლექციაზე ვიღაცას რწმენა გაუჩნდა, ვიღაც განმტკიცდა და ორი-სამი წუთიღა მქონდა დარჩენილი, რომ ერთმა სტუდენტმა მკითხა: რა საჭიროა ამაზე საუბარი, როცა ვიცით, რომ ღმერთი არ არისო. საშინელებაა, ამ ადამიანმა ყველას სულში ჩაანერწყვა. მადლობა ღმერთს, რომ არ დავიბენი, ასეთ დროს ყველაფერი მოხერხებაზეა დამოკიდებული და არა ინტელექტზე. დიდება უფალს, რომ მომცა საჭირო სიტყვა - შენ თუ ახლა აქ დამიმტკიცებ, რომ ღმერთი არ არის, ან იმას მაჩვენებ, როგორ მიხვდი მის არარსებობას, მე ყველას წინაშე გავიხდი ჩემს შესამოსელს და ერისკაცი გავხდები-მეთქი და გავჩერდი. ისიც გაჩერდა, ვეღარაფერს ახერხებდა, იმიტომ, რომ ღვთის არარსებობის დასაბუთება შეუძლებელია. ეს მომაკვდინებელი დარტყმაა, ცოტა აკრძალული ილეთიც კი ათეისტის წინააღმდეგ. თუ ათეისტი გონიერი და პატიოსანია, ერთადერთი საშუალება, რომ ღმერთის არარსებობა დაგიმტკიცოს, არის რელიგიური ცხოვრება. სხვაგან სად შეძლებს ღვთის ხილვას? ფილოსოფიას დაეწაფება, ცას ჭოგრიტით დაათვალიერებს, ფსიქოლოგიას შეისწავლის, მიცვალებულებს გაკვეთავს, თუ რა? ღმერთის ხილვის ერთადერთი გზა რელიგიური ცხოვრებაა. თუ ათეისტი ამაზე დათანხმდება, მერე გვერდში ამოგიდგება და ისიც მორწმუნე გახდება.
როდის ეხება ღმერთი ადამიანის გულს
რელიგიური ცხოვრებაა გზა, რომლითაც ათეისტი ღმერთის არსებობაში რწმუნდება. თორემ ფილოსოფიური არგუმენტების ლოგიკა უკეთეს შემთხვევაში ტვინს სიამოვნებს. ვერც ჩვენი საუბრის მერე გახდება ვინმე მორწმუნე, ამისათვის არც ტაძარში მისვლა და მღვდელთან საუბარია საკმარისი. ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ღვთისმსახური, ვერ შეძლებს ადამიანის გულში რწმენის მარცვლის ჩაგდებას. რწმენა ადამიანის სულის უაღრესად პიროვნული, ინტიმური მხარეა და ის მაშინ მოვა, როცა ადამიანის გულს ღმერთი შეეხება, როცა მისი გული ღმერთს შეხვდება.ვერავინ მიხვდება, რატომ, როდის ეხება ღმერთი ადამიანის გულს, რა წინაპირობები არსებობს ამისათვის, რადგან თითოეული შემთხვევა აბსოლუტურად უნიკალურია. ღმერთის აღიარება ხდება პიროვნულად და არა ბუნებითად. ადამიანის ხორციელი და სულიერი ბუნება სრულად ვერ წარმოაჩენს იმ დიდ საიდუმლოებას, რასაც თითოეული ადამიანი ატარებს და რასაც პიროვნება ჰქვია. ამიტომ ჩვენი საუბარი მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალებაა მათთვის, ვისი გულიც მზად არის უფლის მისაღებად. თუმცა, არავინ იცის, მზადყოფნა რას ნიშნავს. შეიძლება ადამიანი ძალიან ზნეობრივად ცხოვრობდეს, უკეთილშობილესი მოქალაქე იყოს, მაგრამ ბოლომდე ათეისტად დარჩეს, ხოლო ავაზაკი, მძარცველი, ყაჩაღი კი მოექცეს. ვერავინ გაიგებს, რატომ შეეხო უფალი ჯვარცმული ავაზაკის გულს, რომელიც პირველი შევიდა სასუფეველში, რამ გამოიწვია მისი უეცარი ტრანსფორმირება, მისი პიროვნების შეცვლა.
არგუმენტები
განვიხილოთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი არგუმენტები, რომლებიც უფრო გონების წამახალისებელია, ვიდრე ღმერთთან მიმყვანებელი. ფილოსოფიაში ძველთაგანვე არსებობდა კოსმოლოგიური არგუმენტი, პირადად ჩემთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტია, რადგან მოწესრიგებულ, მშვენიერ სამყაროს ვხედავ. დიდი აფეთქების თეორიის მომხრე მეცნიერთა აზრით, სამყაროს შექმნა ერთი წერტილის აფეთქებამ გამოიწვია. როდის იყო, ქაოსს კანონზომიერება მოჰყვებოდა?
კოსმოსი კანონზომიერება, მშვენიერება და სილამაზეა. მარიანის ღრმულში, რომელიც 11 კილომეტრის სიღრმეზეა, ულამაზესი, მშვენიერი და ჰარმონიული არსებები ცხოვრობენ, მაგრამ ამ სილამაზეს თვითონ ვერ ხედავენ, თვალები არ აქვთ, იქ აბსოლუტური სიბნელეა. მათი სილამაზე ჩვენთვისაა საჭირო. როდესაც ადამიანმა იქ ჩაყვინთა და იქაურობა გაანათა, დაინახა, რომ იქაც კი ყველაფერი მხატვრის დახატულია, თითოეული არსება კანონზომიერად, ჰარმონიულად შექმნილი მხატვრის ტილოა, რომ ყველაფერს აქვს გონიერი მიზეზი.
მე რომ ვარსებობ, ე.ი. ზეყოფიერება არსებობს. ათეისტი მდინარის პირას მდგომარე კაცს ჰგავს, რომელიც ამტკიცებს, ამ მდინარეს სათავე არა აქვსო. მკვდარს არ აქვს კანონზომიერების დაცვის, მშვენიერების, შემოქმედებითობის, სიცოცხლის განვითარების შესაძლებლობა. ის ნელ-ნელა იშლება და ქრება. ზოგი ამ არგუმენტს არ იზიარებს, მაგრამ ჩემთვის ღმერთის არსებობა უფრო ლოგიკურია, ვიდრე მისი არარსებობა.
თეოლოგიური არგუმენტი, ფაქტობრივად, კოსმოლოგიური არგუმენტის გაგრძელებაა. მასში აქცენტირება სამყაროში კანონების მოქმედებაზეა გაკეთებული. რაც ნიშნავს, რომ ამ კანონებს შემოქმედიც უნდა ჰყავდეს.
ღმერთის არსებობის ფსიქოლოგიურ არგუმენტზე ჯერ კიდევ ციცერონი საუბრობდა, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროდან გამომდინარე, შეუძლებელია, ღმერთის არსებობის განცდა მხოლოდ ფსიქოლოგიური და ლოგიკური განსჯის შედეგი იყოს.
ისტორიული არგუმენტი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. ამქვეყნად ყველა ერს, უკიდურესად განუვითარებელ ნებისმიერ კაციჭამია ტომსაც კი აქვს რელიგია. ძველი რომაელი ფილოსოფოსები წერდნენ, - გვინახავს ერები, რომლებსაც არც კულტურა გააჩნია, არც სხვა მიღწევა, მაგრამ რელიგია ყველას აქვსო. აბსურდია ათეისტების მტკიცება, განუვითარებლები იყვნენ და იმიტომ ჰქონდათ რელიგიაო. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განვითარებული ადამიანების - დიდი მეცნირების 99%-ს ყოველთვის სწამდა ღმერთის.
რადგან ზნეობრივი კანონები ნებისმიერ ადამიანში მოქმედებს, საკმაოდ ძლიერია ზნეობრივი არგუმენტი. ყველას ვურჩევ კლაივ ლუისის წიგნების წაკითხვას. იგი ანგლიკანია, მაგრამ განსაცვიფრებლად სხარტი, ღრმა, კეთილგონიერი აზროვნება აქვს და ძალიან თანამედროვედ მეტყველებს, რის გამოც მისი ნაწერები ადვილად გასაგებია. ნაწარმოებში "უბრალოდ ქრისტიანობა", რომელშიც ღმერთის არსებობას და ქრისტიანობის ჭეშმარიტებას ასაბუთებს, ძალიან ლამაზად საუბრობს ზნეობრივ კანონებზე.
ზნეობრივი კანონი არ არის ჩვენში არსებული კეთილშობილური სიკეთე. კეთილშობილი ინსტინქტი შეიძლება განვახორციელოთ, შეიძლება არა. ზნეობრივი კანონი გვიბრძანებს, რომელი ინსტინქტი განვახორციელოთ. პიანინოზე არ არსებობს არასწორი კლავიში, გააჩნია, რა დროს რომელი უნდა ავიღოთ, იმის მიხედვით, რა ნოტები გვიდევს. მაგალითად, ჩემს წინ ადამიანს საფულე ამოუვარდა, კარგად ჩაცმულია, ეტყობა, რომ ბევრი ფული აქვს, მე კი ბავშვი ავად მყავს და წამლის ფული არ მაქვს. ჩემში ორი ინსტინქტი ამუშავდება: ერთი, რომ მივცე, მეორე - შვილს წამალი ვუყიდო. ლოგიკურად ორივე ინსტინქტი გამართლებულია, რომელი უნდა გავაკეთო? ან ქუჩაში ქალს შეურაცხყოფენ და შველას ითხოვს, ერთი ინსტინქტია - მიდი, მიეხმარე (სხვათა შორის, ეს ინსტინქტი ცხოველებსაც გააჩნიათ) და მეორე - წადი, გაიარე, ცოლ-შვილი გყავს მისახედი.
ზოგი იტყვის, არსებობს კეთილშობილური და ცუდი ინსტიქტებიო, მაგალითად, კეთილშობილია დედაშვილობის, სამშობლოს სიყვარულის ინსტიქტი. მაგრამ არ არსებობს ცუდი ინსტინქტი ადამიანში, არც სექსუალური ინსტინქტია ცუდი და არც დედაშვილობის ან სამშობლოს სიყვარულის ინსტინქტს აყოლაა ყოველთვის კარგი. მინახავს ძალიან გაფუჭებული შვილი იმის გამო, რომ დედა ვერ აკონტროლებს თავის დედაშვილობის ინსტინქტს, მინახავს სამშობლოს სიყვარულის ინსტინქტით ფაშისტებად ქცეული ადამიანები, ამავე დროს დაოჯახებულისთვის აუცილებელია სექსუალური ინსტინქტის ქონა. ანუ არ არსებობს ცუდი და კარგი ინსტინქტები, არსებობს არასწორი და სწორი არჩევანი, რომელზეც ჩვენში არსებული ზნეობრივი კანონი მიგითითებს. ზოგჯერ ის ჩვენთვის საჭირო და სასიამოვნო მოქმედებას გვარჩევინებს, მაგრამ უმეტესად არცთუ ისე სასიამოვნო ქმედებას გვავალდებულებს. მაგალითად, დაღლილი ვარ, შინ ვაპირებ წასვლას და კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა აღსარებაზე, ნამდვილად არ მსიამოვნებს მასთან საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
კანტმა ზნეობრივი კანონი ავტონომიურად ახსნა. ის რელიგიური ადამიანი არ იყო, თვლიდა, რომ ღმერთი თავისთვის არსებობს. მისი აზრით, ზნეობრივი კანონის წყაროს ადამიანი საკუთარ თავში ატარებს, მაგრამ ასე არ არის, რადგან გაცილებით ფართოა ზნეობრივი ნორმები, ვიდრე ჩვენი შინაგანი სამყარო.
არასწორია ასევე ზნეობრივი კანონის სოციალური ახსნა, რომ თითქოს საზოგადოებამ მოიტანა ის, რომ ზოგი რამ მისაღებია და ზოგიც არა. საზოგადოებაში რომ მაიმუნი გავზარდოთ, ლაპარაკს ისწავლის? რა თქმა უნდა, ვერა. საზოგადოება ხელს უწყობს, რომ ადამიანში არსებული მეტყველების უნარი განვითარდეს, საზოგადოება ხელისშემწყობია და არა წყარო მეტყველებისა. ასევეა ზნეობაც, საზოგადოება ხელს უწყობს ზნეობრივი კანონების გამოვლენას, მაგრამ თავისთავად არ არის ამ კანონების წყარო.
კანტი ღმერთის არსებობას იმით ამტკიცებდა, რომ ადამიანი აბსოლუტურად ზნეობრივი და თავისუფალი არსებაა. მისი თქმით, თუ ამ უზარმაზარ სამყაროში რომელიმე ადამიანი ერთი წამით მაინც ყოფილა თავისუფალი, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ იგი ამ სამყაროს შვილი არ არის. ამ სამყაროში ყველაფერი დეტერმინებულია, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვითაა მოცემული. ადამიანი რომ ამ სამყაროს შვილი იყოს, ისიც ამ ჯაჭვში იქნება ჩაბმული, რასაც ასტროლოგებიც ამტკიცებენ. თავისუფლება კი იმის ნიშანია, რომ ადამიანი მარადისობას ეკუთვნის და არსებობს ღმერთი. კანტი ამბობდა, რაკი ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი გონიერიAარსებაა, ის სიკეთისაკენ უნდა ისწრაფვოდესო, ეს ჭეშმარიტების შემეცნების სურვილია, ზნეობრივი სრულყოფილება სათნოებებში და ბედნიერებისაკენ სწრაფვა. კანტი სავსებით ლოგიკურად ამბობს, რომ ეს ყოველივე ამ ცხოვრებაში მიუღწეველია, მაგრამ ადამიანს ეს შია, სწყურია, ამისთვის არის დაბადებული და ეს სწრაფვა ლოგიკურს ხდის ღმერთის არსებობას და სულის უკვდავებას.
ყველაზე დიდებული არგუმენტი რელიგიური არგუმენტია, ანუ პრაქტიკული რელიგიური ცხოვრება. როცა ადამიანი უფლის მცნებებით ცხოვრობს, მის გულს ღმერთი ეხება და ეს არის ყველაზე სწორი გზა და შეშმარიტი დასტური მისი არსებობისა. ამის გარეშე ყველა არგუმენტი უსუსური იქნებოდა.
რელიგიურად მცხოვრები ადამიანი თითქოს მეცნიერია სულიერ ცხოვრებაში. მას აქვს თეორია, საკუთარ თავზე ცდებს ატარებს და ემპირიულად ხვდება ღმერთის არსებობას. ხოლო მას შემდგომ, რაც მის გულს ღმერთი ერთხელ მაინც შეეხება და ღირსეულ ცხოვრებას დაიწყებს, აღარ იარსებებს ძალა, რომელიც მასსა და ღმერთს შორის ჩადგება, რადგან სამყაროში უბრალოდ არ არსებობს ენერგია, რომელსაც ადამიანის გულის ღმერთისაგან დაშორება შეუძლია.
მარი აშუღაშვილი