პეტრე-პავლეს ეკლესიის მრევლმა ილიას სახით დაკარგა, მაღალზნეობრივი და უღალატო კაცი, ქეთევანმა კი - უსაზღვროდ მოყვარული მეუღლე და სულიერი მეგობარი.
ორმოცი დღე გავიდა იმ დღიდან, მაგრამ მე დღესაც, პეტრე-პავლეს ეკლესიის აღმართს რომ შევუყვები, გზადაგზა შეჯგუფებულ მამაკაცებს შორის, ჩვეულებისამებრ, სულიკოს ღიმილიან სახეს ვეძებ...
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი:
- ჩვენს მრავალრიცხოვან მრევლში ილია კალანდაძე განსაკუთრებულად კოლორიტული პიროვნება იყო: თბილი, მეგობრული, ჰუმორული, ვითარცა ჭეშმარიტი გურული (სხვათა შორის, იუმორს წმინდა მამები ერთ-ერთ სათნოებად მიიჩნევენ), დახვეწილი გემოვნების მქონე ნიჭიერი ადამიანი...
მისი, როგორც დიზაინერის, ხელმძღვნელობით ააგო ჩვენმა მრევლმა თბილისის ჯვართამაღლების, აღდგომისა და სამთა დათა მოწამეთა: მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორას სახელობის ეკლესიები, ასევე საკვირაო სკოლა.
მისი უკანასკნელი შენაწირი აღმოჩნდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ეს იყო მისი პირველი ხატწერული ნამუშევარი, რომელიც იმდენად მოგვეწონა, რომ აღდგომის სახელობის ეკლესიაში დავასვენეთ.
მასვე ვთხოვე და კურთხევად მივეცი, დაეპროექტებინა და პრაქტიკულად ეხელმძღვანელა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ნიშის აგებისათვის მახათას მთაზე, გამოცხადების ადგილზე, სადაც ამჟამად მამათა მონასტერია.
როდესაც ნიშის აგება დასრულდა, იგი ხარჯთაღრიცხვით გვეახლა. წირვა ახალი დამთავრებული იყო. ილია, თავის მეუღლესთან ერთად, გზად შემოგვეყარა ტაძრიდან გამოსულს. ხელში პეტიციასავით ეჭირა ხსენებული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მორიდებით გამომიწოდა. "რაია მაი?" - დავეკითხე გურულ კილოზე. ჩვენ შეხუმრებული ვიყავით. თან თვალი გადავავლე კარგა მოზრდილ სიას დანახარჯებისა. "აქ რაღაც აკლია!" - გადავძახე განზრახ მკაცრი გამომეტყველებით. "რა აკლია, მამაო?!" - დამეკითხა ფერდაკარგული. მე კვლავ ჯიუტად გავიმეორე: "აქ რაღაც მნიშვნელოვანი აკლია!" აქ კი დაიძაბა ილია და მეუღლეს გადახედა: "მამაო, ზედმიწევნით ვაკეთებდი ჩანაწერებს გაწეული ხარჯისა..."
რამდენიმე წლის წინათ, როდესაც მას ჯვარი დავწერე, ერქვა რა სულიკო, ვუწოდე სახელად ილია (ილია მართლის ფრესკა გადმოგვყურებდა ტაძარში), რამაც განსაკუთრებულად გაახარა. როგორც აღმოჩნდა, მის წინაპარსაც ილია ერქვა. ასე და ამგვარად, მას ორი სახელი ჰქონდა. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი: "შენ, ძამა, არგენტინელი გურული ხარ ორი სახელით და იმდენი ამაგი გაქვს ეკლესიის წინაშე, გრაფის ტიტულიც გეკუთვნის. დღეიდან იქნები "ილია სულიკო დე კალანდაძე". ამაზე ბევრი ვიცინეთ მრევლთან ერთად. ჰოდა, ხარჯთაღრიცხვის ბოლოში ხელს რომ აწერდა, ვერ ვნახე ტიტულის აღმნიშვნელი "დე". მქონდა თუ არა უფლება, მეკითხა მიზეზი? "ილია სულიკო კალანდაძე" - იუმორით მიაწერა "მოხსენებაზე". მეც გავუღრმავე იუმორი: "ძამიკო, მახსოვს, გრაფის ტიტული გიბოძე, მაშ, რა იქნა "დე"?" მან შვებით ამოისუნთქა და ერთი ხიდისთავურად გადაიხარხარა.
ივერიის ღვთისმშობელმა მოჰფინოს მის სულს მადლი და მწყალობელ-ეყოს მის დანატოვარს, მისთვის განსაკუთრებულად საყვარელ ცოლ-შვილსა და შვილიშვილებს. ამენ.
ირაკლი ცინცაძე, ხატმწერი:
- დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ სულიკო ცოცხალი აღარ არის. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი, დიდი პროფესიონალი (პროფესიით მხატვარ-დიზაინერი) და ესთეტი. როდესაც ვაკის ეკლესიას ვხატავდი, ხშირად მოდიოდა ტაძარში, პროფესიონალის თვალით აკვირდებოდა ჩემს ნამუშევრებს და ხშირად რჩევებსაც მაძლევდა.
როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაწერა გადაწყვიტა, თავისი ჩანაფიქრი გამიზიარა. ხომ დამეხმარებიო, მითხრა. ძალიან გამიხარდა. რამდენიმე რჩევა მივეცი წინასწარი სამუშაოების შესასრულებლად. ხატის დაწერის პროცესში აღარ მინახავს. სულ მალე უკვე დასრულებული ხატი რომ მაჩვენა, გაოგნებული დავრჩი - ეს იყო სრულყოფილი, ღრმა ნამუშევარი, ძალიან მიმსგავსებული ორიგინალს.
მიჭირს ილიაზე წარსულ დროში ლაპარაკი, იმ "ჩვენეული ტრაპეზების" გახსენება... ილია ხომ თავისი ახალგაზრდული შემართებითა და გადამდები ენერგიით ტოლს არავის უდებდა.
კახაბერ კენკიშვილი:
- "რა ვქნისა ციხე" აუგია ქეთევანს. ვეებერთელა დარდი შეუბამს კარად. ორმოცი დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც მისი ცხოვრების თანამგზავრი, ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე, ღმერთმა წაიყვანა. ვინ შეუვსებს იმ სიცარიელეს, ვინ განუქარვებს იმ დარდს, რომელიც მის სულში ტრიალებს?! მხოლოდ უფალი მოჰგვრის მის სულს უნაპირო სიხარულს, ოღონდ დაითმინოს ეს ტკივილი და მადლობით მიიღოს უდიდესი განსაცდელი.
სადა ხარ, ჩვენო სულიერო ძმაო, სულიკო?! სად არის ახლა შენი უკვდავი სული? სად გაგიჩენს ბინას სახიერი უფალი? შენი სიყვარული რომ გვაგონდება, ჭირში თანადგომა, ლხინში მეინახეობა, შენი სანიმუშო მეუღლეობა, სამაგალითო მამობა, - იმედს გვიღვივებს გულში, რომ ღმერთი შეგიწყალებს და მართალთა თანა დაგაწესებს. და თუ მართლა ასე ინება უფალმა, ერთსა გთხოვთ მხოლოდ: ლოცვას ნუ მოგვაკლებ იქიდან მიწაზე მორონინეთ!..
ისე წახვედი იმ ქვეყანაზე, შენი ვალი ვერ გადავიხადე, წესიერად მადლობაც ვერ გითხარი. ცოლი რომ შევირთე, მაგრამ ქორწინებაზე მეუღლის მშობლებისგან კურთხევა ჯერ არ აგვეღო და მათთან შერიგება გვეწადა, ამ უმნიშვნელოვანეს და საკმაოდ დაძაბულ მომენტში მხოლოდ შენ და ქეთევანი გამახსენდით, თქვენი სიმშვიდე, სინაზე, ზნეკეთილობა. წამოგვყევით და შეგვარიგეთ მოყვასს. იკურთხა ჩემი ოჯახი, ბედნიერი მეუღლე და მამა ვარ. ამ წყალობისთვის, ამ ნუგეშისთვის, ჩვენი პატარა მართლმადიდებელი ეკლესიის - ქრისტიანული ოჯახის შეკვრისა და განმტკიცებისთვის ღმერთმა აკურთხოს შენი სული!
მოამზადა
მანანა ჯანელიძემ
მანანა ჯანელიძემ