და მთელი სულითა და გულით უნდა ემსახუროს მას...
მარტო ასეთი სიყვარული განიბნევა და გამრავლდება ხალხში"
დეკანოზი ანტონ ხანთაძე †
აგერ, 3 წელია, ჩვენს უსაყვარლეს სულიერ მამას და მოძღვარს მამა ანტონს ვეღარ ვუზიარებთ საკუთარ საჭირბოროტო ფიქრსა და გასაჭირს, მაგრამ მისგან დათესილი სიკეთე, ჩვენთვის თქმული თუ ქმნული დღემდე ისხამს კეთილ ნაყოფს ჩვენთვისაც და ჩვენი ოჯახებისთვისაც. მისი ყველასთვის მისაწვდომი ქადაგებებიდან გაუჭირვებლად ამოვიცნობდით ხოლმე ჩვენი სულიერად გამოჯანსაღების წრფელ, გადამდებ სურვილს, და ამით შეგულიანებულნი დიდად ვძლიერდებოდით.
თავის გარდაცვალებამდე ათი თვით ადრე (2015 წელს) მამა ანტონმა გარდაცვლილი მრევლის მოსახსენებლად მოამზადა დიდუბის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღაპის წიგნი, რომელშიც ღვთის გამოუცნობი განგებულებით პირველად ჩაიწერა 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი მამა ანტონის სახელი...
მოწყალების გაცემის მოშურნე ჩვენი ტკბილი სულიერი მოძღვარი საკვირველ გულისხმიერებასა და სითბოს იჩენდა თავისი მრევლის მიმართ, თავმდაბლურად და გულღიად გვესაუბრებოდა ხოლმე საკუთარ ცხოვრებისეულ არჩევანზე, სამშობლოსა და ღვთის სიყვარულის მოუცილებელ კავშირზე, საერო, უფრო კი სასულიერო პირის ღვთივ-დაკისრებულ მოვალეობაზე. სულგანაბულნი ვუსმენდით, თუ როგორ გაატარა მან ბავშვობა სოფლად და, თურმე, ჯერ კიდევ მოწაფეობისას გადაწყვიტა ღვთის სიტყვისა და საქმის მსახურება, რომ იტყვიან, პირდაპირ მერხიდან გადაინაცვლა მცხეთის სასულიერო სემინარიაში და სრულიად ახალგაზრდა, უკვე მეორე კურსის სტუდენტი გახდა სასულიერო პირი (დიაკვნად აკურთხეს).
თუმცა ის, რომ იგი თავად პატრიარქმა ილია მეორემ აკურთახა მღვდლად სიონში, შევიტყვეთ არა მისგან, არამედ მოგვიანებით, ჟურნალ "კარიბჭიდან"... შევიტყვეთ ისიც, რომ 1989 წლის იანვარში მამა ანტონი, პატრიარქის კურთხევით, მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, და რომ სწორედ მისმა თავდადებულმა შრომამ და ღვაწლმა გადაგვირჩინა იმხანად ჩვენი უძველესი სასიქადულო მონასტერი... ასევე იყო: სიონის საკათედრო ტაძარი, დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, დაბოლოს მისი რუდუნებითა და დაუცხრომელი ღვაწლით დამკვიდრებული დიდუბის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც მისი წმინდა ნეშტი განისვენებს...
ამ ტაძარში, ღვთის დიდი წყალობით, მღვდელმსახურებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტი, მამა ანტონის ღირსეული ვაჟი მამა გიორგი ხანთაძე. მწერალ ლევან გვეტაძის წიგნში "ჭეშმარიტი შერმადინი დედაეკლესიისა (დეკანოზი ანტონ ხანთაძე)" მამა გიორგი ნიშანდობლივად აღნიშნავს თავისი უძვირფასესი მშობელი მამის გამო:
"ბავშვობიდან "ბრძოლაში" გამოზრდილს ჰაეროვნად ჰქონდა შეხამებული ძალა და სირბილე, გაუტეხავი ძლიერი ნება და დამთმობელობა, რომელიც ალბათ ცხოვრებისეული გამოცდილების ნაყოფის შედეგიც იყო, და ყოველივე ეს ერთ პიროვნებაში ისე ლამაზად ერწყმოდა ურთიერთს, როგორც მარგალიტებად ასხმულ ჩვენს ქართულ ანბანში "ანი" და "ჰაე".
უფალო იესუ ქრისტე,
აცხოვნე სული გარდაცვალებულისა მონისა შენისა ანტონისი! ამენ!
დეკანოზ ანტონ ხანთაძის მრევლი
2019 წლის თებერვალი