კვირაცხოვლობას თომას კვირაც ჰქვია, რადგან იოანეს სახარებაში ასეთი შემთხვევაა აღწერილი: აღდგომის საღამოს მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადება (იოანე 20:19-23). "მშვიდობა თქვენდა", - მიმართა შეშინებულ მოციქულებს. მათ ეს გამოცხადება მოჩვენება ეგონათ, რადგან კარები დაკეტილი ჰქონდათ. "რამ შეგაშინათ, ეს მე ვარ თავად", - დაამშვიდა ისინი ქრისტემ და ჯვარცმისგან ნაიარევი გვერდი და ხელ-ფეხი უჩვენა. მოციქულებმა გაიხარეს უფლის ხილვით, რომელიც მათ სულს შეუბერავს და ეტყვის: "მიიღეთ წმინდა სული, ვისაც აპატიებთ ცოდვებს - ეპატიება და ვისაც დაუტევებთ - დარჩება". უფალთან შეხვედრის სიხარული მხოლოდ თომა მოციქულმა ვერ გაიზიარა, რადგან იქ არ იმყოფებოდა და როდესაც შეიტყო, გულდაწვეტილმა თქვა: "სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ, არ დავიჯერებ ქრისტეს აღდგომასო". რვა დღის შემდეგ მოციქულები ისევ ერთად შეიყარნენ. საღამო ხანს ოთახში კარი კვლავ დაკეტილი იყო. ამჯერად თომა მოციქულიც მათთან ერთად იმყოფებოდა. გამოეცხადათ უფალი და ისევ მშვიდობიანი საღამო უსურვა შეკრებილთ, შემდეგ კი თომას მიმართა, - ხელით შეხებოდა მის ჭრილობებს. ამის შემსწრე თომა მუხლებზე დაეცა და ეს აღმოხდა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" - იგი პირველი აღმოჩნდა მოციქულთაგან, რომელმაც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მისი ღვთაებრიობა აღიარა. "შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა", - ეტყვის მას უფალი.
ეკლესიაში დამკვიდრებული უძველესი ტრადიციის თანახმად, თომას კვირიაკეს სამშაბათს, აღდგომის შემდეგ, პირველად ხდება სასაფლაოებზე გასვლა, რათა ჭირისუფლებმა ამ დღეს ახარონ თავიანთ მიცვალებულებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა იმ რწმენით, რომ უკვდავია ადამიანის სული, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე არის საწყისი მკვდრეთით აღდგომისა, ამიტომ ჩვენი სარწმუნოება სულის უკვდავების საყოველთაო აღდგომის და მომავალი ცხოვრების ღრმა რწმენაზეა დამყარებული.
გარდაცვალებულთა სულები ჩვენზე უკეთ გრძნობენ და განიცდიან, თუ რა ხდება დედამიწაზე, ისმენენ მათთვის ჩვენ მიერ აღვლენილ ლოცვებს, რაც ანუგეშებთ მათ და სიყვარულითა და მადლიერებით განაწყობთ ჩვენდამი. რწმენა ღვთისა და მოყვასისა, რწმენა მარადიული ცხოვრებისა და სულის უკვდავებისა გვაერთიანებს მიცვალებულებთან. თომას სამშაბათს, წირვის დასრულების შემდეგ, ეკლესიებში სრულდება დიდი პანაშვიდი.
საღვთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად, მართლმადიდებელ ეკლესიას გარკვეული ცოდნა დაუგროვდა გარდაცვალებულთა იმქეყნიური ცხოვრების თაობაზე, რომელიც განღმრთობილ მამათა ნაწერებშია გადმოცემული. ნუგეშისმომცემი და დამაიმედებელია ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები: "სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვიქნებით საუკუნოდ.
ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს, ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია. ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე, ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა; ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღვლის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა, იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო, ძაფი არ გამწყდარა.
რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ, იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?
მე შორს არ ვარ, ზუსტად გზის გაღმა ვარ. ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის. ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი, თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოსთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო, თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ, თუ წამით ძალგიძს ჩემსავით ჭვრეტდე მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება. როგორ, თუკი საწუთროში, აჩრდილთა სამეფოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ პოვებ გულს, იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი, ოღონდ უფრო განწმენდილს. შეიმშრალე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ".
ადამიანის ცხოვრებაში არაფერია სწორად ცხოვრებაზე უკეთესი, მაგრამ დასანანია, რომ არ გვასწავლიან, ან ძალიან ცოტას გვასწავლიან, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისთვის, რასაც გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება ჰქვია. წმინდა მამებს ასეთი იგავი მოჰყავთ: "მამა თავის შვილებს შრომისმოყვარეობით ზრდიდა და სიმდიდრეც მოიპოვეს. ერთხელ შვილებმა დაჟინებით მოსთხოვეს მამას ეთქვა, როდის დადგებოდა ის დღე, როდესაც უშრომლად შეძლებდნენ ცხოვრებას. მამამ უთხრა, ეს თვითონაც დამავიწყდა, მაგრამ მოდით, ერთი წელი ბეჯითად იშრომეთ და ეგების ამ ხნის მანძილზე თვითონვე შეიცნოთ ეს ნეტარი დღეო. გავიდა ერთი წელიც და შრომით დაქანცულებმა ასეთი დღე რომ ვერ ნახეს, ისევ მამას მიაკითხეს. მამამ შრომის საფასური გადაუხადა მათ და დაარიგა, - ახლა წელიწადი დროთა მიხედვით დაყავით და ეგების ეს დღე გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე ან ზამთარში მაინც იპოვოთ, ოღონდ შრომა არ დაიზაროთო. შვილებმა ეს დღე ვერც ერთ დროს რომ ვერ იპოვეს, ისევ მამას მიადგნენ. მან შვილებს გასამრჯელო გადაუხადა და ისევ რჩევა მისცა, - ახლა წელიწადი დაყავით თორმეტ თვედ, იქნებ ასე მიაგნოთ იმ დღესო. შვილებმა კვლავ შეასრულეს მამის სიტყვა, მაგრამ როცა ვერაფერი იპოვეს, მამას უთხრეს: "მეტს აღარ ვიმუშავებთ, ალბათ ჩვენს ოჯახს ექნება იმის საშუალება, როგორმე თავი ერთად გავიტანოთო". მაშინ მამამ აუხსნა მათ: ის დღე, როდესაც ისე გამდიდრდებით, რომ შრომა საჭირო აღარ იქნება, არის დღე გარდაცვალებისა და ამიტომაც ვერ ნახავდით, რადგან ეს დღე მაშინ მოგვეახლება, როდესაც მასზე არ ვფიქრობთ, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა გავატაროთ, როგორც უკანასკნელი დღე ჩვენი ცხოვრებისა, დღედაღამ უნდა ვიღვაწოთ სულის ხსნისთვის, რომ აღსასრულს მომზადებული შევხვდეთ. და თუკი მას კეთილი საქმეებით დავხვდებით, ჭეშმარიტად დაგვიდგება ისეთი დღე, როდესაც ჩვენს თავს სამუდამოდ გამდიდრებულად ჩავთვლით და შრომაზეც აღარ ვიზრუნებთ, რადგან გარდაცვალებით ბნელიდან ნათელში, წყვდიადიდან - თავისუფლებაში, უცხო ქვეყნიდან - ჩვენს სამშობლოში, იმ სამკვიდრებელში ვბრუნდებით, სადაც აღარ არის მიწიერი ტვირთი, მწუხარება, ტკივილი, არამედ სიცოცხლე. ეკლესიური გამოცდილებით, რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ ჩვენი მიწიერი სიცოცხლის ბოლო ჟამზე, მით უფრო მომზადებული და პირნათელი წარვდგებით ყოველთა დამბადებელთა ღმერთის წინაშე.
