არიან ადამიანები რომელთა შესახებ ძნელია წერა.... არა იმიტომ რომ სათქმელი ნაკლებობას განიცდის, არამედ პირიქით - აღარ იცი როგორ გამოხატო სიტყვებით ის განსაკუთრებულობა, რომლითაც ისინი გამოირჩევიან სხვებისგან.
ასეთი პიროვნებების ამაღლებული სისადავისა და სულიერების ფონზე უძლური ხდება სიტყვები.
ისინი თავიაანთი ცხოვრებით, სიტყვით და საქმით, ნიმუშნი და მაგალითნი არიან სხვებისთვის, განუწყვეტლივ მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდამ ავლენენ ქმედით სარწმუნოებრივ სიყვარულს მოყვასთა მიმართ, მტკიცე რწმენას უფლის მიმართ. ისინი თავიაანთი ქადაგებით მრავალ გზააბნეულ სულს მოაქცევენ და ჭეშმარიტების გზაზე აყენებენ. ქადაგებენ არამხოლოდ ამბიონიდან, არამედ გარეგნობით, საქციელით, მთელი ცხოვრებით. ასეთ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნებოდა მამა ანტონი.
წელს, 10 ივნისს 6 წელი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ითქვა და დაიწერა მისი მოღვაწეობის შესახებ, ვფიქრობთ ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ მის რეალურ ცხოვრებისეულ დეტალებს დღის სინათლეზე გამოვიტანთ.
სქემარქიმანდრიტი ანტონი, ერისკაცობაში პაატა რომიკოს - ძე კიტეიშვილი 1961 წლის 14 იანვარს რუსთავში დაიბადა. მან არაჩვეულებრივი აღზრდა მიიღო მშობლების ოჯახში. სადაც დამკვიდრებული იყო ცხოვრების ისეთი წესი, რომელსაც უნდა გამოემუშვებინა შვილებში განსაზღვრული თვისებები: შრომისმოყვარეობა, ზომიერება, კეთილსინდისიერება, თანადგომა, უანგარობა, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა დაკისრებული მოვალეობის შესრულებისადმი და ამან დიდი როლი ითმაშა მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე.
,, გახდე სასულიერო პირი, მხოლოდ ღვთის ნებით და განგებულებით დაიშვება და არა გაუცნობიერებლად საკუთარ სურვილს აყოლილი" - გვასწავლის წმ. იოანე ოქროპირი. მამა ანტონის განვლილი ცხოვრება ამის ნათელი დასტურია. უფალი მას სიყრმიდანვე განამზადებდა სასულიერო პირად. პირველად უფლის სახელი მეშვიდე კლასის მოსწავლემ წარმოთქვა, რაც უჩვეულო იყო, ათეისტურად აღზრდილი ბავშვისთვის. მშობლების რეაქციამაც არ დააყოვნა. აღშფოთებულმა დედამ ფსიქიატრის ჩარევაც კი გადაწყვიტა. დედა, იმ პერიოდში ურწმუნოებაში მყოფი, პირადი ტრაგედიის გამო გულგატეხილი (სრულიად ახალგაზრდა ძმა დაეღუპა) ყველას უკრძალავდა ღვთისა და ეკლესიის ხსენებას. რელიგიური თემა ოჯახში ტაბუდადებული იყო. მიუხედავად ამისა, მას ტაძარი ანდამატივით იზიდავდა. ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში ერთ -ერთი საფეხბურთო ტურნეს დროს, მთელი ფული ეკლესია - მონასტრების მოლოცვაში დახარჯა და შინ ხელცარიელი დაბრუნდა, თან საკუთრი ქვეყნის თავისუფლების სურვილი შთაბეჭდილებათა წიგნში ჩაწერა, რის გამოც საბჭოთა უშიშროების ყურადღების ცენტრში მოექცა. მათ რუსთავში სახლიც კი გაჩხრიკეს, მაგრამ საეჭვო რომ ვერაფერი ნახეს, თავი დაანებეს.
რუსთავის N 10 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი. საკმაოდ წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერზე უარი თქვა და დარჩენილი ცხოვრება უფალს მიუძღვნა.
მშობლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი ახალი ცხოვრება. ამ პერიოდში არაერთი განსაცდელი მოუვლინა განგებამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მის რწმენას და ფოლადივით უწრთობდა სულს. წლებთან ერთად უათკეცდებოდა შეუცნობელის წყურვილი .... ასე უფალთან მიახლების სურვილით შეუდგა ჭეშმარიტების გზას. მისი სულიერი ფერისცვალება მოხდა 1992 წელს ,,წმინდა ნინოს" გზაზე. ამ გზაზე განსაკუთრებულად შეიგრძნო დაუცხრომელი სურვილი ბერული ცხოვრებისა.
შინ მობრუნებულს ხასიათი შეეცვალა უცნაური, გულჩათხრობილი გახდა, სულ განმარტოებას ეძიებდა. ხშირად მოილოცავდა ეკლესია - მონასტრებს. დედა შეშფოთდა შვილის ამგვარი გარდასახვით. ცდილობდა გაეგო ამის მიზეზი. პაატამ გაანდო თავისი გულისწადილი - ბერობა სურდა. მშობლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი არჩევანი მაგრამ ,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების" .
1992 წლის 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღეს მორჩილად განამწესეს ფოკის მამათა მონასტერში. შრომა და ლოცვა წარმოადგენდნენ მომავალი ბერის ცხოვრებას.
1993 წლის 14 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების მარხვაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღიკვეცა ბერად და სახელად მაკარი ეწოდა. აღკვეცის წესი შეასრულა ცხუმ - აფხაზეთისა მთვარეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი). მაშინ იგი 31 წლისა იყო. მალევე ხელდასხმული იქნა იეროდიაკვნად.
1993 წლის 13 დეკემბერს რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, მისივე დღესასწაულზე პატრიარქმა ილია II - მ მღვდლად დაასხა ხელი.
ერთგული მოღვაწეობისთვის 1996 წლის თებერვალში დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და ენქერით და აღყვანილი იქნა იღუმენის ხარისხში. 1997 წელს დაინიშნა საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის (ძმათა სასაფლაო) წინამძღვრად. 1998 – 2001 წლებში მსახურობდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, შემდეგ კი ყოვლადწმინდა სამების ტაძარში. 2001 წლის 11 სექტემბერს კი ახლად გახსნილი დავით მეფსალმუნეს ტაძარში წინამძღვრად დაინიშნა, სადაც თითქმის 10 წელი მსახურობდა.
2011 წლის 18 მაისს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიდი სქემაში აღკვეცა და ანტონი უწოდა. მეორე დღეს მისმა უწმინდესობამ, ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვა.
მრავალმხრივი იყო მამა ანტონის ღვაწლი, ყოველ საქმეში უფალს იყო მინდობილი და ღმერთიც არ ტოვებდა მას. სულ ცდილობდა ისეთი საქმე ეკეთებინა რაც უფლისთვის სათნო იქნებოდა.
მამა ანტონი შრომისმოყვარე და მიზანდასახული პიროვნება იყო. მისი და მრევლის გარჯის შედეგად არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, დავით მეფსალმუნეს ტაძარი გაფართოვდა, მომცრო მიწა ბზის ნარგავებითა დ ა ყვავილებით დამშვენა. 2002 წელს დაიწყო გარეჯის მონასტერთან მდებარე ძველი სამონასტრო კომპლექსის ჩიჩხიტურა - ს აღდგენა. მაგრამ თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე მთავრობამ შეაჩერა.
განსაკუთრებით უყვარდა უბრალო ადამიანები. ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა, გაჭირვებულებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით. ბევრია, ძალიან ბევრია ამ დალოცვილი ადამიანის მადლობელი. მადლის ქმნა იყო მისი ცხოვრების წესი, ამას კი ისე ახერხებდა, რომ ადამიანებს უხერხულად არ ეგრძნოთ თავი.
დღესაც უსაზღვრო მადლიერების გრძნობით ახსენებენ მის სახელს, მის უანგარობას და გულთბილ დამოკიდებულებებს. იგი მართლაც რჩეული ადამიანი იყო. სხვებზე ზრუნვისა და რუდუნებაზე მეტყველებს ის ამბავიც, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წამებზეც კი სხვა ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობდა, ზოგს საქორწინო თანხას სჩუქნიდა, ზოგს სასკოლო ბანკეტისათვის ამზადებდა....
