გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.
მაგრამ მთავარია ის, რა მოხდება გარდაცვალების შემდეგ, შევძლებთ კი ჩვენი განვლილი ცხოვრებით ადგილი დავიმკვიდროთ იქ, "სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი"? თუმცა, განვლილი ცხოვრების გარდა სხვა ნუგეშიც არსებობს - მიცვალებულის სულებისათვის ახლობლების ზრუნვა. საოცარია, როდესაც მათზე ეკლესიის სწავლების მიხედვით ვზრუნავთ, მძაფრდება შეგრძნება, რომ ისინი არ გამქრალან, არ მომკვდარან, არამედ გარდაიცვალნენ და ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით.ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
გვესაუბრება საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე (ლეკიშვილი).
- მამაო, როგორ განიხილავს გარდაცვალებას მართლმადიდებლობა?
- ადამიანს ჩასახვისთანავე ღვთისაგან ეძლევა უკვდავი სული, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც ცოცხალია. დაბადების შემდეგ ადამიანს აქვს საშუალება, მოინათლოს ჭეშმარიტი სარწმუნოებით და გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეს არის მადლი და წყალობა უფლისა თითოეული ჩვენგანის სულისათვის, რომელიც უფალს ისე უყვარს, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება. როგორც სხეული ფიზიკურად იზრდება და ყალიბდება, ისე ნათლობის შემდეგ იზრდება და ყალიბდება სულიც. უფალი შესაძლებლობას გვაძლევს, ამქვეყნიური ცხოვრებით - ჩვენი სინანულით, აღსარებით, მართალი და სწორი ცხოვრებით სული გადავირჩინოთ, რადგან ამ ქვეყნიდან გასული ადამიანის სულს საკუთარი ძალისხმევით გადარჩენა აღარ შეუძლია.
ადამიანი ყოველდღე, ყოველწამს და ყოველწუთს უნდა ემზადებოდეს უფლის წინაშე წარსადგომად, ეკლესიისა და მოძღვრის მეშვეობით უნდა ზრუნავდეს სულის განსაწმენდად. უფლის დაშვებით, ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება წყდება და სული ტოვებს სხეულს მაშინ, როდესაც ეს იმ ადამიანის სულისთვის იქნება საჭირო და სასარგებლო, რათა მეტად აღარ დამძიმდეს ამქვეყნიური ცოდვებისაგან. ეს არის ოპტიმალური დრო, ამ დროისთვის ადამიანს ამოწურული აქვს საკუთარი შესაძლებლობები.
გარდაცვლილის სხეულს სული განეშორება და ორი დღის განმავლობაში იმ ადგილებში ტრიალებს, სადაც მას განსაკუთრებულად უყვარდა ყოფნა, სადაც სიკეთე ჰქონდა გაკეთებული - თავის ახლობლებთან, ნათესავებთან, - საუბარი მაქვს ჩვეულებრივ, ცოდვილ ადამიანზე, რომლის სული, მონანიების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მაინც დამძიმებული იყო, - ხოლო ამქვეყნად წმინდად მცხოვრები ადამიანის სული მსწრაფლ ამაღლდება უფალთან.
- რა ხდება ამ ორი დღის შემდეგ?
- მესამე დღეს სული საზვერეებს გადის. სწორედ ამიტომ არის საჭირო მესამე დღეს გარდაცვლილის სულის მოხსენიება, პანაშვიდის გადახდა, აუცილებელია, ეკლესიამ და მისმა ახლობლებმა განსაკუთრებულად ილოცონ მისი სულისთვის, რამეთუ ადამიანის სულს ყველაზე მეტად ამ დროს უჭირს. უფლისკენ მიმავალ გზაზე მას ხვდებიან ბოროტი, დაცემული ანგელოზები - ეშმაკები, რომლებიც გზას უღობავენ და მოუნანიებელ ცოდვებს ახსენებენ.
ვისაც წაუკითხავს ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლელის ცხოვრება (იგი ბასილი ახლის სულიერი შვილი გახლდათ), მიხვდება, რომ ამ საზვერეების გავლა ძალიან მძიმე და რთულია; რაც უფრო მძიმეა ცოდვა, მით უფრო საშინელი სახე აქვს ამ ცოდვის ეშმაკს, ეს იქნება სიძვის, მრუშობის, მემთვრალეობის თუ სხვა ცოდვები.
შემდეგ გარდაცვლილის სული მეცხრე დღემდე მოიხილავს სასუფევლის სანახებს, მაღლდება, რათა თაყვანი სცეს უფალს - ჩვენ, ყველანი, ხომ მისი შვილები ვართ. მეცხრე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის ჯოჯოხეთის სანახებში ჩაყვანა, სადაც იგი 39-ე დღემდე დაყოფს. მეორმოცე დღეს კი წარსდგება უფლის წინაშე, რომელიც მას განუწესებს დროებით სამყოფელს ვიდრე მეორედ მოსვლამდე.
- ხომ შეიძლება, ადამიანს არ ჰყავდეს მომხსენიებელი ან მის სახელზე მოწყალების გამცემი. ნუთუ ამის გამო მას არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ ჯოჯოხეთიდან სასუფეველში მოხვდეს?
- ყველა გარდაცვლილის სულის პატრონი, მონათლულის, რა თქმა უნდა, დედაეკლესიაა. ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანთა ცხოვრება, ვინც ამქვეყნად დარჩა. გარდაცვლილის სული განიცდის შვებას, სიხარულს, როცა ხედავს, რომ მისი შვილი ჭეშმარიტად ქრისტიანულად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს, მისი სულისთვის ლოცულობს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილის წირვაში მოხსენიებას, არსებობს სპეციალური ლოცვა, რომელიც იკითხება, როდესაც ბარძიმში ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების სახელზე ნაკვეთი ნაწილები ჩაეშვება.
ეკლესია ლოცვებში უპატრონო მიცვალებულებსაც იხსენიებს.
- როდესაც ადამიანს მოახლოებული აქვს სიკვდილი, ან საკმაოდ ასაკიანია, ან მძიმედაა ავად, როგორ მოვამზადოთ იმ ქვეყნად გადასასვლელად?
- პირველ რიგში, ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა. თუ რწმენაში ძლიერია, მოძღვარი განუმარტავს, ამზადებს მის სულს უფალთან წარსადგომად. ეს, რა თქმა უნდა, მაინც ინდივიდუალურია, არ შეიძლება ყველას ერთნაირად მივუდგეთ, რადგანაც არ ვიცით, ადამიანი რამდენის დამტევნელია, როგორ მიიღებს თუნდაც მოძღვრის ნათქვამს - შენ შეიძლება რამდენიმე დღეში დატოვო ეს ქვეყანა.
თუ ადამიანს რაიმე სასიკვდილო სნეულება სჭირს, მაგრამ არ არის რწმენაში ძლიერი, არ შეიძლება, მასთან სიკვდილზე საუბარი დავიწყოთ, ის ვერ დაიტევს ამას, ამიტომ, უპირველესად, იმედს ვაძლევთ. იმედი ყველასთვის საჭიროა, მაგრამ რწმენაში სუსტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მას უფლის იმედი უნდა ჩავუსახოთ, უნდა ვუთხრათ, რომ ღმერთი მოწყალეა და არ დატოვებს...
- მართალია თუ არა, რომ უშუალოდ სიკვდილის წინ ნაზიარები ადამიანი საზვერეებს ადვილად გადის?
- რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც მომზადებულია სიკვდილისათვის, რომელიც განიწმინდება ამქვეყნად, აღსარებას ამბობს და შემდეგ ღვთის მადლით მაცხოვრის სისხლსა და ხორცს ეზიარება, მეტ-ნაკლებად მომზადებულია საზვერეების გასავლელად. თავისთავად საზვერეებში ადამიანს დიდად შეეწევა მფარველი ანგელოზი; საზვერეების პატრონი ეშმაკები ტყუილსაც კი იგონებენ, რათა ადამიანის სული დაამძიმონ და შეაძრწუნონ, რასაც მფარველი ანგელოზი არ ანებებს.
- როდის იკითხება სულთამბრძოლის ლოცვები, რაში ეხმარება იგი ადამიანს?
- ამ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. იქ არის სულის გახსნის ლოცვები - თუ კაცი ვინმესგან დაწყევლილია, მისი სული შეკრულია ვინმესგან ან საკუთარი ფიცით, ეს ყველაფერი იხსნება. სულთამბრძოლის ლოცვების დანიშნულებაა, სული მაქსიმალურად თავისუფალი გავიდეს ამ ქვეყნიდან, მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს ცოდვის ტვირთი.
- ზოგი ადამიანი მშვიდად მიიძინებს, ზოგი ძლიერ იტანჯება. ასეთებზე ამბობენ, ცოდვებმა უწიაო. რამდენად აისახება სიკვდილის მომენტზე ადამიანის სულიერი ცხოვრება?
- რა თქმა უნდა, აისახება. ყველა მორწმუნემ იცის, რომ ღმერთს უსაზღვროდ ვუყვარვართ და თითოეული ჩვენგანის გადარჩენა უნდა, მაგრამ არასოდეს ერევა ჩვენს კეთილ ნებაში, რასაც ირჩევს ადამიანი, ღმერთიც ისე ექცევა მის სულს.
თანამედროვე ადამიანი, რომელიც არაეკლესიურად ცხოვრობს, არ ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან უფლის წინაშე წარსდგება, მორწმუნემ კი უნდა ილოცოს, რომ მოულოდნელად არ მოხდეს მისი ამ ქვეყნიდან გასვლა, თუმცა, მოკვდავისთვის ნებისმიერი გასვლა მოულოდნელია.
- გარდაცვლილებისთვის ფსალმუნები იკითხება. რა დანიშნულება აქვს ფსალმუნთა კითხვას ან სხვა ლოცვებს გარდაცვლილისთვის?
- ფსალმუნების კითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ადამიანისთვისაც, რამეთუ მისი სული ძლიერდება, და მიცვალებულისთვისაც: გარდაცვლილის სული ხარობს, როდესაც ახლობელი გაძლიერებულია, ლოცვაშია, მოექცა, მის სულს ახსენებინებს პანაშვიდში, წირვაზე. ფსალმუნებში წმინდა მეფე დავით მეფსალმუნე საგანგებოდ საუბრობს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, მის ცოდვიანობაზე, მართალ ცხოვრებაზე, გარდაცვალებაზე.
- რატომ ეძახიან მე-17 კანონს მიცვალებულთა კანონს?
- ეს კანონი ჩართულია მიცვალებულისთვის წესის აგების რიტუალში. ეს არის ერთგვარი გამოძახილი იმისა, რომ ფსალმუნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ქმედებაში, რასაც გარდაცვლილთა სულზე ზრუნვა ჰქვია.
- რა დანიშნულება აქვს მიცვალებულისთვის ღამისთევას?
- ძველად მიცვალებულის ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდნენ, მისი სულისთვის კითხულობდნენ ფსალმუნებს. ღამისთევას სწორედ ეს დატვირთვა ჰქონდა.
- ხშირად მიცვალებულებს უამრავ ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთს ატანენ ჩასასვენებელში.
- ეს მცდარია, მცირედმორწმუნეობაა. გარდაცვლილის სხეულს არაფერი სჭირდება, ის უნდა შეიმოსოს ჩვეულებრივ, როგორც სიცოცხლეში იმოსებოდა და ისე ჩასვენდეს განსასვენებელში. უმჯობესია, ის ნივთები მის სახელზე გაიცეს, რადგან რაც მეტ მოწყალებას გავცემთ, მით მეტი ადამიანი ილოცებს მისი სულისთვის, მოწყალებაც თავის შედეგს ჰპოვებს, როდესაც მისი სული წარსდგება უფლის წინაშე.
- ძველად ალბათ ქელეხსაც მოწყალების სახე ჰქონდა.
- რა თქმა უნდა, უპირველესად ამ ტრადიციას მოწყალების სახე აქვს. ძველად მისასამძიმრებლად შორეული ადგილებიდან წამოსული ახლობლები რამდენიმე დღე გზაში იყვნენ, ამიტომ ჭირისუფალი მათ უმასპინძლდებოდა. პირველ რიგში ეს გარდაცვლილის სულს რგებდა, ვინაიდან მის სახელზე მშიერთა დაპურება ხდებოდა. დღეს ამ ტრადიციამ სხვა სახე მიიღო. მიცვალებულის ახლობლები უნდა ეცადონ, რომ იგი არ გაცდეს ზომიერების ფარგლებს, რათა არ დაამძიმონ გარდაცვლილის სული.
- როგორია მართლმადიდებელი ქრისტიანის დამარხვის წესი? შეიძლება თუ არა სხეულის დაწვა, რაც ბევრ ქვეყანაშია მიღებული?
- ქრისტიანის სხეული აუცილებლად მიწაში უნდა დაიფლას, ნათქვამია - მიწა ხარ და მიწად იქეც. სხეული მიწაში აერევა და სწორედ იმ მიწიდან, რისგანაცაა შექმნილი, გამოარჩევს უფალი მეორედ მოსვლის ჟამს. ქრისტიანული ტრადიციით კრემაცია არ არის მიღებული.
- თუ შემთხვევით, სხვადასხვა უბედური შემთხვევის გამო სხეული უგზო-უკვლოდ იკარგება და განიბნევა?
- ერთ წმინდა მამას ასეთი მაგალითი მოჰყავს: როგორც ანდამატი მიიკრავს ქვიშაში გაბნეულ რკინის მტვერს და გამოარჩევს მას, სწორედ ამგვარად იქნება ადამიანის სხეულის ნაწილები მიწიდან გამორჩეული.
- რა დღეებში აღესრულება პანაშვიდი მიცვალებულისათვის?
- ორმოცამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანაშვიდის გადახდა მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ზოგადად მიცვალებულთა დღედ შაბათი ითვლება, ჩვენს ეკლესიაში ყოველ შაბათს აღესრულება მიცვალებულთა მსახურება. მიცვალებულებს ვიხსენიებთ კვეთაში, ასევე წირვაში ჩართულ მიცვალებულთა კვერექსში და ბარძიმში. თავისთავად კარგი იქნება, გარდაცვლილს პანაშვიდი გადავუხადოთ ასევე დაბადების დღეს, გარდაცვალების დღეს, ანგელოზის დღეს და ა.შ
- ვიცით, რომ ყველა მსახურებაზე აღმატებულია კვეთაში მოხსენიება. რა დანიშნულება აქვს პანაშვიდს?
- ჯერ ერთი, შეიძლება იმ დღეს, როდესაც პანაშვიდს უხდიან, წირვაზე მოხსენიების ფიზიკური საშუალება არ არსებობდეს; მეორეც, პანაშვიდს თავისი დანიშნულება აქვს, არ შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს და ვთქვათ, რომელია უპირატესი. ეკლესიაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ეკლესიამ დაადგინა, რომ ადამიანის სულისთვის უნდა გადავიხადოთ პანაშვიდი, თვითონ წესის აგებაც კი რამდენიმე პანაშვიდისაგან შედგება. ასე რომ, ყველაფერს თავისი მადლი და თავისი ძალა აქვს.
- როდის ტარდება შეკვეთილი წირვა გარდაცვლილის სახელზე?
- კარგი იქნება, რომ ორმოცამდე მიცვალებულის სულისთვის რაც შეიძლება ბევრი წირვა ჩატარდეს. თუ წირვის რამდენჯერმე ჩატარების შესაძლებლობა არ არის, ერთხელ მაინც რომ დაყენდეს შეკვეთილი წირვა, ესეც კარგი იქნება. თუ ადამიანს ამის საშუალებაც არა აქვს, შეუძლია მივიდეს მოძღვართან, უთხრას, რომ არ შეუძლია ასეთი შესაწირის გაღება და სთხოვოს, მისი მიცვალებული მოიხსენონ. არ მგონია, რომელიმე მოძღვარმა მიცვალებულის პატრონს ამაზე უარი უთხრას.
- როგორ მოვუაროთ საფლავებს, რას ისახავს მიზნად მათი კურთხევა, ზოგიერთი ადამიანისთვის საფლავი ხომ არ იძენს უფრო დიდ მნიშვნელობას, ვიდრე გარდაცვლილის სული?
- ხშირად ადამიანისთვის ის არის იმედის მომცემი, რაც უფრო ხელშესახებია, რასაც ხედავს, რასაც ფიზიკურად შეიგრძნობს. კარგად მოგეხსენებათ თომა მოციქულის მაგალითი, რომელმაც არ ირწმუნა უფლის აღდგომა, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახა აღმდგარი მაცხოვარი. მან კი უთხრა, - ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მირწმუნესო.
საფლავსაც დასუფთავება და მოვლა სჭირდება, ისევე როგორც ცოცხალი ადამიანის საცხოვრებელ სახლს. რა მიზნითაც სახლი იკურთხება, იმავე მიზნით იკურთხება მიცვალებულის საფლავიც. რატომ ვასხურებთ ნაკურთხ წყალს მიცვალებულის სხეულს? იმიტომ, რომ მიცვალებულის სხეული სუფთად განისვენებდეს, მიწაც ნაკურთხი იყოს, რათა მას ბოროტი არ შეეხოს.
- როდემდეა აუცილებელი თალხის ტარება, როგორია ამის ეკლესიური ტრადიცია, ამძიმებს თუ არა მიცვალებულის სულს უზომო გლოვა?
- ეკლესიამ გლოვისათვის გარკვეული დღეები დააწესა. ეს არის სწორედ პირველი 40 დღე, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის ამის შემდეგაც არ არის მისაღები, რომ ხასხასა ფერები ჩაიცვას, ზედმეტად ყურადღების მიქცევასაც ერიდება. რაც შეეხება გლოვას, იგი შინაგანად ორმოცის მერეც გრძელდება, არ ხდება ამის ასე უცებ შეწყვეტა. ძალიან კარგია, როცა ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს გლოვობს და საკუთარ ცოდვებს ტირის. როდესაც ასე იქცევა, ხვდება, რომ მიცვალებულის გლოვასა და ტირილშიც ზომიერებაა საჭირო. ამაში მას ეკლესია ეხმარება. უზომო გლოვა ურწმუნოებისაგან ხდება.
- როდესაც ცოლ-ქმარს ჯვარი არა აქვს დაწერილი, მოეკითხებათ თუ არა ეს ცოდვა გარდაცვალების შემდეგ? ეს ბევრს აინტერესებს, მით უმეტეს ჯვარდაუწერელი წყვილის შთამომავლებს.
- გააჩნია, ადამიანებს რა პერიოდში უხდებოდათ ცხოვრება. დღევანდელ დღეს ჯვრისწერის მშვენიერი შესაძლებლობაა, რადგანაც ღვთის წყალობითა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მრავალი ტაძარი აშენდა. ადამიანებს აქვთ საშუალება, მივიდნენ ტაძარში, დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, ჯვარი დაიწერონ. თუ იდევნება ეკლესია, ისე როგორც 70 წლის მანძილზე ხდებოდა, ეს, რა თქმა უნდა, უფლისაგან გათვალისწინებული იქნება, რადგანაც ყველას იმის მიხედვით მოეთხოვება, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა ამქვეყნად.
- რატომ და როდის აღინიშნება მიცვალებულთა დღეები დიდმარხვაში?
- დიდმარხვისათვის მზადება გარკვეული ეტაპებით ხდება. ჯერ ფარისევლისა და მეზვერის კვირიაკეა, მსგეფსია (ხსნილია), შემდეგ მოდის უძღები შვილის ანუ ხორციელის კვირა, რომლის შაბათს მიცვალებულთა სულებს ვიხსენიებთ, მეორე დღეს - კვირა დღეს არის საშინელი სამსჯავროს ხსენება, ანუ ეს ორი დღე ერთგვარად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ყველა ქრისტიანს უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან დადგება ის დღე, როდესაც ჩვენც წარვდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე და ამ დღის მოწმენი გავხდებით. შემდეგ დიდმარხვის დასაწყისში იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი, ეკლესია განსაკუთრებული ლოცვისა და სინანულისაკენ მოგვიწოდებს. დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია. ასე ეტაპობრივად ვემზადებით მაცხოვრის ჯვარცმის, მისი ჯოჯოხეთში შთასვლის, სიკვდილით სიკვდილის დამარცხებისა და შემდეგ აღდგომისათვის, სწორედ ამ დღეებისათვის მოსამზადებლად ვიხსენიებთ დიდმარხვაში მიცვალებულთა სულებს.
- დიდმარხვაში ეკლესიაში ვტოვებთ 40-დღიან მოსახსენებელს. რა დანიშნულება აქვს მას?
- ამ დროს ჩვენს გარდაცვლილთა სულებს ვიხსენიებთ, რათა, თუ ისინი ჯოჯოხეთში იმყოფებიან, გამოხსნილნი იქნენ. მაგრამ 40-დღიანი მოსახსენებლის შეგზავნა ნებისმიერ დღეს შეიძლება იმ ტაძარში, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღევლინება. ეს ძალიან კარგი იქნება გარდაცვლილის სულისთვის, განსაკუთრებით დიდი მადლია ახალშესვენებულისთვის. დიდმარხვაში კი იმიტომ ხდება ამ მოსახსენებლის შეგზავნა, რომ ნებისმიერ ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
- ზოგჯერ ადამიანები გარდაცვლილი ახლობლის სურათს ესაუბრებიან. დასაშვებია თუ არა ასეთი რამ?
- ამქვეყნად დარჩენილთათვის გარდაცვლილის სურათი მეტად ახლობელი ხდება, მისი საშუალებით თითქოს ეხებიან მას, მის გვერდზე მყოფობას გრძნობენ. არ შეიძლება ამის მიმართ ცალსახა დამოკიდებულება გვქონდეს. მთავარია, სურათი არ იქცეს კერპად. ღვთის მადლითა და წყალობით, გვაქვს ხატები, რომელთა წინაშეც უნდა ვლოცულობდეთ, ხოლო მათი სურათი იმისთვის არის, რათა შევხედოთ, გავიხსენოთ, ვიგრძნოთ, რომ ეს ადამიანები ჩვენ გვერდით იმყოფებიან, ჩვენს ყველა ქცევას ხედავენ, მეტ-ნაკლებად ჩვენს ფიქრებსაც გრძნობენ.
სურათთან გასაუბრება შეიძლება, ესეც გვეხმარება გარდაცვლილის მარადმყოფობის შეგრძნებაში, რომ ადამიანი კი გავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენს გვერდითაა ჩვენი ლოცვით, სწორი ცხოვრებით, მის სახელზე მოწყალების გაცემით. ეს მადლი, რაც მის სულზე ზრუნვას ნიშნავს, უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, ისინი კიდევ თავიანთ შვილთაშვილებს გადასცემენ. მეტი წყალობა რაღა უნდა იყოს, როცა ადამიანი თავის წინაპრის წინაპართ იხსენიებს.
სხვათა შორის, საქართველოს საპატრიარქომ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, უდიდესი საქმე გააკეთა - დაწერა დიდი, დაახლოებით სამასგვერდიანი მოსახსენებელი იმ კათოლიკოს-პატრიარქებისა, მეფეებისა, ჩვეულებრივი ადამიანებისა, თავადებისა, აზნაურებისა, რომლებსაც შემდგომ მომხსენებლები აღარ ჰყოლიათ. ჩვენს ტაძარში ამ მოსახსენებელსაც ვკითხულობთ ხოლმე.
- რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ გარდაცვლილთა სულებს ამქვეყნად დარჩენილებზე? ხშირად გამიგონია მავანზე - ეკლესიაში თავისი სასულიერო წოდების მქონე წინაპრების ლოცვამ მოიყვანაო.
- ჩვენი წინაპრები ნამდვილად ლოცულობენ ჩვენთვის და ამგვარად ზემოქმედებენ, განა ამის გარეშე შევძლებდით 70-წლიანი უღმერთობის შემდეგ კვლავ ეკლესიური ცხოვრების დაწყებას? ჩვენი დიდი წინაპრები სხვაგვარად ცხოვრობდნენ. ჩვენთვის ლოცულობს წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, რომელიც წლის განმავლობაში სახარებას 24-ჯერ კითხულობდა (ერთ წელიწადს დათვალეს ნიშნები, რომლებსაც სახარების დამთავრების შემდეგ დასვამდა ხოლმე), ჩვენთვის ლოცულობენ წმინდა ნინო, 6000 გარეჯელი ბერი და რომელი ერთი ვთქვა - მთელი ზეციური საქართველო ლოცულობს საქართველოს რწმენაში გასაძლიერებლად. ზეციური მფარველი ბევრი გვყავს, უწმინდესი ამბობს ხოლმე, არც ერთ ქვეყანას ამდენი წმინდანი არ ჰყავსო. მარტო ერთ დღეს 100 000 ადამიანი შეუერთდა მოწამეთა დასს.
- დაგვლოცეთ, მამაო!
- პირველ რიგში შენდობას ვითხოვ, თუ ისეთი სრულყოფილი არ იყო ჩემი საუბარი, როგორსაც მკითხველი ელოდა. გლოცავთ, გაკურთხებთ. ჩვენ განსაცდელებით სავსე პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, როდესაც უპირისპირდებიან დედაეკლესიას, სასულიერო პირებს და საქართველოს ეკლესიის სამწყსოს; ამიტომ განსაკუთრებულად გვმართებს ლოცვა, რომ ჩვენი სულები პირნათელნი შეხვდნენ იმ წუთს, როდესაც გარდაიცვლებიან და უფლის წინაშე წარსდგებიან.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი