ჯერ კიდევ საქართველოს ეროვნულ (საჯარო) ბიბლიოთეკაში მუშაობის დროს მას დახურული ფონდოიდან ხშირად გამოჰქონდა ძველი ქართული (ხუცური) საეკლესიო წიგნები და ეცნობოდა ბიბლიოთეკაში დაცულ XIX – XX საუკუნეების საეკლესიო ლიტარატურას, ამრავლებდა და ხშირად ხელითაც იწერდა წმინდანთა ცხოვრებებსა და სხვა საეკლესიო წიგნებს როგორც ტაძრისთვის, ისე სხვა მორწმუნეებისთვის (რაც ზოგჯერ არაეკლესიური ადამინებსა და თვით ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შორისაც კი ღიმილს იწვევდა და ვერ ხვდებოდნენ რატომ იყო ასე ძალიან დაინტერესებულკი ძველი მტვერდადებული რელიგიური წიგნებით). არაერთი ასეთი ხელნაწერი რვეული მის ოჯახში დღემდე ინახება. ბიბლიოთეკაში ყველამ იცოდა მისი ეკლესიურობის ამბავი და თუ სამსახურში არ იყო, ყველამ იცოდა, სად უნდა მოეძებნათ - იქვე ქვაშვეთის ტაძარში.
მას განსაკუთრებით ახარებდა ის ფაქტი, რომ უფალმა ქვაშვეთის ტაძარში მიიყვანა, რომლის აგებასა და ჩუქურთმების გამოქანდაკებაში XX საუკუნის დასაწყისში მისმა უშუალო წინაპრებმა - ბაბუამ და ბიძებმა - ძმებმა აგლაძეებმა უდიდესი როლი შეასრულეს.
მედავითნე ლიანა კერესელიძე გამოირჩეოდა ახლადმოქცეული მორწმუნეების მიმართ გულისხმიერებით და ხშირად სულიერ მოძღვართან მისვლამდე პირველ რჩევა-დარიგეგებს აძლევდა სარწმუნოებრივ საკითხებზე. არაერთ სასულიერო პირთან ერთად იგი კარგად იცნობდა წმინდა მამა გაბრიელსაც, რომელმაც მას "ღვაწლმოსილი ადამიანი" უწოდა და მისივე ინიციატივით ერთადაც იგალობეს ქვაშვეთის ტაძრის ღვთიმშობლის ხატთან. "კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში, რომელიც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებელსა და სალოსს ეძღვნებოდა, მედავითნე ლიანა კერესელიძის მოგონებაც დაიბეჭდა - "მცირე მოგონება მამა გაბრიელზე".
მას ხვალ, 2 ივნისს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ ოჯახის წევრების გვერდით. გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული მედავითნე ლიანა.