დიმიტრი (დიკა), ჩვენო თვალმშვენიერო, მზეჭაბუკივით ახოვანო და ძლიერო ვაჟკაცო, ძმა არ გვყავდა და მამაჩვენის სახელი დაგარქვით, მამისა, რომელიც ქართული ლიტერატურის მცოდნე იყო და არაერთი სასახელო პიროვნება გამოზარდა. უმცროს ძმასავით გვედექი მხარში მშობლებსაც და ჩვენც - შენზე უზომოდ შეყვარებულ დეიდებს. თავად სახტად დარჩენილნი და თავზარდაცემულნი შენს ერთადერთ ძმასაც ვეღარ ვანუგეშებთ. მისთვისაც დიდი ბურჯი და საყრდენი იყავი, შვილო, მისაბაძი და მრჩეველი.
თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა ბიჭმა უსაზღვროდ შეიყვარე ბუნება, მიწა, სოფელი, შენი დედულეთი (გორის რაიონის სოფელი ზემო ხვითი). შენი გამრჯე ხელებითა და შენი ოპტიმისტური სულისკვეთებით სუნთქავდა ყველაფერი თბილისურ ეზო-ყურესა და სოფლის მამულშიც. მწერლებიდან ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველა გიყვარდა და რაღაცით მინდიას ჰგავდი. ჰოი, როგორი სიფაქიზითა და რუდუნებით უვლიდი ვაზს, ხეხილს, ყვავილნარს... "ოთარაანთ ქვრივის" გიორგისაც ჰგავდი, ვერ იტანდი კადნიერებას, უტიფრობას, სუსტის დაჩაგვრას. საოცარია, შენზე უფროსებს სჯობნიდი მიწის სიყვარულითა და მისი მოვლის თანდაყოლილი ალღოთი... მახსოვს, ერთხელ ვაშლს ტოტი მოსტყდა. პატარა ბავშვივით მოეფერე, ესეც ცოცხალი არსებაა, მოვლა უნდაო და შენ მიერ დამზადებული ბაღის მალამოთი შეუხორცე ჭრილობა. გერმანიაშიც კი, გამოკვლევაზე ყოფნისას, ზამთარში ვაზი მოძებნე და მის ჩრდილქვეშ გადაიღე სურათი.
აგრარული უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრე და რამდენს სწავლობდი, რომ ჩინებული სპეციალისტი გამხდარიყავი... დუმს შენი კომპიუტერი, შენი წიგნები კარგა ხანია არ გადაფურცლულა, მხოლოდ შენი ტელეფონი რეკავს ხანდახან, დიმიტრის კითხულობენ, ჩვენ კი ვერაფერს ვპასუხობთ... საშინელებაა ყველა ადამიანის გარდაცვალება, მაგრამ როცა ამ ქვეყნიდან ასეთი დიდი მომავლისა და გეგმების მქონე 28 წლის ახალგაზრდა მიდის, გამოუსწორებელი უბედურებაა. შენ ხომ მარტო საკუთარი თავისთვის არ ზრუნავდი. ვაი, რომ არაფერს ვაჭარბებთ, ჩვენო ძმასავით და შვილივით სანუკვარო ბიჭო. ერთთავად რწმენასა და სარწმუნოებაზე გვესაუბრებოდი, ყველგან სიყვარულს და სიკეთეს თესავდი, ამბობდი, ბევრი კარგი საქმე უნდა გავაკეთო, რომ უფალთან პირნათელი წარვდგეო. ყველასგან ფარულად საქველმოქმედო საქმეებითაც ყოფილხარ დაკავებული. გვეუბნებოდი, ნურავის განიკითხავთ, ყველა გიყვარდეთო.
ქორწილისთვის ემზადებოდი. კარგი გოგონაც შეარჩიე, სათნო და მშვენიერი. თქვენი, ორი შესანიშნავი ადამიანის სიყვარული ისეთი ღრმა, ფაქიზი და უანგარო იყო, მხოლოდ სასუფეველში რომაა შესაძლებელი. იქნებ ამიტომაც არ დაუშვა ღმერთმა, იგი ყოველდღიური არსებობის მანკიერებით დაჩრდილულიყო. იგი ისეთივე სულიერი და უმანკო დარჩა, როგორიც შენს სიცოცხლეში იყო.
მოიწყინა უშენოდ შენმა თბილისურმა ბაღმა, სოფელში შენგან გაშენებულმა ხეხილის ნარგავებმა. თუმცა გამუდმებული აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე იყო ჩვენი სოფელი ცხინვალთან სიახლოვის გამო, მაინც არ გეთმობოდა იქაურობა - სულ თავს დასტრიალებდი პაპისეულ სახლ-კარს. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს დანგრეულ სახლს შენ მიხედე, რამდენი იშრომე...
სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული დარდობდი, ომში წასვლა ვერ მოვასწარიო, წუხდი ომში დაღუპულ ვაჟკაცებსა და დაკარგულ ტერიტორიებზე.
