უკვე ორმოცი დღე გავიდა ლურჯი მონასტრის მღვდელმსახურის, დეკანოზ გრიგოლ კუმელაშვილის გარდაცვალებიდან. "აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოება", - ვკითხულობთ წმინდა წერილში.
გულწრფელი ცრემლი გაჰყვა მამა გრიგოლს იმქვეყნად და ახლა უკვე მარადისობაში გადასული მისი სული გაასმაგებულად ლოცულობს უფლის წინაშე თავისი ახლობლების, ოჯახის წევრების, სულიერი შვილების, სრულიად საქართველოსთვის. დიდი სითბო და სიყვარული დატოვა ამქვეყნად. იგი ყველას სიხარულს ანიჭებდა.
მამა გრიგოლის მეუღლე, ქალბატონი ელენე ბეგლარაშვილი: - რთული, ტკივილითა და მღელვარებით აღსავსე ცხოვრება განვლო მამა გრიგოლმა. იყო საოცრად უშუალო, სიმართლისა და ტრადიციების დამცველი, დიდთან - დიდი, პატარასთან - პატარა, ამავე დროს ბობოქარიც. ერთი შეხედვით მკაცრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სინამდვილეში საოცრად ბავშვური ბუნებისა იყო.
დიდხანს ავადმყოფობდა, თუმცა ეს არავინ იცოდა. ბოლო საღამოს ჩემთან წაიწუწუნა, - ბავშვობიდან სულ ავად ვარო. 16 წლისამ გაიკეთა თირკმლის ოპერაცია, მერე - ათასნაირი ავადმყოფობა... სულ მკურნალობდა, მაგრამ მღვდელმსახურების 18 წლის მანძილზე ერთი წირვა-ლოცვაც არ გაუცდენია. ბოლო კვირას ზედიზედ სამი წირვა ჩაატარა. როცა გამოსაკვლევად მიდიოდა, სულ ვახსენებდი, უფალი ამბობს: მე ვიკვლევ თქვენს თირკმელსა და გულსო. ყველაფერი ჩვენს განსაწმენდად ხდება-მეთქი. ჩვენ, უფლის წიაღს მოწყვეტილნი, მხოლოდ ჩვენი ჯვრის ღირსეული ტარებით შევძლებთ უფალთან დაბრუნებას და ეს მამა გრიგოლმა მოთმინებით, ტკივილის ატანით, ლოცვითა და მარხვით შეძლო.
დიდია ღვთის განგება და ადამიანისთვის არც ისე ადვილად ასახსნელი. მაცხოვარმა პეტრე მოციქულს უთხრა, თუკი მართლა გიყვარვარ, დამწყემსე და აძოვე ჩემი ცხვრებიო. ეს მოწოდება ყველა მღვდლის მიმართ მამა გრიგოლს კარგად ესმოდა. ბოლომდე დარჩა ვაჟას "კაი ყმად", უფლის ცხვრების ჭეშმარიტ მწყემსად.
მისი დედა, თამარი, ძლიერ წუხდა მამა გრიგოლის ავადმყოფობის გამო.
მამა გრიგოლი ღრმად სწვდებოდა წმინდაწერილისეულ სიბრძნეს: ახლანდელი მწუხარებანი და ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც უფალმა თავის მსასოებლებს მოუმზადა.
მისი ცხოვრება იყო დედ-მამის პატივისცემის იშვიათი მაგალითი. უფლის შემდეგ დედა იყო მისი გული, სული და სიყვარული. ბოლო დღეებში ამბობდა: - დედა ძალიან მენატრებაო და თვალები ცრემლით ევსებოდა.
მამა გრიგოლს სასულიერო სასწავლებლისკენ გზა ძმამ, მამა მალხაზმა გაუკვალა.
მამა გრიგოლი ისე ცხოვრობდა, თითქოს მისი ყოველი დღე უკანასკნელი იყო. ემზადებოდა ამ ქვეყნიდან გასასვლელად. გვესაუბრებოდა მომავალზე, როგორ უნდა გვეცხოვრა მის გარეშე. აღსრულების ჟამს ნაკურთხი წყალი დალია თავისი ხელით და მშვიდად გარდაიცვალა.
თავის მშობლიურ სოფელში - ქვახვრელში ყველას უყვარდა.
სულ ვეხვეწებოდი, სიმკაცრე გამოეჩინა შვილების მიმართ. ბავშვებს არაფრის გულისთვის არ დასჯიდა. მეუბნებოდა: მე სიყვარულით გავზრდი და ნახავ, როგორებიც იქნებიანო. თავდავიწყებით უყვარდა შვილები - კარგი გოგონები მყავს, მართალი და ჭკვიანი ბავშვები არიანო. ხანდახან ზედმეტადაც კი ანებივრებდა. თავისი თავისთვის არაფერი ემეტებოდა, შვილებისთვის კი არაფერს ზოგავდა. ფუფუნებით არასოდეს გვიცხოვრია. არც ჩვენს შვილებს ჰქონიათ დიდი მოთხოვნები. უხაროდა, როდესაც მოწყალებას გასცემდა - ნეტავი იმდენი მომცეს უფალმა, რომ სხვისი დახმარება შევძლოო. ბევრი ნათლული ჰყავდა. ხორციელი შვილებივით უყვარდა სულიერი შვილები. ყველამ დიდი სიყვარულით დაიტირა, სანთელი აუნთო, ლოცვა აღუვლინა.
აგვისტოს დღეების შემდეგ ადგილს ვერ პოულობდა - ასე ჯდომა გადამრევსო. მთებში განეშორებოდა ამქვეყნიურ შფოთს და იქ ლოცულობდა.
12 წლის წინ უწმინდესის კურთხევით გორიდან ლურჯ მონასტერში გადმოიყვანეს. უზომოდ მადლიერი იყო პატრიარქის გულისხმიერებისა და მოწყალებისა - უწმინდესმა კიდევ 12 წლის სიცოცხლე მაჩუქაო.
მამა გრიგოლს მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავდა. იმედი მაქვს, ზეციდან უფრო მეტად შეეწევა მათ. პატრიარქის გადაწყვეტილებით, მამა გრიგოლს ლურჯი მონასტრის ეზოში მიუჩინეს ადგილი. ეს ჩემთვის დღესაც დაუჯერებელი მადლი და კურთხევაა. დღეს მისი სული ხარობს. მადლობას უხდის ყველას, ვინც სანთელი დაუნთო.
მამა გრიგოლი ჩემთვის იყო მეუღლეც, სულიერი მეგობარიც... მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული შვილების დაბადება იყო. შარშან უფროსმა ქალიშვილმა, თამარმა დაიწერა ჯვარი. სიხარულით ფეხზე არ იდგა...
ამ 40 დღეში ჩვენმა 26-წლიანმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა და ვიგრძენი, დავინახე, რომ ყველაფერი უფლისგან იყო ჩვენს გამოსაწვრთნელად, განსაწმენდად, უფლის შესაცნობად, რომ ყოველი მარცხი თურმე უფლის დარიგება ყოფილა, სიყვარულით მოქნეული წკეპლა, რათა ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად.
მამა ლევანი (კუტივაძე), ტაბახმელის ტაძრის მღვდელმსახური: - მამა გრიგოლი 1997 წელს გავიცანი, როდესაც ლურჯ მონასტერში გადმოიყვანეს. მაშინ იქ მედავითნედ ვმსახურობდი.
საოცრად ხალისიანი ადამიანი იყო. სადაც ტრიალებდა, ყველგან სიცოცხლეს აფრქვევდა. საოცრად თბილი იუმორი ახასიათებდა, არასოდეს არავის აწყენინებდა. ხშირად თავობდა მოსალოცად წასვლას, ცდილობდა, ხალხი რაღაცით გაეხარებინა, სიყვარული და სითბო გამოეხატა. ყველას სიამოვნებდა და ახარებდა მის გვერდით ყოფნა.
განსაკუთრებით მომწონდა მისი უშუალობა ადამიანებთან. არასოდეს არავის აგრძნობინებდა, რომ სამღვდელო ხარისხით ვინმეზე მაღლა იდგა, თუმცა სამღვდელო ხარისხს დიდ პატივს სცემდა.
განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდა ერთ ინვალიდ ბავშვს ზვიადს, რომელიც დეიდასთან ერთად მათხოვრობს ლურჯი მონასტრის ეზოში. მას თითქმის ყველა გონებასუსტად მიიჩნევს. მამა გრიგოლს კი შეეძლო, მთელი დღე სერიოზულად ესაუბრა მასთან. რესტორანში წაიყვანდა ხოლმე, კარგ მუსიკას ასმენინებდა, ცდილობდა, გაეხალისებინა ეს დაჩაგრული ადამიანი. სატრაპეზოშიც ხშირად გვერდით მოისვამდა. ეუბნებოდა: ზვიად, ნურსად დადიხარ, ვინმემ არ გაწყენინოს. აქ იყავი, საჭმელს გაჭმევთ, მოგივლითო.
როდესაც ლურჯ მონასტერში მამა გრიგოლის ცხედარი იყო დასვენებული, კუბოსთან ზვიადი და დეიდამისი იდგნენ ღრმად დამწუხრებულნი თავიანთი კეთილისმყოფელისა და მზრუნველის დაკარგვის გამო. გასვენების წინა ღამეც უთიეს. ამ მომენტში სხვაგვარი ძალა და სიცოცხლე შეიძინა წმინდა მამების ნათქვამმა, - ის ადამიანები, ვისთვისაც ამქვეყნად სიკეთე გიკეთებია, დაამოწმებენ ამ სიკეთეს და იქნებიან მეოხნი ღვთის წინაშე.
თამარ ჭოხონელიძე, მუსიკოსი, მომღერალი: - მამა გრიგოლი ჩემი ოჯახის მოძღვარი გახლდათ. დედაჩემი, ჩემი დები თავიანთი ოჯახებით, ჩემი შვილები - ყველანი მისი სულიერი შვილები ვიყავით. 5 წლის წინ დავკარგე ხორციელი მამა და მეგონა, მას შემდეგ ნაბიჯსაც ვეღარ გადავდგამდი, ბრძნულ რჩევას ვეღარავისგან მოვისმენდი. მამა გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ კი მივხვდი, რომ საბოლოოდ მამის გარეშე ახლა დავრჩი, რადგან მამაჩემის მერე ჩემი სულიერი მამა მედგა მხარში. იმდენად დიდი საყრდენი და იმედი იყო, რომ ახლა საოცარ უსუსურობას ვგრძნობ. მამა გრიგოლი იყო ჭეშმარიტი მოძღვარი, ადამიანი, რომელიც თავისი სულიერი შვილების ცხოვრებით ცხოვრობდა. მიკვირს, როგორ იტევდა ამდენს მისი სული და გული. ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოვა მისი ცრემლიანი თვალები, როცა ჩემს გასაჭირზე ვესაუბრებოდი. ხანდახან ვცდილობდი, როგორღაც შემემსუბუქებინა ჩემი სატკივარი მისთვის და უფრო რბილად მეთქვა, შეპარვით ან სულაც დამემალა, იმიტომ რომ საოცრად განიცდიდა. თუმცა მკაცრიც ხდებოდა ზოგჯერ, როცა ეს საჭირო იყო. საოცარი მოფერებით გიჩვენებდა "გზას ხსნისას", გამოსავალს ნებისმიერი გასაჭირიდან. არადა თურმე თვითონ როგორ უჭირდა და არასოდეს ამჟღავნებდა.
საშობაო მარხვა რომ დაიწყო, მამა გრიგოლს ვუთხარი: მამაო, უცნაური რამ ხდება - არასოდეს არაფერი დამიხატავს და უცებ მომინდა ხატების რეპროდუქციების შემოსვა-მეთქი. მომიტანე და მაჩვენეო. მისი კურთხევით სასწაულებრივი სისწრაფით ვაკეთებდი ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებს. ძალიან ვჩქარობდი. რატომ, არ ვიცი. მაინც ვერ მოვასწარი დასრულება. შობის ღამეს მძივებით და ბისერებით მოქარგული ღვთისმშობლის ხატი მამა გრიგოლის სახელზე შევწირე ლურჯ მონასტერს.
მამა გრიგოლი განსაკუთრებული ნიჭიერებით აკავშირებდა ერთმანეთთან თავის სულიერ შვილებს. საოცრად შემაყვარა ჩემი სულიერი და-ძმები და თვითონ ეს ტაძარიც. ძალიან ამაყობდა თავისი მრევლით. საოცრად მოწყალე, გულისხმიერი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა. აგვისტოს მოვლენების მერე გორიდან 13 ლტოლვილი ჰყავდა ოჯახში შეფარებული. ბედნიერი იყო, მათ რომ პატრონობდა.
ჩემს შვილებს ეფერებოდა საოცრად. ძალიან უყვარდა ჩემი მარიამის ნამღერი "ოროველა". ერთ მარიამობა დღეს, ჯვრის მთხვევის დროს, მოჰკიდა მარიამს ხელი, მგალობლების ადგილას დააყენა და "ოროველა" ამღერა. მამაო, ეს ხომ გალობა არ არის-მეთქი. აბა, შენ რა გგონია, განა ახლა შენი შვილი უფალს ლამაზ ბგერებს არ უძღვნისო?! სულ მეუბნებოდა, შენც იგალობეო. მე კი მერიდებოდა...
შევთხოვე ღმერთს, რომ იმ სიხარულისა და ბედნიერების სანაცვლოდ, რაც მამა გრიგოლს თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით ადამიანებისთვის მიუნიჭებია, იმქვეყნად მიაგოს უფალმა სამარადისო სიხარული.
გურამ საღარაძე, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი: - მამა გრიგოლის მიმართ ჩემი განსაკუთრებული სიყვარული იმანაც განაპირობა, რომ ახალგაზრდობაში თავადაც სპორტსმენი იყო. მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი გვიან დავიწერეთ და მამა გრიგოლი ჩემი მეჯვარე გახლდათ. იგი იყო ნამდვილი სულიერი მამა, ყველას გაჭირვების გამზიარებელი, მესაიდუმლე. მასთან თითქოს გიადვილდებოდა აღსარება, ბევრის დამტევი პიროვნება იყო. ძალიან ერთგული იყო მამა გრიგოლი. ნებისმიერ დროს გვერდით დაგიდგებოდა, დაგეხმარებოდა. ვაჟკაცი კაცი იყო ბუნებით. ყველა ჩემი მეგობრის სულიერი მამა გახლდათ და ყველას გულწრფელად უყვარდა. ყოველდღე ლოცვებში ვიხსენიებთ. ჩვენთვის იგი მუდამ ცოცხალი იქნება.
ვუსურვებ მის ოჯახს მხნეობას, გამძლეობას. მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, სულიერი შვილებისთვის ის დაუვიწყარია.
მალხაზ ნებიერიძე, მამა გრიგოლის სულიერი შვილი: - არასოდეს დამავიწყდება ის დღე - 31 დეკემბერი. სახლის კურთხევა მინდოდა. მთელი ტაძრები შემოვიარე, მაგრამ ვერც ერთი მოძღვარი ვერ დავითანხმე. ბოლოს ლურჯ მონასტერში მივედი. ღამდებოდა. მივედი ერთ მოძღვართან, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. არც შეყოყმანებულა. სად წავიდეთო, - მკითხა. მოვუბოდიშე, მანქანა არ მყავს და სამარშრუტო ტაქსით წავიდეთ-მეთქი. თან ავუხსენი, თანხაც არ მაქვს, მაგრამ გამიგეთ, გზააბნეული ვარ, უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავარ და არ მინდა, ეს საქმე გადავდო-მეთქი. ჩემი მანქანით წავიდეთო. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს კეთილი მოძღვარი მამა გრიგოლი იყო და ამ დღის შემდეგ აღარ მოვშორებივარ.
თემურ წიკლაური, მომღერალი: - მამა გრიგოლი იყო ჩემი სულიერი მამა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეორედ დავობლდი. იგი იყო სხივი, რომელიც მოსწყდა ზეცას და ახლა ისევ დაუბრუნდა მას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი