პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2
თავი 2. წმინდა ბასილი დიდი
ნაწილი 2
თავი 2. წმინდა ბასილი დიდი
წმინდა ბასილი დიდი დაიბადა დაახლოებით 329 წელს პონტოს რეგიონის კაპადოკიის კესარიაში, - ასე იწოდებოდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, რომელიც ამჟამად თურქეთის ხელშია. ბასილის მამა ნეოკესარიაში იურისტი იყო და ოჯახი შეძლებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ბასილიმ და მისმა ძმამ კარგი აღზრდა-განათლება მიიღეს. 18 წლის ასაკში ბასილი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც ცნობილი სოფისტის, ლიბანიოსის ლექციები მოისმინა. შემდეგ რამდენიმე წელი ათენში გაატარა, სადაც პლატონის მიერ დაარსებული ათონის ძველი აკადემია ჯერ კიდევ მოქმედებდა. იქ ის დაუმეგობრდა ეკლესიის მომავალ წმინდა მამას გრიგოლ ნაზიანზელს (ღვთისმეტყველს) და გაიცნო მაშინდელი სტუდენტი და მომავალი იმპერატორი იულიანე (განდგომილი).
მოგვიანებით ბასილის ორი ძმა ეპისკოპოსები გახდნენ. ბასილის აღზრდაში ასევე დიდი წვლილი მისმა მონაზონმა დამ, მაკრინამ შეიტანა, რომელიც წმინდანთა რიგს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ბასილის მშობლები ქრისტიანები იყვნენ, ბასილი მხოლოდ 354 წელს, 25 წლისა მოინათლა. იმ დროს ნათლობისადმი დიდ პასუხისმგებლობას იჩენდნენ. ნათლობა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნეოდა, მისი განხორციელების გადადების ტრადიცია (ხანდახან სიცოცხლის ბოლომდე, როგორც, მაგალითად, იმპერატორ კონსტანტინე I შემთხვევაში) ფართოდ იყო გავრცელებული.
ნათლისღების შემდეგ ბასილის ნეოფიტებისათვის (ახალმონათლულებისათვის) დამახასიათებელი დიდი ენთუზიაზმი დაეუფლა. მან მოისურვა ბერმონაზვნურ ცხოვრებას გაცნობოდა და ამ მიზნით სირიასა და ეგვიპტეში გაემგზავრა. ბასილი ასკეტიკურმა იდეალებმა გაიტაცა და ცნობილ ასკეტს, უკიდურესი ბერმონაზვნური ტრადიციების მიმდევართა ჯგუფის თავს, ევსტათი სებასტიელს დაემოწაფა. ევსტათის გადაჭარბებული ასკეტიზმი, იმის მოთხოვნა, რომ ყველა ქრისტიანს მონაზვნური წესით ეცხოვრა, დაგმობილ იქნა (დაახ. 340 წ.) პაფლაგონიის განგის კრებაზე, თუმცა ამ მოვლენას ევსტათისა და ბასილის მეგობრობისათვის მაშინ ხელი არ შეუშლია (ეს ურთიერთობა ბოლოს მაინც განხეთქილებით დასრულდა).
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბასილის ნეოფიტური ენთუზიაზმი ჩაცხრა და მან ასკეტური ცხოვრება ზომიერი ცხოვრების წესით ჩაანაცვლა. გრიგოლ ნაზიანზელთან და რამდენიმე სხვა მეგობართან ერთად თავისი მამის მამულში "არისტოკრატიული" ქრისტიანული საზოგადოება ჩამოაყალიბა. საზოგადოების წევრები ნახევრადმონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო ლიტერატურას კითხულობდნენ და განიხილავდნენ. მათ განსაკუთრებით ორიგენე მოსწონდათ და ორიგენეს ნაწარმოებებიდან რჩეული ადგილების კრებული "ფილოკალია" ან "სათნოებათმოყვარეობა" ერთობლივად გამოსცეს. ეს კრებული არ უნდა აგვერიოს სხვა "სათნოებათმოყვარეობაში", რომელიც XVIII საუკუნეში მაკარი კორინთელმა და წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა IV-XV საუკუნეების ასკეტიკური და მისტიკური ნაწარმოებების მიხედვით შეადგინეს.
360 წლიდან ბასილი ტაძარში წიგნის მკითხველია, რაც თავისთავად მისი ბერმონაზვნური ცხოვრების დასრულებას ნიშნავდა. 364 წელს ბასილი ეპისკოპოსმა ევსები კესარიელმა მღვდლად აკურთხა, ხოლო 370 წელს კაპადოკიის კესარიის არქიეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ამ პერიოდში იგი აქტიურ საეკლესიო საქმიანობას ეწეოდა: ორგანიზებას უწევდა ქველმოქმედებას, ეხმარებოდა ღარიბ-ღატაკებს, ესარჩლებოდა დევნილებსა და დაჩაგრულებს. ყოველივე ამან, მუხლჩაუხრელმა შრომამ, მკაცრი ცხოვრების წესთან ერთად, ბასილის უდიდესი პოპულარობა მოუტანა.
გარდა ამისა, ბასილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. ის უპირისპირდებოდა არიანელებს, რომლებიც იმპერატორ ვალენტის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ამ დროს აღმოსავლეთის ნიკეურ აღმსარებლობას თითქმის არც ერთი ეპისკოპოსი არ აღიარებდა. თვით ბასილიც კი "ომიუსიანელების" (მამის ერთარსის ნაცვლად ძის მსგავსარსობის მომხრეები) მიერ იქნა ხელდასხმული. ბასილის უახლოესი სამღვდელოება შეგნებულად არ უჭერდა მხარს ერეტიკულ არიანულ შეხედულებებს, მაგრამ მაინც უარს აცხადებდა ნიკეას კრებაზე აღიარებულ მამისა და ძის ერთარსობაზე. ბასილის ერთარსობა ისე უნდა განემარტა, რომ არიანობასა და მართლმადიდებლობას შორის მოქცეული - მერყევი ეპისკოპოსებისათვის გასაგები და მისაღები გამხდარიყო.
არიანელების წინააღმდეგ ბასილის ბრძოლამ სერიოზული სახე მიიღო. კაპადოკიის პროვინციის მმართველად დანიშნულმა არიანელმა მოდესტმა ბასილისგან არიანელობის აღიარება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კათედრის ჩამორთმევით დაემუქრა. ბასილზე ზეგავლენის მიზნით ვალენტმა კაპადოკიის კათედრა ორ ნაწილად გაყო და ბასილი "პირველი" კაპადოკიის მიტროპოლიტად დატოვა, ხოლო მეორე ნაწილს არიანელი არქიეპისკოპოსი ანთიმოზ ტიანელი ჩაუყენა სათავეში. იმისათვის, რომ არიანელები არ მომძლავრებულიყვნენ კაპადოკიის ანთიმოზის ნაწილში, ბასილი კვლავაც თავად ნიშნავდა მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს. ასე გახდა ნოსიის ეპისკოპოსი ბასილის ძმა გრიგოლი. მართლმადიდებლური ძალების უფრო მეტად გაერთიანებისათვის წმინდა ბასილიმ ათანასე ალექსანდრიელთან და რომის პაპ დამასთან მიმოწერა დაიწყო და სწორედ ამავე პერიოდში შეუდგა სამწერლობო მოღვაწეობას. თავის მრავალრიცხოვან ნაწარმოებებში ის ნიკეურ ერთარსობას იცავდა და ერთარს ღმერთში სამი იპოსტასის არსებობას ასაბუთებდა. გარდა ამისა, შექმნა სასულიერო და ასკეტიკური შინაარსის მრავალი თხზულება.
ბასილის ბევრის გადატანა მოუხდა, როგორც არიანელების, ისე მართლმადიდებლების შემოტევების გამო. არიანელებს ის, როგორც დაპირისპირებული მტერი, არ უყვარდათ, ხოლო მართალი სარწმუნოების მომხრეებს არ მოსწონდათ მისი ზედმეტად დამთმობი დამოკიდებულება "ნახევრად არიანელების" ("ომოუსიელების") მიმართ.
დიდი შრომის გამო წმინდა ბასილს ჯანმრთელობა შეერყა. ის 379 წლის 1 იანვარს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა და მხოლოდ ცოტა დააკლდა იმისათვის, რომ სხვებთან ერთად განეცადა თავისი იდეების გამარჯვება (381 წ.) და კონსტანტინოპოლში ჩატარებული II მსოფლიო კრების შედეგების გამო, მართლმადიდებლობის ზეიმი ედღესასწაულა. წმინდა ბასილი დიდის საღვთისმეტყველო დამსახურებები მხოლოდ არიანული კრიზისის აღმოფხვრით და ეკლესიურ ცხოვრებაში არსებული ფორიაქის ჩაწყნარებით არ შემოიფარგლება. მან ბერმონაზვნური მოძრაობის "შემორიგების" საქმეშიც დიდი როლი ითამაშა. თავისი პირადი გამოცდილების მაგალითით დარწმუნებულმა, შეძლო და დაამტკიცა, რომ გადამეტებულად გატაცებულმა სამონასტრო ცხოვრებამ შესაძლებელია ბერმონაზვნობა ეკლესიას ჩამოაშოროს, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითა და განმარტა, ეკლესიური ცხოვრებისათვის სამონასტრო ცხოვრების უდიდესი მნიშვნელობა. ერთი სიტყვით, წმინდა ბასილი ყველანაირად ცდილობდა ბერმონაზვნობა ეკლესიას არ ჩამოშორებოდა. ბასილი დიდი უკვე ეპისკოპოსი იყო, როდესაც "საბერმონაზვნო წესები" ორი: ვრცელი და მოკლე რედაქციის სახით გამოაქვეყნა. სამონასტრო განაწესში მისივე მეცადინეობით იქნა შემოღებული დღის მანძილზე რვაგზის საერთო: დილის, საღამოს, სერობის - შეღამების, შუაღამის, პირველი, მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამის ლოცვები.
წმინდა ბასილი დიდის ძირითადი ქმნილებები
1. "ევმონის წინააღმდეგ", სამ წიგნად. ევმონი იყო უკიდურესი არიანელობის წარმომადგენელი და ანომეელების ერეტიკული მოძრაობის დამაარსებელი. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ძის ბუნება არა თუ ერთარსი, არამედ მსგავსარსიც არ არის (ბრძნ. ანომიოს), მსგავსიც არ არის: აქედან ამონეობა) მამის ბუნებისა. გარდა ამისა ევმონს მიაჩნდა, რომ ადამიანის გონს შეუძლია სწორი, რაციონალური წარმოდგენა ჰქონდეს ღვთაებრივ ბუნებაზე. ამ ერესების საწინააღმდეგოდ წმინდა ბასილი იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას, წმინდა სამების ერთარსობის შესახებ. 2. "სულიწმიდის შესახებ". წიგნი დაწერილია მარტივ, გასაგებ ენაზე. ამ წიგნში ბასილი დიდი ასაბუთებს, რომ სულიწმიდას აქვს ღვთაებრივი ბუნება.
3. საუბრები ან ქადაგებები (ჰომილიები):
- "ექვსთა დღეთა შესახებ", დაბადების პირველი წიგნის კომენტარები (ცხრა ქადაგება).
- 16 ქადაგება სხვადასხვა ფსალმუნზე.
- წინასწარმეტყველ ესაიას წიგნის სრული კომენტარები.
- 21 ქადაგება სხვადასხვა თემაზე, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილია "ახალგაზრდების შეგონება იმის გამო, თუ როგორ უნდა მიიღონ მეტი სარგებელი წარმართული ავტორების კითხვის შემთხვევაში".
4. 365 წერილი სხვადასხვა პირის მიმართ, რომლებშიც მრავლადაა ღვთისმეტყველური ანალიზი, უმეტესწილად წმინდა სამების შესახებ. აქ რიცხვი 365 შემთხვევითობას არ წარმოადგენს, ის სიმბოლური შინაარსის მატარებელია და წლის დღეების რაოდენობას შეესაბამება. წერილების გარკვეული ნაწილი დედანი არ არის: ზოგიერთი მათგანი შედგენილია წმინდა ბასილის სხვა ნაწარმოებებიდან, სხვები მის კალამს საერთოდ არ ეკუთვნის, მეგობრების ან მისი ძმის, გრიგოლ ნოსელის დაწერილია.
5. "საბერმონაზვნო წესები", ვრცელი და მოკლე ვარიანტი. მათში ბასილი დიდმა მონაზვნობა დაახასიათა არა როგორც განცალკევებული მოძრაობა, არამედ, როგორც გარკვეული კატეგორიის ქრისტიანობა, რომლის წარმომადგენლებიც ერთგვარი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. "წესების" მთავარი იდეა იმის გამოვლინებაა, რომ ბერმონაზვნობა არ არის რაღაც ინდივიდუალისტური ცხოვრების წესი. თუ ადამიანმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მას უკვე აღარ შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება, გარკვეული წესების შესაბამისად უნდა იცხოვროს, ისევე, როგორც ჩვენ, საზოგადოების წევრებმა უნდა ვიცხოვროთ საზოგადოებრივი წესების გათვალისწინებით. წმინდა ბასილისათვის ბერმონაზვნობა გამორჩეული კი არა, ქრისტიანული ცხოვრების იდეალური ფორმა იყო. ბასილი დიდის მიერ შედგენილი "წესებისათვის" უცხოა ყოველგვარი ფორმალურობა და ის საღი ლოგიკითა და ადამიანური გულისხმიერებით გამოირჩევა.
წმინდა ბასილი დიდი ასევე წერდა ეკლესიის ლიტურგიული ცხოვრების შესახებ. ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული საკითხები გვხვდება მის წერილებში და ნაშრომში "სულიწმიდის შესახებ". ჩვენთვის ცნობილი ბასილი დიდის ლიტურგია შედარებით გვიანდელია, თუმცაღა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ ლიტურგიის ევქარისტული ლოცვა ბასილი დიდის მიერ არის დაწერილი (იოანე ოქროპირის ლიტურგიად წოდებულისაგან განსხვავებით, რომელიც წმინდა იოანეს შემდეგ, გაცილებით გვიან დაიწერა).
შემდეგ: წმინდა ბასილი დიდის საღვთისმეტყველო შეხედულებები