მის გულმოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა, ყოველკვირა წირვა - ლოცვის შემდეგ გაჭირვებულები ელოდნენ ტაძართან, ყველას ეხმარებოდა, საკვებით, ფულით. ის, სიხარულით გასცემდა იმაზე მეტს ვიდრე ითხოვდნენ. მას არ უყვარდა თავის წარმოჩენა, დახმარებას თუ შემწეობას ისე აკეთებდა, რომ ცდილობდა სხვა ადამიანებს ამის შესახებ არ გაეგოთ.
ტაძრისადმი შემოსული შემოწირულობებს ქველმოქმედებისთვის იყენებდა, მართალია სახარებაში წერია, რომ ,,მუშაკი ღირსია სასყიდელისა თვისისა" (მთ.10,10), მაგრამ საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებაში სასყიდელს არასოდეს ითხოვდა. თუკი ვინმე საკუთარი ნებით შეეწეოდა ტაძარს, შეგროვილი თანხა ისევ და ისევ გაჭირვებულებს ხმარდებოდა.
2010 წელს მისის თაოსნობით დაარსდა ანსამბლი ,, მრევლი". იგი ყოველმხრივ ცდილობდა მის ხელშეწყობას. ანსამბლმა არსებობის რამოდენიმე წლის განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა.
მამა ანტონმა კეთილი შემომწირველების თანადგომით, რაჭაში, სოფ. ღარში სახლი შეიძინა, კეთილმოაწყო და ყოველ წელს უსასყიდლოდ ტაძრის ხარჯით დასასვენებლად გზავნიდა ახალგაზრდებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ახალგაზრდების სწავლა - განათლებისა დ ა სპორტის საკითხებში. ვინ მოსთვლის რამდენი სიკეთე, რამდენი მადლი დაუფრქვევია - რამდენისათვის გაუწვდია ხელი - დახმარებით, ნუგეშით ...
უფალი რომელიც ახალგაზრდა მოძღვარს დიდი მსახურებისთვის განამზადებდა, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა დაუშვა მასზე, რომელიც რამდენიმე წელიწადს გასტანა. მამა ანტონი ყველა ტკივილსა და განსაცდელს სიმშვიდით შეხვდა. მიუხედავად, მძიმე მდგომარეობისა არ ეპუებოდა სენს და თუკი ფეხზე დგომა შეეძლო მაშინვე ტაძრისკენ მიემართებოდა. ბოლო პერიოდში, მთლად დაუძლურდა სხეულით, სხვათა დახმაებით გამოდიოდა სენაკიდან, უფლის სახლში საოცარი სიხარულით შევიდოდა, შეიმოსებოდა სამღვდელო შესამოსელით...
ბოლოს აღარც სხვათა დახმარებით შეეძლო ტაძარში შესვლა, მაგრამ ლოცვას არ ჰღალატობდა. გულთამხილველმა უფალმა უწყოდა მისი მტკიცე რწმენა, მაგრამ აქაც მაგალითად მოგვცა მისი ცხოვრება, როცა ესოდენ რამდენიმე წელი სტანჯავდა აუტანელი ტკივილები, მაგრამ იობ მრავალვნებულის მსგავსად მანაც არ დაჰგმო ღმერთი, არამედ ესოდენ მძიმე სნეულიც კი მწოლიარე ლოცულობდა, საწოლში წამოჯდებოდა და პანაშვიდებს იხდიდა ...... გარდაცვალების წინ მოიხმო მრევლი, დალოცა, დაარიგა, ანდერძად ურთიერთ სიყვარული და თანადგომა დაუტოვა.
ფიზიკურად ილაჯდაშრეტილი, მაგრამ სულით გაუტეხელი, იმედად და რწმენად ქცეული 2010 წლის 10 ივნისს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი დავით მეფსალმუნის ტაძარში დაასვენეს. იმავე დღეს განსვენებულის სახელზე სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II - მ პანაშვიდი გადაიხად, სადაც ბრძანა: ,,რა არის ადამიანის ცხოვრება? ეს არის თავიდან ბოლომდე განსაცდელი, არავინ არ იცის როდის მოვა ჟამი განშორებისა. უფლის ხელშია ეს და წმინდა მამები ამბობენ ჟამი გარდაცვალებისა მოდის იმ დროს, როცა ადამიანი სულიერად მზად არის მომავალი ცხოვრებისათვის. მამა ანტონი (მამა მაკარი), იყო საოცარი პიროვნება, ისეთი თბილი, თქვენ კარგად იცით, რომ ადამიანის ტკივილი იყო მისი ტკივილიც. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მის ცხოვრებაზე, რა გზა გამოიარა მან ბერობამდე. ღმერთმა ინება და წაიყვანა ჩვენგან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამა ანტონი აღარ არის ჩვენთან.
სახარებაში წერია, რომ მოციქულები როცა უყურებდნენ ამაღლებულ მაცხოვარს უხაროდათ და წერია სახარებაში, რომ დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა. იმიტომ, რომ იცოდნენ უხილავად მაცხოვარი მათთან იქნებოდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძვირფასი მოძღვარი მამა ანტონი ხშირად იქნება ჩვენთან, ჩვენ ვიზიარებთ მრევლის მწუხარებას, დედის მწუხარებას, ძმის მწუხარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ანტონი ცოცხალია, მისი სული ცოცხალია და ის ილოცებს ჩვენთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დააწესოს, სადაც მართალნი განისვენებენ, ამინ". იმავე დღეს პატრიარქის ლოცვა - კურთხევით სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში გადასვენეს და მონასტრის ეზოშივე დაკრძალეს. შემთხვევითი არ იყო, რომ წმინდა ნინოს მონასტრიდან დაიწყო მისი აქტიური სულიერი ცხოვრება და ამავე მონასტერში მოხდა მისი დაკრძალვაც.
ბრძენთაგან თქმულა : ,,პატარავ, როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაზე, შენ ტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგდიოდე". მამა ანტონი მართლაც ღიმილიანი პირისახით დაემშვიდობა მრევლს, ახლობლებს, ნათესავებს. მისი თავდადებულ მსახურებას და საქმეებს ამტკიცებდა, ის დიდი გლოვა ღვთისმსახურთა და საერო პირთა, მის სასახლეს, რომ შემოხვეოდა მიწად მიბარების ჟამს.
სიკეთე, პატიოსნება, თავმდაბლობა, სულიერი სიბრძნე, მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა, შერწყმული ღვთისა და მოყვასის ღრმა სიყვარულთან - ეს თვისებები მსჭვალავდა მამა ანტონის მსახურებას უფლისა და მოყვასის მიმართ. ამ თვისებებმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე ხალხის უსაზღვრო სიყვარული მოუპოვა. მის სახელთან განუყოფლად იყო დაკავშირებული გაჭირვებულთა იმედი, სასოება, ნუგეში. იგი იყო ზნეობის იდეალი, ადამიანებისთვის რწმენის მიმცემი და განმამტკიცებელი მოძღვარი, კაცი ვისი პირითც ღმერთი ქადაგებდა ჭეშმარიტებას, საქმით კი პირადად იძლეოდა ამ ჭეშმარიტებისადმი სამაგალითო მსახურების იდეალს. მისი სული და გული, მთელი არსება განსჭვალული იყო ერთი მისწრაფებითა და სურვილით: ,,ვყო ნება მომავლინებელისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი" ( იოანე 4,34).
მსახურება ბერისა ღვთისა და ადამიანების მიმართ ლოცვით სხვა, ჩვენთვის უხილავ სამყაროში გრძელდება. როგორც წმინდა წერილი ბრძანებს : ,, ესევითრსა ამის კაცისა სიკვდილი პატიოსან არს წინაშე ღმრთისა და უფროისღა, არცა თუ სიკუდილი არს, არამედ განხეთქვაი საკვერველთაი"(ფს.115,6) .
მრავალი ჩანაფიქრისა და კეთილი საქმის აღსრულება ვერ მოასწრო ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოძღვარმა. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია წარსდგეს მწყემსმთავრის ქრისტეს წინაშე და კადნიერად სთქვას : ,,სრბა აღმისრულებიეს, მოღვაწეობა მომიღვაწიების, რჯული დამიმარხავს და აწ მოველი გვირგვინსა სიმართლისასა "( II ტიმ.4 7-8).
გოჩა ყარყარაშვილი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი