84 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი ფილოლოგთა არაერთი თაობა გრივერ ფარულავას სტუდენტი იყო. იგი მრავალი წელი მოღვაწეობდა თბილისის უნივერსიტეტსა და სასულიერო აკადემიაში და ერთგულად ემსახურებოდა თაობების ქრისტიანული იდეალებით აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. ბატონი გრივერისთვის ქრისტიანობა არა მხოლოდ აზროვნების, არამედ უპირველესად ცხოვრების წესი იყო. სიტყვითა და საქმით იგი თავის მოსწავლეებს ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრებას შთააგონებდა და მათ ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზის არჩევაში ეხმარებოდა.
გრივერ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის საყოველთაოდ ცნობილია მისი წიგნები: "მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში", "ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ" და სხვა.
გრივერ ფარულავა წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.
მოიხსენოს უფალმა მართალთა შორის!
გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან.