- უფალმა სამოთხეში ადამს და ევას სხვადასხვა საკითხის ხელმძღვანელობა დაუწესა. მათ შორის ორი ხის ნაყოფის მიღების აკრძალვაც. ეს იყო გარკვეულწილად მარხვა, მარხვის პირველსაწყისი, მაგრამ ასევე იყო მორჩილება ღვთისადმი. უფალმა ისიც უთხრა, რომ თუ ისინი შეჭამდნენ ამ ხის ნაყოფს, მათში სიკვდილი შემოვიდოდა. შესაბამისად, მანამდე მათ არ იცოდნენ, სიკვდილი რა იყო. შიშიც არ ჰქონდათ სიკვდილისა, არც ფიქრობდნენ სიკვდილზე. უფალმა მათ უთხრა, - სიკვდილი შეგემთხვევათო. მიუხედავად ამისა, ევა მაინც ეურჩა, შემდეგ ადამიც ეურჩა და მათ აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამეს. მოიწიეს სიკვდილი და ადამიანის ბუნებამ შეიძინა ხრწნადი მდგომარეობა. მან დაიწყო დაბერება, უფრო მტკივნეულად აღიქვა სამყარო, ის გახდა უხეში, მისთვის სამყაროც გახდა უხეში და მისი აღქმა ამ სამყაროსი ზოგადად გაუხეშდა და ნელ-ნელა მან აღსასრულისკენ, გარდაცვალებისკენ სვლა დაიწყო. არ შეიძლებოდა ამ მდგომარეობაში ისინი სამოთხეში დაეტოვებინა უფალს, ამიტომაც გარეთ გაუშვა. ამ მდგომარეობაში რატომ? ეს იყო ღვთისგან განდგომილების, ურჩობის, შეძენილი სიკვდილის მდგომარეობა. მეორედ რომ ეურჩათ და სიცოცხლის ხის ნაყოფი შეეჭამათ, ამ მდგომარეობაში ისინი მარადიულად დარჩებოდნენ. აზრს კარგავდა ყოველგვარი ღვთაებრივი, სინერგიული, ჰარმონიული ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის. სამოთხიდან განდევნილი ადამიანებისთვის ერთადერთი გამოსავალია სინანული, სიკვდილზე ხსოვნა, ღმერთთან დაბრუნებაზე ფიქრია. მაცხოვარი ასე იწყებს ქადაგებას - "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა". სინანული არის ის მდგომარეობა, რომელიც ყველაზე უფრო გაკავშირებს ღმერთთან.
უფალმა 120 წლამდე ჩამოიყვანა კაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. შემდეგ უკვე ხდებოდა გარდაცვალება. სიკვდილი - გარდამავალი ეტაპია მატერიალურიდან სულიერში. ადამიანის სული ტოვებს სხეულს და გადადის სულიერ სამყაროში. იქ სულ სხვა ცხოვრების წესებია. იქ სულ სხვა მოთხოვნილებებია, იქ სულ სხვანაირი ურთიერთობებია. ეს არის არა დრო და არა სივრცე, აბსოლუტურად სხვა განზომილება. რამდენად არის მნიშვნელოვანი სიკვდილზე ფიქრი? წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ სხვა ქალაქში. როგორც ერთ-ერთი მამა წერს, ისეთ ქალაქში უნდა გადავიდეს, სადაც სულ სხვა წესები და ახალი ცხოვრებაა. გონიერი ადამიანი რას იზამს - წინასწარ შეისწავლის, როგორი წესით უნდა იცხოვროს იმ ქალაქში, წინასწარ იყიდის ლიტერატურას, გაეცნობა, გააანალიზებს, იფიქრებს ამაზე. შემდეგ როდესაც წავა იმ ქალაქში, ბევრად უფრო ადვილად შეეწყობა იქაურ წეს-წყობილებას და ძალიან უცხო და მოულოდნელი არ იქნება ეს მდგომარეობა. ასევე არის სიკვდილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. გონებისთვისაც მიუწვდომელია, ის სულიერი სამყარო ნათლად რომ აღიქვა, მაგრამ ინფორმაციულად გვაქვს საკმარისზე მეტი უწყება. როდესაც ჩვენი გარდაცვალების დრო დადგება, ჩვენთვის ეს არ უნდა იყოს წარმოუდგენელი.
* * *
სიკვდილზე ფიქრისკენ თითქმის ყველა მამა მოგვიწოდებს. სიკვდილზე ფიქრი - ეს არის შინაგანი სიფხიზლე. სახალისო თემა არ არის, იმიტომ, რომ მაინც, კარგი გაგებით, შიშის, განცდის ფაქტორი გიპყრობს. ამაზე რომ ფიქრობ, მადლის მომცემია და შენ ნელ-ნელა ეს ფიქრი სულიერად გზრდის. შენი სული ნელ-ნელა ფიქრის პროცესშია და ამ მდგომარეობაში მადლსაც იღებ. უფრო მეტად იზრდები. ჩვენი აქაური ცხოვრება - ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. ჩვენი სამშობლო არის სამოთხე. სული არის იქიდან წამოსული და იქით დაბრუნება სწადია. სიკვდილი არის გარდამავალი ხიდი ამ ქვეყნიდან იმქვეყნად. სული ტოვებს ხორცს, სული უკვე აგრძელებს ცხოვრებას. ხორცში მყოფი ადამიანი მხოლოდ იმისთვის არის მოწოდებული, რომ გარდამავალ ხიდს როგორც გადაივლის, აუცილებლად მოხვდეს სასუფეველში, ღვთის წიაღში. წმინდათა თანა განისვენოს. ეს არის მისთვის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი, რასაც ის ამქვეყნად აკეთებს. ამისკენ უნდა მიდიოდეს მისი არა მხოლოდ საქმეები, ზრახვები, შინაგანი სამყაროც. სიკვდილი აუცილებლად ყველას მოელის. სადღაც მოგნახავს, მიწის ზედაპირზე თუ ნაპრალში, ყველგან მოგაგნებს და ყველა ადგილიდან ყველა დროს გაგიყვანს ამქვეყნიდან. მართლმადიდებლები ამას ვეძახით გარდაცვალებას, იმიტომ, რომ ხდება მატერიალური სამყაროდან სულიერში გარდასვლა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ხორცს ტანსაცმელივით იხდი. ხორცისგან განმოსვის მომენტს ეწოდება სიკვდილი. ეს არის ერთი ეტაპი. შემდეგ ხდება სულიერ სამყაროში შესვლა. ამ სულიერ სამყაროში როგორც კი შედიხარ, უკვე ახალ წესებს ემსახურები, ახალ რეალობაში შედიხარ. ბევრი წმინდა მამა აღნიშნავს, რომ ერთი სული აქვთ, გავიდნენ ამ ქვეყნიდან და უფალთან დაემკვიდრონ. სახარებიდან ვიცით ლაზარესა და მდიდარის იგავი. მდიდარი აღმოჩნდება ისეთ ადგილას, რომელზეც არ უფიქრია - ეს იყო ჯოჯოხეთი. ერთ-ერთი მამა ამბობს, ჯოჯოხეთზე უფრო დამწველი ადამიანისთვის არის სინდისი, ღვთის მოწყალების ფონზე მას სინდისი ქენჯნის. ღმერთი იმდენად მოწყალეა, იმდენს პატიობს ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, იმდენს შეუნდობს, რომ ადამიანს უკვე სინდისის ქენჯნა აქვს. არ იმსახურებს ამდენ სიკეთეს. ღვთის მოწყალება არის წარმოუდგენლად დიდი.* * *
მინდა ვისაუბრო იმაზეც, თუ რას გრძნობენ ადამიანები გარდაცვალების შემდეგ. ადამიანებს რომ უთხრა, - დაიხოცებითო, ამის ძალიან ეშინიათ, საშინელი გრძნობა ეუფლებათ, მაგრამ მათ, ვისაც კლინიკური სიკვდილი განუცდია, ეს არის უდიდესი ნეტარება. ხორციდან გასვლა, ეს არის უდიდესი სიხარული, სიმშვიდე, ისეთი, რომელსაც ადამიანი ამას ხორცში ვერ წარმოიდგენს. ერთ-ერთი ამერიკელი მეცნიერი რაიმონდ მოუდი თავის წიგნში, "სიცოცხლე, სიცოცხლის შემდეგ", წერს: - მრავალ განსაკუთრებულ, სასიამოვნო შეგრძნებას განიცდის მიწიერი სიცოცხლის დამთავრებისას კლინიკური სიკვდილის პირველი ეტაპის დადგომისას ადამიანი. სამი დღე სული არის დედამიწაზე, იქ, სადაც მას ყველაზე მეტად უხარია ყოფნა. სამი დღე ტრიალებს ანგელოზების თანხლებით. ამ დროს ადამიანი განიცდის საოცარ შეგრძნებებს. მძიმე ტრავმის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული არ ავლენდა სიცოცხლის არავითარ ნიშანს. როგორც იგი ჰყვება, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერში დალივლივებდა, ბნელ სივრცეში გადაადგილდებოდა, დღე იყო მეტად ცივი (მატერიალური გაგებით), მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ ყოფნისას სითბოს განიცდიდა და როგორც არასდროს, ისე კარგად გრძნობდა თავს, თან ფიქრობდა, ალბათ გარდავიცვალეო. ქალი, რომელსაც გულის შეტევის შემდეგ სამედიცინო დახმარებით სიცოცხლე დაუბრუნდა, აღნიშნავდა, - არაჩვეულებრივი შეგრძნებები დამეუფლაო. სხვას არაფერს ვგრძნობდი, გარდა სიმშვიდისა და მდგომარეობის შემსუბუქებისა, სიწყნარისა, სიმყუდროვისაო, - ასე წერს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მსგავსი მდგომარეობა განიცადეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი იხსენებს, - მქონდა მძაფრი შეგრძნება სიმარტოვისა და სიმშვიდისა. ეს მშვენიერი გახლდათ, ენით გამოუთქმელი, ისეთი განცდა მქონდა სიწყნარისა და მოსვენებისა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენთო. სულის შეგრძნება ბევრად აღემატება ხორცის შეგრძნებას. * * *
გარდაცვალების წინ ადამიანის სულს ხორციდან გასვლა უჭირს. ეს ადამიანის შინაგანი წინააღმდეგობაცაა. ეს ისეთი მდგომარეობაა, თითქოს ბუნებრივიდან არაბუნებრივში უნდა გადახვიდე. ამ ბუნებრივს თითქოს ეჭიდები. ამ დროს დაწესებულია სპეციალური სულის გასვლის ლოცვა. თუ მღვდლის მოყვანას ვერ შევძლებთ, სულის გასვლის ლოცვა შესაძლებელია წაიკითხოს მღვდელმა იქ, სადაც არის და იქიდან შეეწიოს. ამ ლოცვის წაკითხვის უფლება აქვს ასევე ერისკაცს. მათ შეუძლიათ გარკვეული მღვდლის საკითხავების გამოტოვებით წაიკითხონ სულის გასვლის ეს ლოცვა. სულის გასვლის ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით ადამიანს ვეხმარებით და ვუმსუბუქებთ ამ მდგომარეობას. ის თითქოს მოეშვება, ორგანიზმიც მოდუნდება. ეს ძალიან დიდი შეწევნაა. წარმოიდგინეთ, რომ გარდაიცვალა ადამიანი, გავიდა სული ხორციდან და მოულოდნელად მოხვდა ისეთ სამყაროში, რომელსაც არ იცნობს, ხედავს სხეულს ჩვეულებრივად, ხედავს კედლებს, ოჯახს, თავის თავს. ამ დროს მას არავინ ხედავს. ვერავის ეკარება. გადაადგილება ხდება სულ სხვანაირად, როგორც ამას ეკლესია გვასწავლის. თითქოს რაღაც ჰაეროვანი მოძრაობა აქვს, უარყოფს ამქვეყნიურ მატერიალურ კანონებს, შეიძლება კედელში გავიდეს... ყველაფერი ეს მას ძალიან აკვირვებს, აშინებს კიდეც, სული ძრწის. თან სიმსუბუქეს, სიმშვიდეს გრძნობს. აბსოლუტურად ახალი მდგომარეობა არის. ძალიან კარგია, თუ ახალშესვენებულის ირგვლივ ერთი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც სკვნილზე იესოს ლოცვას წაიკითხავს. ლოცვითი მდგომარეობა არის ის ძალა, რომელიც ახალშესვენებულს გარკვეულწილად ანუგეშებს. პირველი სამი დღე სული არის ჩვეულებრივ იქ, სადაც მას ყველაზე მეტად უხარია, ენატრებოდა ყოფნა. ფაქტობრივად თავისუფალ მიმოქცევაშია. როგორც ეკლესია გვასწავლის, მესამე დღეს სული არის წარდგენილი ღვთის წინაშე. უფალს ის შეჰყავს სამოთხის სანახებში. მესამე დღიდან მეცხრე დღემდე სული სამოთხეს მოივლის. ცოდვილი სული ამის შემდეგ დიდ გოდებაშია. იცის, რომ იქ მისი ადგილი არ არის. მეცხრე დღეს ისევ არის ღვთის განსაკუთრებული ბრძანება და სულს ჩაიყვანენ ჯოჯოხეთის სანახაობაში, რაც ძალიან შემაძრწუნებელია. მეცხრე დღიდან მეორმოცე დღემდე ადამიანს ანახებენ ჯოჯოხეთს და ამბობენ, რომ ეს არის სწორედ საზვერეების გავლის დრო. შესაძლებელია, ადამიანი რომელიღაც საზვერეში ჩარჩეს. ჯოჯოხეთის სანახაობაში ადამიანი იწყებს საზვერეების გავლას. მეორმოცე დღეს უფალი სულს პირად განაჩენს გამოუტანს, სად უნდა მოხვდეს - ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში.- ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
- განსაკუთრებით უნდა დავიწყოთ ზრუნვა ადამიანის სულზე გარდაცვალების პირველი ორმოცი დღის განმავლობაში. ხშირად ამბობენ, ორმოცი დღე მიცვალებულის ნივთების გაცემა არ შეიძლებაო. პირიქით, რაიმე თუ შეგიძლია გააკეთო სულისთვის, მისი ნივთები მის სახელზე უნდა გასცე. ასევე უნდა აღასრულო წირვების, პანაშვიდების, ლოცვების კითხვა. ეს ყველაფერი უნდა გააკეთო ორმოც დღემდე. თუ ადამიანს გიყვარდა შენი ახლობელი, ოჯახის წევრი, ნათესავი თუ მეგობარი, ეს სიყვარული უნდა დაამტკიცო პირველი ორმოცი დღის განმავლობაში. თუ ეს არ დავუმტკიცეთ, მაშინ ახლობლის მიმართ სიყვარული ფუჭი ყოფილა და ამაო. მიცვალებულები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ადამიანს, რომელსაც თავისი წინაპრები არ ახსოვს, ცოცხალ მკვდარს ვეძახი. ცოცხალი იმიტომ არის, რომ ჯერ კიდევ ხორცშია და დაიარება ამქვეყნად. მკვდარი იმიტომ არის, რომ მას დაივიწყებს მომავალი თაობა, ფაქტობრივად მასზე არავინ ილოცებს. პირადად თუ არ ილოცე შენი მიცვალებულებისთვის, შენთვის არავინ ილოცებს.
დავუშვათ, გარდაიცვალა ადამიანი. ის უნდა დაიკრძალოს. წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, მესამე დღიდან მეხუთემდე. გლოვასთან დაკავშირებით შავ სამოსელზე არის ასევე განჩინება - შეუძლიათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს ატარონ შავი ტანსაცმელი გლოვის ნიშნად, მაგრამ თუ განსაკუთრებულად ახლობელია, შეუძლიათ ატარონ შავი ერთი წელი. შემდეგ შავი უნდა განიმოსოს და იფიქროს არა გლოვაზე, არამედ თავის ცოდვებზე და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელოს. მოიწესრიგოს თავისი სული და შეეცადოს სულის გადარჩენას. ერთი წმინდა მამა ამბობს: თუ გინდა ცხონება, აცხოვნე შენი სული და შენს ირგვლივ ათასნი ცხონდებიანო. სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული ადამიანის ყურადღება.
რაც შეეხება კუბოს - სასახლეს, შიგნით სუფთად უნდა იყოს მოწესრიგებული. მიცვალებულს ხელში ჯვარი უნდა ეჭიროს, სამკერდე ჯვართან ერთად. იციან ხოლმე სხვადასხვა ნივთების ჩაყოლება. ეს არ შეიძლება, რადგან მას ეს იქ არაფერში სჭირდება. პირიქით, მის სულს ამძიმებს. ის შიშველი დაიბადა და ასევე გადის ამ ქვეყნიდან.
როგორც კი მიცვალებულს მიწას მივაბარებთ, ეს მიწა უნდა შემოვაკავოთ და სუფთად დავიცვათ ჩვენი მიცვალებული. როდესაც მღვდელი მიდის სასაფლაოზე და აკურთხებს საფლავს, იქვე აკურთხებს ჯვარსაც, რომელიც მიცვალებულის საფლავს უდგას თავში.
მეორმოცე დღეს ახლობლებმა იციან საფლავზე გასვლა. ხშირად ადამიანები საფლავზე გასვლას უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე ტაძარში მისვლას და პანაშვიდების გადახდას. ეს არასწორია. ჯერ პანაშვიდი უნდა იქნეს გადახდილი, შემდეგ ახლობლებმა მიაგონ პატივი მის საფლავს.
საეკლესიო სწავლების მიხედვით ორმოცი დღის შემდეგ ახლობლები თავიანთ მიცვალებულებს პატივს მიაგებენ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში. რაც მეტს ვილოცებთ ჩვენი მიცვალებულებისთვის, უფრო დავეხმარებით მათი სულების ცხონებას.
- რატომ არის მნიშვნელოვანი მიცვალებულებზე ლოცვა?
- ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაშია მიცვალებული. ხორცში მყოფს ყოველთვის შეუძლია დაიყვიროს, - უფალო, შემიწყალე. მას აქვს სხვადასხვა ნუგეშის საშუალებები. მიცვალებულს ამის საშუალება უკვე აღარ აქვს. მიცვალებულის მდგომარეობა არის შედეგი მისი ამქვეყნიური ცხოვრებისა. ერთადერთი იმედი მათი გადარჩენისა ლოცვებში მოხსენიებაა. თუ არ ცხონდება მათი სულები, შეუმსუბუქდებათ მაინც ის ხვედრი, რაც ორმოცი დღის შემდეგ დაიმკვიდრეს. ლოცვის დროს ჩვენს მიცვალებულებს მეტ-ნაკლებად ვუმსუბუქებთ მდგომარეობას. რაც უფრო გააზრებულად და გულით წავიკითხავთ მიცვალებულთაAლოცვას, მით უფრო შევუმსუბუქებთ მიცვალებულის სულს მდგომარეობას.
გადის დრო, ადამიანი გარდაიცვლება, თითოეული ჩვენგანი გარდავიცვლებით და ვნახავთ ჩვენს მიცვალებულებს. ისინი შემოგვხედავენ თვალებში. თუ მათზე ჯეროვნად არ ვზრუნავდით, მათ თვალებში ამოვიკითხავთ - რატომ გაგვწირე, შენ ხომ შეგეძლო ცოტათი მაინც დაგვხმარებოდი. უდიდეს მადლს ვგრძნობ, როცა მიცვალებულებს პანაშვიდს ვუხდი. იმხელა მადლს ვერ ვგრძნობ ჩემს სულზე ლოცვისას. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ნუგეშია მიცვალებულებზე ლოცვა. წმინდა თეოფანე დაყუდებული თავისი მომაკვდავი დის ქმარს მიმართავდა: "ჩემი და კი არ მოკვდება (ანუგეშებდა თავის დას), მარტოოდენ მისი სხეული შეწყვეტს არსებობას, მისი ხატება კი დარჩება და მხოლოდ სხვა წესებით დაიწყებს ცხოვრებას. დასვენებულ სხეულში სული არ იმყოფება, არ არის იგი საფლავშიც, ის სხვა ადგილასაა და ისევე ცოცხალია, როგორც მიწაზე გახლდათ. პირველ საათებში, დღეებში სული თქვენს გვერდით იქნება, მაგრამ ვერაფერს იტყვის, არც მისი დანახვა იქნება შესაძლებელი, აქ დარჩენილები იმქვეყნად წასულებს მივტირით, არადა იქ მოხვედრისას ისინი მაშინვე უკეთ და საამოდ გრძნობენ თავს. ვინც გამოსცადა სიკვდილი და შემდეგ ისევ სხეულში დაბრუნდა, საცხოვრებლად მეტად მოუხერხებლად აღიქვამდა მას. ჩემს დასაც ამგვარი შეგრძნებები ექნება, მისთვის იქ უკეთესია, ჩვენ კი თავს ვიკლავთ. თითქოს რაღაც უბედურება შემთხვეოდეთ მათ, ის გვიყურებს და ალბათ უკვირს, თუ რას ვტირით აქ".
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე და, რაც მთავარია, სიკვდილის ხსოვნა. ამინ!