სულთმოფენობის წინა შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა
"იესო ქრისტეს ხორციელად მკვდრეთით აღდგომით ყველას მაგალითი მოგვეცა იმისა, თუ როგორი იქნება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა, როგორი იქნება თითოეული ჩვენგანი. "ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღსდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?
მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა; ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთზე ცრუმოწმენი, რადგან დავამოწმებდით, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღსდგებიან მკვდრები. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღსდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღსდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირმშო... გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს" (I კორ. 15,12-19). და რახან ასეა, მაშინ ახლობლის გარდაცვალების დროს ქრისტიანი ზომიერ მწუხარებას უნდა მიეცეს, რომელიც უსაზღვრო გლოვაში არ უნდა გადაიზარდოს. ნუგეშისცემა ახლობელთა დაკარგვისას საოცრად აქვს გადმოცემული წმინდა თეოფანე დაყუდებულს:
ყველა ნუგეშისცემის საფუძვლად წმინდა მამა დებს იმ აზრს, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება ამქვეყნად კი არ არის, არამედ იმქვეყნად, და განსაკუთრებული ძალით სურს ეს აზრი დაამკვიდროს იმ ადამიანებში, ვინც დათრგუნულია მათთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვით. იგი სავსებით ეთანხმება იმას, რომ ამ შემთხვევაში მწუხარება სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ბრძანებს, მოსაზრება, რომელიც ყველაზე მეტად გვიკლავს გულს - თითქოსდა გარდაცვლილები აღარ არიან, რომ ისინი გაქრნენ - მხოლოდ თავის მოტყუებაა: გარდაცვლილები ცოცხლები არიან, მხოლოდ არსებობის სხვა სახე აქვთ მიღებული. თანაც, განა დიდი ხნით ვშორდებით მათ? დღეს აქა ვართ, ხვალ კი ყველანი იქ ვიქნებით.
"გარდაცვლილთა გამო ტირილში არაფერია არაბუნებრივი და სამარცხვინო, - ბრძანებს წმინდა მამა, - უცნაურიც იქნებოდა, დედას რომ არ გამოეტირა ქალიშვილის გარდაცვალება. მაგრამ ამ დროს ზომა უნდა ვიცოდეთ: თავს არ უნდა ვიკლავდეთ, არ უნდა ვივიწყებდეთ სიკვდილსა და მიცვალებულებზე იმ წარმოდგენას, რომელსაც ქრისტიანობა გვაძლევს. მოკვდა! არა, ის კი არ მოკვდა, მოკვდა სხეული; ის კი ცოცხლობს და ისევე იცოცხლებს, როგორც ჩვენ, მხოლოდ სხვა სახით, და საფიქრებელია, თქვენს ქალიშვილს უკვირს, რომ ტირით და თავს იკლავთ, რადგან იგი თავს უკეთ გრძნობს. არსებობის ის სახე უკეთესია ჩვენსაზე. იგი უცებ აქ რომ მობრძანებულიყო და თქვენ რომ გეთხოვათ, ისევ სხეულს დაუბრუნდიო, არაფრისდიდებით არ დაგეთანხმებოდათ. მაშ, რატომ უნდა დაუპირისპირდეთ? რატომ უსურვებთ მას იმას, რაც მოიძულა? განა ეს სიყვარულია? შეუძლებელია, გული არ დაგეწვათ, რომ ვერ მოახერხეთ, უკანასკნელად ჩაგეხედათ მის თვალებში; უკანასკნელი სიტყვა გაგეგონათ მისგან; უკანასკნელად ჩაგეკრათ გულში... ჰოდა, იტირეთ, ოღონდ მაინც ზომიერად. მას ფიზიკური თვალები დახუჭული აქვს, სულიერით კი გვჭვრეტს. თქვენც შეხედეთ მას... მისი ენა დადუმდა, მაგრამ მას არ დაუკარგავს შესაძლებლობა, თქვენს გულში გელაპარაკოთ. უსმინეთ და გაიგონებთ: "დედიკო, ნუ დარდობ და თავს ნუ იკლავ! მე შენთან ვარ და ძალზე კარგად ვარ". თქვენც უპასუხეთ: "მადლობა ღმერთს, რომ უკეთ ხარ". მისი მკლავები ჩამოეშვა, ვერასოდეს მოგეხვევათ. მაგრამ მას, თავისთავად, ვითარცა სულს, შეუძლია მოიცვას თქვენი სული და ისევე გადასცეს სითბო, როგორც თბილია ჩვეულებრივი გულში ჩახუტება. თქვენც უპასუხეთ მას მშვიდად, მშფოთვარე კი არა, თბილი, გულითადი ხსოვნით...
თუკი უფალმა ინება, წაეყვანა სუფთა და წმინდა, სანამ არ იგემა ამა სოფლის უკეთური ნაყოფი, განა ღმერთს ბრძოლას დაუწყებთ? და თუ არ აპირებთ ბრძოლას, რატომღა იკლავთ თავს? ღვთისადმი სათნოებით აღსავსე ერთგულებით უნდა თქვათ მხოლოდ და მხოლოდ: "იყავ ნება შენი, უფალო! როგორც გვწყალობ, ისევე განაგე. რამეთუ მწამს, რომ ყოველივე, რასაც შენ განაგებ, ჩემი ქალიშვილისა და ჩემს სასიკეთოდ იქნება". ასე რომ ილოცებთ, სული დაგიმშვიდდებათ... ნუ ფიქრობთ, რომ თუ ვაი-ვიშს არ დაიწყებთ, ეს დედის გულს ხინჯად დაედება. ეს ცრურწმენა ამოიგდეთ თავიდან.
იმის ფიქრით, რომ თავის დროზე ყველანი იმქვეყნად წავალთ, შესაძლებელია მწუხარების დაცხრომა მისთვის დამახასიათებელი სიმწვავისა და გულისტკივილისაგან. მგლოვარების ნაცვლად, უმჯობესია, გვახსოვდეს სიკვდილი. "დღეს ის გარდაიცვალა, ხვალ კი - მე", - ამას იმეორებდა მავანი და სიკვდილის ხსოვნა ისწავლა".
სხვა პიროვნებას წმინდა მამა ეუბნება:
"მწერდით, რომ ძალზე წუხხართ გარდაცვლილის გამო. არ გლოვობდეთ, შეუძლებელია, გადაჭარბებული მგლოვარება კი სრულიად არ ეგების. ის არ მომკვდარა, ის ცოცხალია, მხოლოდ სხვა სამყაროში გადავიდა. სწორედ ასე წარმოიდგინეთ იგი, ცოცხალი, ოღონდ სხვა ადგილას და სხვა სახით. შეიძლებოდა გვეგლოვა, თუკი საფუძველი არ გვექნებოდა რწმენისა, რომ მას უფალი შეიწყალებს. რა ცოდვები აქვს? სულითა და გულით სწამდა უფლისა და მისთვის შრომობდა. რადგან უცოდველი არავინაა, მასაც ექნებოდა ცოდვები. მაგრამ აი, უფალმა მძიმე ავადმყოფობა არგუნა და ყველა ცოდვა აღხოცა, ცოდვა უძლურებისა და უმეცრებისა. მაშ, რატომღა უნდა დაისაჯოს? თუკი არ დავეჭვდებით, რომ ღმერთი წყალობას მოუვლენს, რაღა აზრი ექნება უზომო ტირილსა და ურვას? უმჯობესია, ილოცოთ სიმშვიდით და მიენდოთ ღმერთს... განა ასე ხანგრძლივი იქნება განშორება. დღეს, ხვალ და - ჩვენც იმქვეყნად გადავალთ. დაე, უფალმა ყველა შეგვიწყალოს!"
სიცოცხლეშივე კარგად ცნობილი ერთი პატივცემული ადამიანის, ვინმე ს.-ს ჭირისუფლებს ყოვლადუსამღვდელოესი წმინდა მამა ასე ანუგეშებდა:
"განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისასა. გზა კეთილად განვლო, სიხარულით შედის მწირი მშობლიურ სახლში... ნაოსნობა განსრულდა, უსარგებლო ხომალდი დამსხვრეულია და დაკარგული, ხოლო მოგზაური დიადი ქალაქის მეუფესთან დაგროვილი სიმდიდრით მივიდა, რათა საკადრისი მიიღოს. ჩვენ კი აქა ვართ... მაშ, ახლა ვიტიროთ თუ კიდევ რამე ვქნათ? ვფიქრობ, უნდა გვიხაროდეს ს.-ს გამო. დიდება შენდა, უფალო! აღარ დაიტანჯება ამ მოსაწყენსა და მწირ მიწაზე... იქნებ საკუთარ თავზე ტირილი გვმართებს? არ ღირს! ბევრი დაგვრჩენია ამქვეყნად? დღეს, ხვალ და - ჩვენც იმქვეყნად წავალთ. მიცვალებულის გამო ძაძებით კი არ უნდა ვიმოსებოდეთ, არამედ სადღესასწაულო სამოსლით... ჩვენ კი ყველაფერი თავდაყირა გვაქვს... ნეშტს - გარდაცვლილის სხეულს რომ გარკვეული პატივი უნდა მივაგოთ - ეს სავსებით სამართლიანია, მაგრამ რატომღა წარმოიდგენენ გარდაცვლილის საზარელი, პატივაყრილი სხეულის შემყურენი თავად გარდაცვლილსაც მისი სხეულის მსგავსად? ეს თავის მოტყუებაა, გულს რომ გვიკლავს. გული რომ არ განვიგმიროთ, ამ თავის მოტყუებას უნდა განვეშოროთ... მერე წარმოვიდგენთ ნესტიან, შავბნელ სამარეს, ის კი, გარდაცვლილი, ნათელ ადგილასაა, სრული სიხარულის მდგომარეობაში. ბოლოს იმასაც ვიფიქრებთ, მოკვდა და გაქრაო, მას კი არც უფიქრია გაქრობა და ყველაფერი ისეა, როგორც გუშინ იყო, სიკვდილამდე, მხოლოდ მაშინ ის ცუდად იყო, ახლა კი უკეთესადაა; რასაც ის აღარ ეღირსება, სულაც არაა დანაკარგი. ის აქვეა... გარდაცვლილთ ფიქრივით მსწრაფლ შეუძლიათ გადაადგილება. ვფიქრობ, რომ ს. ჩემს ზურგს უკანაა და ხედავს, რასაც ვწერ, ალბათ იწონებს იმას, რასაც ვწერ... შემდეგ ის თქვენთან იქნება... და თუ დაინახავს თქვენს მჭმუნვარებას, თავს გადააქნევს... აი, ჭკვიანებიო, იფიქრებს... ვერაფერს ხედავენ და არც არაფრის დანახვა სურთ".
ეს კი მეუფის გამოსათხოვარი წერილია მომაკვდავი დისადმი. შეუძლებელია, გული არ აგიჩუყოს იმან, თუ როგორი ცოცხალი რწმენით სუნთქავს მისი ყოველი სიტყვა, რწმენით მომავალი საიქიო ცხოვრებისა მისი ნეტარებითა და სიმშვიდით... მართალი მოსაგრე ღვიძლ დას თითქოსდა უცნობ ქვეყანაში კი არ აცილებს, რომელიც ჩვენთვის გაუმტარი კრეტსაბმელით არის დაბურული, არამედ სადღაც, არცთუ შორეულ გზაზე, სადაც მას სასიხარულო შეხვედრა ელის ახლობლებთან და ნათესავებთან, რომლებსაც წმინდა მამა მოკითხვასა და პატივს შეუთვლის; იმავდროულად მომაკვდავს ამშვიდებს, რომ მათი განშორება ხანგრძლივი არ იქნება: "დღეს თუ არა ხვალ ჩვენც შენთან ვიქნებით!"
"მშვიდობით, დაო, - წერს იგი, - უფალმა აკურთხოს შენი განსვლა და გზა შენი. შენ ხომ არ მოკვდები. სხეული მოკვდება, შენ კი სხვა სამყაროში გადახვალ, ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნით და მთელი გარემომცველი სამყაროს ცნობით. იქ შენ შეგეგებებიან დედა, მამა, ძმები და დები. მოკითხვა გადაეცი მათ და ლოცვა გამოსთხოვე ჩვენთვის. იქ შენი შვილებიც შეგეგებებიან დედაშვილური სალმით. შენ იქ უკეთ იქნები, ვიდრე აქ. მაშ, ნუ შეშინდები სიკვდილის მოახლოებისას, ის შენთვის უკეთეს ცხოვრებაში შესასვლელი კარიბჭეა. შენი მფარველი ანგელოზი შენს სულს მიიღებს და იმ გზებით წაიყვანს, რომლებითაც ღმერთი ინებებს. მტკიცედ გწამდეს, რომ უფალი და მაცხოვარი მონანულთა ყველა ცოდვას წარხოცავს. შენი ცოდვებიც აღიხოცა, როცა მოინანიე. ეს რწმენა, რამდენადაც შეგიძლია, განიცხოველე და ნუ განეშორები მას. უფალმა მოგანიჭოს მშვიდობიანი აღსასრული. ჩვენც შენთან მოვალთ! მალე შევხვდებით. ამიტომ ნუ იდარდებ აქ დარჩენილებზე. მშვიდობით! უფალი გფარავდეს!"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი