ღმერთის, მარტო ღმერთის იმედი მაქვს!
"პრეზიდენტს ვუსმენდით ტელევიზორში: სოფელ დმენისიდან ვაკონტროლებთ ცხინვალსო... აღარც კი გვეგონა, თუ კიდევ შეიძლებოდა, მიწები დაგვეკარგა...
სახლის კარები დაკეტილი დავტოვეთ და ისე წამოვედით, ვერაფრის წამოღება ვეღარ მოვახერხეთ, ბავშვისთვის ნაყიდი საწოლიც იქ დაგვრჩა. გადაწვეს ჩვენი სახლი და მთლიანად სოფელი..."ისევ დევნილობა და ცოცხლად გადარჩენით გამოწვეული სიხარულნარევი ტკივილი...
დღეს კიდევ ერთი საინტერესო ოჯახისა და დასახლების ისტორიას გიამბობთ.
ქალბატონი ლია ტრამაკიძე კიდევ ერთხელ მიმიძღვის დევნილთა ცხოვრების ლამაზი, თუმცა სევდიანი და ნაცრისფერი ფურცლის გადასაფურცლად. "კარიბჭის" მკითხველს ალბათ ახსოვს 24-ე ნომერში დაბეჭდილი წერილი "თბილი კერიდან ცივ კოტეჯამდე", სადაც სწორედ ქალბატონი ლია გახლდათ ჩემი მეგზური. დღესაც ამ თემას ვაგრძელებთ.
"გერმანულ უბანში" მისულს თბილი კოტეჯები დამხვდა. თბილი, მაგრამ მაინც გაჭირვებული...
მანამდე თუ არა, აგვისტოს ომის შემდეგ მაინც ყველამ გაიგო სოფელ ერედვის სახელი, სოფლისა, რომელიც ცხინვალთან ძალიან ახლოს იყო და რომელიც დღესდღეობით გადამწვარი და განადგურებულია. ერედვი იბომბებოდა, თუმცა ადგილმდებარეობა ნაწილობრივ მაინც შველოდა. მიუხედავად ამისა, გადაწვისგან ვერ დაიცვა იუზა ჩუმაშვილისა და ვალია თუაევას სახლი, სადაც მათი ცხრასულიანი ქართულ-ოსური ოჯახი ცხოვრობდა... ისინი შვილიშვილის დაბადებას ელოდნენ. 8 აგვისტოს გამოიყვანეს გორის სამშობიაროდან და პატარა გოგონა გამოსვლისთანავე გაეხვა ტანკებისა და თვითმფრინავების მიერ დაყენებულ მტვრის კორიანტელში...
შემდეგ იყო კვლავ სოფელში დაბრუნება მოხუცი დედის წამოსაყვანად... და თბილისი, საბავშვო ბაღი, უკიდურესი გაჭირვება და გაუსაძლისი პირობები...
27 იანვარს გორის საბავშვო ბაღში გადმოიყვანეს და იქ ცხოვრობდნენ ნოემბრის დასაწყისამდე, ვიდრე გერმანული უბნის მშენებლობა არ დამთავრდა.
300 სახლისგან შემდგარი დასახლება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დახმარებით აშენდა. ალექსანდრე ეპისკოპოსის, ბერი ფალავანდიშვილის, კიდევ სხვათა სახელობის ქუჩები... მხოლოდ ცენტრისთვის დაურქმევიათ "ბერლინის ხეივანი"...
"ვინც თბილისში იყო ჩაწერილი, ეს კოტეჯები შეხვდა. საკმაოდ თბილი და ნორმალური ბინებია. ყველა კოტეჯს აქვს აბაზანა და, რა თქმა უნდა, წყალი. გაზქურა, მაცივარი და საწოლებიც გერმანელებმა გვაჩუქეს. პროექტში არ იყო და არ აშენდა სკოლა, რაც ძალიან ცუდია. ბევრი მაცხოვრებელია და სკოლა აუცილებლად გვჭირდება, ბავშვებს, თუმცა სამარშრუტოთი, მაგრამ მაინც შორს უწევთ სიარული, - ამიხსნეს პირობები, - ბინებისთვის დიდი მადლობა, საბავშვო ბაღში აღარ ვართ და ჩვენი ჭერი გვაქვს. თუმცა უმუშევრობა და გაჭირვება ახლა უფრო მეტად შევიგრძენით... თვეში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება შემოაქვთ. ეს შეღავათია ჩვენთვის, თუმცა ხშირად ისე ვართ, პური რაა, ისიც კი გვიჭირს..."
ვისაუბრეთ ტაძრებზე. იმათზე, სოფელში რომ დატოვეს და ომის დასრულების შემდეგ გაიგეს, ღვთის მადლით, ტყვიების წვიმას ვერაფერი დაუკლია. "მცხეთიჯვრის ეკლესიაში თითქმის 5 წელია ვეღარ ავდივართ, ოსებს და რუსებს ჰქონდათ დაკავებული. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დანაღმული და მავთულხლართით დაცული იყო. მოსახლეობას იქ მისვლის საშუალება არ ეძლეოდა. კიდევ ორი ეკლესია გვქონდა, ორივე ძველი და რესტავრირებული, - განაგრძობს საუბარს ბატონი იუზა, - ომის დროს დანგრევას გადაურჩა, თუმცა ბომბების აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციის გამო ხატები ყოფილა გადმოცვენილი".
83 წლის ლიუბა თუაევა სულ რამდენიმე, რწმენითა და მომავლის იმედით გაჯერებულ სიტყვას მეუბნება: "ნეტავ, როგორც იქ ვიყავით, აქაც ისე ვიყოთ. იქ რომ აღარ ვარ, დარდისგან ჩავვარდი. ღმერთის, მარტო ღმერთის იმედი მაქვს! ამ იმედით ვარ ცოცხალი, თორე აქამდინაც მოვკვდებოდი..."
საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ დასახლების არა მარტო კეთილმოწყობაზე, არამედ მის სულიერებაზე. "გერმანულ უბანში ფირმის ხარჯებით ახალი ტაძარი შენდება, რომელიც წმინდა ნინოს სახელობის იქნება. იგი საზეიმოდ გაიხსნება 27 დეკემბერს", - საუბრისას გაგვანდო "ბლოკ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ჯანაშვილმა.
როგორია გერმანული უბნის ბინადართა საშობაო-საახალწლო განწყობა? ძალიან კარგი, თუ არ ჩავთვლით მატერიალურ და სხვა ათასგვარ პრობლემას, თუნდაც უტელევიზორობას... ისინი პატარებივით ელიან ახალ წელს თოვლის პაპას გამოჩენას.
მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
დემეტრე ტლაშაძემ