დაიბადე და თვითონ ტიროდი, გარდაიცვალე და ახლა სხვები ტირიან
თემო ავაზნელის გარდაცვალებიდან 18 წლის გამო
18 გამანადგურებელი და გაუსაძლისი წელი გავიდა, ჩემო სიხარულო
, ჩემო ოცნების ვაჟკაცო, ჩემო თემო ავაზნელო. დედა გენაცვალოს და დედა მოგიკვდეს, ჩემო ერთადერთო სანთელო! საამაყო იყო, შვილო, შენი შვილობა - თურმე როგორი ბედნიერი ვიყავი 22 წელი. მყავდა ჭკვიანი, ლამაზი და სულგულიანი ვაჟკაცი. კაცთმოყვარე, ღმერთის მორჩილი და სამშობლოს შეწირული.
გაუსაძლისია, დედი, უშენობა. არც თვრამეტი წამი გასულა შენი გარდაცვალებიდან, დედაშენი იმ წამებში ჩარჩა, რაწამს შენ სახლში საკაცით პირახვეული შემოგიყვანეს. იქ იმ დროს დედაც მოგიკვდა, დედი, მაგრამ მე და შენ შორის ის განსხვავებაა, შვილო, რომ შენ დედა გყავდა და დედამ მიწა დაგაყარა, მე კი დღესაც უპატრონო მიცვალებული ვარ მიწის ზევით უშენოდ. შვილმკვდარ დედას სახელი არა აქვს.
შენ, ჩემო სიხარულო და ჩემო დიდო ნუგეშო, დედამიწას ფეხს რომ ადგამდი, ღამე ძილისწინ დაიჩოქებდი, პირჯვარს გადაიწერდი და ასე იტყოდი ხოლმე - ყველას მაგიერ მე შემინდე და მე მაპატიე, ვინც შენ გულზე დღეს ფეხი დაგადგა და დაგნერწყვაო, შენ ხომ დედა ხარ და სახელად მიწა გქვიაო, შენგან შეიქმნა ადამიანი და შენ უნდა ჩაიკრა გულშიო.
მე მაშინ ვერ ვხვდებოდი, შვილო, ასე რატომ ეფერებოდი შენს დედამიწას, მან ძალიან მალე ჩაგიხუტა გულში. ჩემო თვალისჩინო, ჩემო სიცოცხლევ, შენი სული კი ჩემს გულში გადმოსახლდა: მენატრები და ეს მონატრება გაუსაძლისია. ამას ვერ ვეგუები და არც სურვილი მაქვს, რამეს შევეგუო. უშენობას ვერაფერი შეცვლის.
რა გავიხსენო, შვილო? მთელი ცხოვრება იმ შიშით ვიცხოვრე, რომ შენ არ მომკვდომოდი... და აი, 6 ნოემბერს დადგა ეს საშინელი ჟამი. შენა ხარ ჩემი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, რომელთან შეხვედრასაც სულმოუთქმელად ველი.
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
სწორედაც რომ ცოდვილი ვარ, შვილო, და მადლობელი ვარ უფლისა, რომ ამას ვხვდები და ვაცნობიერებ.
კარგად თქვა გოგლა ლეონიძემ: წუთისოფელს სამი რამ აკლიაო: ზღვას - ხიდი, ცას - კიბე და ადამიანს - სამართალი.
სწორედ ასე, ჩემო სიცოცხლევ, სამართალი უფალს აქვს, სწორედ მან იცხოვრა წუთისოფელში ყოველგვარი ცოდვის გარეშე - შენ ამოგარჩია და მეც დავემორჩილე მის ნებას. დაბადება და გარდაცვალება ერთმანეთს ჰგავს, შვილო. როდესაც ბავშვი იბადება, საშინელი ტირილით იბადება, იმიტომ რომ დედის ორგანიზმს ისეა შეჩვეული, მისთვის გარე სამყაროს შეცნობა უცხოა და არ უნდა, ის სითბო დაკარგოს, რადგან არ იცის, მერე დედისგან რამხელა სითბო ელოდება. ასეა გარდაცვალებაც - დედა ტირილით აცილებს შვილს, რადგან არ იცის, რომ უფლის ნებით უფალს უბრუნდება მისგან ნაჩუქარი საჩუქარი. სწორედ რომ დიდი სიხარულია, დედამ ლოცვით შვილი უფლამდე მიიყვანოს და დააბინაოს. დედის ლოცვას ხომ დიდი ძალა აქვს ცოცხალზეც და გარდაცვლილზეც.
ჩვენ, შვილმკვდარი დედები, ღვთისმშობლის ტკივილის თანაზიარნი ვართ და განა ეს არ არის ნუგეში და საჩუქარი უფლისა ჩვენთვის? ჩვენ ხომ თვით ღვთისმშობლის კალთას ამოვეფარეთ. მადლობა, უფალო, ყველაფრისათვის. შენ აძლევ ყველა დედას სულიერ ძალას, გაუძლოს ამ მწუხარებას. ამავე დროს, ხარ დიდი იმედი იმისა, რომ ჩვენ შვილებს შევხვდებით და სამარადჟამოდ ერთად ვიქნებით. ჩვენ ყველა იმ სამზადისით ვცხოვრობთ, რომ უფალს უნდა შევხვდეთ და ეს გარდაუვალი რეალობაა.
სწორედ ეს არის ჩემი იმედიც და ნუგეშიც. მიყვარხარ, უფალო, და ყველაზე საყვარელი ვინც მყავდა, ის ჩაგაბარე, მეც მინდა გებარებოდე, ძეო ღვთისაო.
ჩვენ სულაც არა ვართ, დედი, ერთმანეთისგან შორს, უბრალოდ სხვადასხვა სამყაროში ვაგრძელებთ სიცოცხლეს შეხვედრამდე. ხომ ვიყავით ერთად, კიდევ ვიქნებით - მერე უკვე დაუსრულებლად. მიყვარხარ, ჩემო სიხარულო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ღმერთი შენზე მეტად მიყვარს, ამიტომ შევძელი უშენოდ 18 წელი ამ წუთისოფელში. და ვიცი, ჩემო თემო ავაზნელო, სწორედ უფლის დიდმა სიყვარულმა შემაძლებინა და გადამადგმევინა ის ნაბიჯი, ვყოფილიყავი ღვთისმსახური მონოზონი და მეზრუნა ჩვენი სულების გადარჩენაზე.
ასე, ჩემო დედის სულო და გულო, ვადიდოთ უფალი და ერთად ვილოცოთ ყველასთვის. შენ ხომ ჩემი მასპინძელი უნდა იყო, შვილო. იყავ უფლის მორჩილი შვილი და დედიკოს ეჩვენე ყოველთვის ისე, როგორც ეჩვენებოდი ხოლმე.
მე ამ წუთისოფლის ზღაპრები აღარ მინდა, ვისურვებ და ვინატრებ მალე ჩვენს შეხვედრას. შენს სულს და გულს შემოევლოს შენი დედა, ჩემო სულიანო და გულიანო ვაჟკაცო!
დედა თამარი