გარდაიცვალა მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი რუსუდან ქოჩქიანი. განუზომელია ქალბატონი რუსუდანის დამსახურება ქართული კულტურის, ეთნოგრაფიის, სვანეთში დავანებულ სიწმინდეთა დაცვის საქმეში.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახალშესვენებული რუსუდანი.
რუსუდან ქოჩქიანის გარდაცვალება დიდი ტკივილია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მას და მის საქმიანობას იცნობდა:
ლელა ნიჟარაძე: ახლახან გავიგე, რომ გარდაცვლილა რუსიკო ქოჩქიანი. როგორ მეწყინა...რა დასანანია...
მესტიის მუზეუმის ხელმძღვანელი, ყველასათვის საყვარელი, საპატივცემულო და ერუდირებული პიროვნება.
იგი წლების მანძილზე უშურველად, ერთგულად იღვწოდა და პატრონობდა მესტიის მუზეუმს. ძალიან დააკლდება ყველას, ვინც კი მას იცნობდა. დააკლდება ქართული კულტურის ისტორიას, დააკლდება სვანეთს ... დიდბუნებოვანი, უბრალო, თავმდაბალი და ღირსეული ქალბატონი.. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს ... მშვიდობით, ჩემო რუსიკო! ნათელში იყავი...
ბუბა კუდავა: იშვიათად შემხვედრია ასეთი ადამიანი.
იშვიათად...
ეს სიფრიფანა ქალბატონი რას აღარ იტევდა: სიყვარულს, ერთგულებას, სიმართლეს, თავდადებას, დაცვასა და აღორძინებას, სვანურ ხატებსა და ეკლესიებს, ხელნაწერებსა და ფარ-ხმალ-ხანჯლებს, მიუღებლისადმი მრისხანებასა და მისაღებისადმი დიდ სათნოებას.
როგორი მართალი იყო და როგორი შეუვალი, როცა საქმე საქმეს ეხებოდა.
როგორი მიღება იცოდა, როგორი თანადგომა, როგორი სითბო, როგორი გამოცილება. მისი დახმარება ყველგან დაგეწეოდა: მესტიაში, უშგულში, ადიშში, ლატალში, ლენჯერში...
როგორ ადვილად უგებდი და როგორ ადვილად გიგებდა. როგორი ტრადიციული იყო და როგორი თანამედროვე.
როგორი ღიმილი... სუფთა და ნათელი თვალები...
როგორი მშვიდი სიამაყით დაფარფატებდა ნალოლიავებ მუზეუმში და როგორი სიყვარულით გაჩვენებდა ფხოტრერის ეკლესიის კარის ასლს, გარდაცვლილი მეუღლის მიერ ხეში ნაჩუქურთმევს.
როგორი გულით გამომესარჩლა... და როგორი პირდაპირობით, როგორც სჩვეოდა...
თუ კარგად იცნობდი, სვანეთი გცოდნია რა არის. ორი სიტყვით თუ გნებავთ, აი, ასეთია სვანეთი.
უფროს ქალბატონებს მიჭირს ხოლმე სახელით მივმართო. ის გამონაკლისი იყო.
რუსიკო, ყველა ის სიწმინდე გეწეოდეს, რასაც ასე ევლებოდი.
როგორი სხვანაირი იყო, როგორი იშვიათი.
როგორ დაგვაკლდება. დამაკლდება...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი