ყოველი ოჯახი მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს წუხილს
, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.
ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.
უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე, იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის. ამით კი ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.
მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისთვის. იგია თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი გამოცდა.
ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.
ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაში ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა, ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან.
ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:
1. ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისათვის, რადგან წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.
2. გარდაცვალების შემთხვევაში, პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.
3. ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეში მხოლოდ ერთი კანონის), სასურველია, დასაფლავების შემდეგაც ერთი წლის მანძილზე მაინც გაგრძელდეს.
4. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.
5. თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავი არიან, კარგია, თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება.
6. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.
7. მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.
8. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი და სხვა რაიმე ნივთი.
9. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.
10. დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმინდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.
11. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს.
უკეთუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, საჭმელი მზადდება მხოლოდ სამარხვო.
12. თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, კარგია, თუ მისი ახლობლები გარდაცვლილის დასაფლავებამდე შეინახავენ მარხვას.
13. გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისათვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.
14. მიცვალებულის ორმოცი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს ან წინა დღეს, რადგან მეორმოცე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის დამკვიდრება მისთვის განკუთვნილ სავანეში.
წლისთავიც უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სულის საოხად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში - სახსნილო.
15. ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს (მისი ახლობლები) უნდა ამზადებდნენ საკურთხს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ, მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის.
16. მეტად კარგია, თუ მიცვალებულის ახლობლები გააკეთებენ საკურთხს და ეკლესიაში მოძღვარს შეასრულებინებენ პანაშვიდს გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში. საკურთხი: ზეთი, ღვინო, პური, წანდილი ან კოლიო (სხვა საჭმელიც შეიძლება).
17. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთათვის, თუ მისი ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენებლად.
18. ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ.
19. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა კარგია მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში.
20. ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები უნდა დაურიგდეთ გაჭირვებულთ.
21. თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება, საეკლესიო კანონების თანახმად, აკრძალულია, მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს. საერთოდ, მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაცემა მეტად კარგია.
22. თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის, საეკლესიო კანონის თანახმად, საეკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.
23. გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არა უმეტეს ერთი წელი. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის ან მეტად ახლობელი ადამიანისადმი სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთისსათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი