***
იანვრის სუსხიანი დილა უჩვეულო და რაღაც ახლის მაუწყებელი იყო. მეუფე ეფრემს ბოლნისის ეპარქიის უახლესი ისტორია მღვდელმთავრის კვერთხით უნდა შეექმნა. კრთოდნენ ზამთრის იები ტაძრის აღმოსავლეთით და მდუმარედ ჰყვებოდნენ ხუთასი ბოლნელის ცხოვრებას. ძალადაკარგული მზე მაინც ელვარებდა საკურთხევლის მინაზე და სადღაც შორს საზეიმოდ უხაროდა გუმბათჩამორღვეულ წუღრუღაშენის ახალი ეტაპი... მეუფის გვერდით ის ადამიანები იდგნენ, ვინც თავისი მტკიცე თუ ჯერ კიდევ გაუწაფავი მხრებით ცდილობდა მძიმე ტვირთის შემსუბუქებას. იყო დრო, როცა მამა ბესარიონთან მგალობლობდნენ მოღუღუნე მტრედები, მაგრამ დედა მატრონას ხმას უფრო მეტად შეეძლო მსურველების შემოკრება, ბოლნისიც თითქოს ხელმეორედ იშვა... ერთი შეხედვით მხიარული, უდარდელი, თავისებური მონაზონი მატრონა საუბრის შემდეგ უფრო მეტ კითხვას გაგიჩენდა, ვიდრე... მასთან შეხვედრა ყოველთვის ახალი და გამოუცნობი იყო. დღეს გალობდა, ხვალ ქარგავდა, ზეგ ხატს წერდა, იმის იქით კი ალბათ სხვა რამესაც იტყოდა, მაგრამ... ჩემი დედა მატრონა (სქიმმონაზონი მარიამი) ბავშვივით სუფთა, წრფელი და გული გონიერის ჭეშმარიტი მატარებელი, "მოხუცებულობაი გონებისაი" უფრო და უფრო ღრმა და ამოუწურავი გეჩვენებოდა, იხედებოდი ამ უფსკრულში და ფსკერი არ უჩანდა. ხშირად, როცა ჩემი სუსტი ხედვის გამო განვიკითხავდი, ვგრძნობდი, რომ "სხვასთან", რაღაც ახალთან მქონდა საქმე... ახლა კი მტკივა: ყველა ის წუთი, მას რომ ვატკინე, ვერ გავუფრთხილდი, მისი დანახვა ვერ შევძელი, ვერ ვისწავლე. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. დედაო, როცა გავიგე შენი ავადმყოფობის ამბავი, დაგირეკე და მოკითხვამდე ცრემლის გორგალი გამეჩხირა ყელში. მაშინ "მისაყვედურე", "მამაო, რა პატარა ბავშვივით ხარ, აქეთ უნდა მანუგეშებდე, იქით ხარ დასამშვიდებელიო"... როცა უფლის წმინდა ნაწილს ეზიარე, ტკივილით ფეხზე ვერ იდექი, ვერც ლაპარაკობდი, მაგრამ: ჩემი ცოდვების გამო უარესის ღირსი ვარ, რომ არა უფლის გულმოწყალებაო, - ამოთქვი. დედაო, მეუფისთვის სინას მთიდან მაცხოვრის ხატი რომ ჩამოვაბრძანე, კარებთან პირველი შენ შემხვდი. მაშინ რაღაც სხვა "მოხდა". მითხარი კიდეც - ვიცი, მეუფეს უნდა აჩუქო, მაგრამ ვთხოვ და ჩემს სენაკში დავაბრძანებო. შენზე მეტად მე გამიხარდა, ხატმა ასე რომ გაგახარა. ვინ იცის, იმ დღიდან რას ეჩურჩულებოდი "სინას" მაცხოვარს, რა ტკივილს ატარებდი ასე მძიმედ, რომ "მასთან" შეხვედრა უდიდეს ნუგეშად გექცა. დედაო, თავდაპირველად გვეძნელა ახალ გარემოსთან შეგუება, პირველი საუკუნის ქრისტიანებივით ერთად ვტრაპეზობდით, ვლოცულობით, ერთი გვიხაროდა, ერთი გვტკიოდა. დიდ სქემაში აღკვეცის დღეს ჩვენთან იყავი, მაგრამ იმ ბილიკს მიჰყვებოდი, რომლითაც მხოლოდ რჩეულები მიდიან. მახსოვს, პატარა ბავშვივით განიცდიდი, რომ კოკისპირულად წვიმდა: "ზუსტად ისეთი ამინდია, მე რომ მიყვარსო", მაგრამ ამინდი საბაბი იყო და მგონი, უფრო მეტად უფალთან შეხვედრას ხარობდი. დღეს, მეუფესთან რომ ავივლი, ხშირად წამცდება შენი სახელი, როცა ვერ გპოულობ... მახსოვს შენი დარიგებები: "თუ ვინმემ გული გატკინა, აპატიე, უფალი უფრო დიდ სიხარულს მოგანიჭებსო". ჰოდა, დედაო, ყველა გულისტკენა მაპატიე, ვიცი, სადაც შენ ხარ, იქ მხოლოდ სიხარული და უფლის წიაღია. როცა ძალიან გამიჭირდება, რჩევა-დარიგებებს გეკითხები და გთხოვ, რომ უფალთან სიტყვა შემაწიო, ხომ იცი, როგორი სუსტი ვარ, დედაო... ბევრი მაქვს სათქმელი, ნაწილს შენს ნაჩუქარ სკვნილზე "ავკინძავ", რასაც ვერ დავატევ, საფლავთან გულის უკანასკნელ წვეთამდე მოგიყვები, თუ არადა, მინდა იქ მაინც გნახო, "სადაც მართალნი განისვენებენ". - მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი