ზნეობრივი ღვთისმეტყველება
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
- სათნოების გაგება - თუ ჩვენი თავისუფალი ქმედებები ეთანხმება ღვთის ზნეობრივ კანონებს და სრულდება ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ჭეშმარიტი ზნეობრივი მოტივაციებით, მაშინ ისინი იწოდება ზნეობრივად, სათნოებად.
თუ ჩვენი თავისუფალი ქმედებები არ ეთანხმება ღვთის ზნეობრივ კანონებს და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სიყვარულს, კერძოდ, თავმოყვარეობას (ეგოიზმით), მაშინ ისინი იწოდებიან არაზნეობრივად.
ქრისტიანულ სათნოებაში იგულისხმება ზნეობრივი კანონის თავისუფალი, შეგნებული, გულახდილი და მუდმივი აღსრულება, ანუ ქრისტიანმა თავისი თავისუფალი, შეგნებული, გულახდილი აზრები და ქმედითი მისწრაფებები, სურვილები და ქმედებები უნდა შეუსაბამოს ღვთის ზნეობრივ კანონებს და ღმერთკაცის ზნეობრივ მაგალითს. უფალმა, თავისი განკაცებით, გვაჩვენა, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ის არის კაცობრიობის ზნეობრივი მაგალითი. ჯვარცმითა და აღდგომით უფალმა გამოიხსნა ადამიანი, ხოლო მიწიერი ცხოვრებით იქმნა უდიადეს მაგალითად. ამიტომაც ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ მღვდელი მიწიერი ქრისტეაო, ანუ მიმბაძველი ქრისტესი და როგორც სახე დიდი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა.
ქრისტიანის სათნოებების სამნაირი გამოვლინება არსებობს.
სათნოება თავისთავად ერთია და განუყოფელი. როგორც მხოლოდ ერთია ღვთის ნება, მისი ზნეობრივი კანონი, სული და არსი, ასევე ერთსულოვანი უნდა იყოს სიკეთისაკენ სწრაფვა და გრძნობა, ერთი სურვილი - ყოველთვის და ყველგან სიყვარულით მოქმედება.
სათნოებაზე მიანიშნებს ღვთის სიტყვა: "რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, რაკი ვინც თქვა, არ იმრუშო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა; ამიტომ თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულისა და სიყვარულის შეურაცხმყოფელი ხარ" (იაკ. 2 10-11). ეკლესიის მამები ასახელებენ მთავარ სათნოებებს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს ღვთისადმი, რომელთაგანაც წარმოიშობა და ვითარდება ყველა სხვა ქრისტიანული სათნოება, როგორიცაა ლოცვა, თავშეკავება, თავმდაბლობა, სიძლიერე და სხვა.
ქრისტიანული ქმედებების გამოვლინება სულში არის: ჩვენი სულის ყოვლისმომცველი მისწრაფება სიკეთისაკენ ანუ ქრისტიანული სულის ხასიათი; ერთდროულად იგი არის კეთილი განწყობილება ანუ სიკეთის ჩვევა (სულსა და ხორცში) და ბოლოს, ყოველი ცალკეული კეთილი საქმე (როგორც პირველი ორის შედეგი) თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი საეკლესიო მამა, ბერი ეფრემ ფილოთეველი ბრძანებს: "ჩვენ მოვალე ვართ, ზეცათა მეუფეს მივემსგავსოთ, რომელიც სწყალობს და შეუნდობს ყველას და მთელი გულით მივუტევოთ მათ, ვინც ჩვენ მიმართ სცოდავს. როგორც ბავშვი ემსგავსება ნაკვთებით მშობლებს, ისე ჩვენც - სულიერი ნიშან-თვისებებით ჩვენს წმინდა მამას, ღმერთს უნდა დავემსგავსოთ.
მოდით, ჩვენი მაჭირვებლების მიმართ მოთმინება ვიქონიოთ, რადგან ქრისტემაც ცოდვილთა მხრიდან მრავალი ყვედრება დაითმინა ჩვენი სიყვარულისთვის.
სათნოებაში წარმატება მიიღწევა ქრისტეს ეკლესიაში, რომლის წევრიც ქრისტიანი ხდება ნათლობის საშუალებით, იესო ქრისტეს რწმენით. ეკლესიის გარეთ არ არის ჭეშმარიტი სათნოებებით ცხოვრება, რადგან მათთან, ვინც ეკლესიის გარეთაა, არ მიდის ღვთის ძალა. ეს მხოლოდ მიიღწევა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით.
სათნოებაში ზრდა ქრისტიანისა, გამოიხატება კეთილშობილი ჩვევების გამომუშავებით. ანუ ადამიანმა უნდა იღვაწოს, რათა მისი ბუნება კეთილი საქმეების კეთებისაკენ მიდრიკოს და როდესაც ამ ნეტარი საქმის შედეგად მიიღებს იმ მადლს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში შეიტანს ღვთაებრივ სითბოს, ეს მადლისმიერად იქნება გაგებული.
კეთილი საქმის სათავეში კეთილი განწყობილებებია. მაგალითად, "მორჩილება იწოდება სათნოებად, მაგრამ ის არ არის რომელიღაც განსაზღვრული საქმე, არამედ გულში არსებული განწყობილება, რომელიც წარმოჩნდება ყველა მოკრძალებულ საქმეში. ამგვარადვე სათნოება არის თვინიერება, უანგარობაც.
ის კი არ არის მშვიდი, ვინც არ ლანძღავს თავის მაჭირვებელს, არამედ ის, ვისაც გულში არა აქვს მის მიმართ წყენა. იმას კი არ აქვს პატივი და მორჩილება, ვინც მხოლოდ გარეგნულად გამოავლენს ამას, არამედ ის, ვინც ასაზრდოებს ამ სათნოებებს გულში. გული არის ჩვენი საწყისი და საფუძველი, - ამბობს წმინდა ტიხონ ზადონელი. რწმენა არ არის რწმენა, სიყვარული არ არის სიყვარული, რომელიც გულიდან არ მოდის. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი უნდა ზრდიდეს შინაგან სამყაროს უფლის მისაღებად. თანამედროვე ქრისტიანთა იმპულსური განწყობები ხელს უშლის სულში ჩაღრმავებას, რაც ადამიანს განაშორებს ღვთისაგან. რწმენა და სათნოება - არის ცოცხალი გამოძახილი გულისა. სწორედ ჩვენ უნდა შევწიროთ ღმერთს საქმენი კეთილი, რათა შემდეგ, სამსჯავროს დღეს, დაგვიბრუნოს ისინი და სათანადოდ მოგვაგოს.