უშენოდ დაცარიელდა ჩვენი სახლი, სადაც ხალისი, სილაღე, იმედი და სიხარული შემოგქონდა, ყველაფერს შენი ნახელავი ატყვია. უფრო და უფრო გვენატრები, გვაკლიხარ, ჩვენო დიდო იმედო და ნუგეშო. შევყურებთ შენს გამოცარიელებულ ოთახს, ნივთებს და შენს მაგივრად მათ ვეფერებით. არ ვიცით, რომელ ერთს გავუძლოთ - ჩვენს მწუხარებას თუ შენი ოჯახის წევრების ტანჯვის ცქერას. უბედური დედაშენი დაზაფრული, დარდისგან გალეული და ნაადრევად გაჭაღარავებული ეკლესია-მონასტრებში დადის, ლოცულობს და უფალს სთხოვს შენთან მალე შეხვედრას.
უსაზღვრო და გაუსაძლისია შენი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, ტკივილი, რომელსაც გაყუჩება არ უწერია. დღედაღამ შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიერი ნუგეში.
იანვარი ძალიან მწარე თვე გახდა ჩვენთვის, მაგრამ იანვარშივე ველოდებით შენს მოსახელე ბიჭს, შენს ძმიშვილს. ილოცე შენი ძმისთვის, მოყვარული რძლისთვის, შენი პატარა ძმისშვილის ნანუკისთვის, რომელმაც პირველად გარდაცვალების დღეს დაგიძახა ბიძია, შენი განადგურებული მშობლებისთვის, ილოცე, რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლონ...
ყველანი ერთად ღმერთს ვევედრებით, რომ ზეციური სასუფეველი დაგიმკვიდროს, ჩვენ კი რწმენაში გაგვაძლიეროს და ადრე თუ გვიან ზეციურ სასუფეველში მაინც გვეღირსოს შენს უდროოდ გამქრალ სილამაზესა და სიწმინდესთან შეხვედრა.
შენი გულმოკლული დეიდები
უშენოდ, დიმიტრი
უშენოდ ჩვენს ბაღში ვაზი ხომ მოიწყენს
და ცვივა მიწაზე ყვავილი ჟასმინის,
შენს ნაკვალევსაც ხომ დრო როსმე წაშლის
და ბედიც კვლავ მწარედ უწყალოდ დამცინის.
არ ვიცი, რა იყო - გამოცდა, სასჯელი?!
რად უნდა განგებას სრულიად გამთელოს,
ამ ნისლში უშენოდ გზა როგორ გავკვალო,
შენ მომეც პასუხი, ლიცლიცა კანდელო.
ჯერაც ვერ გავიგე - ცხადია, სიზმარი,
ვერ ვირგებ შავ კაბას ნატყვიარ-გასისხლულს,
შენ გაქრი, მე დავრჩი ვითომდა ცოცხალი,
შენით რომ ავმაღლდე, მე ბეჩავს არც ის მსურს.
რაოდენს მავალებს მე შვილის წამება,
ახლაღა შევიგრძენ სიცხადე გოლგოთის.
მანამდე რა იყო? - ფერხული ცხოვრების -
უჯერო შრომა და უაზრო ქოთქოთი.
ვერ გავხდი ისეთი, უფალს რომ შევთხოვდი,
შენც ზეცის სიტყვებით რამდენი მაფრთხილე.
განგების ნებით და კვლავ ზეცის დაშვებით
შენი ამქვეყნიდან გასვლითღა მამხილე.
ამ ზეცის გადაღმა
ო, რარიგ მიყვარდა და რარიგ მხიბლავდა
იანვრის სუსხი და ფითქინა ზამთარი,
ღუმელთან ვიჯექით, თან ხელებს ვიფშვნეტდით -
ბოროტად გასრულდა პატარა ზღაპარი.
ამ ღრუბლებს მიღმა და ამ ზეცის გადაღმა
შევიგრნობ შენს მზერას გუმანით გახელილს
და ვხვდები, რა უღვთოდ, რაოდენ გამძიმებ,
როს მხედავ დაზაფრულს და ასე გათელილს.
მიენდე ღვთის ნებას, - ჩამესმის შენი ხმა:
ბოლომდე იხადე ამ ქვეყნის სასჯელი,
ღვთის სიყვარულისა და ჩემი ხსოვნისთვის
როგორმე, როგორმე ცოტა ხანს გაძელი.
ამ ღრუბლებს მიღმა და ამ ზეცის გადაღმა
არც მწველი სიცხეა, არც მწარე ზამთარი,
დაითმენ, მოგელის სილაღე ცხონების,
კეთილად მთავრდება ნამდვილი ზღაპარი.
დიმიტრის დედა -
ნანა გოგიშვილი-ბუჯიაშვილი
P.S. სტატია ჩასაშვებად მზად იყო, როდესაც შევიტყვეთ, რომ შობა დღეს პატარა დიმიტრი დაიბადა.
ვულოცავთ ოჯახს, ღმერთმა გაზარდოს და დალოცოს პატარა. ოჯახს კი სულიერ სიძლიერესა და გამძლეობას ვუსურვებთ.