ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო უპირველესად რწმენით აღიქმება
ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო უპირველესად რწმენით აღიქმება
მართლმადიდებელი ქრისტიანები ვაღიარებთ ყოვლადწმინდა სამებას ანუ გვწამს, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამგვამოვანი, სამი ჰიპოსტასი (პირი) მამა, ძე და სულიწმინდა ერთი არსია და განუყოფელი სამება. ადამიანს უჭირს ყოვლადწმინდა სამების არსში ჩაწვდომა, რადგან უჭირს იმის გააზრება, რას ნიშნავს ერთარსება და სამპიროვანი, როგორ არის შერწყმული ერთ არსებაში სამი ჰიპოსტასი, პირი.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- ნათლისღების დღესასწაულს ღვთის განცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ნათლისღების დღესასწაულის დღეს განეცხადა ადამიანებს ღმერთი ყოვლადწმინდა სამების სახით, ანუ ნათლისღების ჟამს განცხადდა ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო, რომ ღმერთი ერთია და სამპიროვანი: მამა, ძე და სულიწმინდა. მამა უწინარეს საუკუნეთა შობს ძეს თავისი არსიდან და გამოავლენს სულიწმინდას. მამა უშობელია, დაუსაბამოა. მისი არსი არაფრითაა განპირობებული. იგი არც იშვების და არც გამოვალს არავისგან. ძე ღმერთი შობილია - იგი იშვების მამისაგან უწინარეს საუკუნეთა. სულიწმინდა კი მამისგანაა გამომავალი. მაგრამ სამივე ჰიპოსტასი ბუნებით ერთია - რაც მამაა ბუნებით, იგივეა ძეც და სულიწმინდაც. მამა ბუნებით არის ღმერთი ჭეშმარიტი და საუკუნო, შემოქმედი ყოველთა ხილულთა და არახილულთა. მაშასადამე, ასეთივეა ძეც და ასეთივეა სულიწმინდაც, ამიტომ ისინი ერთარსნი არიან. წმინდა სამების სამივე ჰიპოსტასს აქვს ერთნაირი ღირსება და ერთნაირი სისრულე, ამიტომ ერთნაირი პატივი და თაყვანისცემა შეჰფერით.

- რას შეიძლება შევადაროთ ყოვლადწმინდა სამება, რომ ადამიანს წმინდა სამების საიდუმლოს აღქმა გაუადვილდეს?

- ამ საიდუმლოს სრული ახსნა არავითარი მსგავსებითა თუ შედარებით არ შეიძლება. ნეტარი ავგუსტინე ხშირად ფიქრობდა ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს შესახებ. მან ერთხელ სიზმრისეული ჩვენება იხილა: ზღვის ნაპირზე ბავშვს ორმო ამოეთხარა და მასში ზღვის წყალს კოვზით ასხამდა. ნეტარი ავგუსტინე მიუახლოვდა და ჰკითხა: რას აკეთებო. მინდა, ეს ზღვა ამ ორმოში კოვზით ჩავასხაო, მიუგო ბავშვმა. ეს ხომ შეუძლებელიაო, გაუკვირდა წმინდა მამას. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და განუცხადა: უფრო მეტად შეუძლებელია ადამიანის გონებისთვის ყოვლადწმინდა სამების არსში ჩაწვდომა, ვიდრე ის, რომ ეს ზღვა ამ ორმოში კოვზით ჩაისხასო.

სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ ადამიანმა უპირველესად რწმენით უნდა მიიღოს - უნდა გვწამდეს ისე, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი და სარწმუნოება, რადგან ღმერთი სწორედ სარწმუნოებით მიიღება და არა ცოდნით. წმინდა ილია მართალი ამბობს: ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, მაგრამ ზოგი ისეთია, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა და ცას შიგნით სწორედ ისეთი საგნებია მაძიებელი გონებისთვის, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავო. ღმერთი თუ არ ირწმუნე, ვერ ჩასწვდები მის საიდუმლოს; ურწმუნო ადამიანს ღმერთის შესახებ სწავლება ზღაპრად მოეჩვენება.