გარდაცვალების დროს ადამიანები აუცილებლად საჭიროებენ უფლის მიმართ მათთვის მლოცველებს, ამიტომ ლოცვა არ უნდა დავიზაროთ და ცოტა ხანში ვიგრძნობთ, რომ სულთა საუფლოდან ისინიც ილოცებენ ჩვენი ბედნიერებისთვის, საუკუნო სიცოცხლისთვის და ღმერთიც შეისმენს ამ ლოცვებს.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი 30 წელზე მეტხანს ედგა სათავეში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას დიდ ბრიტანეთში. მისი, როგორც მოძღვრისა და მქადაგებლის სახელი, ფართოდ იყო ცნობილი როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე რუსეთსა და ამერიკაში, რადგან მისი ყოველი ლექცია დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ღრმა სულიერებით იზიდავდა მსმენელებს. საინტერესოა ანტონ სუროჟელის შეხედულება სიკვდილისა და საუკუნო სიცოცხლის შესახებ.
"ჩემში პირველი ნათელი შთაბეჭდილება სიკვდილთან დაკავშირებით მამაჩემთან საუბრით შემოვიდა. ერთხელ მან მითხრა, რომ უნდა მეცხოვრა და მესწავლა სიკვდილის მოლოდინი. ეს უნდა ყოფილიყო ისეთი მოლოდინი, როგორც საქმრო ელის სასძლოს. ველოდო მას, მსურდეს იგი, წინასწარ ვზეიმობდე მასთან შეხვედრას და შევხვდე თბილად, ალერსით. აი, პირველი შთაბეჭდილება.
მეორე შთაბეჭდილება კი უკვე დიდი ხნის შემდეგ, მამის სიკვდილის დროს გამიჩნდა. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. შევედი მასთან. ეს იყო პატარა ოთახი ფრანგული სახლის მეორე სართულზე. იდგა საწოლი, მაგიდა, ტაბურეტი და რამდენიმე წიგნი. შიგნით შევედი, კარი დავხურე და ისეთმა სიჩუმემ მომიცვა, რომ დავიყვირე: "ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიკვდილი არ არსებობს, ეს ხომ ტყუილია!" მთელი ოთახი სავსე იყო ისეთი სიცოცხლით, როგორსაც არც ქუჩაში, არც ეზოში და არც არსად არ შევხვედრივარ. აი, რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება სიკვდილთან და რატომ განვიცდი ასე ძალუმად პავლე მოციქულის სიტყვებს: "ქრისტეა ჩემი ცხოვრება, ამიტომაცაა სიკვდილი მონაპოვარი".
მე ბევრი სიკვდილი მინახავს, 15 წელი ექიმად ვიმუშავე, აქედან 5 - ფრონტზე, საფრანგეთის არმიაში, ამის შემდეგ 45 წელი მღვდელი ვიყავი და ნელ-ნელა დავასაფლავე ადრეული ემიგრაციის მთელი თაობა. გამაოცა იმან, რომ მართლმადიდებლები მშვიდად კვდებოდნენ, სხვები კი შიშით და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მართლმადიდებლებს სწამთ მარადისობისა, სწამთ, რომ გარდაცვალების შემდეგ საუკუნო სიცოცხლეს ეზიარებიან. უპირველესი ჭეშმარიტება, რომელსაც ყოველი მღვდელი და ყოველი ადამიანი უნდა უმეორებდეს თავის თავსაც და სხვასაც, არის ის, რომ ადამიანი სიკვდილისთვის კი არა, მარადიული ცხოვრებისთვის უნდა ემზადებოდეს.
სიკვდილის შესახებ ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს, არ გვაქვს გამოცდილება იმისიც, რაც სიკვდილის დროს ხდება, მაგრამ იმის შეგრძნება კი გვაქვს, თუნდ ჩანასახის დონეზე, თუ რა არის მარადიულობა. თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია წამი, როცა ადამიანი დროის გარეშე არსებობს, არსებობს ცხოვრების მთელი იმ სისავსითა და აღმაფრენით, რაც არ ეკუთვნის მიწას, ამიტომ პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ და სხვასაც ვასწავლოთ, არის ის, რომ სიკვდილისთვის კი არ უნდა ვემზადოთ, არამედ ცხოვრებისთვის. და თუ ვისაუბრებთ სიკვდილზე, მაშინ ვისაუბროთ მასზე როგორც კარზე, რომელიც ფართოდ გაიღება და საშუალებას მოგვცემს შევიდეთ მარადიულობაში".
ბერი პაისი ათონელი ამბობდა: "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სინამდვილეში ადამიანი არ კვდება. სიკვდილი ერთი სიცოცხლიდან მეორეში გადასვლაა. ეს მცირე ხნით განშორებაა. მაგალითად, თუ ადამიანი ერთი წლით უცხოეთში გაემგზვარება, ახლობლებს აწუხებთ ერთწლიანი განშორება, თუ ათი წლით მიემგზავრება, მაშინ განიცდიან ათი წლით განშორებას, ასევე უნდა უდგებოდნენ ადამიანები საყვარელ ადამიანებთან განშორებას სიკვდილის შემთხვევაში. თუ მოხუცებულს უკვდება ახლობელი, მან უნდა თქვას: "დაახლოებით 15 წელიწადში ჩვენ ისევ შევხვდებით". თუ ახლობელი ახალგაზრდას უკვდება, მან უნდა თქვას: "ალბათ, 50 წელიწადში შევხვდებით". რა თქმა უნდა, ახლობლის სიკვდილს ტკივილი მოაქვს, მაგრამ მას სარწმუნოებით უნდა მივუდგეთ. გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული? "ნუ იქნებით მგლოვიარენი იმათ მსგავსად, ვისაც ნუგეში არ აქვს". ვთქვათ, რა სიხშირით ვნახავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, რომ არ მომკვდარიყო? თვეში ერთხელ? მე კი უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ იქ, მარადიულ ცხოვრებაში, მუდამ ერთად ვიქნებით. ჩვენი განცდები მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ გარდაცვლილი ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა (არაქრისტიანულად). მაგალითად, თუ სასტიკი იყო, ჩვენ გვმართებს მისთვის ბევრი ლოცვა, თუკი ნამდვილად გვიყვარს და გვინდა იმქვეყნად მასთან შეხვედრა", - წერს ბერი პაისი წიგნში "ოჯახური ცხოვრება".
დაბოლოს, შემოგთავაზებთ ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი წმინდანის იუსტინე პოპოვიჩის სიტყვებს, რომელიც უდიდესი ნუგეში იქნება ყოველი ქრისტიანისთვის.
"ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! - სულ ამ ოთხ სიტყვაშია გადმოცემული ქრისტეს ოთხი სახარება. ადამიანებმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ღმერთმა კი თავისი აღდგომით მათ უკვდავება მიუსაჯა, გვემის სანაცვლოდ მათ მიტევებით უპასუხა, შეურაცხყოფის სანაცვლოდ - უკვდავებით.
უფალმა თავისი აღდგომით ყველაფერი შეცვალა. უკვდავება იქცა ადამიანის მეორე თვისებად, ის მისთვის ბუნებრივი გახდა, ხოლო სიკვდილი - არაბუნებრივი. როგორც ქრისტეს აღდგომამდე ადამიანისთვის ბუნებრივი იყო მოკვდავად ყოფნა, ასევე ქრისტეს აღდგომის შემდეგ ბუნებრივად იქცა უკვდავება... ადამიანი იბადება არა მაშინ, როცა მას დედა შობს, არამედ მაშინ, როდესაც იწამებს მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, რამეთუ იგი მაშინ დაიბადება საუკუნო ცხოვრებისთვის, დედა კი მას შობს სიკვდილისთვის, სამარისთვის.
ქრისტეს აღდგომაა თითოეული ჩვენგანის დედა, ყველა ქრისტიანის დედა, უკვდავთა დედა. აღდგომის რწმენით ადამიანი ხელახლა იბადება, მართლმადიდებლობისთვის იბადება. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!" ამინ.
(გაგრძელება იქნება)