სახელმწიფოსა და ეკლესიის ჩამოყალიბება
სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ორგანიზებულ თანაარსებობას, უძველესი სისტემაა. ღმერთმა ადამიანი საზოგადოებრივ არსებად შექმნა. ცოდვით დაცემის შემდეგ, როდესაც ადამიანები მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ, მათი ურთიერთობანი დაუწერელი კანონებით განისაზღვრებოდა. დროთა განმავლობაში კი ადამიანებმა დააარსეს სახელმწიფოები, რომელნიც წერილობრივ განსაზღვრავდნენ მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ასე იქმნებოდა პირველი კანონმდებლობები. სახელმწიფოები ცდილობდნენ და ცდილობენ, მიაღწიონ საკუთარ მოქალაქე-წევრთა მართვის გონივრულ, სრულყოფილ სისტემას. წმინდა წერილის სწავლების შესაბამისად სახელმწიფო ღვთისგან დაწესებული ინსტიტუტია. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული აღნიშნავს, რომ საერო ხელისუფლების დანიშნულება ზუსტად რომ ბოროტების წინაამღდეგ ბრძოლაა და სიკეთის დაცვა: "რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაითა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან, რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათვის. ხილო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ხრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათვის შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათვის" (რომ. 13,3-4). ამაში გამოიხატება სახელმწიფოს არსებობის ზნეობრივი დანიშნულება.
ეკლესია აღმოცენდა და განვითარდა რომაული თვითმპყრობელი სახელმწიფოს წიაღში. ეკლესია ღმრთაებრივი წარმომავლობისაა, ღმრთაებრივი დაწესებულება. ხოლო მისი წევრები ერთი სხეულის ასონი არიან. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია ორგანიზებული სახელმწიფოს გარემოში იყო მოქცეული და მას არც უცდია, არიდებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობებს, არამედ მრავალჯერ სახელმწიფოს მეშვეობით არკვევდა და ავითარებდა საკუთარ სამოციქულო და სამოძღვრო საქმეებს. ეკლესია ერიდებოდა ერთი მხრივ, ურთიერთაღრევას, მეორე მხრივ, ურთიერთდაპირისპირებას სახელმწიფოსთან, უფლის მცნების თანახმად: "მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა" (მარკ.12,17). პავლე მოციქულის შეგონების მიხედვით, საჭიროა - "ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელ-მწიფებაი გარნა ღმრთისაგან, და რომელნი იგი არიან ხელმწიფებანი ღმრთისა მიერ განწესებულ არიან" (რომ. 13,1).
ზუსტად ამ დებულებებიდან გამომდინარე, ქრისტიანობის დაარსებისთანავე ეკლესიის მართვა-გამგეობის ერთ-ერთ ძირითად კანონიკურ-დოგმატურ პრინციპად ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება. ამ პრინციპის მიხედვით ეკლესია აღიარებს, რომ სახელმწიფო არის საზოგადოების მართვის ღვთისგან დაწესებული სისტემა; ეკლესიას გააჩნია განსხვავებული მიზნები და, შესაბამისად, ის არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში; ეკლესია აღიარებს და იცავს სახელმწიფოს კანონმდებლობას; ეკლესია პატივს სცემს საერო ხელისუფლებას და ლოცულობს მისთვის. საეკლესიო კანონები მკაცრად სჯიან მათ, ვინც შეთქმულებით ან სხვა რაიმე სახით უპირისპირდებიან სახელმწიფო ხელისუფლებას (მოციქულთა 84-ე კანონი; IV მსოფლო კრების მე-18 კანონი; VI მსოფლიო კრების 34-ე კანონი). მაგალითად:
პირი, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია; თუ იგი სასულიერო პირი იქნება, ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო, თუ ერისკაცი - უზიარებლობით დაისაჯოს - მოციქულთა 84-ე კანონი;
თანამზრახველობითი დანაშაული ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე (სამოქალაქო) კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, ნუ იყოფინ! თუ რომელიმე კლერიკოსი ან მონაზონი ბოროტთანამზრახველობასა და შეთქმულებაში იქნება მხილებული... სრულიად განიკვეთოს ხარისხიდან - IV მსოფლიო კრების მე-18 კანონი.
ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის მსგავსებისა და განსხვავების ნიშნები
ზოგიერთი ნიშანი, რომელიც საერთო აქვს ეკლესიასა და სახელმწიფოს, ან ურთიერთგანსხვავებული, და წარმოადგენს წინაპირობებს მათ შორის კეთილი ურთიერთობების დასამყარებლად, არის შემდეგი:საეკლესიო კანონებს არ ადგენს ეკლესიის წევრთა ნება, არამედ უფალი. ეკლესიის კანონები მიზნად ისახავენ, შეათავსონ თავის წევრთა ნება ღმრთის ნებასთან და ამით მიაღწიონ მის სრულყოფას. ეს კანონები არ არის დროებითი და გარდამავალი. პირიქით, სახელმწიფოს კანონები მის წევრთა ნებით არიან განპირობებული და აღიქმებიან, როგორც მთლიანობა, ან ცალ-ცალკე, განკერძოებულად. ამ კანონების მიზანია, დაუმორჩილონ ყოველი ინდივიდის ნება ერთიან ნებას. სახელმწიფო მრავალჯერ იცვლებოდა ვითარებათა შესაბამისად ან პიროვნებათა მიერ.
ეკლესია თავისი კანონების საქმეში დანერგვით არავის აიძულებს; იგი არც განაგებს ნივთიერ საშუალებებს თავისი კანონების დანერგვისათვის, არამედ ცდილობს, სულიერი რესურსების (ღმრთის სიტყვითა და წმიდა საიდუმლოებებით) თავისუფლად, თავისი ნებით შეცვალოს ადამიანი. სახელმწიფო კი პირიქით, ყველანაირად ცდილობს, აიძულოს პიროვნება, რათა იგი მის კანონს დაუმორჩილოს.
მაგრამ თუ ეს ორი დაწესებულება განსხვავდება ურთიერთისაგან საშუალებებით და თავიანთი მოქმედების წესით, მიზნის თვალსაზრისით, ისინი თანხმობით არიან ურთიერთდაკავშირებულნი და მრავალი განმეორებით თანხვდებიან კიდეც ურთიერთს. სახელდობრ იმით, რომ ზნეობრივად და სულიერად სრულყოფენ ადამიანთა ურთიერთობებს და მათ შინაგან განწყობას, ეკლესია ეხმარება კიდეც ადამიანებს, რათა ისინი ნებით აღასრულებდნენ სახელმწიფოს კანონებს, სწორედ სახელმწიფოს მიზანთა წარმატებისათვის. ასევე სახელმწიფოც, თავისი მართალი კანონებით ხელს უწყობს ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, მათი დანიშნულების აღსრულებას და მათ წარმატებას. ამგვარად, ეს ორი დაწესებულება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეხმარება ადამიანს თავისი დანიშნულების აღსრულებაში. ადამიანის სრულყოფა კი არის საკუთარი ნების უფლის ნებასთან გაიგივება, რის მეშვეობითაც იგი წარმატებით აღწევს თავის განწმენდას "მგავსებისამებრ" უფლისა, სრულ და ჭეშმარიტ წინსვლას (საწადელ ნეტარებას). ამრიგად, ამ ორი დაწესებულების - ეკლესიისა და სახელმწიფოს ნამდვილი მიზანი საბოლოოდ შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს.
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობების ძირითადი სისტემები
იმისათვის, რომ აღასრულონ თავიანთი მიზნები, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იქმნება სხვადასხვაგვარი ურთიერთობები, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება დაგვირგვინდნენ თანხმობითა და თანამშრომლობით, ან შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება და კონფლიქტები. ამგვარად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ყალიბდება ურთიერთობათა სხვადასხვაგვარი სისტემები. ისტორიაში არსებულ სისტემათა შორის შეიძლება გამოვყოთ ძირითადი სამი შესაბამისი დამახასიათებელი ნიშან-თვისება:იეროკრატიული სისტემა ანუ პაპოცეზარიზმი. იგი განვითარდა ნეტარი ავგუსტინეს იდეებისაგან, რომლებიც წარმოდგენილია მის თხზულებაში "უფლის სახელმწიფოსათვის" (De civitate Dei). ამ სისტემის მიხედვით, იეროკრატიული უფლებამოსილება, ანუ სასულიერო პირთა ხელისუფლება განიხილება, როგორც უფლის წარმომადგენლობა დედამიწაზე, როგორც პრინციპი და სათავე ყოველივე ამა სოფლის ხელისუფლებისა. ამ იდეების საფუძველზე დაიცვა პაპმა თავისი უფლება, თავად დაედგინა ამა სოფლის ხელისუფალნი, თავისი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა სახელმწიფო და კანონებიც. დასავლეთის ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ სწორედ იძულებით უნდა აეღო ეკლესიას უპირატესობა სახელმწიფოზე ადამიანთა ხსნისა და ცხონებისათვის. ამ თეორიას ეფუძნებოდნენ ჯვაროსნებიც, ინკვიზიციაც, და მანვე გამოიწვია პაპის საყდრის უხეში ჩარევა დასავლეთის სამყაროს პოლიტიკურ მოვლენათა მსვლელობაში.
2) პოლიტოკრატიული სისტემა ანუ ცეზაროპაპიზმი. იგი პაპისტური აზროვნების წესისა და იეროკრატიისადმი რეაქციის სახით ჩამოყალიბდა. ესაა მისდამი დიამეტრულად საპირისპირო სისტემა, სახელმწიფოსადმი დაქვემდებარება ეკლესიის. ამ სისტემის დამახასიათებელი თავისებურება ისაა, რომ პოლიტოკრატიული ხელისუფლება ისწრაფვის როგორც სახელმწიფო (პოლიტიკური), ასევე საეკლესიო (იეროკრატიული) ძალაუფლების მოპოვებისათვის. ამ სისტემის მიხედვით, ხელისუფლების უზენაესი ორგანიზაცია არის სახელმწიფო, და ყოველი სხვა დაწესებულება, სხვა ორგანიზაცია მას უნდა ექვემდებარებოდეს.
3) კოორდინაციის ანუ თანამშრომლობის სისტემა. ამ სისტემის მიხედვით სახელმწიფო მეგობრულადაა განწყობილი ეკლესიის მიმართ, რადგან აღიარებს მის სულიერებას და სასულიერო საშუალებებს, რომელთაც იგი მიმართავს თავისი მიზნების განხორციელებისათვის. იგი ასევე სცნობს, რომ ეკლესია თანადგომით შემწეობას უწევს და თავისი წვლილი შემოაქვს სახელმწიფოს მიზანთა განხორციელებისათვის და ამის გამო სახელმწიფოს უღირს დაიცვას და გააძლიეროს ეკლესია თავისი დანიშნულების აღსასრულებლად. ეკლესიის ორგანოებსაც, რა თქმა უნდა, მართებთ გულწრფელად იღვაწონ ამ მიზნის მისაღწევად და სხვა მიზნებისკენ არ გადაიხარონ.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობათა არსებულ სისტემებს შორის, ეკლესიისა და სახელმწიფოს მიზანთა განხორციელებისათვის ყველაზე პროდუქტიულია თანამშრომლობა-კოორდინაციის სისტემა. ეს სისტემა, თუმცა იგი თეორიულად საუკეთესოდ გამოიყურება, მასში მაინც ზუსტად არ არის განსაზღვრული მისი განხორციელების საშუალებები და სრულიად არ არის მიღწეული პრაქტიკაში მისი გამოყენება.