წმინდა მამები მაინც ცდილობდნენ, წმინდა სამების აღქმა მაქსიმალურად გაეადვილებინათ ადამიანებისთვის და იგი მზეს შეადარეს. მზე ერთი მთლიანობაა, მაგრამ სამყაროში სამი სახით განეფინება: ცეცხლოვანი ბირთვის - დისკოს, სინათლისა და სითბოს სახით. ისინი ცალ-ცალკე სხვადასხვა რამაა, მაგრამ სამივეს ერთი არსი აქვს. დისკოც, სხივიც და ნათელიც ერთ მთლიანობას - მზეს წარმოადგენს. წმინდა სამება იოანე პეტრიწმა ქართულ სამხმოვან სიმღერას შეადარა. "ღირს არსის" საგალობელი სამი ხმით სრულდება, ასე რომ, მინიმუმ სამი ადამიანი ასრულებს. შესაძლოა, საგალობელს სამი ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადამიანი გალობდეს - ერთი ერთი ხმით, მეორე მეორით, მესამე კი მესამე ხმით. ჩვენ თუ ხმებს ცალ-ცალკე დავუგდებთ ყურს, სამ გალობას მოვუსმენთ, ხოლო თუკი ამ სამი ადამიანის გალობას ერთად მოვუსმენთ, ეს უკვე ერთი გალობა, მაგრამ სამ ხმაში განფენილი. ასევე უფალიც, არის რა მამა, აღავსებს ყოველივეს, ყოველივეს აღავსებენ ძეც და სულიწმინდაც. და არ არის ადგილი არც მატერიალურ და არც არამატერიალურ სამყაროში, არც ზესკნელში, დედამიწაზე თუ ქვესკნელში, მამა, ძე ან სულიწმინდა რომ არ იმყოფებოდეს. სწორედ ეს არის ერთი ღმერთი, მაგრამ საგვამოვნად, სამპიროვნულად გამოხატული.

- რატომ იყო ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო ადამიანებისთვის დაფარული ძველ აღთქმაში?

- ძველი აღთქმის პერიოდში ისრაელი იყო ერთადერთი ერი, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებდა. სხვანი კი მრავალ ღმერთს ეთაყვანებოდნენ. რათა ადამიანებს ყოვლადწმინდა სამება, წმინდა სამების ჰიპოსტასები, პირები მრავალ ღმერთში არ არეოდათ და თვით ებრაელებიც ცდომილებაში არ ჩავარდნილიყვნენ, სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ ძველ აღთქმაში დაფარული იყო კაცთათვის. მაშინ ადამიანები მზად არ იყვნენ ამ საიდუმლოს მისაღებად. მაგრამ ძველ აღთქმაშიც გვხვდება ადგილები, სადაც მინიშნებულია ყოვლადწმინდა სამების არსებობის შესახებ. მაგალითად: "და ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა". "ჩვენდაში" სწორედ ყოვლადწმინდა სამება იგულისხმება, თუმცა ზოგიერთი მწვალებელი ამტკიცებს, ღმერთი ამ სიტყვებს ანგელოზებს ეუბნებაო. ჩვენ კი ვიცით, რომ ანგელოზი ხატია ღვთისა, - ანუ მას თავისუფალი ნება აქვს, - მაგრამ არ არის მსგავსი მისი. მსგავსებაში იგულისხმება უპირველესად შემოქმედების უნარი. უფლის დარად, შემოქმედების უნარი ადამიანს აქვს, ანგელოზს კი არა, ასე რომ, ის არ შეიძლება იყოს მსგავსი ღვთისა. ამდენად, როდესაც უფალი ბრძანებს: "ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო", ანგელოზებს კი არა, ყოვლადწმინდა სამებას გულისხმობს.

- წმინდა წერილის თანახმად, ღმერთი არის სული, საუკუნო, ყოვლად სახიერი, ყოვლად მეცნიერი, ყოვლად მართალი, ყოვლის-შემძლებელი, ყოველგან მყოფი, უცვალებელი, ყოვლად კმაყოფილი, ყოვლად ნეტარი. რა იგულისხმება თითოეულ მათგანში?

- ღმერთი არის სულიერი, ე.ი. არანივთიერი არსება. უფალი აბსოლუტური სულია. წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ "შექმნა ანგელოზნი მისნი სულად", მაგრამ ეს სული ან ადამიანის სული ღმერთთან შედარებით გაცილებით მატერიალურია. როდესაც ვამბობთ, ღმერთი არის სული, ვგულისხმობთ, რომ ის არის გარეშემოუწერელი, ყოვლის აღმავსებელი, განუსაზღვრელი ადგილით და სივრცით - არ არსებობს არც მიღმა სამყაროში და არც ამ სამყაროში, არც მომავალ სამყაროში და არც წარსულში, არც ჯოჯოხეთშია ადგილი, სადაც უფალი არ არსებობდეს.

ღმერთი არის საუკუნო - მას არა აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული - მარადის იყო, არის და იქნება: "პირველ მათთა დაბადებამდე და შექმნად ქვეყანისა და სოფლისა და საუკუნიდგან და უკუნისამდე შენ ხარ ", - ბრძანებს დავით ფსალმუნთმგალობელი. ღმერთს რომ ჰქონდეს დასაბამი, გამოდის, რომ მანამდეც ყოფილა რაღაც, რომელიც უკვე თვით არის ღმერთი. ასევე, თუ მას აქვს დასაწყისი, აუცილებლად ექნება დასასრული ანუ ხრწნადობა. მაგალითად, ანგელოზებს აქვთ საწყისი, მაგრამ არა აქვთ დასასრული ღვთისგან მინიჭებული მადლით, მაგრამ თუკი მათ ეს მადლი მოაკლდებათ, ისეთივე არარაობად იქცევიან, როგორი არარაობიდანაც შექმნა უფალმა.

ღმერთი ყოვლად სახიერია - მასთან არ არის არავითარი მწიკვლი, ის ყოვლად კეთილია. სახიერება, სიკეთის ქმნა, ისე როგორც ღმერთს შეუძლია, არავის ძალუძს. ღმერთი აბსოლუტურად კეთილია, მას ყველასთვის, თვით სატანისთვისაც კი სიკეთე სურს. ე.ი. უფალი არ არის არც შურისძიება, არც ღვარძლი, არც სხვა სახის ბოროტება, ის არის აბსოლუტურად სახიერი, კეთილი. გამოუთქმელი სიყვარული და სახიერება ღვთისა გამოიხატა ადამიანის შექმნით ღვთის ხატად და მსგავსად. ასევე - ძის სისხლით აღსრულებული ადამიანთა გამოხსნით.

ღმერთი არის ყოვლად მეცნიერი - ყოვლისმცოდნე: ხედავს ადამიანის ყველა ნაბიჯს, იცის კაცთა საჭიროება, ჩვენი საიდუმლო განზრახვა და სურვილი; იცის წარსული, აწმყო და მომავალი: "არა რაი არს დაფარული წინაშე მისსა", - გვაუწყებს წმინდა წერილი (ებრ. 4,13). იოანე ღვთისმეტყველი კი ბრძანებს: "უფროს არს ღმერთი გულისა ჩვენისა და იცის ყოველი" (იოანე 3,20).

ღმერთი ყოვლად მართალია - მართლმსაჯულია: "მიაგებს ღმერთი კაცად კაცსა საქმეთა მათაებრ", - ბრძანებს პავლე მოციქული, ანუ უფალი ადამიანებს ყოველივეს ანიჭებს მათივე ღირსების მიხედვით.

ის ყოვლის-შემძლებელიცაა - შეუძლია ქმნას ყოველივე, რაც გამომდინარეობს მისი სიბრძნისა და სახიერებისგან. ღვთის ყოვლისშემძლეობა ჩანს ქვეყნის გაჩენით არარაისაგან და სასწაულებით, რომელთაც იქმოდა თვით ან აღასრულებდნენ მისგან მინიჭებული ძალით მისგანვე გამორჩეული კაცნი.

ათეისტი კითხულობს: - თუ შეუძლია ღმერთს შექმნას ისეთი ქვა, რომელსაც თვითონ ვერ ასწევს? ამ შეკითხვით ურწმუნოებს სურთ, ადამიანს ეჭვი შეეპაროს ღმერთის ყოვლისშემძლეობაში. მაგრამ თუკი ადამიანი ჭეშმარიტად მორწმუნეა, უპასუხებს: ღმერთი იმიტომაა ყოვლისშემძლე, რომ არასოდეს მოსდის ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება მის სახიერებას. რაც საჭირო არაა, ის მასში არც არის. იმიტომ არის ღმერთი, რომ მასში ვნებული კაცისთვის დამახასიათებელი უკეთურებანი არ არის. ზოგიერთი ურწმუნო იმასაც ამბობს, - თუკი ღმერთს არ შეუძლია იცრუოს, მოკვდეს, უკვდავი მოკვდავად აქციოს ან სხვა რამ უკეთურება ჩაიდინოს, არ ყოფილა ყოვლისშემძლეო. ნეტარი ავგუსტინე კი ბრძანებს: "როდესაც ვამბობთ, ღმერთს არ შეუძლია მოკვდეს ან იცრუოსო, ამით მისი ყოვლისშემძლეობა არ მცირდება. პირიქით, მისი ყოვლისშემძლეობა მაშინ შემცირდება, თუ შეუძლებელი მისთვის შესაძლებელი გახდება. სწორედ ამიტომ არის ის ყოვლადშემძლებელი, რომ არ შეუძლია არც მოკვდეს, არც მოტყუვდეს. ყოვლადშემძლებელს უნდა შეეძლოს იმის ქმნაც, რაც სურს და აგრეთვე არ განიცადოს ის, რაც არ უნდა; რომ განიცადოს ის, რაც არ უნდა, მაშინ ყოვლადშემძლებელი აღარ იქნებოდა".

ღმერთი არის ყოველგან მყოფი - თავისი არსით უფალი ყველგან იმყოფება. როგორც მოგახსენეთ, არც მატერიალურ, არც არამატერიალურ სამყაროში არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს, იგი ჯოჯოხეთშიც კი იმყოფება: "აღ-თუ-ვხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე, და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე" (ფს. 138,7), - წერს დავით ფსალმუნთმგალობელი.

მართალია, ღმერთი ყოველგან მყოფია, მაგრამ ყველგან ერთნაირად არ გვიმჟღავნებს თავს. მაგალითად, ჯოჯოხეთში ყველაზე ნაკლებად გამოავლენს თავის სახიერებას. იქ თავს გვიმჟღავნებს როგორც მართლმსაჯული, სასუფეველში კი - როგორც მოწყალე, აბსოლუტურად სახიერი, ამიტომაც იწოდება სასუფეველი ღვთის საყდრად, მის საუფლოდ. ყოვლად მოწყალე უფალი დედამიწაზეც ყველგან მყოფობს, მაგრამ მიწიერ საუფლოში ყველაზე მეტად თავის სახიერებასა და მოწყალებას განგვიცხადებს და გვიმჟღავნებს ტაძარში. ადამიანებიც ღვთის მადლს ყველაზე მეტად ეკლესიაში მოიპოვებენ, რადგან იქ ჩვენ თვითონ მივდივართ ამ მადლის მისაღებად. ამიტომ უფალიც დედამიწაზე ყველაზე მეტად ტაძარში გვიმჟღავნებს თავს, სახიერებასა და მოწყალებას და ამიტომაც იწოდება ტაძარი ღვთის სახლად.

ღმერთი არის უცვალებელი - უცვალებელია იგი თავისი არსებით, მოქმედებითა და ძალით. ღმერთი უცვალებელია, რადგან მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. ღმერთს რომ დასაბამი და სასრული ჰქონდეს, ის ცვალებადი იქნებოდა. ღმერთი კი უცვალებელია, რადგან მარადიულია, მარადისობაში არსებობს. ხოლო ის, რაც მარადისობაშია, უცვალებელია. ცვალებადობა დროში ხდება.

ღმერთი არის ყოვლად კმაყოფილი, ყოვლად ნეტარი. უკმაყოფილო ის არსებაა, რომელსაც რაღაც აკლია. ყველა ადამიანი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ რაღაც აკლია. თუ ხორციელი თვალით შევხედავთ, შესაძლოა ადამიანი უკმაყოფილო იყოს სულიერი თვალსაზრისითაც. სულიერ გზაზე შემდგარ ადამიანებსაც ხშირად აქვთ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. უფალი მოგვიწოდებს: "იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არსო", რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დაუსრულებლივ უნდა მიისწრაფოდეს ამისკენ, თუმცა სრული მაინც ვერ გახდება, ამიტომ დაუკმაყოფილებლობის, უკმაყოფილების გრძნობა აქვს. ღმერთისთვის არ არსებობს ისეთი რამ, რისი დაკმაყოფილებაც არ შეეძლოს ან სჭირდებოდეს. ღმერთი არის ყოვლად კმაყოფილი, ყოვლად ნეტარი, რადგან ის არის ყოველივეს შემოქმედი.

KARIBCHE- ეკლესიური მოძღვრებით, ღმერთის თვისებებიდან ზოგი არსისმიერია, ზოგი კი პიროვნული. რომელია ღმერთის პიროვნული თვისებები?

- ღმერთის პიროვნული ანუ ჰიპოსტასური თვისებებია არშობილობა, შობილობა და გამომავლობა, ასევე უხილავობა, ყოვლისმიზეზობა, სიტყვა და ქმნადობა.

არშობილობა მამის ჰიპოსტასური თვისებაა, რამეთუ მამა არავისგან არ იშვების. მამის ჰიპოსტასური თვისებაა ყოვლისმიზეზობა და უხილავობაც. თვით უფალიც გვეუბნება, მამა არავის უხილავს, გარნა რომელი გამოვიდა მამისაგანო.

ძის ჰიპოსტასური თვისებაა შობილობა, რამეთუ ძე იშვების მამისგან ბუნებით უწინარეს საუკუნეთა. ძის ჰიპოსტასური თვისებაა სიტყვაც.

სულიწმინდის ჰიპოსტასური თვისებაა გამომავლობა, რამეთუ მარადიულად გამოვალს მამისგან. განირჩევა მამისგან პიროვნული თვისებით იმიტომ, რომ მისგან გამოვალს; განირჩევა იგი ძისგანაც პიროვნული თვისებებით იმიტომ, რომ არსებობა მამისგან შობით კი არ აქვს, როგორც ძეს, არამედ გამომავლობით. სულიწმინდის ჰიპოსტასური თვისებაა ქმნადობაც. სამყაროს ქმნიდა ყოვლადწმინდა სამება - ერთი ღმერთი, მაგრამ მამამ თქვა და იქმნა. მამამ თქვა ძე, სიტყვა და იქმნა სულიწმინდა, ე.ი. ქმნადობა არის სულიწმინდის ჰიპოსტასური თვისება, სიტყვა - ძისა, ყოვლისმიზეზობა და უხილავობა კი მამისა. გარდა ამისა, ძის ჰიპოსტასური თვისებაა მთელი საქმე ხორციელ-ქმნისა, რამეთუ არც მამას მიუღია ხირცი და არც სულიწმინდას. ძე ღვთისა, მართალია, განკაცნა, მაგრამ მას სამყარო არ დაუტოვებია, იმავდროულად კი სრულყოფილად იმყოფებოდა მარიამის წიაღში. ძე ღვთისა სრულყოფილად აღავსებდა სამყაროსაც და მარიამის სხეულსაც, რომელშიც იმყოფებოდა - განკაცებულ სხეულში ძე ღვთისას ნაწილი კი არ იყო, ის სრულად იმყოფებოდა მასში, ამავე დროს სრულად იყო სამყაროშიც.

ეს ის საიდუმლოებებია, რომელიც ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რწმენით უნდა მიიღოს.

- რომელია ღმერთის არსისმიერი თვისებები?

- რომლებიც თანაბრად შეეფერება მამას, ძეს და სულიწმინდას: იყოს ღმერთი, საუკუნო, დაუსაბამო, დაუსრულებელი, სახიერი, ყოვლადძლიერი, ყოვლისაღმავსებელი, უსაზღვრო, ყოველივე დაფარულისა და ცხადის წარმმართველი.

- რა სწავლება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ყოვლადწმინდა სამების პირველ ჰიპოსტასთან, მამა ღმერთთან დაკავშირებით?

- მამა ღმერთი არის მიზეზი ყოველივესი, თვით ძის მიზეზიც, რადგან მისგან იშვების. ძე მამისაგან კი არ იშვა, არამედ მარადიულად იშვება. შობადობა არ ყოფილა დროში განსაზღვრული ფაქტი, დაუსრულებლად იშვება მამისგან ძე და დაუსრულებლად გამოდის მამისგან სულიწმინდა. სულიწმინდის მიზეზიც არის მამა, რადგან სულიწმინდა მამისგანაა გამომავალი. მამა ღმერთის პირველი თვისება არის ყოვლისმიზეზობა, ასევე უშობელობა და უხილავობა.

- რა სწავლება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ძე ღმერთის შესახებ?

- როგორც ვთქვით, ძის ჰიპოსტასური თვისებაა შობილობა, პირმშოობა. ჭეშმარიტი პირმშო, ჭეშმარიტი ხატი მამისა არის ძე ღვთისა, რადგან მარადიულად, დაუსრულებლად იშვება მამისგან. მართალია, მას თავისი საწყისი მამაში აქვს, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი არ შეიძლება, რომ ოდესმე ძე ღვთისა არ იყო. მარადიულობა უცვლელია, იგი დროით შემოსაზღვრული არ არის. ერთი ღმერთი - ყოვლადწმინდა სამება - მარადიული და უცვლელია, ამიტომ მამა ღმერთი არასოდეს ყოფილა ძისა და სულიწმინდის გარეშე. მისგან დაუსრულებლად იშვება ძე და დაუსრულებლად გამოვალს სულიწმინდა. წმინდა მამები და ეკლესიის მოძღვრები განმარტავენ, რომ მამა მუდამ იყო და არის მისგან შობილ ძესთან, რამეთუ ძის გარეშე იგი მამად ვერ იწოდებოდა.

- ძე ღმერთთან დაკავშირებით "მრწამსში" წერია: "ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა". როგორ უნდა გვესმოდეს სწავლება ძე ღვთისას განკაცებასა და ხორცშესხმაზე?

- განკაცება ანუ ადამიანური ბუნების მიღება მისი ნებით მოხდა, ხორცის შესხმა კი მოხდა სულიწმინდისა და ქალწულ მარიამისაგან. წმინდა სამებაში იმიტომ განკაცნა სწორედ ძე ღვთისა, რომ მას თვითონ ჰქონდა ძეობის, პირმშოობის თვისება - შეიძინა ადამიანური ძეობის თვისებაც. ამის შემდეგ უფალი იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი. თუ ყოვლადწმინდა სამებაში გვაქვს ერთი ღმერთი სამპიროვანი, განკაცებულ და ხორცშესხმულ უფალ იესო ქრისტეს აქვს ერთი პირი, ერთი ჰიპოსტასი, მაგრამ ორბუნებოვანი. ე.ი. ყოვლადწმინდა სამება ერთბუნებოვანი სამჰიპოსტასური ღმერთია, იესო ქრისტე - ერთჰიპოსტასური ორბუნებოვანი.

როგორც მოგახსენეთ, უფალ იესო ქრისტეში არის სრულყოფილი ღვთაებრივი და სრულყოფილი კაცური ბუნება, თვინიერ ცოდვისა. ცოდვა კი მასში იმის გამო არ არის, რომ ის დაცემული ადამიანური ბუნებიდან არ შობილა; ის იშვა სულიწმინდისაგან, ამიტომ ადამის ცოდვა მასზე არ გადმოსულა, თვითონაც არ შეუცოდავს. ამიტომ არის უცოდველი. ხოლო რაც შეეხება სხვა ადამიანურ თვისებებს, ჰქონდა ყოველივე, რაც დამახასიათებელია ადამიანური ბუნებისთვის - შიმშილის, წყურვილის გრძნობა თუ სხვა უძლურებანი, მაგრამ იესო ქრისტეში ადამიანური ბუნება მთლიანად ემორჩილებოდა ღვთაებრივ ბუნებას, ანუ ადამიანური ბუნება მასში ღვთაებრივი ბუნების არავითარ საწინააღმდეგოს არ იქმოდა. წმინდა მამებს ასეთი მაგალითი მოჰყავთ - რკინას არა აქვს ცეცხლის თვისება, მაგრამ თუ მას ცეცხლში ჩავაგდებთ და დიდხანს გავაჩერებთ, რკინაზე ცეცხლის თვისება გადავა. ეს არ არის რკინის თვისება, მაგრამ მისი ყოველი ნაწილაკი ცეცხლის თვისებით განიმსჭვალება. ასევე - ძე ღვთისა რომ განკაცნა და ადამიანური თვისება მიიღო, ღვთაებრივმა ბუნებამ მთლიანად გამსჭვალა ადამიანური ბუნება. ადამიანურ ბუნებაში არ დარჩენილა არც ერთი ადგილი, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას არ განემსჭვალოს.

ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიას აქვს დოგმატები (მისთვის დოგმატი იგივეა, რაც მათემატიკაში აქსიომა). ერთ-ერთია ის, რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ძე ღვთისა, რომელმაც ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა. მასში არის სრულყოფილი ღვთაებრივი ბუნება და სრულყოფილი კაცური ბუნება, აბსოლუტურად შეურევნელი. მაგრამ მასში ადამიანური ბუნება სრულიად ემორჩილება ღვთაებრივს.

- რატომ იწოდება ძე ღმერთი მხოლოდშობილად?

- მხოლოდშობილი ეწოდება იმის გამო, რომ მხოლოდ იგია არსისმიერად ძე ღვთისა, ანუ არ არსებობს სხვა ძე მამის ბუნებიდან. მამისაგან არც მანამდე და არც მის მერე შობილა ვინმე, რადგან ძე ღმერთი მარადიულად იშვება მამისგან. რაც შეეხება განკაცებულ ძე ღვთისას, იესო ქრისტეს, ის მიწიერადაც მხოლოდშობილია, რადგან ყოვლადწმინდა მარიამისგან ის ერთადერთი იშვა.

ძველ აღთქმაში გვხვდება გამოთქმა - ღვთის ძეები, მაგრამ ძე ღვთის სხვაა და ღვთის ძეები - სხვა, ეს ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ღვთის ძეებად იწოდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ღვთის მცნებებს აღასრულებდნენ, მაგრამ ისინი ღვთის ძეებად იწოდებოდნენ მადლისა და ღვთის ჭეშმარიტი შვილობის - მორწმუნეობის გამო და არა ბუნებისმიერად.

- მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაზე ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასის - სულიწმინდა ღმერთის შესახებ უკვე გვესაუბრეთ. მაგრამ რატომ ეწოდება სულიწმინდას ცხოველმყოფელი?

- ცხოველი ძველქართულად ცოცხალს ნიშნავს. სულიწმინდა კი იწოდება ცხოველმყოფელად, რადგან ქმნადობა მისი ჰიპოსტასური თვისებაა, ის განახორციელებს - სიცოცხლეს ანიჭებს ყოველივეს დედამიწაზე. ყოველივე კეთილს, რასაც ადამიანი იქმს, სულიწმინდის მადლით იქმს. წმინდა მამები ბრძანებენ, როგორც კრუხი ჩეკს წიწილებს, ასევე გამოიღო სულიწმინდის მადლმა ყველივე ქაოსიდანო.

- რატომ არის დამკვიდრებული ტერმინი "სულიწმინდის მადლი", აქ ხომ ღვთაებრივი, ყოვლადწმინდა სამებისგან მომდინარე მადლი იგულისხმება?

- იმიტომ, რომ ღვთაებრივი მადლი სამყაროს სულიწმინდის მიერ მოეფინება. ქმნადობა სულიწმინდისგან მოდის, იგი არის განმაცხოველებელი, სიცოცხლის მიმნიჭებელი.

არსებობს ასევე გამოთქმა "სულიწმინდის ნაყოფნი და ნიჭები", ისინიც ერთი ღმერთისგან - ყოვლადწმინდა სამებისგან მომდინარეობს, მაგრამ აქაც სულიწმინდის ჰიპოსტასურ თვისებებთან,
ქმნადობასთან გვაქვს საქმე.

- რატომ გამოისახება ყოვლადწმინდა სამება სამი ანგელოზის სახით?

- არავითარი გამოსახულება ყოვლადწმინდა სამებისა არ შეიძლება იყოს მისი არსის გამომხატველი, მაგრამ მას გამოსახავენ იმ სახით, როგორითაც თავად ინება გამოცხადება კაცთა წინაშე. სწორედ სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა ღმერთი აბრაამს. აქედან გამომდინარე გამოისახება ყოვლადწმინდა სამება სამი ანგელოზის სახით. ყოვლადწმინდა სამების ხატზე სამივე ანგელოზი ერთსა და იმავე სახით გამოისახება, ოღონდ შესამოსელი აქვთ განსხვავებული, რაშიც წმინდა სამების ჰიპოსტასური თვისებები იგულისხმება. პირველად გამოისახება მამა, შუაში - ძე, მას აშკარად იესო ქრისტეს შესამოსელი აცვია, შემდეგ კი სულიწმინდა მწვანე შესამოსლით, როგორც ყოველივეს განმაცხოველებელი, სიცოცხლის მიმნიჭებელი. მწვანე ფერი ხომ სიმბოლურად სიცოცხლეს გამოხატავს.

- რატომ არ არის მიღებული მამა ღმერთის კანონიკური გამოსახულება?

- როგორც ვთქვით, მამა ღმერთის ჰიპოსტასური თვისება უხილავობაა. მამა კაცთაგან არავის უხილავს, ამიტომ მისი გამოსახვა არ ხდება. თუმცა XVIII საუკუნეში რუსულ ხატწერაში დაიწყეს მამა ღმერთის გამოსახვა მხცოვანი მოხუცის სახით, იქიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მაგრამ ეს მაინც არ არის კანონიკური გამოსახულება. ერთადერთი კანონიკური გამოსახულება მამისა ყოვლადწმინდა სამების ხატზე ანგელოზის სახითაა. განკაცებულ ძე ღვთისას - იესო ქრისტეს ხშირად გამოსახავენ. რადგან განხორციელდა და კაცთა შორის ცხოვრობდა, ამიტომ იმ სახით გამოსახავენ, როგორი სახითაც იხილეს. სულიწმინდა კი იშვიათად გამოისახება, მას მტრედის სახით გამოხატავენ - სწორედ მტრედის სახით გამოეცხადა ადამიანებს ნათლისღების ჟამს, თორემ სულიწმინდა გრძნობისმიერია, შეგრძნებით ხდება სულიწმინდის მადლის მიღება. ხილვადობა ძე ღვთისას თვისებაა.

- რას ნიშნავს სიტყვა უფალი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ ღმერთთან მიმართებაში?

- უფალი ძველი ქართული სიტყვაა და ბატონს, პატრონს ნიშნავს. იგი ძველად მიმართვის ფორმად გამოიყენებოდა - ასე მეფეებს, დიდებულებსა და სხვა პატივსაცემ ადამიანებს მიმართავდნენ. სახარების თანახმად, სავლეს, შემდგომში - პავლე მოციქულს, უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა: საულ, საულ, რასა მდევნი მეო. სავლემ ჰკითხა: ვინა ხარ შენ, უფალოო. რომ სცოდნოდა, ღმერთი იყო, ხომ არ ჰკითხავდა? უფალი მან მიმართვის ფორმად გამოიყენა, როგორც პატივსადები სიტყვა. დღეს კი უფალს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს ვუწოდებთ - გვსურს, ამით ხაზი გავუსვათ მის აღმატებულობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat