პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2
ნაწილი 2
თავი 2. წმინდა ბასილი დიდი
წმინდა ბასილი დიდის საღვთისმეტყველო შეხედულებები
წმინდა ბასილი დიდის საღვთისმეტყველო შეხედულებები
კოსმოლოგია. წმინდა ბასილი დიდის შეხედულებები სამყაროს მოწყობის შესახებ (კოსმოლოგია), "შესაქმის" წიგნის კომენტარებშია ("ექვსთა დღეთაში") ჩამოყალიბებული. ეს კომენტარები ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ ქრისტიანული სწავლების დაცვისა და ქრისტიანობის ქადაგებისათვის, გონიერმა და განათლებულმა ღვთისმეტყველმა, მისი თანადროული გამოკვლევები, როგორ შეიძლება გამოიყენოს. ბერძნულენოვანი მოსახლეობის განათლებული ნაწილისათვის სახარება გასაგებად რომ ყოფილიყო განმარტებული, წმინდა ბასილმა ქრისტიანობის ელინიზმის კატეგორიებში წარმოდგენა დაისახა მიზნად. მას ბრწყინვალედ ესმოდა, რომ მეცნიერულ ინფორმაციასა და ბიბლიურ გამოცხადებას შორის არანაირი დაპირისპირება არ არის (ლაპარაკია კონფლიქტზე, რომელიც ჩვენს სინამდვილეშიც ხელოვნური ხასიათისაა), რადგან ბიბლია, მეცნიერული ინფორმაციის წყარო არ არის.
სამყაროს შექმნის ისტორიის იმდროინდელი ბერძნული ფილოსოფიის კატეგორიებში განმარტებისათვის ბასილი იყენებს როგორც პლატონს (უმეტესად დიალოგს "ტიმეოსთან"), ისე ნეოპლატონისტებს (პოსეიდონიას) და მიუთითებს, ერთი მხრივ ბიბლიურ, ხოლო მეორე მხრივ, წარმართული ბერძნული მსოფლმხედველობების ძირეულ ფილოსოფიურ (და არა მეცნიერულ-ინფორმაციულ) შეუსაბამობაზე. მისი "საუბარი პირველი" (შესაქ. 1:1) იწყება სამყაროს შექმნის შესახებ ანტიკური ფილოსოფოსების შეხედულებების უარყოფით. დასაბამად ქმნნა ღმერთმან (შესაქ. 1:1), აქ წმინდა ბასილი ხაზს უსვამს, რომ ე. ი. იყო დასაბამი, ანუ თავად დროც ქმნილია. ბერძნული მსოფლმხედველობისათვის, რომელიც ჭეშმარიტებას ყოველთვის მარადიულობის კატეგორიაში განიხილავდა, ასეთი თვალსაზრისი სრულიად მიუღებელია. შემდგომ ბასილი დიდი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს სიტყვას "დასაბამი" (არქე), რომელსაც ბერძნულ ენაში ორი ძირითადი მნიშვნელობა გააჩნია, ესენია: "დასაბამი დროში" და "დასაბამი, როგორც ფუძემდებლური პრინციპი". საერთოდ, ბერძნები ამ სიტყვას, ფილოსოფიური მნიშვნელობით, როგორც "ფუძემდებლურ პრინციპს" იყენებდნენ, ხოლო წმინდა ბასილი, იმისათვის, რათა ერთი სიტყვით გადმოეცა აზრი, რომლის მიხედვითაც "პრინციპი" დროში იქნებოდა დამკვიდრებული, გამიზნულად ცდილობდა ეს სიტყვა ისე გამოეყენებინა, რომ მასში ორივე აზრი ყოფილიყო მოქცეული. (იგივე იდეაა გამოყენებული ორიგენეს ძირითად ნაშრომში, "საწყისების შესახებ").
შესაქმის პირველი დღის განხილვის პროცესში, ბასილი დიდი ბერძნებისათვის ჩვეულ რიცხობრივ სიმბოლოებს იყენებს. რიცხვი შვიდი ბიბლიაში, ღმერთის მიერ შვიდ დღეში შექმნილი ჩვენი რეალური სამყაროს - "ამა სოფლის", ხოლო რიცხვი რვა - სამყაროს მომავლის და მარადიულობის სიმბოლოა. რვა - შვიდს პლუს ერთია, ამიტომ პირველი და მერვე დღე თავისი მნიშვნელობით ერთმანეთთან თანხვედრილია: კვირა არის მერვე, ძველი აღთქმის ბოლო და ამავე დროს, ახალი შესაქმის პირველი დღე. ასეთივე რიცხობრივ სიმბოლიზმს ვხედავთ "იოანეს გამოცხადებაში": შვიდი ეკლესია: "საიდუმლოი შუიდთა ამათ ვარსკულავთაი, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შუიდნი ესე სასანთლენი ოქროისანი. შუიდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შუიდთა ეკლესიათანი არიან, და შუიდნი ესე სასანთლენი შუიდნი ეკლესიანი არიან" (გამოცხ. 1:20), შვიდი ანგელოზი: "ანგელოზსა ეფესოისა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყუის, რომელსა უპყრიან შუიდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შუიდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროისათა" (გამოცხ. 2:1), შვიდი ბეჭედი: "და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შუიდითა" (გამოცხ. 5:1) და ა. შ.; მერვე დღის შესახებ კი ვკითხულობთ, რომ ის არის: დღე აღდგომისა, - დღე ღვთისა და დღე განკითხვისა: "მე, იოვანე, ძმაი თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყუისათუის ღმრთისა და წამებისათუის იესუ ქრისტესისა. ვიქმენ სულითა დღესა კუირიაკესა და მესმა უკუანაით კერძო ჩემსა ხმაი დიდი, ვითარცა საყუირისაი" (გამოცხ. 1:9). ეს დღე, როგორც უკვე ითქვა, არის ძველი სამყაროს დასასრული და ახლის დასაწყისი, იგი სამსჯავროთი და კატასტროფებით იქნება გამორჩეული. ქრისტე მკვდრეთით კვირას, შაბათის მომდევნო დღეს და ახალი კვირის პირველ - განახლებული შესაქმისა და გამოხსნის დღეს აღსდგა. "კვირა" ნიშნავს ერთკვირიან მონაკვეთს და ისეთ კვირა დღეს, რომელსაც ჩვენს სინამდვილეში დაკარგული აქვს ლიტურგიულ-ესქატოლოგიური საკვირაო შინაარსი და შეძენილი აქვს მხოლოდ ჩვეულებრივი, უქმად ყოფნისა და საერო დასვენების დღის მნიშვნელობა. რიცხობრივი სიმბოლიკის სხვა მაგალითია მოცემული "გამოცხადებაში", ეს არის რიცხვი სამნახევარი, რომელსაც ქრისტეს ორი წინასწარმეტყველის მკვლელის - ანტიქრისტეს, ანუ მხეცის სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება: "და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. და მკუიდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაისწარმეტყუელთა ტანჯნეს მკუიდრნი ქუეყანისანი. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ" (გამოცხ. 11:9-11). სამნახევარი - რიცხვი შვიდის ნახევარია, ხოლო შვიდი - "ამა სოფლის" სიმბოლოა. სატანა ყოფს და ანგრევს "ამ სოფელს", მასში სიკვდილი შეაქვს და ამიტომ არის მისი რიცხვი სამნახევარი.
რიცხობრივი სიმბოლიზმის გამოყენებით წმინდა ბასილს საშუალება ეძლევა, სიტყვა, როგორც მარადიული გაგება, განმარტოს და ამით სიტყვის მნიშვნელობა ბერძნულ ფილოსოფიურად მოაზროვნე გონთან დაახლოვოს. ბერძნული აზროვნებისათვის სრულიად მიუღებელი იყო ისეთი თვალსაზრისი, როგორიც არის "დროის დასაწყისი". ებრაელები კი სავსებით მშვიდად იღებდნენ და ფაქტადაც აღიარებდნენ ისეთ ბიბლიურ გაგებას, რომელიც იყო გადმოცემული სიტყვებში: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი"; ასეთ აზრთან დაკავშირებით ბერძნებს დაახლოებით ამგვარი ტიპის შეკითხვის დასმა უყვარდათ: "კი მაგრამ, რას აკეთებდა ღმერთი მანამდე სანამ შესაქმეს შეუდგებოდა?" წმინდა ბასილი პასუხობდა, რომ დასაბამი, დროის თვალსაზრისითაც დასაბამი იყო ამ სიტყვის ფილოსოფიური, ფუძემდებლური გაგებით და "პრინციპში" მთელი სამყარო ღმერთმა პირველ დღეს შექმნა. მან ამ პირველ დღეს ერთგვარი საწყისი ბიძგი მისცა თავის ქმნილებას. მთელი შემდგომი პროცესები, "ევოლუცია" - მოვლენების განვითარება, თავისთავად მიმდინარეობს, და "შესაქმის", ანუ დაბადების პირველი წიგნი, მთელი ამ მოვლენების განვითარების პროცესს სიმბოლურად გვიხატავს.
ბიბლიურ მოთხრობაში სამყაროს შექმნის შესახებ ბასილი მრავალ სიმბოლოს და დაუსრულებელ აზრს ხედავს: მას მიაჩნია, რომ "ექვსი დღე" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გვესმოდეს. ფიზიკასა და ბუნებისმეტყველებაში ბასილი არისტოტელეს ფიზიკას და მასზე ნეოპლატონიკოსების კომენტარებს იყენებს. მისი "ექვსთა დღეთა" სერიოზული მცდელობაა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ მეცნიერული აზროვნება ბიბლიურ გამოცხადებასთან სრულ შესაბამისობაშია და მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს (ასეთი მცდელობის დემონსტრირება დღესაც, როდესაც ბევრი ცდილობს ბიბლია და მეცნიერული აზროვნება ერთმანეთთან ხელოვნურად დააპირისპიროს, ერთობ სასარგებლო იქნებოდა). იმის გამო, რომ ბიბლიური ინფორმაცია "მეცნიერულად" არ არის გამართული, ზოგიერთი ე. წ. მეცნიერი, ბიბლიას და ქრისტიანობას, ხშირად ბნელეთის მოციქულობად იხსენიებს. მას ვისაც "ინტელექტში" ასეთი უგუნურება, შეიძლება წარმოექმნას, არ ესმის, რომ ბიბლია რაიმე სამეცნიერო ინფორმაციის წყაროს არ წარმოადგენს: ბიბლია გვესაუბრება იმის შესახებ, ვინც სამყარო შექმნა (რა თქმა უნდა, მეცნიერებას ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ გააჩნია); ბიბლია იმის შესახებაც გვესაუბრება, რომ სამყარო მართლაც ქმნილია, ხოლო თავად ამ შესაქმის განხორციელება როგორ, რა მექანიზმებით მოხდა, ბიბლია ამის შესახებ დუმს (აქ ჩანს უფლის დიდი სიყვარული და რწმენა ადამიანის შესაძლებლობების მიმართ, უფალი ყოველ ჩვენგანს, ანუ მის ყოველ ხატებას, შესაძლებლობას აძლევს ბიბლიური სწავლებისა და ისეთი ღვთივკურთხეული წმინდა მამების ნაშრომების, როგორიც არის წმინდა ბასილი დიდი, გამოყენებით თავად გამოიკვლიოს ამ რთული, მაგრამ ამავე დროს ღმერთთან მიახლოვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი (რ.ჩ.)). თვითონ წმინდა ბასილიმ ამ საკითხზე პასუხის გასაცემად არისტოტელეს "ფიზიკა" გამოიყენა, ხოლო დღევანდელი ადამიანი, როგორც წესი, აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, ბირთვული ფიზიკის, გენეტიკისა და მეცნიერების სხვა უახლეს მიღწევებს იშველიებს. ბიბლია არ საუბრობს მეცნიერების ენაზე, იგი სიმბოლურად გვაუწყებს ვინ იყო ის, ვინც "დასაბამად" თავისი ბრძნული ნებით განაცხადა "იქმენინ".
"ექვსთა დღეთაში" წმინდა ბასილი ასევე განიხილავს ადამიანის შექმნის საკითხს. ის დაწვრილებით ავითარებს თავის სწავლებას ღვთაებრივი ხატების შინაარსის შესახებ. აქ ადამიანი ღვთაებრივ ხატებად შექმნილ თეოცენტრულ არსებად წარმოგვიდგება, რომელიც მოწოდებულია მთელი თავისი ყოფით, ღვთაებრიობის გამომხატველი იყოს. ამავე დროს, ადამიანი არის "მიკროკოსმოსი", მასში თითქოს თავმოყრილი და განზოგადებულია (პატრისტიკულ ტერმინოლოგიაში - რეკაპიტულირებულია) მთელი ქმნილი სამყარო, რომლის ცენტრსა და გვირგვინსაც თავად ადამიანი წარმოადგენს.
(კაპადოკიელი მამების ანთროპოლოგია დაწვრილებით იქნება განხილული ნაწილში, რომელიც წმინდა გრიგოლ ნოსელს მიეძღვნება).
შემდეგ: სწავლება ღმერთის შეცნობის შესახებ